გრძნობის შესახებ
გრძნობა არის სულის ძალა, ნივთთა აღმქმელი ანუ მცნობი, ხოლო გრძნობის ორგანოები არის ის ორგანოები ანუ ნაწილები, რომელთა მიერაც შევიგრძნობთ. გრძნობადია ის, რაც გრძნობას ექვემდებარება, მგრძნობელი კი არის ცხოველი, რომელსაც აქვს გრძნობა.
გრძნობა არის ხუთი. მსგავსადვე, გრძნობის ორგანოც ხუთია.
პირველი გრძნობაა მხედველობა, ხოლო მხედველობის გრძნობითი ორგანოებია, ერთი მხრივ, ტვინისგან გამომავალი ნერვები, მეორე მხრივ კი თვალები. ხედვა, პირველ რიგში, შეიგრძნობს ფერს, ფერთან ერთად კი იგი ცნობს ფერის მქონე სხეულსაც, მის სიდიდეს, აღნაგობას, ადგილს, სადაც ის არის, მანძილს, რაც მათ შორისაა, მის რაოდენობას, მოძრაობას და უძრაობას, სიმქისესა და სიგლუვეს, თანაბრობას და უთანაბრობას, სიბასრეს და სიბლაგვეს, აგრეთვე, მის შემყარებას, - წყლიანია იგი თუ მიწოვანი (ესე იგი, ნოტიოა იგი თუ მშრალი).
მეორე გრძნობა არის სმენა, რაც შეიგრძნობს ხმასა და ხმაურს, ცნობს მათ სიმკვეთრესა და სიყრუეს, სილბოსა და სიუხეშეს, აგრეთვე, მათ სიდიდეს. მისი ორგანოებია ტვინიდან გამომავალი რბილი ნერვები და ყურების აგებულება. მხოლოდ ადამიანი და მაიმუნი ვერ ამოძრავებენ ყურებს.
მესამე გრძნობაა ყნოსვა, რაც ხდება ნესტოების მეშვეობით, რომლებიც სუნს ტვინისკენ გზავნიან. ყნოსვა აღწევს ტვინის წინა ღრმულთა კიდეებამდე. იგი შეიგრძნობს და აღიქვამს სუნს. სუნის უზოგადესი სახეობებია; კეთილსურნელება, სიმყრალე და ის, რაც მათ შორისაა, კერძოდ, რაც არც კეთილსურნელოვანია და არც - მყრალი. კეთილსურნელება წარმოიქმნება სხეულთა შიგა სინოტივეებისგან, როდესაც ისინი ზედმიწევნით დადუღდებიან. ზომიერად დადუღებულთაგან ზომიერი ვითარება იქმნება, ხოლო ნაკლებ დადუღებულთაგან ანდა საერთოდ დაუდუღებელთაგან სიმყრალე წარმოიშვება.
მეოთხე გრძნობა არის გემო, რაც აღიქვამს ანუ შეიგრძნობს სითხეებს. მისი ორგანოა ენა, განსაკუთრებით ენის წვერი და, აგრეთვე, ზედა ნაწილი, რასაც ზოგიერთები სასას ეწოდებენ. მათში არის ტვინისგან გამომავალი ის ნერვები, რომლებიც ფართოვდებიან და ატყობინებენ ტვინს მიღებული აღქმის ანუ შეგრძნების შესახებ. სითხეთა ეგრეთ წოდებული გემოვნებითი თვისებები შემდეგია; სიტკბო, სიმწარე, სიცხარე, სიმჟავე, სიმჭახე, სიმწკლარტე, სიმლაშე, ცხიმიანობა, სიბლანტე. სწორედ ამათი მცნობია გემო.
ამ თვისებათა მიხედვით, უთვისებოა წყალი, რადგან არ აქვს მას არცერთი მათგანი. რაც შეეხება სიმჟავეს, იგი არის სიმჭახის გაძლიერება და მოჭარბება.
მეხუთე გრძნობა არის შეხება, რაც საერთოა ყველა ცხოველისთვის. იგი მოქმედებს ტვინისგან მთელ სხეულზე გამომავალი ნერვების მიერ. ამიტომაა, რომ შეხების გრძნობა აქვს როგორც მთელ სხეულს, ასევე ყველა სხვა გრძნობის ორგანოს. შეხებას ექვემდებარება ის, რაც გრილია ან თბილი, რბილია ან მაგარი, ბლანტია ან მყიფე, მძიმეა ან მსუბუქი. ესენი მხოლოდ შეხებით იცნობა.
შეხებისა და ხედვისთვის საერთო აღსაქმელია სიმქისე და სიგლუვე, სიმშრალე და სინოტივე, სისქე და სითხელე, ზედა და ქვედა, ადგილი და სიდიდე (თუკი ეს სიდიდე იმგვარია, რომ შეხების ერთი გამოყენებით შემოიცვება), სიმკვრივე და სიფაქიზე ანუ სინატიფე, სიმრგვალე (თუკი იგი პატარაა), და სხვა რამ ამგვარი აღნაგობანი. მსგავსადვე, მეხსიერებასთან და აზროვნებასთან ერთად, შეხებით შეიგრძნობა ახლოს მყოფი სხეული, აგრეთვე სხეულთა რაოდენობაც, ვიდრე ორამდე თუ სამამდე, და ესეც მაშინ, თუ სხეულები მცირეა და ადვილად შემოსაწვდომი; თუმცა შეხებაზე უფრო მეტად მხედველობა აღიქვამს მათ.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყოველი სხვა გრძნობის ორგანო ორმაგი შექმნა დამბადებელმა, რათა ერთის დაზიანებისას მეორეს შეესრულებინა ის, რაც საჭირო იყო. ორია თვალი, ორია ყური, ორია ცხვირის ნესტო და, ასევე, ორია ენაც, თუმცა იგი ზოგ ცხოველში გაყოფილია, როგორც, მაგალითად, გველებში, ზოგში კი შეერთებულია, როგორც, მაგალითად, ადამიანში. შეხება, თავის მხრივ, მთელ სხეულშია, გარდა ძვლებისა და ძარღვებისა, აგრეთვე, გარდა ფრჩხილებისა, რქებისა, თმებისა, სახსრებისა და სხვა რამ ამგვართა.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ ხედვა სწორხაზოვნად მიმართავს მზერას, ყნოსვა და სმენა კი არა მხოლოდ სწორხაზოვანია, არამედ - ყოველმხრივი, ხოლო შეხება და გემო არც სწორხაზოვნად შეიცნობს, არც ყოველმხრივ, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება თვით იმასთან მიახლოება, რაც მათგან არის შესაგრძნობი.
წინა თავი |