წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეცხრე

ხატთა შესახებ

რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნელად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.

 

1. ბერძ. άριστείαι (შდრ. ლათ. praeclara facinora).

2. ზოგ ბერძნულ ხელნაწერში (ნაწილობრივ, ეფრემისეულ თარგმანშიც) გვხვდება შემდეგი ტექსტობრივი დამატება: „გაგვიგია, რომ მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა უფალი და მისი დედა, რომელთა ხატებიც, როგორც ამბობენ, აქვს რომაელთა ქალაქს და რომლებიც იერუსალიმშია კრძალვით დასვენებულნი, რადგან იოსებ იუდეველიც, ზოგიერთების თქმით, გვაუწყებს, რომ იმ გამოსახულების შესაბამისად, რაც იერუსალიმში აქვთ და რასაც რომაულს უწოდებენ, შემდეგი სახით იხილვებოდა უფალი: წარბშეყრილი, თვალმშვენიერი (εΰόφυαλμον), გრძელი პირისახის, დახრილი და კეთილაღნაგი (εύήλικα), - ცხადია მაშინ, როდესაც იგი, ადამიანად ჩენილი, ადამიანებთან იმყოფებოდა“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი