წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეორმოცე

მომხდართა შესახებ

მომხდართაგან ნაწილი ჩვენზეა დამოკიდებული, ნაწილი კი - არა. ჩვენზეა დამოკიდებული ის, რისი კეთების თუ არკეთების უფლებამოსილნიც ჩვენვე ვართ, ესე იგი, ყველაფერი, რაც ჩვენს მიერ ნებაყოფლობით კეთდება (რადგან თუ რომელიმე საქმე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც ითქმის, რომ ნებაყოფლობით ვაკეთებთ მას), ანუ, მარტივად, - რასაც მოჰყვება ქება თუ ძაგება და რაზეც ვრცელდება წაქეზება და რჯული. საკუთრივ ჩვენზეა დამოკიდებული ყოველივე სულისმიერი და, აგრეთვე, ყოველივე ის, რის შესახებაც განვიზრახავთ, ხოლო განზრახვა იმას განეკუთვნება, რაც თანაბრად შესაძლებელია. თავის მხრივ, „თანაბრად შესაძლებელი“ - ესაა იმგვარი შემთხვევა, როდესაც ერთიც ძალგვიძს და მისი საწინააღმდეგოც, ხოლო არჩევას ჩვენი გონება ახდენს, და ეს არის საქმის დასაბამი.

ამრიგად, ჩვენზეა დამოკიდებული, რაც კი თანაბრად შესაძლებელია, როგორც, მაგალითად, ის, რომ ვიმოძრაოთ და არ ვიმოძრაოთ, აღვიძრათ და არ აღვიძრათ, ვისურვოთ ის, რაც აუცილებელი არ არის, და არ ვისურვოთ, ვიცრუოთ და არ ვიცრუოთ, მივცეთ და არ მივცეთ, გავიხაროთ და არ გავიხაროთ იმით, რაც გასახარებელია ან კიდევ - რაც არ არის გასახარებელი... და სხვა ამგვარი, რაშიც კი არის სათნოებისა და ბოროტების საქმენი. აი, ამათი უფლებამოსილნი ვართ.

თანაბრად შესაძლებელთაგანია ხელობებიც, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული შევუდგებით იმ ხელობას, რომელსაც ვინებებთ, თუ არ შევუდგებით.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ არჩევა იმისა, რაც გასაკეთებელია, ჩვენზჟა დამოკიდებული, მაგრამ საქმე ხშირად ბრკოლდება წინაგანგების რამ გვარით.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი