წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეშვიდე

შიშის შესახებ

„შიშის“ სახელს ორმაგი გააზრება აქვს, რადგან არსებობს ბუნებითი შიში, როდესაც არ ნებავს სულს სხეულისგან განყოფა, დასაბამიდანვე შთანერგილი აქვს რა მას შემოქმედის მიერ [სხეულისადმი] ბუნებითი თანალმობა და მთვისებლობა (ამიტომაც ბუნებითად არის, რომ ეშინია მას, შეურვებულია და გაურბის სიკვდილს). ამგვარი შიშის განსაზღვრება შემდეგია: ბუნებითი შიში. - ესაა არსის დამცავი განრიდებითი ძალა. მართლაც, თუ ყველაფერი არარსებობიდან შემოვიდა არსებობაში შემოქმედის მიერ, ბუნებითად აქვს ყველას არსებობის (და არა არარსებობის) სურვილი. შესაბამისად, მათთვის ბუნებითად არის თვისობრივი საარსებო [საშუალებათა] მიმართ აღძრულობა.

ამიტომ, როდესაც ღმერთი-სიტყვა კაცი გახდა, მასაც ჰქონდა ეს სურვილი, ავლენდა რა, ერთი მხრივ, ბუნებისათვის საარსებოთა მიმართ აღძრულობას (რადგან სურდა მას ჭამა, სმა, ძილი და ბუნებითად იღებდა კიდეც ამათ გამოცდილებას), ხოლო მეორე მხრივ - უკუმიქცევას განმხრწნელთაგან, როგორც ეს იყო ჯვარცმის ჟამს, როდესაც იგი ნებაყოფლობით განერიდებოდა სიკვდილს. ამასთან, თუმცა კი ბუნების რჯულით ხდებოდა მოვლენები, მაგრამ არა - ჩვენებრ იძულებითად, რადგან, ინება რა, ნებაყოფლობით ითვისა მან ბუნებისეულნი. ამიტომ, ეს შიშიც, ძრწოლაც და ურვაც ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულებანია და არა - ცოდვაზე დამოკიდებული.

არსებობს კიდევ შიში, რაც წარმოიქმნება აზრთა ღალატის, ურწმუნოებისა და სიკვდილის ჟამის არცოდნის შედეგად, როგორც, მაგალითად, გვაშინებს ღამით მომხდარი რამ ხმაური. ეს შიში ბუნების გარეგანია და, განვსაზღვრავთ რა მას, ვამბობთ: „ბუნების გარეგანი შიში არის გაუაზრებელი განრიდება“. ეს შიში უფალს არ მიუღია, ამიტომაც არასოდეს შეშინებია მას (თუ არა სიკვდილის ჟამს), თუმცა კი განგებულებითად მრავალგზის განურიდებია თავისი თავი, რადგან არ იყო უმეცარი ჟამისა.

მაგრამ ის, რომ ჭეშმარიტად შეეშინდა მას, ამას ამბობს სამღვდელო ათანასე აპოლინარის წინააღმდეგ სიტყვაში: „ამის გამო ამბობდა უფალი: „ახლა ჩემი სული შეძრწუნებულია“ (იოან. 12, 27). სიტყვა „ახლა“ ნიშნავს: „როდესაც ინება“, თუმცა კი უფალი იმას წარმოაჩენს, რაც ნამდვილია.

რადგან არაარსებულს როდი უწოდებდა იგი არსებულად, ისე თითქოს მოჩვენებითად ხდებოდა, რასაც ამბობდა, არამედ ბუნებითად და ჭეშმარიტად მოხდა ყოველივე“. და შემდეგ: „მაგრამ ღმრთეება არანაირად არ შეიწყნარებს ვნებულებას ვნებული სხეულის გარეშე, არც შეძრწუნებასა და მწუხარებას ავლენს იგი შეწუხებული და შეძრწუნებული სულის გარეშე, არცთუ მშფოთვარებს და ლოცულობს მშფოთვარე და მლოცველი გონის გარეშე, თუმცა არათუ ბუნების ძლეულობის გამო აღესრულებოდა ეს მოვლენები, არამედ ნამდვილობის1 წარმოსაჩენად ხდებოდა ის, რაც მოხდა“. სიტყვები: „არათუ ბუნების ძლეულობის გამო აღესრულებოდა ეს მოელენები“, იმას ცხადყოფს, რომ ნებაყოფლობის გარეშე როდი დაითმენდა უფალი ყოველივე ამას.

 

1. ბერძ. ύπαρξις (არსებობა, სახეზე ყოფნა, მყოფობა, სინამდვილე) - აქ: მაცხოვრის ადამიანური ბუნების ნამდვილობა. შდრ. ეფრემი: „წარმოსაჩინებელად უეჭუელისა განკაცებისა“ 104v1.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი