წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეოთხმოცე

მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან: ნუთუ ღვთისმშობელმა ორი ბუნება შვა? ნუთუ ორი ბუნება ჩამოეკიდა ჯვარზე?

ბუნებას განეკუთვნება სიტყვები „აგენეტონ“ და „გენეტონ“, დაწერილნი ერთი „ნარით“, რაც აღნიშნავს „უქმნელსა“ და „ქმნილს“. მეორე მხრივ, სიტყვები: „აგენნეტონ“ და „გენნეტონ“ ანუ „უშობელი“ და „შობილი“, რომლებიც ორი „ნარით“ გამოითქმის, განეკუთვნება არა ბუნებას, არამედ ჰიპოსტასს.

ამრიგად, საღვთო ბუნება არის „აგენეტოს“ ანუ უქმნელი, ხოლო საღვთო ბუნების შემდეგ ყოველივე არის „გენეტოს“ ანუ ქმნილი. ამასთან, საღვთო და უქმნელ ბუნებაში განიჭვრიტება: „აგენნეტონ“ (ანუ უშობელობა) - მამაში, რადგან არ შობილა იგი, „გენნეტონ“ (ანუ შობილობა) - ძეში, რადგან მარადიულად შობილია მამისგან, ხოლო გამომავლობა - წმინდა სულში.

ცხოველთა ყოველი სახეობიდან პირველნი უშობელნი არიან და არა დაუბადებელნი1, რადგან დაიბადნენ შემოქმედის მიერ, მაგრამ არ შობილან მათ მსგავსთაგან2. დაბადება არის შექმნა, შობა კი, ერთი მხრივ, ღმერთთან დაკავშირებით ესაა მხოლო მამისგან თანაარსი ძის გამოსვლა, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნილებებთან დაკავშირებით - მამრისა და მდედრის თანაშეკავშირებისგან თანაარსი ჰიპოსტასის გამოსვლა. აქედან ვიცით, რომ შობილობა განეკუთვნება არა ბუნებას, არამედ ჰიპოსტასს, რადგან ეს რომ ბუნებას განეკუთვნებოდეს, მაშინ ერთსა და იმავე ბუნებაში აღარ იქნებოდა განსაჭვრეტი შობილობაც და უშობელობაც. ამიტომ, წმინდა ღვთისმშობელმა შვა ჰიპოსტასი, ორ ბუნებაში ცნობილი, რომელიც ერთი მხრივ, მამისგან უჟამოდ შობილია ღმრთეებით, ხოლო უკანასკნელ ჟამს მისგან3 არის ხორცქმნილი და ხორცით ნაშობი.

მაგრამ თუ შემკითხველები იმას მიგვანიშნებენ, რომ წმინდა ღვთისმშობლისგან შობილი ორი ბუნებაა, ამაზე ვიტყვით: დიახ, ორი ბუნებაა იგი, რადგან თვითვეა ღმერთიც და ადამიანიც.

მსგავსადვე ითქმის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შესახებაც. ესენი განეკუთვნება არა ბუნებას, არამედ ჰიპოსტასს. ასე რომ, ვნებადი ბუნებით ევნო და ჯვარს ეცვა ორ ბუნებაში მყოფი ქრისტე, რადგან ხორცით ჩამოეკიდა იგი ჯვარზე და არა ღმრთეებით. ამიტომ, რადგან ისინი ჩვენს შეკითხვაზე: „ორ ბუნებით მოკვდა?“ გვიპასუხებენ და გვეტფიან: „არა“, მაშ, არც ორი ბუნება ყოფილა ჯვარცმული, არამედ იშვა რა ქრისტე (ანუ განკაცვბული სიტყვა ღვთისა), იშვა იგი ხორცით, ჯვარს ეცვა ხორცით, ევნო ხორცით და მოკვდა ხორცით, მისი ღმრთეება კი უვნებელი დარჩა.

 

1. „დაბადებას“ აქ მოვუხმობთ შესატყვისად ბერძნული ტერმინისა „γένεσις“ (გენესის), „დაუბადებელს“ - „άγένητος“-ის შესატყვისად, ხოლო „დაბადებულს“ - „γενητός“-ისა. „ქმნილი“ აქ გადმოსცემს „κτιστός“-ს, ხოლო „უქმნელი“ - „άκτιστος“-ს.

2. იგულისხმება, რომ ამათუიმ სახეობის პირველნიმუში შობილია არა მისივე ჯიშისგან, რადგან თვითვეა ჯიშის წარმომქმნელი, არამედ ქმნილია ღვთისგან.

3. ე.ი. ღვთისმშობლისგან.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი