უფლის ლოცვის შესახებ
ლოცვა არის გონების ზეასვლა ღვთისკენ ანდა ღვთისადმი თხოვნა იმისა, რაც შესაფერისია. ამიტომ, როგორ მოხდა, რომ უფალი ლოცულობდა ლაზარეს გამო და, აგრეთვე, ვნებულების ჟამს? მართლაც, მისი წმინდა გონება, ერთგზის უკვე ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასურად შეერთებული, არ საჭიროებდა არც ღვთისკენ ზეასვლას, არც ღვთისადმი რაიმეს თხოვნას, რადგან ერთია ქრისტე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს სახეს განიკუთვნებდა იგი და თავის თავში გამოსახავდა მას, რაც ჩვენეულია, ნიმუში ხდებოდა ჩვენთვის და გვასწავლიდა, რომ ღვთისადმი გვქონოდა თხოვნა და მისკენ ავზიდულიყავით, გვიკვალავდა რა იგი ღეთისკენ ზეასვლის გზას თავისი წმინდა გონების მიერ. მართლაც, ისევე როგორც დაითმინა მან ვნებულებანი და ამით მათ წინააღმდეგ მძლეობა მოგვანიჭა ჩვენ, ამგვარადვე, ლოცულობდა რა იგი, გვიკვალავდა ჩვენ, როგორც ვთქვი, ღვთისკენ ზეასვლის გზას, ამასთან, აღასრულებდა ჩვენთვის ყოველ სიმართლეს, როგორც თქვა მან იოანეს მიმართ და გვარიგებდა ჩვენ თავის მამასთან, რომელსაც პატივს მიაგებდა, როგორც თავის დასაბამსა და მიზეზს, აჩვენებდა რა ამით, რომ არ იყო იგი ღვთის მოწინააღმდეგე. ამიტომ, როდესაც ლაზარეს გამო თქვა: „მამაო, გმადლობ შენ, რომ ისმინე ჩემი, ხოლო მე ვიცი, ყოველთვის ისმენ ჩემსას, მაგრამ აქ მდგომი ხალხის გამო ვთქვი ეს, რათა იცოდნენ, რომ შენ მომავლინე მე“ (იოან. 11,41-42), განა აქედან უცხადესი არ არის ყველასთვის, რომ პატივს მიაგებს იგი თავის მამას, როგორც თავისსავე დასაბამსა და მიზეზს და აჩვენებს ამით, რომ არ არის იგი ღვთის მოწინააღმდეგე?
ამასთან, როდესაც თქვა მან: „მამაო, თუ შესაძლებელია, ამშორდეს მე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ“ (მათე 26,39), განა აქედან ნათელი არ არის ყველასთვის, რომ გვასწავლის ჩვენ, მხოლოდ ღვთისგან ვითხოვდეთ შემწეობას განსაცდელთა ჟამს და რომ ჩვენეულ ნებას იმას ვამჯობინებდეთ, რაც საღვთოა, გვიჩვენებს რა ამით, რომ ჭეშმარიტად განიკუთვნა მან ის, რაც ჩვენი ბუნებისაა და რომ თავის ბუნებათა შესაბამისად ჭეშმარიტად ფლობდა იგი ორ ბუნებისეულ ნებას, თუმცა კი არა დაპირისპირებულთ?
„მამაო“, თქვა მან როგორც თანაარსმა, „თუ შესაძლებელია“; ხოლო ეს თქვა არა იმიტომ, რომ არ იცოდა (ანკი რა არის შეუძლებელი ღვთისთვისბ), არამედ იმიტომ, რომ ამით გვასწავლა ჩეენ, ჩვენეულ ნებას ის ვამჯობინოთ, რაც საღვთოა, რადგან მხოლოდ ისაა შეუძლებელი, რასაც ღმერთი არ იზრახაეს ან რასაც იგი არ უშვებს.
შემდეგ თქვა: „მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ“. ასე თქვა, რადგან თუმცა თვითონ იგივენება1 იყო მამისა როგორც ღმერთი, მაგრამ აქ ადამიანობის ბუნებისეულ ნებას წარმოაჩენდა იგი როგორც ადამიანი, რადგან ბუნებით სწორედ ეს ნება გაურბის სიკვდილს.
ხოლო როდესაც თქვა მან: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რისთვის დამტოვე მე?“ (მათე 27,46), თქვა ეს იმიტომ, რომ ჩვენეული სახე განიკუთვნა მან, რადგან არ არის მამა მისი ღმერთი, თუ არა მაშინ, როდესაც გონების დაწვრილმანებული წარმოსახვებით გონებითისგან გამოცალკევდება ის, რაც ხილულია და ჩვენს შორის დაწესდება იგი; არცთუ მიუტოვებია იგი თავის ღმრთეებას, არამედ ჩვენ ვიყავით დატოვებულნი და უგულებელყოფილნი. ამიტომ, განიკუთვნა რა მან ჩვენეული სახე, ასე ილოცა.
1. ე.ი. ერთინება მამისა ანუ ერთი ნების მქონე მამასთან (შდრ. არსენი: „იგივენება არს მამისა“).
წინა თავი |