წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეორე

რწმენისა და ნათლისღების შესახებ

ხოლო ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად და საუკუნო სიცოცხლისათვის, რადგან ნათლისღება უფლის სიკვდილს ცხადყოფს. ამიტომ, ნათლისღების მიერ თანადავეფლვით უფალთან, როგორც ამბობს საღვთო მოციქული (რომ. 6,4).

ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქულთ „შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი“ (და ასე შემდეგ) „კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ რა ქრისტესი (ებრ. 6,4-6). მაგრამ რომლებიც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ „ქრისტეს მიმართ“ და „მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3), მაგრამ არათუ იმას ამბობს, რომ ამ სახით უნდა მოხდეს ნათლისღებითი ხმობა1, არამედ იმას, რომ ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება.

ამრიგად, ქრისტეს მიმართ ნათლისღება მისდამი მორწმუნეთა ნათლისღებას ცხადყოფს, მაგრამ შეუძლებელია ქრისტესადმი მორწმუნეობა, თუ არ გვისწავლია მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარება, რადგან ქრისტე არის ცოცხალი ღვთის ძე, რომელსაც სცხო მამამ წმინდა სულით, როგორც ამბობს საღვთო დავითი „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა, ზეთი სიხარულისა, შენს მოწილეებზე მეტად“ (ფს. 44,8), და ესაიაც ამბობს უფლის პირით: „სულიწმინდაა ჩემზე, რომლის გამოისობითაც მცხო მე“ (ესაია 61,1). ხოლო ხმობა უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს, უთხრა რა: „ნათელსცემდით მათ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელის მიმართ“ (მათე 28,19). მართლაც, რადგან უხრწნელებისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა, ჩვენ კი გადავედით მის მაცხოენებელ მცნებას და სიკვდილის ხრწნილებით დავისაჯეთ, ბოროტება რომ უკვდავი არ ყოფილიყო, თავის მონებამდე თანადადაბლდა იგი როგორც კეთილმოწყალე, და გახდა რა ჩვენებრი, საკუთარი ვნებულებით ხრწნილებისგან გამოგვისყიდა ჩვენ და თავისი წმინდა და უბიწო გვერდიდან გვიწყაროა წყარო მიტევებისა, კერძოდ, ერთი მხრივ - წყალი ახალშობისათვის და, ცოდვისგან და ხრწნილებისგან განსაბანად, მეორე მხრივ კი - სისხლი სამარადისო სიცოცხლის მომნიჭებელ სასმელად; ამასთან, მცნებებიც მოგვცა მან, რომ ახალშობა მიგვეღო წყლისა და სულის მიერ, რაჟამს ვედრებისა და ხმობის გზით სული გადმოვიდოდა წყალზე, ხოლო რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს „ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“ განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს. მართლაც, დასაბამიდან „ღვთის სული მიმოიქცეოდა წყლებზე“ (შესაქ. 1,2). საღვთო წერილიც თავიდანვე გვიმოწმებს, რომ განმწმენდია წყალი. ნოეს დროს ღმერთმა წყლის მიერ გადარეცხა ქვეყნიური ცოდვა. რჯულის მიხედვით, წყლის მიერ განიწმინდება ყველა უწმინდური და თვით სამოსლებიც წყლით ირეცხება. ელიამ სულის მადლი წყალთან თანაშეზავებულად გააცხადა, წყლით დაწვა რა ყოვლადდასაწველი (III მეფ. 1,34). და თითქმის ყველაფერი, რჯულის თანახმად, წყლით განიწმინდებოდა (რადგან ხილულნი გონისეულთა სიმბოლოები არიან). ამიტომ ახალშობა სულიერად ხდება, რადგან თუმცა ქმნილებანი ვართ, ძალუძს რწმენას, რომ სულის მიერ ძეობილგვყოს და დასაბამიერი ნეტარებისაკენ აგვიყვანოს.

ამრიგად, ცოდვათა მიტევება ყველას ერთნაირად ეძლევა ნათლისღების მიერ, სულის მადლი კი - რწმენისა და წინასწარი განწმენდის შესაბამისად. ამიტომ, ამჟამად ნათლისღების მიერ საწყისს2 ვიღებთ სულიწმინდისას და ეს კვლავშობა3 ჩვენთვის ხდება მეორე ცხოვრების დასაბამი, ბეჭედი, დამცველობა და განათლება.

გვმართებს, რომ მთელი ძალით საიმედოდ დავიცვათ ჩეენი სიწმინდე ბილწ საქმეთაგან, რომ ძაღლის მსგავსად უკანვე არ მივუბრუნდეთ საკუთარ ამონანთხევს (2 პეტრე 2,22) და კვლავ ცოდვის მონებად არ გავიხადოთ თავი, რადგან „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2,20), ისვვე როგორც საქმეები - რწმენის გარეშე. მართლაც, ჭეშმარიტი რწმენა საქმეთა მიერ გამოიცდება.

ნათელვიღებთ წმინდა სამების მიმართ, რადგან თვით ნათელღებულნი საჭიროებენ წმინდა სამებას თავისი თავის შემყარებისა და მედეგობისთვის. ამასთან, შეუძლებელია, რომ ურთიერთ თანამყოფი არ იყოს სამი ჰიპოსტასი, რადგან განუცალკევებელია წმინდა სამება.

პირველი ნათლისღება წარღვნისა იყო, ცოდვის მოსაკვეთად.

მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი - წყლისა.

მესამე რჯულისმივრი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში.

მეოთხე იოანესი იყო, როგორც მოსამზადებელი4 და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: „მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით“ (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის.

მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ.

ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: „იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ“ (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება.

მეექვსე ესაა - სინანულისა და ცრემლისმიერი, რაც ჭეშმარიტად მძიმეა.

მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენს გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ.

მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ - მტანჯველი დაუსრულებლად.

სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი და პატივი მიაგო რა სხეულს, რადგან ესეც, ესე იგი სხეულიც, ღმერთია განღმრთობით. ამასთან, ძველთაგანვე სჩვევია მტრედს წარღვნის დაცხრომის მახარებლობა, წმინდა მოციქულებზე კი ცეცხლისსახოვნად გადმოდის, რადგან ღმერთი არის იგი, „ხოლო ღმერთი გამანადგურებელი ცეცხლია“ (მე-2 რჯ. 4,24; ებრ. 12,29).

ნათლისღებაში შემოღებულია ზეთი აღმნიშვნელად ცხებისა, რაც ცხებულებად გვხდის ჩვენ და აღგვითქვამს მოწყალებას5 ღვთისას, სულიწმინდისმიერს, რადგან ზეთისხილის რტოც მტრედმა მიუტანა წარღვნისგან გადარჩენილებს.

ნათელიღო იოანემ მეუფის საღვთო თავზე ხელის დადებით და საკუთარი სისხლით.

არ არის საჭირო ნათლისღების გადადება, როდესაც მომსვლელთა რწმენა საქმეთა მიერ არის დამოწმებული, ხოლო ნათლისღებასთან მზაკვრულად მოსული უფრო დაისჯება, ვიდრე ირგებს.

 

1. ე.ი. მოწოდება, წვევა ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასებისა (ბერძ. έπίκλησις).

2. ე.ი. დასაბამიერ ნაყოფს, პირველნაყოფს, პირველ გამოვლინებას (ბერძ. άπαρχή).

3. ე.ი. ახალშობა, მეორედ შობა ანუ ნათლისღება (ბერძ. παλιγγενεσία; ლათ. regenartio).

4. სიტყვ. „შემყვანებლობითი“ (είσαγωγικόν), ე.ი. ისაგოგიკური.

5. ბერძ. έλεον (შდრ. არსენი: „აღმთქუმელად ჩუენდა სულისა წმიდისა მიერსა მოწყალებასა ღმრთისასა“, 92,1; ლათ. misericordiam); ბერძნულ ხელნაწერთა საკმაო რაოდენობა έλεον-ს ცვლის έλαιον-ით (έλαιον - ზეთი, საცხებელი). ასეთ შემთხვევაში ტექსტის თარგმანი იქნებოდა: „აღგვითქვამს ზეთს ღვთისასა, სულიწმინდისმიერს“ (შდრ. ეფრემი: „საღმრთოსა მას საცხებელსა მახარებს ჩუენ, რომელი მოგუეცემის სულისა წმიდისა მიერ“, 113v2).

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი