მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ: თუ ადამიანი ორი ბუნებისაა და ორი მოქმედებისა, აუცილებელია, რომ ქრისტესთან დაკავშირებით სამი ბუნება და ამდემივე მოქმედება ითქვას
ყოველი ადამიანი ორი ბუნებისგან არის შემდგარი, - სულისა და სხეულისგან, - და იგი უცვლელად ფლობს მათ თავის თავში, რის გამოც მართებულად ითქმის ორ ბუნებად, ინარჩუნებს რა შეერთების შემდეგაც ორივე მათგანის ბუნებისეულ თვისობრიობას. მართლაც, არც სხეულია უკვდავი (არამედ ხრწნადია იგი) და არც სულია მოკვდავი (არამედ უკვდავია იგი); კიდევ, არც სხეულია უხილავი, და არც სულია ხორციელი თვალებით დასანახი, არამედ ეს უკანასკნელი მოაზროვნეობითია, გონისმიერია და უსხეულო, პირველი მათგანი კი - განხშოებული1, ხილვადი და არამოაზროვნეობითი; ხოლო რადგან არსობრივად განყოფილნი ერთი ბუნებისანი არ არიან, ცხადია, რომ სული და სხეული არ არის ერთი არსებისა.
და კიდევ: თუ ადამიანი ესაა - მოაზროვნეობითი, მოკვდავი ცხოველი და თუ ყოველი განსაზღვრება ცხადმყოფელია მოცემული ბუნებისა, ხოლო ბუნებისეული ნიშნით მოაზროვნეობითი არ უიგივდება მოკვდავს, ცხადია, რომ ადამიანი, საკუთარი თავის განსაზღვრების კანონით, არ უნდა იყოს ერთი ბუნებისა.
მაგრამ თუ ზოგჯერ ადამიანი ერთი ბუნებისად ითქმის, ეს იმიტომ, რომ „სახეობის“ ნაცვლად მოიხმობა ტერმინი „ბუნება“, ვამბობთ რა, რომ არ განეყოფა ადამიანი ადამიანს ბუნებისეული რამ განსხვავების მიხედვით, არამედ ყველა ადამიანს ერთნაირი შემყარება აქვს, შედგენილია რა სულისა და სხეულისგან და სრულყოფს რა თითოეული მათგანი ორ ბუნებას, რის გამოც ყველანი ერთ განსაზღვრებაში ექცევიან. ამგვარი რამ უმართებულო არ არის, რადგან წმინდა ათანასემ ერთი ბუნება თქვა აგრეთვე ყველა ქმნილებისა როგორც შექმნილისა. ასე ამბობს იგი სულიწმინდის მგმობელთა საწინააღმდეგო სიტყვაში: „ის, რომ სულიწმინდა შესაქმეზე უზემოესია, რომ განსხვავებულია იგი ქმნილებათა ბუნებისგან და რომ ღმრთეებისეულია იგი, ამის კვლავ თანაგანხილვაა საჭირო“, „რადგან ყოველივე ის, რაც საერთო ჩანს მრავალში (არა ისე, რომ ზოგში მეტად იყოს, ზოგში კი - ნაკლებად), არსებად იწოდება“. ამიტომ, რადგან ყველა ადამიანი სულისა და სხეულისგან არის შედგენილი, ამის გამო ითქმის ადამიანთა ერთი ბუნება. მაგრამ უფლის ჰიპოსტასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია ერთი ბუნების თქმა, რადგან, ერთი მხრივ, შეერთების შემდეგაც იცავს თითოეული ბუნება ბუნებისეულ თვისობრიობას და, მეორე მხრივ, არც ქრისტეთა სახეობის პოვნაა შესაძლებელი. მართლაც, არ ყოფილა სხვა ქრისტე - ღმრთეებისგან და ადამიანობისგან, ერთი და იგივე - ღმერთიც და ადამიანიც.
და კიდევ: არ არის ერთიდაიგივე სახეობითი ერთიანობა ადამიანისა და არსობრივი ერთიანობა სულისა და სხეულისა. მართლაც, სახეობითი ერთიანობა ადამიანისა იმას ავლენს, რაც ყველა ადამიანში უცვლელია, ხოლო არსობრივი ერთიანობა სულისა და სხეულისა თვით მათ არსებობას წარხოცავს, მიჰყავს რა ისინი სრულ უმყოფობამდე, რადგან ან ის ხდება, რომ ერთი მათგანი მეორის არსებად გარდაიქმნება, ან ის, რომ სხვათაგან სხვა შეიქმნება და ორივე მათგანი განადგურდება, ანდა ის, რომ საკუთარ საზღვრებში დარჩება და იარსებებს ორივე ბუნება, ეს კი იმიტომ, რომ არსობრივი ნიშნით სხეული არ არის იგივეობრივი უსხეულოსი.
ამგვარად, როდესაც ადამიანთან დაკავშირებით ერთ ბუნებას ვამბობთ (თუმცა ამას ვამბობთ არა სულისა და სხეულის რაგვარობის არსობრივი იგივეობის გამო, არამედ იმის მიხედვით, რაც უცვლელია [ერთი] სახეობის ქვეშ მოქცეულ ინდივიდთა შორის), არ არის აუცილებელი, რომ ქრისტესთან დაკავშირებითაც ერთი ბუნება ვთქვათ, რადგან არ არსებობს აქ მრავალი ჰიპოსტასის გარემომცველი სახეობა.
მეტიც, ითქმის, რომ ყველა შედგენილობა მჭიდროდ შენადგენთაგან არის შედგენილი, რადგან არ ვამბობთ, რომ სახლი შედგება მიწისა და წყლისგან (არამედ - აგურისა და ძელებისგან), რადგან მაშინ აუცილებელი იქნებოდა რომ ადამიანიც ხუთი ბუნებისგან შედგენილად გვეთქვა, კერძოდ - ოთხი სტიქიონისგან და სულისგან. ამიტომ, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებითაც ვჭვრეტთ არა ნაწილთა ნაწილებს, არამედ - მჭიდროდ შენადგენთ: ღმრთეებასა და ადამიანობას.
ამასთან, თუ ადამიანს ორი ბუნებისად ვიტყოდით და ამით იძულებული ვიქნებოდით სამი ბუნება გვეთქვა ქრისტესთან დაკავშირებით (ამიტომ თქვენც, ამბობთ რა ადამიანს ორი ბუნებისგან, სამი ბუნებისგან რჯულმდებლობთ ქრისტეს), ასევე უნდა გვეთქვა მოქმედებათა შესახებაც (რადგან აუცილებელია, რომ ბუნების შესაბამისად იყოს მოქმვდებაც), თუმცა ის, რომ ორი ბუნებისად ითქმის და არის ადამიანი, ამის მოწამეა ღვთისმეტყველი გრიგოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ორი ბუნებაა ღმერთი და ადამიანი, ისევე როგორც სული და ხორცი“ (ეპ. 101); ნათლისღების შესახებ სიტყვაშიც ამგვარად ამბობს იგი: „ორმაგნი ვართ ჩვენ, სულისა და სხეულისგან, როგორც უხილავი ბუნებისა, ასევე ხილულისა. ორმაგია განწმენდაც: წყლისა და სულის მიერ“ (მე-40 სიტყვა).
1. ბერძ. παχύ, ლათ. crassum (შდრ. არსენი: „ზრქელი“, 85v1).
წინა თავი |