ნებაყოფლობითისა და უნებურის შესახებ
ნებაყოფლობითობა რაიმე საქმეში ვლინდება. ასევე ისიც, რაც უნებურობად მისაჩნევია, რაიმე საქმეში ჩნდება, ბევრმა ვინმემ კი ჭეშმარიტად უნებური არა მხოლოდ ვნებულებას, არამედ საქმესაც განუკუთვნა. ამიტომ, გვმართებს ვიცოდეთ, რომ საქმე არის გააზრებული მოქმედება. საქმეებს მოსდევს ქება ან ძაგება. საქმეთა ნაწილი სიამოვნებით კეთდება, ნაწილი - წუხილით. ამის გამო, ნაწილი სასურველია მათი მკეთებლებისთვის, ნაწილი - ასარიდებელი. სასურველთაგან ნაწილი მარადის სასურველია, ნაწილი - მხოლოდ გარკვეულ დროს. ასევეა ასარიდებელნიც. კიდევ, ნაწილი თანაგრძნობას აღძრავს, ნაწილი შენდობის ღირსია, ნაწილი კი ზიზღს იწვევს და ისჯება.
ამრიგად, ნებაყოფლობითს უთუოდ მოჰყვება ქება ან ძაგება. ამგვარი საქმენი კეთდება სიამოვნებით და ისინი სასურველია მათი მკეთებლებისთვის მუდამჟამს ან კიდევ მხოლოდ კეთების დროს.
ის, რაც უნებურია, შენდობისა და თანაგრძნობის ღირსი ხდება, კეთდება კი უხალისოდ, არასასურველია და, ამასთან, ვერც ნასაქმევს სრულყოფს თავისი თავის მიერ, მიუხედავად იძულებისა.
უნებურთაგან ნაწილი იძულებითია, ნაწილი - უმეცრებითი. იძულებითობა მაშინ არის, როდესაც მკეთებლობითი სათავე და მიზეზი გარეგანია, ანუ როდესაც სხვა გვაიძულებს, ჩვენ კი საერთოდ არ გვჯერა მისი, არც საკუთარი სურვილით ვთანხმდებით მას, არცთუ საერთოდ თანაშევეწევით, ანდა როდესაც ჩვენითვე ვაკეთებთ მას, რაც გვაიძულეს.
ამრიგად, განსაზღვრების სახით ვიტყვით:
უნებურია ის, რისი სათავეც გარეგანია და რასაც საკუთარი სურვილით არ თანხმდება ნაიძულები პირი (სათავედ ვამბობთ მკეთებლობით მიზეზს).
უმეცრებითი უნებურობა მაშინ გვაქვს, როდესაც უმეცრების მიზეზი შემთხვევითია და ჩვენგან არ მომდინარეობს. თუ, ვთქვათ, ვინმე სიმთვრალეში მკვლელობას ჩაიდენს, უმეცრებით მოკლავს და არა უნებურად, რადგან უმეცრების მიზეზი ანუ სიმთვრალე თვით მისი ნამოქმედარია. მაგრამ თუ ვინმე ჩვეულ ადგილას გაისვრის ისარს და იქ გამვლელ მამას მოკლავს. მაშინ ითქმის, რომ მან უმეცრების გამო უნებურად ჩაიდინა ეს საქმე.
ამრიგად, ორგვარია რა უნებური, - ერთი მხრივ, იძულებითი და, მეორე მხრივ, უმეცრებითი, - ორივე მათგანს უპირისპირდება ნებაყოფლობითი. რადგან ნებაყოფლობითი სწორედ ისაა, რაც არც იძულებით, არც უმეცრებით არ ხდება. ასე რომ, ნებაყოფლობითი არის ის, რისი სათავეც, ესე იგი, რისი მიზეზიც თვით მასშივეა, ვინც თითოეულად იცის, რა უნდა მოხდეს და როგორ. თითოეულად [საცოდნელია] ის, რასაც რიტორთა შორის გარემოებითი ნაწილები ეწოდება. კერძოდ. ვინ (ესე იგი, გამკეთებელი), ვის (ესე იგი მას, ვისაც ევნო), რა (ესე იგი, თვით ის, რაც გაკეთდა). თუ, ვთქვათ, მკვლელობა ჩაიდინა ვინმემ, რით (ესე იგი, რა იარაღით), სად (ესე იგი, რა ადგილას), როდის (ესე იგი, რომელ დროს), როგორ (ესე იგი, როგორი იყო ქმედების გვარი), რის გამო (ესე იგი, რა მიზეზით).
უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ზოგი რამ იმგვარი, რაც ნებაყოფლობითსა და უნებურს შორისაა. ისინი თუმცა უსიამოვნოა და შემაწუხებელი ჩვენთვის, მაგრამ უფრო დიდი ბოროტების შიშით მათ ვამჯობინებთ. ასეთია, მაგალითად, ის შემთხვევა, როდესაც გემის ჩაძირვის შიშით გადავყრით ხოლმე, რაც ხომალდშია.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვები და პირუტყვები ნებაყოფლობით აკეთებენ, მაგრამ არა არჩევანისამებრ. ასევე, რასაც მრისხანების მიზეზით ჩავდივართ წინასწარი განზრახვის გარეშე, ნებაყოფლობით ვაკეთებთ ამას, მაგრამ არათუ არჩევანითაც. როდესაც ანაზდად მეგობარი გვესტუმრება, ამგვარი რამ ნებაყოფლობითია ჩვენთვის, მაგრამ არა არჩევანისეულიც. ასევე, თუ ვინმე უეცრად განძს წააწყდება, ნებაყოფლობით წააწყდება მას, მაგრამ არა არჩევანითაც.
ყოველივე ეს ნებაყოფლობითია, რადგან სასიამოვნოა, მაგრამ არა არჩევანისეულიც, რადგან არ არის განზრახვისმიერი, ხოლო არჩევანს, როგორც ითქვა, უთუოდ წინ უნდა უძღოდეს განზრახვა.
წინა თავი |