წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეთოთხმეტე

აღდგომის შემდგომი [მოვლენების] შესახებ

ხოლო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ განიშორა მან ყველა ვნებულება, კერძოდ. ხრწნილება, შიმშილი, წყურვილი, ძილი, დაღლილობა და სხვა ამგვარი, რადგან თუმცა კი იგემა მან საჭმელი აღდგომის შემდეგ, მაგრამ არა ბუნების რჯულით (რადგან არ მოშიებია მას), არამედ განგებულების წესით1, რითაც სარწმუნო გახადა აღდგომის ჭეშმარიტება, რომ ერთი და იგივე ხორცია ვნებულიც და აღდგომილიც. არათუ ბუნების რომელიმე ნაწილთაგანი განიშორა მან, - ან სხეული, ან სული, - არამედ ფლობდა როგორც სხეულს, ასევე მოაზროვნე და გონისმიერ სულს, - ნებელობითსა და მოქმედს; ამ სახით ზეავიდა იგი ცათაკენ და ამ სახით ზის მამის მარჯვნივ, ნებავს რა ჩვენი ხსნა ღვთიურად და ადამიანურად, და მოქმედებს რა, ერთი მხრივ, ღვთიურად ყოველთა წინაგანგებას, დაცულობასა და წარმართვას, მეორე მხრივ კი, ახსოვს ადამიანურად მიწაზე თავისი ცხოვრება, ამასთან ხედავს და იცის, რომ თაყვანიცემა მთელი მოაზროვნეთბითი ქმნილების მიერ, რადგან უწყის მისმა წმინდა სულმა2. რომ ჰიპოსტასურად არის შეერთებული ღმერთ-სიტყვასთან და თანათაყვანიცემა, როგორც სული ღვთისა და არა როგორც უბრალოდ სული. ხოლო ეს მიწიდან ცათაკენ ზეასვლაცა და კვლავ ჩამოსვლაც გარეშეწერილი სხეულის მოქმედებანია, რადგან თქვა, რომ კვლავ „იმგვარად მოვა“ თქვენთან, „რა სახითაც იხილეთ იგი ცისკენ მავალი“ (საქმ. 1,11).

 

1. „განგებულების წესით“, - ე.ი. განგებ, გაზრახ, განზრახულად ანუ გარეკვეული მიზანდასახულობის გამო.

2. იგულისხმება უფლის ადამიანური სული.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი