ღვთის რჯულისა და ცოდვის რჯულის შესახებ
კეთილია და ზეკეთილი ღვთიურობა და მისი ნება, რადგან კეთილი ისაა, რაც ღმერთს ნებავს, რჯული კი არის ამის მსწავლელი მცნება, რათა მასში მყოფნი სინათლეში ვიყოთ. ამ მცნების დარღვევა არის ცოდვა, რაც შემყარდება ეშმაკის კვეთებითა და ჩვენს მიერ მისი ძალდაუტანებელი და ნებაყოფლობითი შეწყნარების შედეგად. ესეც რჯულად ითქმის.
ამიტომ, როდესაც ღვთის რჯული შემოდის ჩვენს გონებაში, თავისკენ იზიდავს იგი მას და აღძრავს ჩვენს სინდისს, ხოლო ჩვენი სინდისიც გონების რჯულად ითქმის.
მეორე მხრივ, როდესაც უკეთურის კვეთება, ესე იგი ცოდვის რჯული შემოვა ჩვენი ხორცის ნაწილებში, ამ ხორცის მიერ გვეკვეთება კიდეც ჩვენ, რადგან როდესაც ერთგზის ღვთის მცნების ნებაყოფლობითი დარღვევით და უკეთურის კვეთების შეწყნარებით შემოსასვლელი გზა მივეცით მას, ჩვენითვე მივეყიდეთ ცოდვას. აქედან, ჩვენი სხეულიც მზადყოფნაშია მიიდრიკოს მისკენ. ამიტომაც ითქმის აგრეთვე ჩვენს სხეულში დამკვიდრებული სუნი და გრძნობა ცოდვისა ანუ წადილი და სიამოვნება სხეულისა ჩვენი ხორცის ნაწილებში არსებულ რჯულად.
ამრიგად, ჩემი გონების რჯული ანუ სინდისი შეტკბობილია ღვთის რჯულთან ანუ მცნებასთან და ნებავს იგი, მაგრამ ცოდვის რჯული ანუ ცოდვის კვეთება ნაწილთამიერი რჯულის ანუ სხეულებრივი წადილის, მიდრეკილების, აღძრულობისა და, ამასთან, სულის არაგონიერი ნაწილის მიერ ებრძვის ჩემი გონების რჯულს ანუ სინდისს, მატყვევებს მე და თუმცა მნებავს და მიყვარს ღვთის რჯული, არ მნებავს კი ცოდვა, იგი, როგორც ვთქვი, მაცდენს მე, აღმერევა რა სიამოვნებისეული სინატიფის, სხეულებრივი წადილისა და სულის არაგონიერი ნაწილის მიერ და, მარწმუნებს რა, რომ დავემონო ცოდვას, მაგრამ „რჯულისათვის შეუძლებელი (რაშიც უძლური იყო რჯული ხორცის გამო) ღმერთმა [აღასრულა], რომელმაც, მოავლინა რა თავისი ძე ცოდვის ხორცის მსგავსებით“ (რადგან ხორცი მიიღო მან, ცოდვა კი - არანაირად), „დასაჯა ცოდვა ხორცში, რომ აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე მათში, რომლებიც სულის მიხედვით დადიან და არა ხორცის მიხედვით“ (რომ. 8,3-4), რადგან „სული თანაშეეწევა ჩვენს უძლურებას“ (რომ. 8,26) და ანიჭებს ძალას გონების რჯულს ჩვენს ნაწილებში არსებული რჯულის წინააღმდეგ. მართლაც, „არ ვიცით რა ვილოცოთ, როგორც ეს საჭიროა, მაგრამ თვით სულია ჩვენთვის მეოხი უთქმელი კვნესით“ (რომ. 8,26), ესე იგი, გვასწავლის ის ჩვენ, რა ვილოცოთ. ასე რომ, შეუძლებელია აღვასრულოთ ღვთის მცნებები მოთმინებისა და ლოცვის გარეშე.
წინა თავი |