წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეოთხე

წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ სათნოება ღვთისგან ებოძა ბუნებას და რომ ღმერთი თავად არის ყველა სიკეთის დასაბამი და მიზეზი, რომლის თანამოქმედებისა და შემწეობის გარეშე შეუძლებელია ჩვენთვის კეთილის ნებება და ქმნა. ჩვენზე ისაა დამოკიდებული, ან დავმკვიდრდეთ სათნოებაში და შევუდგეთ ღმერთს, რომელიც ამისკენ გვიხმობს, ანდა გავემიჯნოთ სათნოებას, რაც ნიშნავს, ბოროტებაში მოვხვდეთ და შევუდგეთ ეშმაკს, რომელიც აქეთ გვიხმობს იძულების გარეშე, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა კეთილის განშორება, ისევე როგორც სიბნელე - ესაა სინათლის განშორება. ამრიგად, თუკი იმაში ვმკვიდრობთ, რაც ბუნებისეულია, სათნოებაში ვიმყოფებით, ხოლო თუ ბუნებისეულს, ანუ სათნოებას, გადავუხვევთ, ბუნების გარეგანისკენ წავალთ და ბოროტებაში აღმოვჩნდებით.

სინანული არის ბუნების გარეგანისგან ბუნებისეულისკენ და ეშმაკისგან ღვთისკენ ზეასვლა მოღვაწეობისა და შრომათა მიერ.

ამიტომ ეს ადამიანი შემოქმედმა მამაკაცად შექმნა, უბოძა რა წილად თავისი საღვთო მადლი და მადლის გზით თავისთან მზიარებლად აქცია იგი. ამის გამო [ადამმა] ცხოველების, როგორც მისთვის ბოძებული მონების, სახელდებანიც წინასწარმეტყველურად აღასრულა, როგორც მეუფემ, რადგან მას, - ღვთის ხატისებრ მოაზროვნედ, გონისმიერად და თვითუფლებრივად ქმნილს, - მართებულად გადაეცა მიწიერთა მოთავეობა ყოველთა საერთო შემოქმედისგან და მეუფისგან.

ამასთან, უწყოდა რა წინასწარმცოდნე ღმერთმა, რომ გადავიდოდა იგი მცნებას და ხრწნილებაში ჩავარდებოდა, შექმნა მისგან ქალი, „შემწედ მისდა მისებრი“ (შესაქ. 2,18; 31-33), კერძოდ, შემწედ მოდგმის მემკვიდრეობითად შენარჩუნებაში, გარდასვლის შემდეგ, შობადობის გზით, რადგან პირველი დაბადება „შექმნად“ ითქმის და არა „შობად“, არის რა „შექმნა“ პირველი დაბადება ღვთისგან, „შობა“ კი ესაა გარდასვლის შედეგად სიკვდილის სასჯელისგან გამომდინარე ურთიერთმემკვიდრეობითობა.

დაამკვიდრა მან იგი გონისეულ და გრძნობად სამოთხეში, რადგან თუმცა გრძნობადში ხორციელად ცხოვრობდა მიწაზე, სულისმიერად ანგელოზებთან იმყოფებოდა, იმუშაკებდა საღვთო აზრებს და საზრდოობდა მათგან, იყო რა შიშველი სიწრფელითა და უზაკველი ცხოვრებით, მხოლოდ შემოქმედისაკენ ზეამავალი ქმნილებათა წიაღ და მისი ჭვრეტით დატკბობილი და მოლხინარე.

ამიტომ, რადგან ღმერთმა ბუნებითად შეამკო იგი თვითუფლებრივი ნებით, მცნება მისცა მას, რომ არ ეგემა ცოდნის ხისგან (ამ ხის შესახებ, ჩვენი ძალისებრ, თვითკმარად ვთქვათ „სამოთხის შესახებ“ თავში). მისცა მას ეს მცნება და აღუთქვა, რომ თუ დაიცავდა იგი სულის ღირსებას და გონებას გაამარჯვებინებდა, შეიცნობდა კიდეც შემოქმედს და მისი ბრძანების დაცვით წილმქონე გახდებოდა მარადიული ნეტარებისა და სიკვდილზე უმჯობესქმნილი იცოცხლვბდა უკუნისამდე, მაგრამ თუკი სხეულისადმი დაამორჩილებდა სულს და სხეულის სიამეებს მიანიჭებდა უპირატესობას (ვით უმეცარი საკუთარი პატივისა და ეგუნურ პირუტყვთადმი მიმსგავსებული), განიშორებდა რა შემოქმედის უღელს და უგულებელყოფდა რა მის საღვთო განჩინებას, სიკვდილსა და ხრწნას დაექვემდებარებოდა და, უბადრუკი ყოფის მზიდველი, შრომაში ჩავარდებოდა მართლაც, არ იქნებოდა სასარგებლო, რომ მას, ჯერაც გამოუცდელს და გაუწვრთნელს, უხრწნელება ეპოვა, რადგან ჩავარდებოდა იგი ამპარტავნებაში და ეშმაკის სასჯელში, ეშმაკისა, რომელსაც არჩევანისმიერი დაცემის შემდეგ უსინანულო და უცვლელი სიმყარე ჰქონდა ბოროტებაში ამ უხრწნელების გამო, ისევე როგორც ანგელოზებს - მადლისმიერი და შეუძრავი დაფუძნება სიკეთეში, კვლავაც და კვლავაც სათნოების არჩევანისმიერი გამორჩევის შემდეგ.

ამიტომ, მართებდა ადამიანს, რომ უპირველესად გამოცდა გაევლო და მცნების დამარხვის გზით გამოცდილებითად სრულქმნილიყო, რომ ამ სახით უხრწნელება მოეხვეჭა სათნოების ჯილდოდ, რადგან იგი, ღმერთსა და ნივთიერებას შუა მყოფი, არსთა მიმართ ბუნებითი მოთვისეობისგან მცნების დაცვის გზით განთავისუფლების შემდეგ შეთვისებითად შეუერთდებოდა ღმერთს და მიიღებდა შეუძრავ დამყარებას სიკეთის ახლოს. მაგრამ მან გარდასვლის შედეგად უფრო ნივთიერებისკენ იმოძრავა, თავის მიზეზს (ვამბობ, ღმერთს) მოსწყვიტა გონება, ხრწნილებას მიეთვისა, გახდა ვნებული უვნებოს სანაცვლოდ და მოკვდავი - უკვდავის ნაცვლად, საჭიროება გაუჩნდა შეწყვილებისა და დინებადი შობისა, სიცოცხლის სურვილით დაეწაფა იმ სიამეებს, რაც თითქოსდა სიცოცხლეს შეადგენს, ხოლო რომლებიც ამათი ჩამოცილებისკენ ასწრაფებდნენ მას, ურიდად მოიძულა და საკუთარი მისწრაფება ღვთისგან ნივთიერებაზე გადაიტანა, რისხვა კი - ცხონების ნამდვილი მტრისგან მოყვასზე.

ამრიგად, ეშმაკის შურით იძლია ადამიანი, რადგან ვერ აიტანა მოშურნე და კეთილისმოძულე ეშმამ, თვით ქვედაცემულმა ამპარტავნების გამო, ჩვენს მიერ ზენათა წვდომა. ამიტომაც, ღმერთობის იმედით შეიტყუა მან უბადრუკი, და ზეაიყვანა რა თავისი ამპარტავნების სიმაღლეზე, დაცემის მსგავსსავე უფსკრულში ჩააგდო იგი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი