ბუნებათა რიცხვის შესახებ
ღმრთეებასთან დაკავშირებით ვაღიარებთ ერთ ბუნებას, მაგრამ ვამბობთ ჭეშმარიტად არსებულ სამ ჰიპოსტასს. ასევე, ვამბობთ, რომ მარტივია ყოველივე ბუნებითი და არსობრივი, ხოლო ჰიპოსტასთა სხვაობას მხოლოდ სამი თვისების, კერძოდ, უმიზეზობისა და მამობის, მიზეზოვნებისა და ძეობის, და მიზეზოვნებისა და გამომავლობის მიხედვით შევიცნობთ, ვუწყით კი, რომ ისინი განუყრელნი და განუშორებელნი არიან ურთიერთისგან და - შეერთებულნი, და - ურთიერთში შეურევლად დატევნილნი და არიან შეერთებულნი შეურევლად (რადგან სამნი არიან, თუმცა კი - შეერთებულნი), ხოლო განყოფილნი განუშორებლად, რადგან თუმცა თითოეული მათგანი თავისთავად შეგვამებულია ანუ სრული გვამოვნებაა და ფლობს საკუთარ თვისებას ანუ მყოფობის განსხვავებულ გვარს, მაგრამ ისინი შეერთებული არიან არსებითა და ბუნებისეული თვისებებით, აგრეთვე, მამისეული პიპოსტასისგან განუშორებლობითა და განუყრელობით, და ერთი ღმერთი არიან და ითქმიან კიდეც.
ამავე სახით, წმინდა სამებისგან ერთის, ღვთის სიტყვისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღვთო, გამოუთქმელ და ყველა გონებასა და წვდომაზე აღმატებულ განგებულებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ვაღიარებთ ორ ბუნებას, საღვთოს და ადამიანურს, ურთიერთ შემოკრებილთ და ჰიპოსტასურად შეერთებულთ, მეორე მხრივ კი - ორი ბუნებისგან განსრულებულ ერთ შედგენილ ჰიპოსტასს. ამასთან, ვამბობთ, რომ ორი ბუნება დაცულია შეერთების შემდეგაც ერთ შედგენილ ჰიპოსტასში ანუ ერთ ქრისტეში და რომ ჭეშმარიტად არსებობენ ისინი და მათი ბუნებითი თვისებები, - შეურევლად შეერთებულნი და განუყოფლად განსხვავებულნი და აღრიცხვადნი.
ისევე, როგორც წმინდა სამების სამი ჰიპოსტასი შეურევლად შეერთებულია და განუშორებლად განყოფილია და აღრიცხულია, ხოლო ეს რიცხვი არ იწვევს მათში განყოფას, განშორებას, გაუცხოებასა თუ განკვვთას (რადგან ერთ ღმერთად შევიცნობთ მამას, ძეს და სულიწმინდას), ამგვარადვე ქრისტეს ბუნებანიც თუმცა შეერთებულია, მაგრამ შეურევლად შეერთებული, და თუმცა ურთიერთში დამტევნელობენ ისინი, ურთიერთისადმი ცვალებადობასა და გარდაქმნას არ უშვებენ, რადგან თითოეული ბუნება უცვლელად იცავს თავის ბუნებისეულ თვისებას. ამიტომაც აღირიცხებიან ისინი და ამ რიცხვს არ შემოაქვს განყოფა, რადგან ერთია ქრისტე, სრული ღმრთეებაში და ადამიანობაში. მართლაც, არ სჩვევია რიცხვს, რომ მიზეზი იყოს განყოფისა ან შეერთებისა, არამედ იგი აღნიშნავს აღრიცხულთა რაოდენობას, როგორც შეერთებულთა, ასევე განყოფილთა. შეერთებულთა, ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც, ვთქვათ, კედელს ორმოცდაათი ქვა აქვს, განყოფილთა კი მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ამ მდელოზე ორმოცდაათი ქვა დევს, ანდა - შეერთებულთა მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ორი ბუნებაა ნაკვერცხალში (ვამბობ, ცეცხლისას და შეშისას), განყოფილთა კი იმ მხრივ, რომ ერთია ბუნება ცეცხლისა და მეორე შეშისა, არის რა სხვა რამ წესი (და არა რიცხვი) მათი მაერთებელიც და გამყოფიც.
ამიტომ, ისევე, როგორც შეუძლებელია, რომ ღმრთეების სამი პიპოსტასი, თუმცა კი ურთიერთშეერთებული, ერთ ჰიპოსტასად ითქვას (რომ ამით არ მოხდეს ჰიპოსტასთა განსხვავების შერევა და გაქრობა), ამგვარადვე შეუძლებელია, რომ ქრისტეს ორი ბუნება, ჰიპოსტასურად შეერთებული, ერთ ბუნებად ვთქვათ, რომ არ მოვახდინოთ მათი განსხვავების გაქრობა, შერევა და გაარაფრება.
წინა თავი |