წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეათე

წერილის შესახებ

ერთია ღმერთი, ქადაგებული ძველი და ახალი აღთქმის მიერ, რომელიც სამობით იქება და იდიდება, ამბობს რა უფალი: „არ მოვსულვარ რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად“ (მათე 5,17), რადგან მან ჩვენი ხსნა მოიმოქმედა, რისთვისაც არის მთელი წერილი და ყველა საიდუმლო. კიდევ, ამბობს იგი: „გამოიკვლიეთ წერილნი, რადგან ისინი მოწმობენ ჩემს შესახებ“ (იოანე 5,39). მოციქულსაც უთქვამს: „ძველად მრავალმხრივ და მრავალგვარად ეზრახებოდა1 ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველთა მიერ, ამ უკანასკნელ დღეებში კი ძის მიერ გვეზრახება ჩვენ“ (ებრ. 1,1).

ამრიგად, რჯულიც, წინასწარმეტყველნიც, მახარებელნიც, მოციქულნიც, მწყემსნიც და მოძღვარნიც სულიწმინდის მიერ გვეზრახნენ ჩვენ. ამიტომ, „მთელი წერილი უთუოდ ღვთივსულიერია და სასარგებლო“ (2 ტიმ. 3,16). ასე რომ, ყველაზე უფრო კარგია და სულისმარგებელი საღვთო წერილთა გამოკვლევა, რადგან ისევე როგორც წყალთა დინებასთან დანერგილი ხე, ასევე სულიც, მორწყული საღვთო წერილით, პოხიერდება, დროულად გამოიღებს ნაყოფს, - მართლმადიდებლურ რწმენას, - და მარადყვავილოვანი ფოთლებით ანუ ღვთისსათნო საქმეებით მშვენდება. მართლაც, საღვთო წერილისგან შევიწყობით სათნო საქმეებისა და აუმღვრეველი მჭვრეტელობისათვის, რადგან მასში ვპოვებთ მოწოდებას ყოველგვარი სათნოებისაკენ და უკუგდებას ყოველგვარი ბოროტებისას. ამიტომ, თუ ვიქნებით სწავლისმოყვარენი, ვიქნებით მრავალსწავლულნიც, რადგან გულმოდგინებით, შრომით და მომცემლის მადლით წარემატება ყოველივე. მართლაც, „მთხოვნელი იღებს, მაძიებელი პოულობს და ვინც ჩამორეკავს, გაეღება“ (ლუკა 11,10). მაშ, ჩვენც ჩამოვრეკოთ წერილთა უმშვენიერეს სამოთხეზე, - კეთილსურნელოვანზე, უტკბილესზე, უტურფესზე, რომელიც გონისმიერ ღმერთშემოსილ ფრინველთა ყოველგვარი ხმოვანებით ჩვენს ყურთა გარშემო ხმიანებს, ეხება ჩვენს გულს და მას, დამწუხრებულს, ნუგეშს სცემს, განრისხებულს კი აწყნარებს და მარადიული სიხარულით ავსებს, ამასთან, ჩვენს გონებას საღვთო მტრედის ოქროცისკროვან და ზეელვარე მხრებზე სვამს და მისი უნათლესი ფრთებით ზეაჰყავს მხოლოდშობილი ძისკენ, ვინც არის მემკვიდრე გონისეული ვენახის დამნერგველისა, და მის მიერ მიჰყავს სინათლეთა მამასთან. მაგრამ არათუ ფუჭად უნდა ვრეკდეთ, არამედ უმალ - წადიერად და გულმოდგინედ, და გული ნუ აგვიცრუვდება რეკვისას, რადგან ასე გაგვეღება იგი ჩვენ. დიახ, ნუ ავიცრუებთ გულს, თუ ერთი და ორი წაკითხვით ვერ შევიცნობთ წაკითხულს, არამედ დავახანოთ, განვბჭოთ, გამოვიკითხოთ, რადგან თქმულია: „ჰკითხე შენს მამას და გაუწყებს შენ; [ჰკითხე] შენზე ხნოვანთ ცოდნით და გეტყვიან შენ“ (2 სჯ. 32,7), რადგან „ყველასი არ არის ცოდნა“ (1 კორ. 8,7). ამოვხაპოთ ამ სამოთხის წყაროსგან მარადმდინარი და უწმინდესი ნაკადულები, საუკუნო სიცოცხლედ ამომჩქეფარნი; ვილხენდეთ და განუძღომლად ვიშვებდეთ მათგან, რადგან ულევი მადლი აქვთ.

ამასთან, თუ შევძლებთ, რომ გარეშეთაგანაც2 მოვინაყოფოთ სასარგებლო რამ, არც ესაა აკრძალული. გავხდეთ გამოცდილი მეკერმეები3, მოვიკრიბოთ ნამდვილი და წმინდა ოქრო, ნაყალბევი კი უკუვაგდოთ. მივიღოთ საუკეთესო სიტყვები (ხოლო სასაცილო ღმერთები და უცხო ზღაპრები ძაღლებს მივუყაროთ), რადგან უდიდესი ძლიერების შეძენას შევძლებთ მათგან.

უნდა ვიცოდეთ, რომ ოცდაორი წიგნია ძველი აღთქმისა, ებრაული ენის ასოების შესაბამისად, რადგან ოცდაორი ასო აქვს მას, რომელთაგან ხუთი ორმაგდება და ვიღებთ ოცდაშვიდს. კერძოდ, ორმაგია: ქაფ, მემ, ნუნ, ფინ და სადი. ამის კვალობაზე [ძველი აღთქმის] წიგნებსაც თუმცა ოცდაორს ვითვლით, მაგრამ ოცდაშვიდს აღმოვაჩენთ, რადგან ხუთი მათგანი ორმაგია. კერძოდ, „რუთის“ წიგნი თანაშეერთვის „მსაჯულთა“ წიგნს და ებრაელთა შორის ერთ წიგნად ირიცხება. ერთი წიგნია პირველი და მეორე „მეფეთა“; ერთი წიგნია მესამე და მეოთხე „მეფეთა“; ერთი წიგნია პირველი და მეორე „ნეშტთა“; ერთი წიგნია პირველი და მეორე „ეზრა“.

ამრიგად, ამ სახით [ძველი აღთქმის] წიგნები დაჯგუფებულია ოთხ ხუთწიგნეულად და რჩება კიდეგ ორი; ასე რომ, მათში შემავალი წიგნები შემდეგია: ხუთი - „რჯულისა“: „შესაქმე“; „გამოსვლა“; „ლევიტელთა“; „რიცხვნი“; „მეორე რჯული“; ესაა პირველი ხუთწიგნეული, რაც არის, აგრეთვე, რჯულდება. მომდევნოა სხვა ხუთწიგნეული, რასაც ეწოდება „ნაწერები“, ზოგჯერ კი „წმინდა ნაწერები“. ესენია: „იესუ ნავესი“4; „მსაჯულნი“ „რუთთან“ ერთად; პირველი „მეფეთა“ მეორესთან ერთად, ერთი წიგნი; მესამე „მეფეთა“ მეოთხესთან ერთად, ერთი წიგნი; და ორივე „ნეშტთა“, ერთი წიგნი. ესაა მეორე ხუთწიგნეული. მესამე ხუთწიგნეულია მუხლედი წიგნები: „იობისა“; „საფსალმუნე“; „სოლომონის იგავნი“; მისივე „კლესიასტე“; მისივე „ქებანი ქებათანი“. მეოთხე ხუთწიგნეულია საწინასწარმეტყველო: „თორმეტი წინასწარმეტყველისა“, ერთი წიგნი; „ესაია“; „იერემია“; „იეზეკიელი“; „დანიელი“. მომდევნოა ორი „ეზრა“, ერთ წიგნად შეერთებული, და „ესთერი“. რაც შეეხება „პანარეტოსს“ („ყოვლადსათნოს“), ესე იგი „სოლომონის სიბრძნეს“ და აგრეთვე, „იესუს5 სიბრძნეს“, რომელიც ზირაქის მამამ გადმოსცა ებრაულად, ხოლო ელინურად თარგმნა მისმა შვილიშვილმა იესუმ, ზირაქის ძემ, ორივე მათგანი სათნოებითია და კარგი, მაგრამ ზემორეთა შორის არ ირიცხება და ისინი არც იდო კიდობანში.

„ახალი აღთქმისაა“: ოთხი სახარება - მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; ლუკა მახარებლის „წმინდა მოციქულთა საქმენი“; შვიდი კათოლიკე ეპისტოლე - ერთი იაკობისა, ორი პეტრესი, სამი იოანესი და ერთი იუდასი; პავლე მოციქულის თოთხმეტი ეპისტოლე, იოანე მახარებლის „გამოცხადება“; კლიმენტის „წმინდა მოციქულთა კანონები“6.

 

1. ე.ი. ელაპარაკებოდა.

2. ე.ი. არაქრისტიანთაგანაც.

3. ე.ი. ფულის გადამხურდავებლები.

4. ე.ი. „ისუ ნავესი“; ბერძნულში, საზოგადოდ, „ისუც“ გვხვდება და „იესუც“. წმ. იოანე დამასკელი ამჯობინებს „იესუს“.

5. ამჯერადაც წმ. იოანე დამასკელი „ისუს“ ნაცვლად ამჯობინებს „იესუს“ (შდრ. არსენი: „იისუსი“, 97,2).

6. ეს თხზულება 85 კანონის სახით შედის „სჯულისკანონში“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი