წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეათე

რისხვის შესახებ

რისხვა არის სისხლის დუღილი გულის გარშემო, რაც წარმოიქმნება ნაღველის აორთქლებისა თუ ამღვრევის შედეგად. ამიტომაა, რომ მას ბერძნულად ეწოდება, აგრეთვე, „ქოლე“ ან „ქოლოს“ (ე.ი. „ნაღველი?“). ზოგჯერ მრისხანებაა, აგრეთვე, სანაცვლო შურისძიების სურვილი, რადგან როდესაც შეურაცხგვყოფენ ან მიგვაჩნია, რომ შეურაცხგვყვეს, ვმრისხანებთ და მაშინ ეს განცდა ხდება ნაზავი ნდომისა და რისხვისა.

რისხვის სახე სამია: წყრომა, (რასაც ბერძნულად ეწოდება, აგრეთვე. „ქოლე“ და „ქოლოს“, ე.ი. „ნაღველი“), გაავება და გაბოროტება.

დასაწყისი და აღძრულობა რისხვისა ითქმის წყრომად, რასაც, როგორც ითქვა, ეწოდება, აგრეთვე, „ქოლე“ და „ქოლოს“ (ე.ი. „ნაღველი“).

გაავება ანუ „მენის“ არის გახანგრძლივებული მრისხანება, იგივე ავმეხსიერება ანუ ბერძნულად „მნესიკაკია“; იგი უკავშირდება სიტყვას „მენეინ“ (ე.ი. „ხანგრძლივ მყოფობა“), აგრეთვე, შესიტყვებას „მნემე პარადიდოსთაი“, რაც ხსოვნაში გადაცემას ნიშნავს.

გაბოროტება ანუ „კოტოს“ არის იმგვარი წყრომა, რომლის მქონეც ეძიებს ჟამს შურისძიებისათვის. იგი უკავშირდება სიტყვას „კეისთაი“ (ე.ი. „დება“).

რისხვა არის ჭკუა-გონების მეაბჯრე და ნდომის დამცველი, რადგან როდესაც გვინდა რაღაც საგანი და ვინმესგან ვბრკოლდებით, ვურისხდებით მას, როგორც შეურაცხყოფილნი, ეს კი, ცხადია, მაშინ ხდება, რაჟამს ჭკუაგონება განრისხების ღირსად მიიჩნევს იმას, რაც ჩვენ, საკუთარი წესის ბუნებითად დამცველებს, შეგვამთხვიეს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი