წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეოთხე

მიწისა და იმათ შესახებ, რაც მისგანაა

მიწა, ოთხი სტიქიონისგან ერთერთი, არის მშრალი, გრილი, მძიმე და უძრავი. იგი ღვთის მიერ არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა პირველ დღეს, რადგან თქმულია; „დასაბამში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (შეს. 1,1). კაცთაგან არავის ძალუძს თქვას, თუ რა არის მისი საძირკველი და ლიბო. ზოგის თქმით, იგი წყალზეა დასაძირკვლებული და დამკვრივებული, როგორც ამბობს საღვთო დავითი; „ვინც დაამყარა მიწა წყლებზე“ (ფს. 135,6). ზოგის თქმით, იგი ჰაერზეა დაფუძნებული; სხვა კი ამბობს; „ვინც დაასაძირკვლე მიწა არარაზე“ (იობ. 26,7). და კვლავ ღვთისგამომეტყველი დავითი, თითქოსდა შემოქმედის პირით, ამბობს; „მე დავამყარე მისი სვეტები“ (ფს. 74,4), სვეტებად უწოდა რა მის შემამტკიცებლობით ძალას. ხოლო სიტყვები: „ზღვებზე დააფუძნა იგი“ (ფს. 23,2) იმას ცხადყოფს, რომ ყოველმხრივ გარეშემოეღვრება დედამიწას წყლის ბუნება. რაც არ უნდა მივიჩნიოთ მის საძირკვლად, - თვით იგი, ჰაერი, წყალნი თუ არარა, - გვმართებს, არ დავცილდეთ ღვთისსათნო აზრს, არამედ ვაღიარებდეთ, რომ შემოქმედის ძალით არის პყრობილი და თანაშემტკიცებული ერთობლივად ყოველივე.

ამრიგად, როგორც წერილი ამბობს, დასაბამში მიწას წყლები ფარავდა, რის გამოც იგი შეუმზადებელი ანუ შეუმკობელი იყო (შეს. 1,2). ღვთის ბრძანებით შეიქმნა წყალთა საცავები და მაშინ გაჩნდა მთები. ღვთის ბრძანებითვე საკუთარი სამკაული შეიძინა მიწამ, გამშვენდა რა იგი ყოველგვარი ბალახითა და მცენარეულობით, რომლებსაც საღვთო ბრძანებამ შთაუნერგა ზრდადობითი, მასაზრდოებლობითი და თესლოვნებითი ანუ მსგავსის მშობელობითი ძალა. შემოქმედის ბრძანებით მიწამ გამოიყვანა ცხოველთა ყოველგვარი სახეობა: ქვეწარმავლები, მხეცები და საქონელი. ყველა მათგანი გამოსადეგია ადამიანისათვის თავის დროზე, კერძოდ, ნაწილი - საჭმელად, როგორებიცაა: ირმები, ცხვრები, ქურციკები და სხვა ამგვარნი; ნაწილიმოსახმარად, როგორებიცაა: აქლემები, ხარები, ცხენები, ვირები და სხვა ამგვარნი; ნაწილი - გასართობად, როგორებიცაა მაიმუნები, ფრინველებიდან - კაჭკაჭები, თუთიყუშები და სხვა ამგვარნი. ასევე, მცენარეთა და ბალახთა ნაწილი ნაყოფიერია და საჭმელად ვარგისი, ნაწილი - კეთილსურნელოვანი და ყვავილოვანი, ჩვენს დასატკბობად ბოძებული, როგორც, მაგალითად, ვარდი და სხვა ამგვარი; ნაწილი სნეულებათა საკურნებელია. არ არსებობს ისეთი ცხოველი თუ მცენარე, რომელშიც შემოქმედის მიერ არ იყოს შთანერგილი ადამიანთა საჭიროებისათვის გამოსადეგი რამ მოქმედება. მან, ვინც უწყის ყოველივე უწინარეს მისი შექმნისა, უწყოდა ისიც, რომ ადამიანი ნებაყოფლობით ცთომილებაში აღმოჩნდებოდა და ხრწნას მიეცემოდა. ამიტომ, ყოველივე, რაც კი არის სამყაროში, აგრეთვე, მიწაზე და ჰაერში, იმგვარად შექმნა მან, რომ შესაფერის დროს გამოსადეგი ყოფილიყო ადამიანისთვის.

ცთომილებამდე ადამიანის მორჩილი იყო ყოველივე, რადგან იგი ღვთის მიერ ყველაფრის მთავრად იყო დადგენილი, რაც კი არის მიწაზე და წყალში. გველიც კი გაშინაურებული იყო ადამიანთან, სხვებზე ხშირად მიდიოდა მასთან და საამური მოძრაობებით ესაუბრებოდა (ამიტომ, მთავარბოროტმა ეშმაკმა სწორედ მის მიერ შთაუნერგა პირველმშობლებს უბოროტესი დარიგება). ასევე, მიწაც თავისით აღმოაცენებდა ნაყოფს იმ ცხოველების საჭიროებისათვის, რომლებიც ადამიანს ემორჩილებოდნენ. ამასთან, არც წვიმა იყო მიწაზე, არც ზამთარი.

ცთომილების შემდეგ ადამიანმა, რომელმაც „უგონებო პირუტყვებს ჰბაძა და მათ ემსგავსა“ (ფს. 48,13), თავის თავში უგუნური გულისთქმა მოაზროვნე გონებაზე გააბატონა, რადგან ეურჩა იგი უფლის მცნებას. ამიტომ, მორჩილი ქმნილებაც აუმხედრდა შემოქმედისგან ხელდასხმულ მთავარს, რომელსაც განეჩინა, რომ ოფლით დაემუშავებინა ის მიწა, რისგანაც იყო აღებული.

მაგრამ ახლაც აქვს სარგებლობა და საჭიროება მხეცებს, რადგან გვაშინებენ ისინი და გვაიძულებენ, რომ შევიცნოთ შემოქმედი ღმერთი და ჩვენსკენ ვუხმოთ მას.

ეკლებიც ცთომილების შემდეგ აღმოცენდა მიწიდან, თანახმად უფლის განჩინებისა. ამის შემდეგ ვარდის საამურობას ეკალიც თანაშეეუღლა, რომ შეგვახსენოს ის ცთომილება, რის გამოც ეკლებისა და კუროსთავების აღმოცენება მიესაჯა ჩვენთვის მიწას.

სარწმუნო უნდა იყოს, რომ ასეა ეს ყველაფერი, რადგან უფლის სიტყვის მოქმედება კვლავაც ინარჩუნებს ყოველივეს ვიდრე დღევანდელ დღემდე, როგორც თქვა [ღმერთმა]: „იზარდეთ და გამრავლდით და აავსეთ მიწა“ (შეს. 1,28).

ზოგი ამბობს, რომ დედამიწა სფერული სახისაა, ზოგის თქმით კი კონუსის სახე აქვს მას. ამასთან, იგი პატარაა ცასთან შედარებით და მასზე ბევრად მცირეა, რის გამოც წერტილივით ჰკიდია მის შუაგულში.

მიწაც განქარდება და შეიცვლება, ხოლო ნეტარია ის, ვინც მშვიდთა მიწას დაიმკვიდრებს, რადგან ის მიწა, რომელმაც წმინდანები უნდა შეიწყნაროს, უკვდავია. ამიტომ, ვინ იქნება, რომ ღირსებისამებრ უკვირდეს შემოქმედის უსაზღვრო და მიუწვდომელი სიბრძნე? ან ვინ იქნება, რომ შესაფერისი სამადლობელი შესწიროს ესოდენი სიკეთეების მბოძებელს?

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი