წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამესამე

რწმენის შესახებ

რწმენა ორმაგია. ერთი მხრივ, „არსებობს რწმენა სმენისგან“ (რომ. 10,17), რადგან ვისმენთ რა საღვთო წერილისას, გვწამს მოძღვრება სულისა ეს რწმენა სრულიქმნება ქრისტესმიერი რჯულდებებით. იგი არის საქმით მარწმუნებელი, კეთილმსახური და ჩვენი განმაახლებლის მცნებათა აღმსრულებელი, რადგან ვისაც კათოლიკე ეკლესიის გადმოცემის მიხედვით არ სწამს ანდა ვინც უგვან საქმეთა მიერ ეშმაკს ეზიარება, ურწმუნოა იგი.

კიდევ, „არის რწმენა, საფუძველი იმისა, რასაც ვსასოებთ, უხილავ საქმეთა სამხილი“ 1 (ებრ. 11,1), ანუ ურყევი და უეჭვო სასოება, ერთი მხრივ, იმისა, რაც ღმერთმა აღგვითქვა ჩვენ, მეორე მხრივ კი - იმისაც, რომ აგვისრულდება ჩვენი სათხოვარი.

ამათგან პირველი ჩვენს განზრახულებას განეკუთვნება, ხოლო მეორე სულის ნიჭთაგანია.

საცოდნელია, რომ ნათლისღების მიერ წინადავიცვეთთ2 დაბადებიდან [თანდაყოლილ] მთელ საფარველს ანუ ცოდვას და წარმოვჩნდებით სულიერ ისრაელიანებად და ღვთის ხალხად.

 

1. სამხილი (έλεγχος) აქ: მტკიცება, საბუთი, დადასტურება.

2. ე.ი. მოვიკვეთთ, ჩამოვიცილებთ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი