იმის შესახებ, თუ როდის იწოდა იგი ქრისტედ
- არა, როგორც ზოგიერთები ცრუმეტყველებენ, რომ ქალწულისგან ხორცშესხმამდე შეუერთდა გონება ღმერთ-სიტყვას და ამის შემდეგ იწოდა იგი ქრისტედ. ეს არის ორიგენეს ნაყბედობათა უაზრობა, რომელიც სულთა წინასწარმყოფობას რჯულმდებლობდა. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ღვთის ძე და სიტყვა ქრისტე გახდა და ასე იწოდა მას შემდეგ, რაც დაიკარვა1 მან წმინდა მარადქალწული მარიამის მუცელში, გარდაქმნის გარეშე ხორცი გახდა იგი და ეს ხორცი ღმრთეებით იქნა ცხებული, რადგან „იგია2 ცხებულება ადამიანობისა“, როგორც ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი (30-ესიტყვა). ასევე, ალექსანდრიელთა უსამღვდელოესი კირილეც, სწერს რა იმპერატორ თეოდოსის, შემდეგს ამბობს. „მე ასე ვიტყვი, რომ იესო ქრისტედ არ უნდა სახელვდოთ არც ღვთისაგანი სიტყვა3, ადამიანობის გარეშე, და არც ქალწულისგან შობილი ტაძარი, არშეერთებული სიტყვასთან, რადგან ქრისტედ შეიცნობა ადამიანობასთან განგებულებითი შეერთებით გამოუთქმელად თანაშერთული ღვთისაგანი სიტყვა“ (PG. 76, 1175 C).
და დედოფალთა მიმართ ამგვარად წერს იგი: „ზოგიერთები ამბობენ, რომ სახელი ქრისტე შეჰფერის მხოლოდ და საკუთრივ თავისთავად მოაზრებულ და არსებულ სიტყვას, მამაღმერთისგან შობილს, ხოლო ჩვენ ასე აზროვნება და ლაპარაკი არ გვისწავლია, რადგან როდესაც სიტყვა ხორცი გახდა, მაშინ ვამბობთ, რომ იწოდა კიდეც იგი იესო ქრისტედ, რამეთუ როდესაც იცხო მან სიხარულის ზეთით ანუ წმინდა სულით ღვთისა და მამის მიერ, მაშინ იწოდა ქრისტედ, ხოლო ის, რომ ადამიანურთან დაკავშირებით არის ცხება, არავინ დაეჭედება იმათგან, რომლებსაც მართებულად აზროვნება სჩვევიათ“ (PG. 76, 1220 C). და ყოვლადქებული ათანასეც „მაცხოვნებელი გამოჩინების შესახებ“ შრომაში ერთგან ასე წერს: „წინასწარმყოფი ღმერთი ხორცში მოსვლამდე არ იყო ადამიანი, არამედ ღმერთი იყო ღმერთთან, უხილავად და უვნებოდ მყოფი. ამიტომ, სახელი ქრისტე ხორცის გარეშე არ შემოიღება, რადგან ამ სახელს მოსდევს ენებულება და სიკვდილი“ (PG. 76, 1113 B).
მაგრამ თუ საღვთო წერილი ამბობს: „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა“ (ფს. 44,8), უნდა ვიცოდეთ, რომ საღვთო წერილი ხშირად იყენებს წარსულ დროს მომავლის ნაცვლად, როგორც მაგალითად: „ამის შემდეგ მიწაზე გამოჩნდა იგი და ადამიანებში იმყოფებოდა“ (ბარუქ. 3,38), თუმცა როცა ეს ითქმოდა, ღმერთი არც გამოჩენილი იყო და არც ადამიანებში იმყოფებოდა იგი; ან კიდევ: „ბაბილონის მდინარეებზე, - იქ დავსხედით და ვიტირეთ“ (ფს. 136,1), თუმცა არც ეს იყო მომხდარი.
წინა თავი |