ჯვრის შესახებ; აქვე კიდევ რწმენის შესახებ
„ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა“ (1 კორ. 1,18), რადგან სულიერი ყველას განსჯის, ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იწყნარებს სულისას (1 კორ. 2,14-15). მართლაც, ჯვარი სიცოფეა მათთვის, რომლებიც რწმენით არ იღებენ მას და [რწმენითად] არ იაზრებენ ღვთის სიკეთესა და ყოვლისშემძლეობას, არამედ ადამიანური და ბუხებითი განსჯებით გამოიძიებენ ღვთიურთ, რადგან ყოველივე ღვთისეული უზემოესია ბუნებაზე, სიტყვასა და აზროვნებაზე. მართლაც, თუ ვინმე იმის სჯას შეუდგება, თუ როგორ და რის გამო შემოიყვანა ღმერთმა ყოვლიერება არარსებობიდან არსებობაში, თან, თუ ბუნებითი განსჯებით განიზრახავს იგი ამის მიწვდომას, ვერაფერს ჩაწვდება, რადგან ამგვარი ცოდნა მშვინვიერია და ეშმაკეული. მაგრამ თუ ვინმე რწმენით იქნება ნაწინამძღვრები და ღვთიურობის სიკეთეს, ყოვლისშემძლეობას, ჭეშმარიტებას, სიბრძნესა და სიმართლეს განსჯის, ჰპოვებს იგი ყოველივეს მოსწორებულს და თანაბარს, და გზას პირდაპირს, რადგან რწმენის გარეშე შეუძლებელია ხსნა. მართლაც, რწმენით შემყარდება ყოველივე, - ადამიანურიც და სულიერიც, რადგან რწმენის გარეშე არც მიწის მუშა ჭრის ხნულს, არც მოგზაური ანდობს თავის სულს მცირე ძელს ზღვის გაცოფებულ მორევში, არც ქორწინებანი შემყარდება, არცთუ სხვა რამ ამ ცხოვრებაში. რწმენით მოვიაზრებთ არარსებობიდან არსებობაში ყოვლიერების შემოყვანას ღვთის ძალით; რწმენითვე ვახორციელებთ ყოველივეს, საღვთოსაც და ადამიანურსაც, ხოლო რწმენა - ესაა ჩაუძიებელი მინდობა3.
ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულთქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან სხვა არაფრის მიერ არ შემუსრვილა სიკვდილი, არ გაუქმებულა წინამამის შეცოდება, არ წარტყვენილა ჯოჯოხეთი, არ მონიჭებულა აღდგომა, არ მოგვცემია ძალა იმისა, რომ უგულებელგვეყო ამჟამინდელი და თვით სიკვდილიც, არ განხორციელებულა დასაბამიერი ნეტარებისკენ ზეასელა, არ განხმულა სამოთხის კარნი, არ დამჯდარა ჩვენი ბუნება ღვთის მარჯვნივ, არ გავმხარვართ ღვთის შვილები და მემკვიდრვები, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრის მიერ, რადგან ეს ყოველივე ჯვრისგან განხორციელდა. მოციქული ამბობს: „რომლებმაც კი ნათელვიღეთ ქრისტეს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3) და „რომლებმაც ქრისტეს მიმართ ნათელვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ“ (გალატ. 3,27), ხოლო „ქრისტე არის ღვთის ძალა და სიბრძნე“ (1 კორ. 1,24). აჰა, ქრისტეს სიკვდილმა ანუ ჯვარმა ღვთის ჰიჰოსტასური სიბრძნე და ძალა შეგვმოსა ჩვენ, ხოლო ღვთის ძალა არის სიტყვა ჯვრისა, და ეს ან იმიტომ, რომ ღვთის შემძლეობა ანუ სიკვდილის წინააღმდეგ მძლეობა ჯვრის მიერ გამოგვიჩნდა ჩვენ, ანდა იმიტომ, რომ როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება.
სწორედ ჯვარი მოგვეცა ჩვენ ნიშნად შუბლზე, როგორც ისრაელს - წინადაცვეთა, რადგან ამ ნიშნის მიერ შევიცნობით მორწმუნეები და ვემიჯნებით ურწმუნოებს. იგია ფარი, საჭურველი და ძლევის ნიში ეშმაკის წინააღმდეგ. იგია ბეჭედი, რომ არ შეგვეხოს ჩვენ „მომსპობი“, როგორც ამბობს წერილი (გამოსვლ. 12,21). იგია მდებარეთა აღდგომა, მდგომარეთა სიმყარე, უძლურთა კვერთხი, სამწყსოს არგანი, მოქცეულთა შემწეობა, წარმატებულთა სისრულე, სულისა და სხეულის ხსნა, ყოველგვარ ბოროტებათა უკუმქცევი, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი, ცოდვის აღმოფხვრა, ნერგი აღდგომისა, საუკუნო ცხოვრების ხე.
ამრიგად, ეს პატიოსანი და ჭეშმარიტად სათაყვანო ძელი, რომელზეც ქრისტემ თავისი თავი მსხვერპლად შეწირა ჩვენს გამო, ღირსია თაყვანისცემისა, რადგან განწმენდილია იგი წმინდა სხეულისა და სისხლის შეხებით. [თაყვანსაცემია] ლურსმნები, შუბი, შესამოსელნი და აგრეთვე, მისი წმინდა სამკვიდრებელნი, კერძოდ, ბაგა, გამოქვაბული, მაცხოვნებელი გოლგოთა, ცხოველმყოფელი საფლავი, სიონი - ეკლესიათა აკროპოლისი და სხვა ამგვარი, როგორც ამბობს ღვთისმამა დავითი: „შევალთ მის სამკვიდრებლებში, თაყვანს ვცემთ ადგილს, სადაც მან ფეხი დადგა“ (ფს. 131,7). აქ რომ ჯვრისთვის ამბობს იგი, ამას ცხადყოფს მომდევნო ნაწილი: „აღდექი, უფალო, შენი მოსვენებისთვის“ (ფს. 131,8), რადგან ჯვარს მოჰყვება აღდგომა. თუკი საწადელია ჩვენთვის შეყვარებულთა სახლი, მათი საწოლი და სამოსელი, რამდენად უფრო - ყოველივე ის, რაც კი ღვთისა და მხსნელისა არის და რომელთა მიერაც ხსნილნი ვართ ჩვენ?! ამასთან, თაყვანს ვცემთ პატიოსანი ჯვრის გამოსახულებასაც (თუმცა კი სხვა ნივთისგან კეთდება იგი), რადგან პატივს მივაგებთ არა ნივთს (ნუ მოხდება ეს!), არამედ გამოსახულებას, როგორც ქრისტეს სიმბოლოს. მანვე უთხრა თავის მოწაფეებს როდესაც აღუთქვა: „მაშინ გამოჩნდება ცაში ადამიანის ძის ნიშანი“ (მათ. 24,30), ჯვრისთვის თქვა რა ეს. აღდგომის ანგელოზიც ამიტომ ეუბნებოდა ქალებს: „იესოს ეძებთ ნაზარეველს, ჯვარცმულს?“ (მარკ. 16,6). და მოციქულიც ამბობს: „ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს, ჯვარცმულს“ (1კორ. 1,23), რადგან მრავალია ცხებული და იესო, მაგრამ ერთია ჯვარცმული. არ უთქვამს მას: „შუბით განგმირული“, არამედ - „ჯვარცმული“. ამიტომ, თაყვანსაცემია ქრისტეს ნიშანი, რადგან სადაც იქნება ეს ნიშანი, თავადაც იქვე იქნება. რაც შეეხება ნივთს, რისგანაც ჯვრის გამოსახულება შემყარდება, თუნდაც რომ ოქრო იყოს იგი ანდა ძვირფასი ქვები, გამოსახულების გაუქმების შემდეგ (თუ ეს მოხდება), თაყვანსაცემი აღარ იქნება. ამგვარად, თაყვანსვცემთ ყველაფერს, რაც ღმერთს უკავშირდება, მისდამი შევწირავთ რა პატივგებას.
პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, ღვთის მიერ დანერგილმა სამოთხეში (ეს იმიტომ, რომ რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომა). იაკობმაც, როდესაც თაყვანი სცა მან კვერთხის წვერს და შენაცვლებული ხელებით აკურთხა იოსების ძეები, უცხადესად გამოსახა ჯვრის ნიშანი, ისევე როგორც: მოსესეულმა კვერთხმა, ჯვრისსახოვნად დარტყმულმა ზღვაზე და ისრაელის მხსნელმა, ხოლო ფარაონის ჩამძირველმა, აგრეთვე ჯვრისსახედ გაწვდილმა ხელებმა, (ამალეკიც რომ სძლიეს), ძელით დამტკბარმა მწარე წყალმა, გაპობილმა კლდემ და გადმოღვრილმა ნაკადულებმა, კიდევ კვერთხმა, აარონისათვის მღვდელთმთავრობის ღირსებად წარმოჩენილმა, აგრეთვე, ძელზე საქვეყნოდ გამოტანილმა გველმა როგორც მომკვდარმა, რაჟამს ძელისგან გამოიხსნებოდნენ ისინი, რომლებიც, მკვდრად ხედავდნენ რა მტერს, სწამდათ ეს. ასევე იქნა ქრისტეც მილურსმული „ცოდვის ხორცით“, ცოდვის არმცოდნით. დიდი მოსე ღაღადებს: „იხილეთ თქვენი სიცოცხლე, ჩამოკიდებული ძელზე თქვენს თვალთა წინაშე“ (მე-2 სჯ. 28,66). ესაიაც ამბობს: „მთელი დღე გაწვდილი მქონდა ჩემი ხელები ურჩი და მოდავე ხალხის მიმართ“ (ესაია 65,2). ვინც მას თაყვანსვცემთ, ვეღირსოთ ჯვარცმული ქრისტეს ნაწილს, ამინ!
1. სიტყვ. „დათანხმება“ (συγκατάυεσις). შდრ. არსენი: „სათნოყოფაჲ“ 92,2; შდრ. ეფრემი: „დაჯერებაჲ საქმეთაჲ“ 114v-2 (შდრ. ლათ. assensus).
წინა თავი |