წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეშვიდე

ორი ბუნების შესახებ

უცვლელად და გარდაუქმნელად შეუერთდა ურთიერთს ორი ბუნება, რადგან არც საღვთო ბუნება განდგომია საკუთარ სიმარტივეს, არც ადამიანური შეცვლილა ღმრთეების ბუნებად (არცთუ უმყოფობაში გადასულა იგი). ამასთან, არც ერთი შედგენილი ბუნება შექმნილა ამ ორისგან, რადგან შედგენილ ბუნებას არ ძალუძს, რომ თანაარსი იყოს რომელიმე იმათგანისა, რომელთაგანაც შემდგარია, რამეთუ სხვათაგან სხვა არის ჩამოყალიბებული. ასე, მაგალითად, ოთხი სტიქიონისგან შედგენილი სხეული არ ითქმის ცეცხლის თანაარსად, და არც იწოდება ცეცხლად. ასევე, არ ითქმის იგი ჰაერად ან წყლად ან მიწად, არცთუ თანაარსია რომელიმე ამათგანისა. ამიტომ, თუკი, თანახმად მწვალებლებისა, ერთ შედგენილ ბუნებად წარმოჩნდა ქრისტე შეერთების შემდეგ, მაშ, მარტივი ბუნებისგან შედგენილად ქცეულა იგი და აღარ ყოფილა თანაარსი არც მამისა (რომელიც მარტივი ბუნებისაა) და არც - დედისა (რადგან დედა ღმრთეებისა და ადამიანობისგან არ არის შედგენილი). ამასთან, აღარც ღმრთეებაში და ადამიანობაში ყოფილა იგი შესაბამისად, აღარც ღმერთი დაერქმევა მას და აღარც ადამიანი, არამედ - მარტოდენ „ქრისტე“, ხოლო „ქრისტე“, მათ თანახმად, იქნება სახელი არა მისი ჰიპოსტასისა, არამედ ერთი ბუნებისა.

მაგრამ ჩვენ ქრისტეს ვრჯულმდებლობთ არა ერთი შედგენილი ბუნებისად, არცთუ სხვათაგან სხვას, როგორც, მაგალითად, სულისა და სხეულისგან ადამიანს ანდა როგორც ოთხი სტიქიონისგან სხეულს, არამედ სხვათაგან - მათვე, რადგან ვაღიარებთ, რომ ერთიდაიგივეა ის, რომელიც, ღმრთეებისგან და ადამიანობისგან გამომდინარე, არის და ითქმის კიდეც ორთაგან და ორ ბუნებაში, სრულ ღმერთად და სრულ ადამიანად. მაგრამ ვამბობთ, რომ სახელი ქრისტე ჰიპოსტასისა არის, თუმცა იგი ცალსახად თქმული როდია, არამედ წარმოადგენს ორი ბუნების აღმნიშვნელს, რადგან მან თვით სცხო თავის თავს, არის რა, როგორც ღმერთი, მცხებელი სხეულისა თავისი ღმრთეებით, ხოლო როგორც ადამიანი - ცხებული, რამეთუ თვითვეა ესეც და ისიც, [მისი] ადამიანობის საცხებელი კი ღმრთეებაა.

ამიტომ, თუ ქრისტე, ერთი შედგენილი ბუნებისად მყოფი, თანაარსია მამისა, მაშინ მამაც შედგენილი და ხორცის თანაარსი უნდა იყოს, რაც არამართებულია და აღსავსეა ყოველგვარი გმობით.

როგორღა იქნება ერთი ბუნება საპირისპიროთა არსებითი განსხვავებების მიმღები? მართლაც, როგორ შეიძლება, რომ ერთიდაიგივე ბუნება ერთდროულად შექმნილიც იყოს და შეუქმნელიც, მოკვდავიც და უკვდავიც, გარეშეწერილიც და გარეშეუწერელიც?

ამასთან, თუ ერთი ბუნებისად ამბობენ ქრისტეს და ამბობენ, რომ მარტივია ეს ბუნება, მაშინ ან შიშველ ღმერთად უნდა აღიარონ იგი (და ამით მოჩვენებითობა შეიტანონ განკაცებაში), ანდა - ლიტონ კაცად, ნესტორისებრ. მაშინ სადღაა სისრულე ღმრთეებაში და სისრულე ადამიანობაშიბ ანდა როდისღა უნდა თქვან ქრისტე ორი ბუნებისად, ამბობენ რა მას ერთი შედგენილი ბუნების მქონედ შეერთების შემდეგ? ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ქრისტე ერთი ბუნებისა იყო შეერთებამდე!

მაგრამ მწვალებელთა ცთომილებას ის იწვევს, რომ მათი თქმით იგივეა ჰიპოსტასი (გვამოვნება) და ბუნება. ამასთან, თუმცა კი ადამიანთა ერთ ბუნებას ვამბობთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ვამბობთ, რადგან არ განვჭვრეტთ სულისა და ხორცის გვარს. მართლაც, შეუძლებელია, რომ ურთიერთშედარებისას ერთი ბუნებისად ითქვას სული და ხორცი, მაგრამ იმდენად რამდენადაც ადამიანთა მრავალი ჰიპოსტასი არსებობს და ყველა მათგანი ბუნების ერთსა და იმავე გვარს იღებს (რადგან სულისა და ხორცისაგან შედგება ყველა, რამეთუ სულის ბუნების წილმიმღებია ყველა და სხეულის არსებას ფლობს ყველა), ამიტომ ურიცხვი და განსხვავებული ჰიპოსტასის ზოგად სახეობას ერთ ბუნებად ვამბობთ, თუმცა კი თითოეულ ჰიპოსტასს (გვამოვნებას), ცხადია, ორი ბუნება აქვს და სრულქმნილია იგი ორ ბუნებაში (ვამბობთ, სულისაში და სხეულისაში).

მაგრამ ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებით შეუძლებელია ზოგადი სახეობის შემოტანა, რადგან არც ყოფილა, არც არის, არც ოდესმე იქნება სხვა ქრისტე, ის, ვინც იქნებოდა ღმრთეებისგან და ადამიანობისგან, ღმრთეებაში და ადამიანობაში, ერთიდაიგივე - სრული ღმერთიც და სრული ადამიანიც. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ითქვას ერთი ბუნება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ. ამიტომ ვამბობთ, რომ ორი სრული ბუნებისგან, ღვთიურისგან და ადამიანურისგან, მოხდა შეერთება, არა ათქვეფისებრ ან შერევისებრ ანდა განზავებისებრ (როგორც თქვეს ღეთივგანდევნილმა დიოსკორემ, სევეროზმა და მათმა ცოდვილმა საკრებულომ), არცთუ პიროვნებითად1 ან მოთვისეობითად, ან ღირსებითად, ან განზრახვის იგივეობისამებრ ან თანაპატივობითად ან თანამოსახელეობითად ან სათნოჩენითად (როგორც თქვეს ღვთივმოძულებულმა ნესტორმა, დიოდორემ, თეოდორე მოფსუესტიელმა და მათმა ეშმაკისებრმა კრებულმა), არამედ - შედგენითად ანუ გვამოვნებითად2 უცვლელად, შეურევლად, გარდაუქმნელად, განუყოფლად, განურღვევლად.

და ვაღიარებთ ღვთის ხორცშესხმული ძის ერთ ჰიპოსტასს (გვამოვნებას) სისრულის მქონე ორ ბუნებაში. მისი ღმრთეებისა და ადამიანობის ერთსა და იმავე ჰიპოსტასს ვამბობთ და, ამასთან, ვაღიარებთ, რომ მასში დაცულია ორი ბუნება შეერთების შემდეგ, თუმცა არათუ თავთავისთვის და ცალკ-ცალკე ვათავსებთ თითოეულ მათგანს, არამედ - ერთიერთშეერთებულად ერთ შედგენილ ჰიპოსტასში, რადგან არსობრივ შეერთებას ვამბობთ, ესე იგი, ჭეშმარიტსა და არა წარმოსახვითს, თუმცა - „არსობრივს“ არა იმგვარად, თითქოს ორმა ბუნებამ ერთი შედგენილი ბუნება სრულყო, არამედ იმ აზრით, რომ ჭეშმარიტად შეუერთდა ურთიერთს ეს ბუნებანი ღვთის ძის ერთ შედგენილ ჰიპოსტასში. ამასთან, განვაწესებთ, რომ დაცულია მათი არსობრივი განსხვავება, რადგან ქმნილი დარჩა ქმნილად და უქმნელი - უქმნელად. ასევე, მოკვდავი დარჩა მოკვდავად და უკვდავი - უკვდავად, გარეშეწერილი - გარეშეწერილად და გარეშეუწერელი - გარეშეუწერლად, ხილული - ხილულად და უხილავი - უხილავად, „და ერთი მათგანი ბრწყინავს საკვირველებებით, ხოლო მეორემ თავს იდო გინებანი“ 3.

განიკუთვნებს სიტყვა ადამიანურ [თვისებებს], რადგან მისია ის, რაც მისი ხორცისაა, თავისას კი ხორცს გადასცემს, ნაცვალბოძების წესისამებრ, ნაწილთა4 ურთიერთისადმი დამტევნელობისა და ჰიპოსტასისმიერი ერთობის შედეგად და, აგრეთვე, იმიტომ, რომ ერთი და იგივე იყო ის, ეინც მოქმედებდა საღვთოსაც და ადამიანურსაც თითოეულ ხატებაში მეორესთან თანაზიარებით. ამიტომ ითქმის, რომ „დიდების უფალი ჯვარს ეცვა“ (1კორ. 2,8), თუმცა მისი საღვთო ბუნება არ ვნებულა. ასევე, აღსარებულია, რომ ძე კაცისა ვნებულების უწინარეს ცაში იყო, როგორც თქვა თვით უფალმა (იოანე 3,13), რადგან ერთი და იგივე იყო უფალი დიდებისა, ვინც ბუნებით და ჭეშმარიტებით გახდა ძე ადამიანისა ანუ ადამიანი და მისეულად ვიცით საკვირველებანიც და ვნებანიც, თუმცა კი სხვებრ სასწაულმოქმედებდა იგი და სხვებრ დაითმენდა ვნებულებებს თვითვე, ვუწყით რა, რომ დაცულია როგორც მისი ერთი ჰიპოსტასი, ასევე ბუნებათა არსობრივი განსხვავებაც. მაგრამ როგორღა შენარჩუნდებოდა განსხვავება, თუკი არ შენარჩუნდებოდნენ ისინი, რომლებსაც ურთიერთში სხვაობა აქვთ? განსხვავება ხომ განსხვავებულთა სხვაობაა ამიტომ ვამბობთ, რომ რა ნიშნითაც ურთიერთსხვაობს ქრისტეს ბუნებანი, კერძოდ, არსების ნიშნით, ამავე ნიშნით უერთდება იგი უკიდურესობებს. ერთი მხრივ, ღმრთეების შესაბამისად - მამას და სულს, მეორე მხრივ კი, ადამიანობის შესაბამისად - დედას და ჩვენ, რადგან თანაარსია იგი, ერთი მხრივ, მამისა და სულისა ღმრთეების შესაბამისად, მეორე მხრივ კი - დედისა და ყველა ადამიანისა ადამიანობის შესაბამისად. ამასთან, რა ნიშნითაც ერთდება მისი ბუნებანი, იმ ნიშნით სხვაობს იგი, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან, რადგან ჰიპოსტასით ერთდება მისი ბუნებანი, რომლებსაც აქვთ ერთი შედგენილი ჰიპოსტასი. ამის შესაბამისად სხვაობს იგი, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და ჩვენგან.

 

1. შდრ. προσωπικήν, poersonalem. იგულისხმება, რომ ორი ბუნების შეერთება არ ნიშნავს ორი პირის (საღვთოს და ადამიანურის) შეერთებას, რადგან მაცხოვარს, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს, განკაცებისას კაცობრივი პიროვნება არ მიუღია, რადგან თვით ღმერთი-ჰიპოსტასი (პირი) გახდა ჰიპოსტასი (პირი) ადამიანური ბუნებისაც.

2. შდრ. καυ' σύνυεσιν ήτοι καυ' ύπόστασιν, ლათ. per compositionem, hoc est secundum hypostasim. იგულისხმება, რომ ორი ბუნება შეერთებულია ერთ შედგენილ ჰიპოსტასში (გვამოვნებაში).

3. ლეონ დიდი, ეპ. 28.

4. შდრ. τών μερών (994 D) partium (995 A). იგულისხმება ღმრთეება და ადამიანობა. მაცხოვრის ორ ბუნებას პირობითად „ნაწილებს“ უწოდებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, აგრეთვე ლეონტი ბიზანტიელი. ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლებელია მაცხოვრის ბუნებათა წოდება „ნაწილებად“, რადგან „ნაწილი“ არასრულყოფილებას, ნაკლულოვანებას მოასწავებს, მაშინ როცა მაცხოვარი ორივე ბუნებით ყოვლად სრულია. შესაბამისად, აღნიშნული ბუნებანი „ნაწილებად“ იწოდება მხოლოდ პირობითად, კერძოდ კი, თანახმად ლეონტი ბიზანტიელისა, იმ აზრით, რომ ღვთის სიტყვა ცალკე, ადამიანობის გარეშე, არ არის სრული ქრისტე (თუმცა კი ღვთის სიტყვა სრული ღმერთია). შესაბამისად, ქრისტე სახელდება მხოლოდ განკაცებულ ღვთის სიტყვას ანუ სრული ქრისტეა მხოლოდ ადამიანური ბუნების მიმღები ღმერთი-ჰიპოსტასი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი