წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამერვე

ნაცვალბოძების წესის შესახებ

მრავალგზის გვითქვამს, რომ სხვა არის არსება და სხვა - პიპოსტასი (გვამოვნება) და რომ არსება აღნიშნავს თანასახოვან ჰიპოსტასთა (გვამოვნებათა) საერთო და გარემომცველ სახეობას (როგორიცაა ღმერთი, ადამიანი), ხოლო ჰიპოსტასი (გვამოვნება) ცხადყოფს დაუყოფელს, ანუ: მამას, ძეს, სულიწმინდას, პეტრეს, პავლეს. ამიტომ საცოდნელია, რომ ღმრთეებისა და ადამიანობის სახელი არსებათა ანუ ბუნებათა წარმომაჩენელია, ხოლო ღმერთი და ადამიანი ბუნებასთან დაკავშირებითაც განიწესება, როდესაც ვამბობთ. ღმერთი არის მიუწვდომელი არსება და რომ ერთია ღმერთი, მაგრამ ესენი გამოიყენება პიპოსტასებთან დაკავშირებითაც, როცა უფრო ზოგადის სახელს იღებს უფრო კერძოობითი, როგორც მაგალითად მაშინ, როდესაც წერილი ამბობს: „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა(ფს. 44,8) (რადგან, აჰა, ცხადყო მან მამა და ძე), და, აგრეთვე, როდესაც ამბობს: „იყო ვიღაც კაცი ავსიტის ქვეყანაში“ (იობი 1,1) რადგან მხოლოდ იობი აღნიშნა მან).

ამიტომ, რადგან ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ორი ბუნება ვიცით, მეორე მხრივ კი - ორივე მათგანისგან შედგენილი ერთი ჰიპოსტასი, შესაბამისად, როდესაც ბუნებებს განვიხილავთ, ღმრთეებას და ადამიანობას ვუწოდებთ მათ, ხოლო როდესაც - ბუნებათაგან შედგენილ ჰიპოსტასს, ზოგჯერ, ორთაგანვე გამომდინარე, ვუწოდებთ მას ქრისტეს ან კიდევ ღმერთსა და კაცს ერთობლივად ანდა ხორცშესხმულ ღმერთს, ზოგჯერ კი, ერთერთი ნაწილისგან გამომდინარე - მხოლოდ ღმერთს და ღვთის ძეს ანდა მხოლოდ ადამიანს და ადამიანის ძეს, ანუ ზოგჯერ - მხოლოდ მაღალთაგან, ზოგჯერ კი - მხოლოდ მდაბალთაგან, რადგან ერთია ის, ვინც თანაბრად ჰგიეს ისიც და ესეც, არის რა პირველი მათგანი მარადის უმიზეზოდ, მამისგან, ხოლო გახდა რა მეორე მათგანი შემდეგ, კაცთმოყვარეობის გამო.

ამიტომ, ვამბობთ რა ღმრთეებას, არ ვაკუთვნებთ მას ადამიანობის თვისებებს (რადგან არ ვიტყვით ღმრთეებას ვნებულად ან ქმნილად). ასევე, არც ხორცს ანუ ადამიანობას განვუჩინებთ ღმრთეების თვისებებს (რადგან არ ვიტყვით ხორცს ანუ ადამიანობას შეუქმნელად). რაც შეეხება ჰიპოსტასს, თუნდაც რომ ორივესგან ერთად, ან თუნდაც ერთი ნაწილისგან სახელვდებდეთ მას, ორივე ბუნების თვისებებს განვუკუთვნებთ, რადგან ქრისტე, რომელიც ორივე მათგანია, ღმერთადაც ითქმის და ადამიანადაც, ქმნილადაც და უქმნელადაც, ვნებულადაც და უვნებლადაც. და როდესაც ერთი ნაწილისგან გამომდინარე იწოდება იგი ღვთის ძედ და ღმერთად, იღებს იგი თანაგვამოვანი1 ბუნების ანუ ხორცის თვისებებსაც ამიტომ ეწოდება მას „ღმერთი ვნებული„ და „უფალი დიდებისა ჯვარცმული“, თუმცა არა - როგორც ღმერთს, არამედ - მასვე როგორც ადამიანსაც. ასევე როცა ეწოდება მას „ადამიანი“ და „ადამიანის ძე“. იღებს იგი ღმრთეების არსების თვისებებსა და ღირსებებს, არის რა „წინასაუკუნო ყრმა“ და „დაუსაბამო ადამიანი“, თუმცა არა როგორც ყრმა და ადამიანი, არამედ როგორც წინასაუკუნო ღმერთად მყოფი, რომელიც უკანასკნელ [ჟამს] ყრმა გახდა.

აი, ეს არის ნაცვალბოძების წესი, როდესაც თითოეული ბუნება მეორეს სანაცვლოდ აძლევს საკუთარს, ჰიპოსტასის იგივეობის და მათი ურთიერთდამტევნებლობის გამო. ამის მიხედვით ძალგვიძს ქრისტეს შესახებ თქმა: „ეს ჩვენი ღმერთი მიწაზე გამოჩნდა“ (ბარუქ. 3,36;38). და აგრეთვე: ეს კაცი შეუქმნელია, უვნებოა და გარეშეუწერელია.

 

1. შდრ. τυν-υφεστηκυίαας, 997 D (ლათ. conjunctae ac una subsistentis, 999 A); შდრ. ეფრემი: „შეერთებულია“ (83v1); არსენი: „ერთგუამქმნილისაცა“ (78v1). იგულისხმება, რომ კაცობრივი ბუნება თანაგვამოვანია, თანაჰიპოსტასურია ღმრთეებასთან, ანუ ღმრთეებას და ადამიანობას ერთი ჰიპოსტასი აქვს (ტერმინთქმნადობის ასპექტით შევადაროთ: მამა, ძე და სულიწმინდა თანაარსია ურთიერთისა, ანუ მათ ერთი არსება აქვთ).

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი