წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეთერთმეტე

ღმერთი-სიტყვის ერთი შედგენილი ჰიპოსტასის შესახებ

ვამბობთ, რომ ღმერთი-სიტყვის პიპოსტასი უჟამოდ და მარადიულად წინაარსებობდა როგორც მარტივი, შეუდგენელი, შეუქმნელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშეუწერელი, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას, როგორც მისი თანაარსი, განყოფილი მამისეული ჰიპოსტასისგან შობის გვარით და მოთვისეობით, სისრულის მქონე და არაწამს განშორებული მამისეული ჰიპოსტასისგან.

მაგრამ უკანასკნელ დღეებში ეს სიტყვა, მამისეულ წიაღთაგან განდგომის გარეშე, გარეშეუწერლად, უთესლოდ და მიუწვდომლად დამკვიდრდა წმინდა ქალწულის მუცელში (ისე, როგორც თვით იცის) და თავისსავე წინასაუკუნო ჰიპოსტასში თავის თავს შეუგვამოვნა ხორცი წმინდა ქალწულისაგან.

დიახ, ყოველივეში და ყოვლის უზემოეს იყო იგი, ვინც იმყოფებოდა წმინდა ღვთისმშობლის მუცელშიც, თუმცა მასში - განსხეულების მოქმედებით. ამიტომ, რაჟამს განსხეულდა, ითვისა მისგან ჩვენეული ცომის სათავე, - აზრისმიერი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი.

ამრიგად, თვით ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასი წარმოჩნდა ხორცის ჰიპოსტასად და ჰიპოსტასი სიტყვისა, თავდაპირველად მარტივად მყოფი, შედგენილი ხდება, ხოლო შედგენილი - ორი სრული ბუნებისგან, ღმრთეებისა და ადამიანობისგან, ატარებს რა, ერთი მხრივ, ღმერთი-სიტყვის საღვთო ძეობის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებას, რის მიხედვითაც განირჩევა იგი მამისა და სულისგან, მეორე მხრივ კი - ხორცის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებებს, რომელთა მიხედვითაც სხვაობს იგი დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან. თან, მატარებელია იგი, ერთი მხრივ, საღვთო ბუნების თვისებებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია მამასთან და წმინდა სულთან, მეორე მხრივ კი - ადამიანური ბუნების ნიშნეულობებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია დედასთან და ჩვენთან. მაგრამ, ამასთან, განსხვავებულიცაა, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და ჩვენგან იმის მიხედვით, რომ ერთობლივად ღმერთად და ადამიანად ჰგიეს იგი, რადგან ეს ვიცით ქრისტეს ჰიპოსტასის უსაკუთრივეს თვისებად.

ამდენად, ვაღიარებთ მას, ერთ ძეს ღვთისას განკაცების შემდეგაც, და მასვე ძეს ადამიანისას, ერთ ქრისტეს, ერთ უფალს, მხოლოს, მხოლოდშობილ ძეს და სიტყვას ღვთისას, იესოს, ჩვენს უფალს.

ვეთაყვანებით მის ორ შობას, ერთს - მამისგან, წინასაუკუნოს, მიზეზზე, აზრზე, ჟამზე და ბუნებაზე უზემოესს, და ერთს კი - უკანასკნელ [ჟამს] ჩვენს გამო, ჩვენებრ და ჩვენზე აღმატებულად „ჩვენს გამო“ იმიტომ, რომ ჩვენი ხსნის გამო, „ჩვენებრ“ იმიტომ, რომ გახდა ადამიანი ქალისგან და ორსულობის ჟამისგან, „ჩვენზე აღმატებულად“ კი იმიტომ, რომ არა თესლისგან, არამედ - წმინდა სულისგან და წმინდა ქალწულისგან, ორსულობის რჯულზე აღმატებულად.

არა მარტოდენ ღმერთად ვქადაგებთ მას, ჩვენეული ადამიანობისგან გაშიშვლებულად, არცთუ - მხოლოდ ადამიანად, ღმრთეებისგან ლიტონქმნილად, არა - სხვას და სხვას, არამედ ერთსა და იმავეს - ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, სრულ ღმერთს და სრულ ადამიანს, მთლიან ღმერთს და მთლიან ადამიანს, მასვე მთლიან ღმერთს თავისივე ხორცითურთ და მთლიან ადამიანს თავისივე ზეღმერთი ღმრთეებითურთ. როდესაც ვამბობთ „სრულ ღმერთს და სრულ ადამიანს“, მის ბუნებათა სავსეობასა და უნაკლელობას ცხადვყოფთ, ხოლო, როდესაც ვამბობთ „მთლიან ღმერთს და მთლიან ადამიანს“, ჰიპოსტასის მხოლოობასა და განუკვეთელობას წარმოვაჩენთ.

ვაღიარებთ, აგრეთვე „ღმერთი-სიტყვის ერთ ბუნებას, ხორცშესხმულს“, აღვნიშნავთ რა სიტყვით „ხორცშესხმული“ ხორცის არსებას, თანახმად ნეტარი კირილესი.

ამრიგად, ხორცქმნილი გახდა სიტყვა და არ განმდგარა იგი საკუთარი უნივთოებისგან; ხორცქმნილი გახდა იგი, მთლიანი და მთლიანივე არის გარეშეუწერელი. სხეულებრივად მცირდება და ვიწროვდება იგი, ღვთაებრივად კი გარეშეუწერელია, არ განივრცობა რა მისი ხორცი მისი ღმრთეების გარეშეუწერლობასთან ერთად.

ამრიგად, იგი მთლიანი არის სრული ღმერთი, მაგრამ არა მთლიანად ღმერთი (რადგან მხოლოდ ღმერთი როდია, არამედ - ადამიანიც), და მთლიანი არის სრული ადამიანი, მაგრამ არა მთლიანად ადამიანი (რადგან მხოლოდ ადამიანი როდია, არამედ ღმერთიც). სიტყვა „მთლიანად“ ბუნების წარმომაჩენელია, „მთლიანი“ კი - ჰიპოსტასისა, ისევე როგორც „სხვაგვარად“ - ბუნებისა, „სხვაგვარი“ კი - ჰიპოსტასისა.

მაგრამ საცოდნელია, რომ თუმცა უფლის ბუნებათა ურთიერთშორის დამტევნელობას ვამბობთ, ვუწყით, რომ საღვთო ბუნებისგან მოხდა დატევნა, რადგან იგი მსჭვალავს და დაიტევს ყოველივეს, როგორც იზრახავს, მას კი - ვერარა. სწორედ ის იყო ხორცისათვის საკუთარ ღირსებათა წილმბოძებელი, რჩებოდა რა თვით ვნებულების გარეშე და ხორცის ვნებულებათაგან უნაწილო რადგან თუკი მზე, ჩვენთვის საკუთარ მოქმედებათა წილმბოძებელი, ჩვენეულთაგან უნაწილო რჩება, რამდენად უფრო - მზის შემოქმედი და უფალი?

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი