მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ: ერთიან ოდენობას განეკუთვნება უფლის ბუნებანი, თუ გამიჯნულს?
მაგრამ თუ ვინმე გვკითხავს უფლის ბუნებათა შესახებ: ერთიან ოდენობას მიეკუთვნება ისინი, თუ გამიჯნულს, ვეტყვით, რომ უფლის ბუნებანი არც ერთი სხეულია, არც ერთი გამოსახულება, არც ერთი მოხაზულობა, არც ჟამი და არც ადგილი, რომ ამით ერთიან ოდენობას განვუკუთვნოთ, რადგან ესენია, რაც ერთიანად აღირიცხება.
ამასთან საცოდნელია, რომ რაოდენობა განსხვავებულთათვის არის და შეუძლებელია არაფრით განსხვავებულთა აღრიცხვა, აღირიცხებიან კი იმის მიხედვით, რითაც სხვაობენ. ასე მაგალითად, პეტრე და პავლე არ აღირიცხება იმის მიხედვით, რითაც შეერთებულნი არიან, რადგან არსების ნიშნით შეერთებულნი ორ ბუნებად არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ჰიპოსტასის მიხედვით განსხვავებულნი ორ ჰიპოსტასად ითქმიან. ასე რომ, რაოდენობა განსხვავებულთათვის არის და რა სახითაც სხვაობენ განსხვავებულნი, იმ სახით აღირიცხებიან კიდეც.
ქრისტეს ბუნებანი შეურევლად შეერთებულნი არიან ჰიპოსტასის მიხედვით, მაგრამ განუყოფლად განყოფილნი - განსხვავების ნიშნით და გვარით. რა სახითაც შეერთებული არიან ისინი, არ აღირიცხებიან, რადგან არ ვამბობთ, რომ ქრისტეს ბუნებანი პიპოსტასის მიხედვით არის ორი. მეორე მხრივ, რა სახითაც განუყოფლად განიყოფვიან ისინი, [იმ სახით] აღირიცხებიან, რადგან ორია ქრისტეს ბუნება განსხვავების ნიშნით და გვარით, რამეთუ ჰიპოსტასურად შეერთებულნი და ურთიერთში დამტევნელნი შეურევლად შეიერთებიან, იცავს რა თითოეული თავის ბუნებისეულ განსხვავებას. ამიტომ ისინი, მხოლოდღა განსხვავების გვარით აღრიცხულნი, გამიჯნულ ოდენობას განეკუთვნებიან.
ამიტომ, ერთია ქრისტე, სრული ღმერთი და სრული ადამიანი, რომელსაც თაყვანს ვცემთ მამასთან და სულთან ერთად ერთი თაყვანისცემით, მისი უხრწნელი სხეულითურთ, არ ვამბობთ რა, რომ თაყვანსაცემი არ არის მისი ხორცი, რადგან თაყვანიცემება იგი სიტყვის ერთ ჰიპოსტასში, რაც მისივე ჰიპოსტასი გახდა. არ ვმსახურებთ ქმნილებას, რადგან არა როგორც ლიტონ ხორცს, თაყვანს ვცემთ მას, არამედ - როგორც ღმრთეებასთან შეერთებულს და როგორც ღმერთი-სიტყვის ერთ პირამდე და ერთ ჰიპოსტასამდე ასულ მის ორ ბუნებას.
მეშინია შევეხო ნაკვერცხალს ხესთან შეერთებული ცეცხლის გამო. თაყვანს ვცემ ქრისტეს ორსავე [ბუნებას] ერთად, ხორცთან შეერთებული ღმრთეების გამო, რადგან არათუ მეოთხე პირს ჩავრთავ სამებაში (ნუ მოხდება ეს!), არამედ ვაღიარებ ღმერთი-სიტყვის და მისი ხორცის ერთ პირს, რამეთუ სამება დარჩა სამებად სიტყვის ხორცშესხმის შემდეგაც.
წინა თავი |