მღდელმოწამე პოლიკარპე ზმირნელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 80 წელს და მცირე აზიის ქალაქ ზმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. წმიდანი ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა ზმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა (ხს. 6 თებერვალს). მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.
ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, ზმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. წმიდა პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.
როცა ტახტზე იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (161-180) ავიდა, დაიწყო ქრისტიანთა ერთ-ერთი უსაშინლესი დევნა. წარმართები ითხოვდნენ, რომ მსაჯულს მოეძებნა წმიდა პოლიკარპე - „ყველა ქრისტიანის მამა“ და „მთელი აზიის მაცდუნებელი“. ამ დროს, სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით, წმიდანი პატარა სოფელში იმყოფებოდა, ზმირნის მახლობლად. როცა მხედრები მოვიდნენ მის წასაყვანად, მღვდელმთავარი გამოეგება მათ და ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, თვითონ კი ილოცა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის წინ. მისი წამება და სიკვდილი აღწერილია ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „ზმირნის ეკლესიის ეპისტოლე სხვა ეკლესიათა მიმართ“. სამსჯავროზე წარდგენილმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც დაწვა მიუსაჯეს. ჯალათებს უნდოდათ, ძელზე მიელურსმნათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი, მაგრამ პოლიკარპემ დაამშვიდა ისინი, კოცონიდან არ ჩამოვალო. ცეცხლის ალი გარს შემოერტყა წმიდანს და მის თავს ზევით, ჰაერში შეერთდა. წარმართებმა და იუდეველებმა დაინახეს, რომ ღვთის რჩეულს ცეცხლი არ ვნებდა და მოითხოვეს, მახვილით მოეკლათ იგი. როცა პოლიკარპეს ლახვარი უგმირეს, ჭრილობიდან გადმოსულმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. მღვდელმოწამის ცხედარი დაწვეს. ზმირნელმა ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს და დაიცვეს მისი წმიდა ნაწილები.
წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ნეტარი იერონიმეს ცნობით, ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.