მოქმედების შესახებ
გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა ზემოთქმული ძალა - მცოდნეობითიც, ცხოველმყოფელობითიც, ბუნებითიცა და ხელობითიც - მოქმედებად ითქმის, რადგან მოქმედება - ესაა ყოველი არსების ბუნებითი ძალა და მოძრაობა. კიდევ: მოქმედება ესაა ყველა არსებაში შთანერგილი ბუნებითი მოძრაობა. აქედან ცხადია: რომელთა არსებაც იგივეა, მათი მოქმედებაც იგივეა, ხოლო რომელთა ბუნებანიც განსხვავებულია, მათი მოქმედებანიც განსხვავებულია, რადგან შეუძლებელია, რომ არსება მოკლებული იყოს ბუნებისეულ მოქმედებას.
კიდევ: მოქმედება - ესაა თითოეული არსების ცხადმყოფელი ბუნებითი ძალა.
და კიდევ: მოქმედება - ესაა გონისმიერი სულის ბუნებითი და პირველი მარადმოძრავი ძალა, ესე იგი, მისი მარადმოძრავი აზრი, ბუნებითად მისგან მარადის აღმოწყაროებული. მოქმედება - ესაა თითოეული არსების ბუნებითი ძალა და მოძრაობა, რასაც მოკლებულია მხოლოდ არაარსი.
მოქმედებად ითქმის ისეთი საქმეებიც, როგორებიცაა: მეტყველება, მიმოსვლა, ჭამა, სმა და სხვა ამგვარი. ასევე, ბუნებითი განცდებიც ხშირად ითქმის მოქმედებებად. მაგალითად: შიმშილი, წყურვილი და სხვა ამგვარი. კიდევ, მოქმედებად ითქმის შესაძლებლობის სრულყოფა.
ორგვარად ითქმის. სიტყვები: „შესაძლებლობით“ და „მოქმედებით“ მაგალითად: ძუძუმწოვარა ბავშვს გრამატიკოსად ვამბობთ შესაძლებლობით რადგან აქვს მას უნარი იმისა, რომ სწავლის შედეგად გრამატიკოსი გახდეს. ამასთან, გრამატიკოსსაც ვამბობთ შესაძლებლობით ან მოქმედებით გრამატიკოსად, კერძოდ - მოქმედებით გრამატიკოსად, როგორც გრამატიკის მცოდნეს, შესაძლებლობით გრამატიკოსად კი იმდენად, რამდენადაც შემძლეა იგი განმარტებისა, მაგრამ არ მოქმედებს განმარტებას. კიდევ, მოქმედებით გრამატიკოსად ვამბობთ მას, როდესაც იგი მოქმედებს ანუ განმარტავს.
გვმართებს ვიცოდეთ, რომ მეორე მაგალითი საერთოა შესაძლებლობითისთვისაც და მოქმედებითისთვისაც. კერძოდ, მასში მეორადია შესაძლებლობითი, ხოლო პირველადია - მოქმედებითი.
მოქმედება არის ბუნების უპირველესი, ერთადერთი და ჭეშმარიტი თვითარჩევითი ანუ გააზრებითი და თვითუფლებრივი სიცოცხლე და ჩვენეული სახოვნების შემამყარებელი. ამიტომ, არ ვიცი, როგორ ამბობენ განკაცებულ ღმერთად უფალს ისინი, რომლებიც ამისგან აკლებენ მას.
მოქმედება არის ბუნების ქმედითუნარიანი მოძრაობა, ხოლო ქმედითუნარიანად ის ითქმის, რაც თავისი თავისგან მოძრაობს.
წინა თავი |