წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეოთხე

ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებების შესახებ

ამასთან, ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულება, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა, რამეთუ ეს უკანასკნელი არის არა ბუნებისეული, არა შემოქმედისგან ჩვენში შთათესილი, არამედ ეშმაკისეული დამთესველობის შედეგად ჩვენს თვითუფლებრივ არჩევანში ნებაყოფლობით შემყარებული და არა ძალადობით ჩვენი დამპყრობი. ბუნებისეულია და უყვედრელი ის ვნებულებანი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა იმ სასჯელისგან გამომდინარე, გარდასვლას რომ მოჰყვა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისგან გარიდება, შიში, ურვა (რისგანაც არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში.

ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა. გამოიცადა და სძლია მან, რომ ჩვენთვის მძლეობა მოემუშაკებინა და რომ [ჩვენი] ბუნებისთვის მოწინააღმდეგის დასაძლევი ძალა მიეცა, რათა ბუნებას, ძველთაგან ძლეულს, სწორედ იმავე შეტევებით, რითაც დაძლეულ იქნა, დაეძლია ძველთაგან მისი მძლეველი.

ამგვარად, უკეთური გარედან ეკვეთა ქრისტეს (და არა აზრების მიერ), ისევე როგორც, აგრეთვე - ადამს, რადგან მასაც გველის მიერ (და არა აზრების მეშვეობით) ეკვეთა იგი, მაგრამ უფალმა უკუაგდო შემოტევა და კვამლივით განაქარვა იგი, რათა ის ვნებულებანი, მას რომ ეკვეთა და მისგან იძლია, ჩვენთვისაც ადვილად დასაძლევი გამხდარიყო და ამ გზით ახალ ადამს უკუეხსნა ძველი.

ამრიგად, ჩვენი ბუნებისეული ვნებულებანი ბუნებითად და ზებუნებრივად იყო ქრისტეში, რადგან ისინი ბუნებითად აღიძვროდნენ მასში, როდესაც ნებართვას აძლევდა იგი ხორცს განეცადა, რაც თვისობრივი იყო მისთვის; ზებუნებუნებრივად კი - იმიტომ, რომ უფალში ბუნებისეულნი ნებელობას არ უძღოდნენ წინ. მართლაც, არაფერი იძულებითი არ განიჭვრიტება მასთან დაკავშირებით, არამედ ნებაყოფლობითია ყოველივე, რადგან ინება რა, მოშივდა, ინება რა, მოსწყურდა, ინება რა, შეეშინდა, ინება რა, მოკვდა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი