წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეთოთხმეტე

„სამწიდაობის“ შესახებ

აქედან, „სამწმინდაობის“ იმ შენამატსაც, რაც ამაოდმბრძნობმა პეტრე მკაწვრელმა მოიმოქმედა, გმობად შევრაცხავთ, როგორც მეოთხე პირის შემომტანს და როგორც ცალკე განმაწესებელს ღვთის ძისა, მამის ჰიპოსტასური ძალისა, ცალკე კი ჯვარცმულისა (ისე, თითქოს სხვა იყოს იგი და არა ის, „ძლიერი“ 1), ან კიდევ, როგორც მადიდებელს წმინდა სამებისა, ვით ჯვარცმულისა და, აგრეთვე - მამისა და სულიწმინდისა, ვით ძესთან თანაჯვარცმულებისა. შორს ჩვენგან ამგვარად მკრეხელური და ცრუ ნაყბედობა, რადგან [სიტყვები] „წმინდაო ღმერთო“ მამისადმი მიგვიღია (თუმცა არა მხოლოდ მას განვუჩენთ ღმრთეების სახელს, არამედ ძეცა და სულიწმინდაც ღმერთად ვიცით), „წმინდაო ძლიერო“ ძისადმი გვიკუთვნებია (თუმცა ძლიერებისგან როდი განვძარცვავთ მამას და სულიწმინდას), „წმინდაო უკვდავო“ კი წმინდა სულისადმი განგვიწესებია (თუმცა უკვდავებისგან როდი ვაშორებთ მამას და ძეს). ყველა ღმერთსახელს მარტივად და ხსნილად შემოვიღებთ ყველა ჰიპოსტასისადმი, ვბაძავთ რა საღვთო მოციქულს, რომელიც ამბობს. „ხოლო ჩვენთვის ერთია ღმერთი მამა, რომლისგანაც არის ყოველივე, და ჩვენ - მისგან, და ერთია უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერაც არის ყოველივე, და ჩვენ - მის მიერ, და ერთია სულიწმინდა, რომელშიც არის ყოველივე, და ჩვენ - მასში“ (1კორ. 8,6). არა მხოლოდ იგი, არამედ გრიგოლ ღვთისმეტყველიც ამგვარად ამბობს სადღაც: „ხოლო ჩვენთვის ერთია ღმერთი მამა, რომლისგანაც არის ყოველივე, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერაც არის ყოველივე და ერთი სულიწმინდა, რომელშიც არის ყოველივე. სიტყვები: „რომლისგანაც“, „რომლის მიერაც“ და „რომელშიც“ არათუ ბუნებას გაკვეთს (რადგან მაშინ აღარ შეიცვლებოდა ეს წინდებულები ანდა სახელთა განწესებანი), არამედ გამოხატავს ერთი და შეურეველი ბუნების თვისებებს. ამას ის ცხადყოფს, რომ [აღნიშნული სიტყვები] შეიკრიბება, აგრეთვე, ერთად, თუ რა თქმა უნდა ზერელედ არ იქნება წაკითხული ის, რაც მოციქულთანაა. კერძოდ: „მისგან და მის მიერ და მისდამი არის ყოველივე. დიდება მას უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 11,36)2.

ის, რომ „სამწმინდაობა“ თქმულია არა მხოლოდ ძისადმი, არამედ წმინდა სამებისადმი და რომ, ერთი მხრივ, სამჯერადი სიწმინდის მიერ ზეარსი ღმრთეების სამ ჰიპოსტასს ქვემჩენეობენ წმინდა სერაფიმები, მეორე მხრივ კი, ერთი უფლების მიერ ღმერთმოთავეობითი სამების ერთ არსებასა და მეუფებას ნიშნეულყოფენ ისინი, ამის მოწამენია: საღვთო და სამღვდელო ათანასე, ბასილი და გრიგოლი, აგრეთვე, ღმერთშემოსილ მამათა მთელი მწყობრი. დიახ, გრიგოლ ღვთისმეტყველმა თქვა: „ამრიგად, ასეთია წმიდათა წმიდანი, რომლებიც სერაფიმთაგანაც იფარებიან, და იდიდებიან სამი სიწმინდით, ერთიანდებიან რა ერთ უფლებაში და ღმრთეებაში, რაც ჩვენს უწინარეს სხვა ვინმემაც საუკეთესოდ და უაღმატებულესად იფილოსოფოსა“ 3.

საეკლესიო ისტორიის შემდგენლები ამბობენ:

კონსტანტინოპოლში, ერის ლიტანიობისას, ღვთივმოვლენილი რამ ზავთის გამო (რაც მოხდა პროკლეს მთავარეპისკოპოსობის დროს), ზეატაცებულ იქნა ხალხისგან ბავშვი და ასე გაენდო მას ანგელოზური რამ მოძღვრების მიერ სამწმინდა საგალობელი: „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ“. კვლავ დაბრუნებულ იქნა რა ბავშვი, გააცხადა მან ნამესაიდუმლები და მთელმა სიმრავლემ იგალობა ეს საგალობელი, რითაც დაცხრა ზავთი.

კიდევ, გადმოგვცემენ, რომ წმინდა და დიდ მეოთხე მსოფლიო კრებაზეც (ვამბობ ქალკედონისას) ამგვარადვე იყო ნაგალობები ეს სამწმინდა გალობა, რადგან ასეა შეტანილი იგი ამ წმინდა კრების „საქმეებში“.

ამიტომ, ნამდვილად სასაცილოა და სასეირო, რომ ანგელოზთა მიერ ნამესაიდუმლები და უბედურების დაცხრომით სარწმუნოქმნილი, შემდეგ კი ამდენი წმინდა მამის კრებით დამტკიცებული და გამყარებული, ამასთან პირველად სერაფიმთა მიერ ნაგალობები ეს სამწმინდა სადიდებელი, როგორც ცხადმყოფელი სამგვამოვანი ღმრთეებისა, თითქოსდა დაიწიხლოს მკაწვრელის4 პირუტყვული მედიდურობით და ვითომცდა შესწორდეს მისგან, როგორც სერაფიმებზე აღმატებულისგან (მაგრამ - ჰოი კადნიერებავ, რომ არ ვთქვა - უგუნურებავ). ჩვენ კი ასე ვიტყვით, თუნდაც განიპონ ეშმაკები: „წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ“.

 

1. იგულისხმება სამწმინდაობის ლოცვის სიტყვები „წმინდაო ძლიერო“.

2. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 39-ე სიტყვა, PG. 36,348 A-B.

3. 38-ე სიტყვა, PG. 36,320 B-C.

4. იგულისხმება პეტრე ფულონი ანუ „მკაწვრელი“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი