წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეხუთე

უმეცრებისა და მონობის შესახებ

გვმართებს ვიცოდეთ, რომ უფალმა მიიღო უმეცრებითი და მონური ბუნება, რადგან ადამიანური ბუნება, ერთი მხრივ, მონაა მისი შემქმნელი ღვთისა და, მეორე მხრივ, არც სამომავლოთა ცოდნა აქვს მას. ამიტომ, თანახმად გრიგოლ ღვთისმეტყველისა, „თუ ხილულს გავმიჯნავთ გონებითისგან“ (30-ე სიტყვა), მონურად და უმეცრად ითქმის ხორცი, მაგრამ ჰიპოსტასისეული იგივეობისა და განურღვეველი ერთობის გამო გამდიდრდა უფლის სული სამომავლოთა ცოდნით, ისევე როგორც დანარჩენი ღვთივნიშნებით. მართლაც, ისევე როგორც ადამიანთა ხორცი საკუთარი ბუნების მიხედვით არ იყო ცხოველმყოფელი, მაგრამ უფლის სული, ჰიპოსტასურად შეერთებული თვით ღმერთ-სიტყვასთან, თუმცა არ განდგომია იგი ბუნებისეულ მოკვდავობას, ცხოველმყოფელი გახდა სიტყვასთან ჰიპოსტასური ერთობის გამო და არ ძალგვიძს თქმა, რომ არ იყო და არის იგი მარადის ცხოველმყოფელი, ამგვარადვე, ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას, მაგრამ უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობისა და ჰიპოსტასისეული იგივეობის გამო გამდიდრდა, როგორც ვთქვი, დანარჩენ ღვთივნიშნებთან ერთად სამომავლოთა ცოდნითაც.

ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ არც მისი მონად თქმა ძალგვიძს, რადგან მონობისა და მეუფეობის სახელი ნიშნეულობაა არა ბუნებისა, არამედ - მიმართებითობათა, როგორც, აგრეთვე - მამობისა და ძეობის სახელი, რამეთუ ესენი გვიცხადებს არა არსებას, არამედ მოთვისეობას. ამიტომ, როგორც უმეცრებასთან დაკავშირებით გვითქვამს, თუკი დაწვრილმანებული განჩხრეკით ანუ გონების ფაქიზი წარმოსახვებით განვყოფთ ქმნილს უქმნელისგან და თუ ხორცი არ იქნება შეერთებული ღმერთ-სიტყვასთან, მაშინ მონა იქნება იგი1; მაგრამ ერთგზის ჰიპოსტასურად შეერთებული როგორღა იქნება მონა?

მართლაც, ერთია რა ქრისტე, არ შეიძლება, რომ თავისი თავის მონა იყოს ის, ვინც უფლად ჰგიეს. ესენი2 ხომ მიმართებითნი არიან და არა მარტივად ნათქვამთაგანნი3. ამიტომ, ვისი მონა იქნება იგი? მამისა? მაგრამ თუ იგი მამის მონაა, თავისი თავისა კი - არანაირად, მაშ ყოველივე, რაც მამას აქვს, არ ყოფილა ძისა. ანდა, როგორღა ამბობს მოციქული ჩეენს შესახებ, რომლებიც ქრისტეს მიერ ვართ ძეობილნი, რომ: „აღარ ხართ მონა, არამედ ძე“ (გალატ. 4,7), თუ თვითვეა მონა?

ამრიგად, ზედწოდებითად ითქმის „მონა“ არა იმიტომ, რომ მონაა იგი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს გამო მონის ხატი მიიღო და ჩვენს შორის მონად იწოდა, რადგან ის, უვნებოდ მყოფი, ჩვენს გამო ვნებულებებს დაემონა და გახდა მსახური ჩვენი ხსნისა.

ამიტომ, ვინც მონად ამბობს ქრისტეს, იგი, ნესტორის მსგავსად, ორად ყოფს ერთ ქრისტეს, მაგრამ ჩვენ მეუფედ ვამბობთ მას და უფლად მთელი შესაქმისა, ერთ ქრისტედ, რომელიც ერთდროულად არის ღმერთიც და ადამიანიც, და რომელმაც უწყის ყოველივე, „რადგან მასშია სიბრძნისა და ცოდნის ყველა დაფარული საუნჯე“ (კოლას. 2,3).

 

1. იგულისხმება, რომ თუ აზრობრივად გავმიჯნავთ ხორცს ღმერთი-სიტყვისგან (თუმცა შეერთების შემდეგ მათი გამიჯვნა სინამდვილეში შეუძლებელია), მაშინ ცალკე აღებული ხორცი, ჩვენი ხორცისაებრ, მონაა და უმეცრების მქონე.

2. იგულისხმება ქრისტესადმი თქმული სიტყვები: მონა, უმეცარი.

3. ე.ი. არა თავისთავადი მნიშვნელობის მქონენი, არა პირდაპირი მნიშვნელობით მონობის და უმეცრების ცხადმყოფელნი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი