წყალთა შესახებ
წყალიც არის ერთი ოთხსტიქიონთაგანი, ღვთის უმშვენიერესი ქმნილება.
წყალი არის ნოტიო, გრილი, მძიმე, ქვედაზიდული და თხევადი სტიქიონი. მას ახსენებს საღვთო წერილი, როდესაც ამბობს; „და სიბნელე იყო უფსკრულის ზემოთ და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალთა ზემოთ“ (შეს. 1,2). უფსკრული სხვა არაფერია, თუ არა ბევრი წყალი, რისი სასრულიც მიუწვდომელია ადამიანებისთვის.
ამრიგად, დასაბამში წყალი მთელი დედამიწის ზედაპირზე იყო და ღმერთმა პირველად სამყარო შექმნა გამმიჯვნელად სამყაროს ზედა წყალსა და სამყაროს ქვედა წყალს შორის, რადგან იგი, საუფლო ბრძანებით, წყალთა უფსკრულის შუაში დამყარდა. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა შექმნა სამყაროსი. და შეიქმნა. მაგრამ რის გამო დააუნჯა ღმერთმა წყალი სამყაროს ზემოთ? - მზისა და ეთერის უცხელესი მხურვალების გამო, რადგან სამყაროს შემდეგ უშუალოდ ეთერია განფენილი და მზეც (მთვარესთან და ვარსკვლავებთან ერთად) სამყაროში არის. ამიტომ, რომ არ ყოფილიყო ზემდებარე წყალი, სამყარო სიცხისგან აალდებოდა.
შემდეგ ბრძანა ღმერთმა წყალთა შეკრება ერთ შესაკრებში. „ერთი შესაკრების“ თქმა არ ნიშნავს მათ შეკრებას ერთ ადგილას (რადგან, აჰა, შემდეგ ამბობს; „და წყალთა საცავებს უწოდა ზღვები“, შეს. 1,10), არამედ მიწისგან გამიჯნულად, ცალკე, წყალთა ერთად ყოფნა ცხადყო ამით სიტყვამ.
ამრიგად, შეიკრიბა წყალნი თავის ერთ შესაკრებში და გამოჩნდა ხმელეთი. აქედან არის ორი ზღვა, რომლებიც ეგვიპტეს გარემოიცავს, რადგან ორი ზღვის შუაში მდებარეობს იგი. აქედანვე შედგა ნაირგვარი ზღვები, რომლებსაც აქვთ მთები, კუნძულები, კონცხები და ნავსადგომები. ისინი გარემოიცავენ ყურეებს, ზღვისპირებსა და ზღვისკიდეებს. „ზღვისპირად“ ქვიშრობი ითქმის, ხოლო „ზღვისკიდედ“ - კლდოვანი და ჩაღრმავებული ნაპირი, რასაც სულ თავშივე აქვს სიღრმე. მსგავსადვე შედგა, აგრეთვე, აღმოსავლეთის ზღვა, რასაც ინდოეთისა ეწოდება, და ჩრდილოეთის ზღვა, რასაც კასპია ჰქვია. აქედანვე შეიკრიბა ტბებიც.
არსებობს, აგრეთვე, ოკეანე, რაც, როგორც რამ მდინარე, წრეს უვლის მთელ დედამიწას. ვფიქრობ, მის შესახებ თქვა საღვთო წერილმა; „მდინარე გამოდის სამოთხიდან“ (შეს. 2,10), რასაც აქვს სასმელი და ტკბილი წყალი. იგი ამარაგებს წყლით ზღვებს, რაც, ზღვებში ხანგრძლივად ყოფნისას, უძრავად მდგომი მწარე ხდება. მზე და სიფონები1 მარადჟამს ამოწრეტს მის უდაწლობილეს ნაწილს. აქედან შემყარდებიან ღრუბლები და აქედან არის წვიმები, ხოლო ამგვარი გაფილტვრის შედეგად წყალი ტკბილი ხდება.
ოკეანე იყოფა ოთხ თავად ანუ ოთხ მდინარედ. ერთი მათგანის სახელია ფისონი, ესე იგი, ინდოეთის განგი; მეორის სახელია გეონი. ეს არის ნილოსი, რომელიც ეთიოპიიდან ეგვიპტეში ჩაედინება. სახელი მესამისა - ტიგროსი, ხოლო სახელი მეოთხისა - ევფრატი. არსებობს კიდევ სხვაც ბევრზე ბევრი ძალიან დიდი მდინარე, რომელთა ნაწილი ზღვაში ჩაიცლება, ხოლო ნაწილი მიწაში უჩინარდება. აქედან, მთელი მიწა დასვრეტილია და დაღრუებული, როგორც რამ ძარღვთა მქონე, რომელთა მიერ ზღვებისგან მიღებულ წყლებს წყაროებად ამოადინებს იგი. მიწის გვარეობისებრ გარდაიქმნება წყაროთა წყალიც, რადგან ზღვის წყალი მიწის გავლით იფილტრება და ასე ტკბება. მაგრამ თუ ის ადგილი, საიდანაც წყარო ამოდის, მწარე ან მარილიანი აღმოჩნდება, მიწის მსგავსი იქნება ამომდინარე წყალიც. ხშირად, როდესაც შევიწროვდება წყალი და იძულებით ამოსკდება, თბება იგი. ასე აღმოცენდება თვითნაბადი თბილი წყლები.
ამრიგად, საღვთო ბრძანებით, მიწაში ღრმულები გაჩნდა და ასე შეიკრიბა წყლები თავის საცავებში. აქედან წარმოიქმნა მთებიც.
ამგვარად, პირველ წყალს ღმერთმა უბრძანა გამოეყვანა ცოცხალი სული, რადგან განზრახული ჰქონდა მას, რომ წყლისა და წმინდა სულის მიერ (რომელიც დასაბამში წყალთა ზემოთ მიმოიქცეოდა), განეახლებინა ადამიანი. ეს თქვა საღვთო ბასილიმ.
ამრიგად, გამოიყვანა წყალმა მცირე და დიდი ცხოველები, წყალში მძრომელი ვეშაპები, ურჩხულები, თევზები და ფრთოსანი ფრინველები. სწორედ ფრინველთა მიერ უკავშირდება ერთმანეთს წყალი, მიწა და ჰაერი, რადგან ისინი, ერთი მხრივ, წყალთაგან წარმოიშვნენ, მეორე მხრივ, მიწაზე ცხოვრობენ და, მესამე მხრივ, ჰაერში ფრენენ.
უმშვენიერესი და მრავალსასარგებლო სტიქიონია წყალი, რომელიც განგვწმენდს არა მხოლოდ სხეულებრივი ბიწისგან, არამედ სულიერისგანაც, თუკი შეითვისებს იგი სულის მადლს.
1. სიფონი ბერძნულად ნიშნავს მილს, ტუმბოს. სულხან-საბა მას ასე განმარტავს: „სიფონი - ქარი რამე ზღვით აღმოსრული, რომელი აღანქრევს წყალსა ზღვისასა და აღმოჩნდების, ვითარცა სვეტი რაიმე, ამფრქვეველი წყლისა და ავნებს ნავთა, უკეთუ მახლობელ არს“. ამავე ტერმინს „სიტყვის კონის“ სხვა რედაქციაში ასეთი განმარტება აქვს: „სიფონი არს ღრუბელი რაიმე ქარიანი, რომელი აღწბავს წყალთა; სიფონი ეწოდების ღრუბლისა სვეტსა მას, რომელი ჩადგების ზღვათა და აღიღებს წყალთა“. ეფრემ მცირეს და არსენ იყალთოელს სიფონი უთარგმნელად გადმოაქვთ.
წინა თავი |