წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეერთე

რა მიზეზით შევიქმნენით თვითუფლებრივნი

ამრიგად, ვამბობთ, რომ მოაზროვნეობასთან ერთად მყისვე წარმოჩნდება თვითუფლებრივობა.

ყოველი ქმნილება, ამავე დროს, ცვალებადიცაა, რადგან ის, რისი შექმნის სათავეც ცვალებადობით დაიწყო, აუცილებლად ცვალებადია. ცვალებადობა არის არარსებობიდან არსებობაში შემოსვლა და საფუძვლადმყოფი ნივთის გზით სხვა რამედ გახდომა. ამიტომ, უსულოები და პირუტყვები იცვლებიან ზემოთქმული სხეულებრივი გარდაქმნების მიხედვით, მოაზროვნეობითნი კი - არჩევანისამებრ. მოაზროვნეობითის ერთი მხარე არის მჭვრეტელობითი, ხოლო მეორე - საქმითი. მჭვრეტელობითი შეიმეცნებს იმას, თუ როგორ არსებობენ არსნი, საქმითი კი არის განმზრახველობითი და იგი მართებულ განზომილებას განუსაზღვრებს მას, რაც გასაკეთებელია. და უწოდებენ მჭვრეტელობითს გონებას, საქმითს კი - განზომილებას. აგრეთვე, მჭვრეელობითს - სიბრძნეს, საქმითს კი - კეთილგონიერებას. ყოველი განმზრახველი განიზრახავს იმდენად, რამდენადაც თვით მასზეა დამოკიდებული საკეთებელი საქმის არჩევა, რათა ის ირჩიოს მან, რასაც განზრახვაში ამჯობინებს და არჩეული გააკეთოს. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ცხადია, რომ მოაზროვნეობითობას აუცილებლად თანაშეენივთება თვითუფლებრივობა, რადგან ადამიანი ან არ უნდა იყოს მოაზროვნეობითი ანდა თუ იგი მოაზროვნეობითია, საქმეთა ბატონ-პატრონი უნდა იყოს და თვითუფლებრივი. ამის გამოა, რომ პირუტყვები თვითუფლებრივნი არ არიან, რადგან უმალ იმართებიან ბუნების მიერ, ვიდრე თვით მართავენ მას. ამიტომ, ისინი არც უძალიანდებიან ბუნებრივ სურვილს, არამედ როგორც კი მოესურვებათ რაიმე, მყისვე აღიძვრიან სამოქმედოდ. ადამიანი, მეორე მხრივ, როგორც მოაზროვნეობითი, უმალ მართავს ბუნებას, ვიდრე იმართება მისგან. ამიტომ, თუკი იგი ინებებს, ძალმოსილია იმისა, რომ თუნდაც მოესურვოს, აილაგმოს სურვილი, ანდა მიჰყვეს ამ სურვილს. აქედან გამომდინარე, პირუტყვებს არც აქებენ, არც აძაგებენ, ადამიანს კი აქებენ კიდეც და აძაგებენ.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანგელოზებიც, როგორც მოაზროვნეობითნი, თვითუფლებრივნი არიან, და როგორც ქმნილნი, ცვალებადნიც. ეს ცხადყო ეშმაკმა, რომელიც კეთილი დაიბადა შემოქმედის მიერ, მაგრამ რომელიც თვითუფლებრივად გახდა ბოროტების აღმომჩენი, ისევე როგორც მასთან ერთად განდგომილი ძალები ანუ დემონები, მაშინ როცა ანგელოზთა დანარჩენი დასები სიკეთეში მდგრადობენ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი