წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამესამე

წინაგანგების შესახებ

წინაგანგება არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა. და კიდევ. წინაგანგება არის ღვთის ზრახვა, რომლის მიერაც ყოველი არსი სათანადოდ წარიმართება. თუ ღვთის ზრახვაა წინაგანგება, სრულიად აუცილებელია, რომ წინაგანგებით შექმნილები, მართებული აზრის თანახმად, უმშვენიერესნი და უმეტესად ღვთისმშვენნი იყვნენ, იმგვარნი, რომელთა უკეთესის შექმნაც შეუძლებელია, რადგან უთუოდ ერთიდაიგივე უნდა იყოს არსთა შემოქმედი და წინაგანმგები. მართლაც, შეუფერებელია და არაკანონზომიერი, სხვა იყოს არსთა შემოქმედი, სხვა კი - წინაგანმგები, რადგან ამ სახით ორივვ მათგანი უეჭველად უძლურებაში აღმოჩნდება. ერთი - იმ მხრივ, რომ წინაგანაგოს, მეორე - იმ მხრივ, რომ შექმნას. ამიტომ, ღმერთია შემოქმედიც და წინაგანმგებიც, რომლის შემოქმედებითი, შემამტკიცებლობითი და წინაგანმგებლობითი ძალა - ესაა მისი კეთილი ნებელობა. „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ინება მან შექმნილიყო ყოველივე, და შეიქმნა. ნებავს მას ქვეყნიერების შემყარება და შემყარებულია იგი. ყოველივე, რაც მას ნებავს, ხდება.

რომ წინაგანაგებს იგი და რომ კარგად წინაგანაგებს, ამის უმართებულესი განჭვრეტა შემდეგნაირად შეიძლება: მხოლოდ ღმერთი არის ბუნებით კეთილი და ბრძენი. ამიტომ, იგი, როგორც კეთილი, წინაგანაგებს (რადგან ვინც არ არის წინაგანმგები, კეთილიც არ არის იგი; ამასთან, ადამიანებიცა და პირუტყვებიც ბუნებითად წინაგანაგებენ მათი შვილებისათვის და ვინც წინდაწინ არ განაგებს, კიცხავენ მას), ხოლო როგორც ბრძენი, გამორჩეულად ზრუნავს იგი არსთათვის.

ამიტომ, ვუკვირდებით რა ამას, გვმართებს, რომ მისეული წინაგანგების ყოველი საქმე გვიკვირდეს, ყოველივეს ვაქებდეთ და ყოველივეს გამოუძიებლად ვიწონებდეთ, თუნდაც რომ ბევრისთვის უსამართლო ჩანდეს ეს საქმეები, რადგან უცოდნელია და უწვდომი წინაგანგება ღვთისა.

ეს ყოველივე, ვამბობ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განეკუთვნება არა წინაგანგებას, არამედ ჩვენს თვითუფლებრივობას.

წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. მაგალითად, ხშირად უშვებს ღმერთი, რომ მართალიც ჩავარდეს განსაცდელში, რათა სხვებს გაუცხადოს მასში დაფარული სათნოება. ასე მოხდა იობთან დაკავშირებით. სხვა დროს უფალი უშვებს, რომ მოხდეს რაღაც არაჯეროვანი, რათა არაჯეროვნად მისაჩნევი საქმის გზით დიდი და საკვირველი რამ წარმატებულჰყოს მან, როგორც, მაგალითად, ჯვრის მეშვეობით ადამიანთა ხსნა. სხვა მხრივ, უშვებს იგი, რომ მწარედ იტანჯოს წმინდანი, რათა არ მიდრკეს იგი მართალი სინდისისგან, ან კიდევ, მისდამი ბოძებული ძალისა და მადლისგან ამპარტავნებისკენ არ გადადრკეს, როგორც [დაუშვა მან ეს] პავლეზე.

ზოგჯერ ხდება გარკვეული დროით ვინმეს მიტოვება სხვის გამოსასწორებლად, რომ მისი მდგომარეობის განჭვრეტით სხვები განისწავლონ, როგორც ეს მოხდა ლაზარესთან და მდიდართან დაკავშირებით (რადგან ბუნებით ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ ვინმეს ტანჯვას).

ზოგჯერ ვინმეს მიტოვება ხდება სხვის სადიდებლად და არა საკუთარი თუ მშობლებისეული ცოდვების გამო. ასე იდიდა ძე კაცისა მისგან, ვინც დაბადებით ბრმა იყო.

კიდევ, დაუშვებს ღმერთი ვინმეს ტანჯვას, რომ სხვამაც ჰბაძოს მას, რათა ტანჯულის პატივის განდიდებამ სხვებისთვისაც საშური გახადოს ტანჯვა, გაუჩნდებათ რა მათაც სასოება სამომავლო დიდებისა და სამომავლო კეთილთა ნდომა. ამგვარი რამ ხდება მოწამეებთან დაკავშირებით.

ზოგჯერ იმის ნებართვაც მიეცემა ვინმეს, რომ სასირცხვილო საქმეში ჩავარდეს, რათა ამით სხვა უარესი ვნება გამოასწოროს მან. მაგალითად, როდესაც ვინმე გაამპარტავნდება საკუთარ სათნოებათა და წარმატებათა გამო, მიუშვებს მას ღმერთი, რომ სიძვით დაეცეს, რათა დაცემის შედეგად საკუთარი უძლურების შეგრძნებამდე მივიდეს იგი, დამდაბლდეს, მიეახლოს უფალს და აღსარება უთხრას მას.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ.

მიტოვების სახე ორია, რადგან არსებობს განგებულებითი და განსწავლითი მიტოვება და არსებობს სრულიად განწირვითი მიტოვება. განგებულებითი და განსწავლითია ის, რაც ხდება ვნებულის გამოსასწორებლად, გადასარჩენად და სადიდებლად, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვებსაც ჰქონდეთ მისდამი მოშურნეობა და ბაძვა, ანდა იმიტომ, რომ ღმერთი იდიდოს. ხოლო სრული მიტოვებაა, როდესაც ღმერთი ყოველივეს მოიმოქმედებს ადამიანის გადასარჩენად, ის კი უგრძნობი და უექიმებელი, უფრო კი უკურნებელი დარჩება საკუთარი მოწადინებისამებრბ და მაშინ სრულ წარწყმედას გადაეცემა იგი იუდას მსგავსად. დაგვინდოს ჩვენ ღმერთმა და გვიხსნას ამგვარი მიტოვებისგან.

ამასთან, საჭიროა იმის ცოდნა, რომ მრავალგვარია ღვთის წინაგანგება, რაც არც სიტყვით შეიძლება განიმარტოს, არცთუ გონებით შემოიცვას.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა დამამწუხრებელი შემთხვევა მხსნელად ევლინება მათ, რომლებიც მადლობით იღებენ მას, ხდება რა იგი ყოვლითურთ სარგებლობის მომტანი მათთვის.

საჭიროა იმის ცოდნა, რომ ღმერთს უპირატესად ის ნებავს, ყველანი გადარჩნენ და ჰპოვრნ მისი სასუფეველი, რადგან არათუ სატანჯველად შეგვქმნა ჩვენ, არამედ მისი, როგორც კეთილის, სიკეთესთან წილმქონეობისათვის. თუმცა მცოდველის ტანჯვა სამართლიანადვე ნებავს მას.

ამიტომ ითქმის, რომ პირველი, ეპირატესი ნება და სათნოჩენა მისგანვე არის, ხოლო მეორე, მომდევნო ნება და დაშვება - ჩვენი მიზეზით. და ეს ორადია. ერთი, განგებულებითი და განსწავლითი, - ხსნისათვის, ხოლო მეორე, განწირვითი, - სრული ტანჯვისთვის, როგორც ვთქვით.

ესენია ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხოლო იმათგან კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ის, რაც კეთილია, განსაკუთრებით ნებავს და ესათნოება [ღმერთს], ხოლო, მეორე მხრივ, რაც უკეთურია და ნამდვილად ბოროტი, არც უპირატესად, არც მომდევნოდ არ ნებავს მას, თუმცა კი უშვებს ამას (ადამიანის) თვითუფლებრივობის გამო, რადგან იძულებით ნამოქმედარი არც მოაზროვნეობითია, არც სათნოება. ამასთან, წინაგანაგებს ღმერთი მთელ შესაქმეს, ქველმოქმედებს რა და განმსწავლელობს მთელი შესაქმის გზით, ხშირად კი - თვით ეშმაკთა მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და ღორებთან დაკავშირებით.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი