იმის შესახებ, რომ განღმრთობილია უფლის ხორცის ბუნება და ნება
გვმართებს ვიცოდეთ, რომ არა ბუნების ცვალებადობის, გარდაქმნის, შეცვლისა თუ შერევის მიხედვით ითქმის უფლის ხორცის განღმრთობილობა, მისი თაnაღმერთად და ღმერთად გახდომა, როგორც ამბობს ღვთისმეტყველი გრიგოლი: რომელთაგანაც ერთმა განაღმრთო, მეორე კი განიღმრთო“ (38-ე სიტყვა), აგრეთვე: „გავბედავ თქმას, რომ თანაღმერთია“ (45-ე სიტყვა), აგრეთვე: „მცხებელი ადამიანი გახდა, ცხებული კი - ღმერთი“ (30-ე სიტყვა), რადგან ეს მოხდა არა ბუნების ცვალებადობის მიხედვით, არამედ შესაბამისად განგებულებითი შეერთებისა (ვამბობ ჰიპოსტასურს, რომლის მიხედვითაც ხორცი განუყრელად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას) და - შესაბამისად ბუნებათა ურთიერთში დამტევნელობისა (როგორც ვამბობთ, აგრეთვე, რკინის გავარვარებას), რადგან ისევე როგორც ცვალებადობისა და გარდაქმნის გარეშე ვაღიარებთ განკაცებას, ამგვარადვე ვადიდებთ ხორცის განღმრთობასაც. მართლაც, არც სიტყვა განდგომია საკუთარი ღმრთეების საზღვრებსა და ღმრთეებისათვის ნიშანდობლივ ღვთისმშვენ ღირსებებს იმის გამო, რომ ხორცი გახდა, და არც განღმრთობილი ხორცი გარდაქმნილა საკუთარი ბუნებისგან და მისეული ბუნებითი თვისებებისგან, რადგან შეერთების შემდეგაც შეურეველი დარჩნენ ბუნებანი და უვნებელი - მათი თვისებები. მაგრამ უფლის ხორცი გამდიდრდა საღვთო მოქმედებებით სიტყვასთან მისი უანკარესი1 ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, არანაირად არ განუცდია რა მას დაცილება იმათგან, რაც ბუნებითად თვისობრივია მისთვის, რადგან არათუ საკუთარი მოქმედების მიხედვით, არამედ მასთან შეერთებული სიტყვის მიზეზით იყო იგი საღვთოთა მოქმედი, რამეთუ მისი მეშვეობით ავლენდა სიტყვა საკუთარ მოქმედებას. ასევე, გავარვარებული რკინაც თუმცა წვავს, მაგრამ არათუ ბუნებისეული ნიშნით ფლობს იგი დამწველობით მოქმედებას, არამედ ცეცხლთან შეერთების შედეგად იძენს მას.
ამრიგად, თვით ხორცი თავისთავად მოკვდავიც იყო და, ამავე დროს, ცხოველმყოფელიც სიტყვასთან მისი ჰიპოსტასური ერთობის გამო. მსგავსადვე, ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად.
ამასთან საცოდნელია, რომ ბუნებისა და ნების განღმრთობა ასაჩინოებს და ცხადყოფს ორ ბუნებას და ორ ნებას, რადგან ისევე როგორც გავარვარება არ ცვლის გავარვარებულის ბუნებას ცეცხლის ბუნებად, არამედ ავლენს როგორც გავარვარებულს, ასევე გამავარვარებელს და, შესაბამისადა გვიცხადებს არა ერთ, არამედ ორ ბუნვბას, ამგვარადვე განღმრთობაც შედეგად გვაძლევს არა ერთ შედგენილ ბუნებას, არამედ - ორს და [მათ] ჰიპოსტასურ ერთობას. მართლაც, გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „რომელთაგანაც ერრმა განაღმრთო, მეორე კი განიღმრთო“, რადგან თქვა რა სიტყვები: „რომელთაგანაც“, „ერთმა“, „მეორე“, ორი ცხადყო მან ამით.
1. ბერძ. άκριφεστάτη (ნიშნავს: სრულიად შეურეველი, უსუფთავესი, უგანწმენდილესი)
წინა თავი |