წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეთექვსმეტე

იუდეველთა წინააღმდეგ, შაბათის შესახებ

შაბათად წოდებულია მეშვიდე დღე. იგი ნიშნავს „დასვენებას“, რადგან ამ დღეს „დაისვენა“ ღმერთმა თავის საქმეთაგან, როგორც ამბობს წერილი. ამიტომ, შვიდამდე მისული დღეთა რიცხვი კვლავაც უკუბრუნდება და პირველიდან იწყება. ეს რიცხვი პატივცემულია იუდეველთა შორის, რადგან ღმერთმა განაჩინა, რომ პატივი ეცათ მისთვის, თანაც არა უბრალოდ, არამედ - უმძიმესი ეპიტიმიების დადებითაც (დარღვევის შემთხვევაში). ამასთან, არათუ მარტივად განაჩინა მან ეს, არამედ“ რამ მიზეზთა გამო, რაც სულიერთათვის და განმჭვრეტთათვის არის საიდუმლოდ შესაცნობი, თვით მე კი, უსწავლელმა, ამგვარად ვიცი:

დავიწყებ უმდარესთა და უფრო მიწიერთაგან:

უწყოდა ღმერთმა ისრაელი ხალხის მიწიერება, ხორცისმოყვარეობა, მთლიანად ნივთიერებისკენ მისი მიზიდულობა და, ამასთან, განუსჯელობაც. ამიტომ [განაჩინა მან ის, რომ ამ დღეს], პირველ რიგში, დაესვენა მონასა და პირუტყვს, როგორც დაწერილია, რადგან „მართალი ადამიანი სწყალობს თავისი საქონლის სულებს“ (იგავ. 12,10). კიდევ - ისიც, რომ მოეცალათ მათ ნივთიერი მიმომწვლილველობისგან, ღვთისადმი შემოკრებილიყვნენ „ფსალმუნებით, ჰიმნებითა და სულიერი საგალობლებით“ (ეფეს. 5,19), საღვთო წერილში გაწაფვით გაელიათ მთელი მეშვიდე დღე და დაესვენათ ღმერთში, რადგან როცა არ იყო რჯული და ღვთივსულიერი წერილი, არც შაბათი განეკუთვნებოდა ღმერთს, მაგრამ როცა მიეცათ მათ მოსესგან ღვთივსულიერი წერილი, განეკუთვნა ღმერთს შაბათი, რომ ამ დღეს წერილში გაწაფვას შედგომოდნენ ისინი, რომლებიც მთელ ცხოვრებას ღმერთს არ უძღვნიდნენ და არც წადიერად ჰმონებდნენ მეუფეს როგორც მამას, არამედ, როგორც უმადურ მონებს, საკუთარი სიცოცხლის მხოლოდღა მცირე და უკნინესი ნაწილი მაინც რომ განეყოთ უფლისადმი, და ესეც - იმ სასჯელთა და შერისხვათა შიშით, რაც მცნების დარღვევისათვის იყო დადებული. დიახ, „არათუ მართლისთვის არის დადებული რჯული, არამედ - უსამართლოთათვის“ (შდრ. 1 ტიმ. 1,9). ამიტომ, პირველ რიგში თვით მოსემ, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვით (და შემდეგ კვლავ ორმოცდღიანით) დაჰყო ღმერთთან, უეჭველია შაბათობითაც დაიუძლურა თავი მარხვის მიერ, თუმცა რჯული კრძალავდა საკუთარი თავის დაუძლურებას შაბათ დღეს. თუკი გვეტყვიან, რომ რჯულამდე იყო ეს, რაღა უნდა თქვან ელია თეზბიტელის შესახებ, რომელმაც ორმოცდღიანი გზა ისე გალია, რომ მხოლოდ ერთგზის ჭამა? მან ხომ ამ ორმოცეულის შაბათ დღეებში მარხვის გარდა მგზავრობითაც დაიუძლურა თავი და დაარღვია შაბათიბ არ კი განრისხებია მას რჯულის მომცემი, არამედ სათნოების ჯილდოდ ქორებში გამოუცხადა თავისი თავი. ან რას იტყვიან დანიელის შესახებბ განა სამი შვიდეული არ სრულყო მან უჭმელად? ან მთელი ისრაელი რას აკეთებს? განა არ წინადასცვეთენ ყრმას, თუ შაბათს დაემთხვევა მერვე დღე? განა არ მარხულობენ დიდ მარხვასაც, რაც რჯულდებულია, თუნდაც შაბათს დაემთხვეს იგი? განა მღვდლებიცა და ლევიტელებიც კარვის საქმეებით არ შერყვნიან შაბათს და არ რჩებიან უდანაშაულონი? ანდა თუკი პირუტყვი შაბათს ჩავარდება ორმოში, განა მისი ამომყვანი უდანაშაულო არ არის, გვერდის ამვლელი კი - დამნაშავე? ან მთელი ისრაელი რას აკეთებს? განა შაბათიც უეჭველად არ იყო იმ შვიდ დღეში, როდესაც მათ ღვთის კიდობნის გარშემოტარებით შემოვლეს იერიქონის ზღფდეები?

ამრიგად, როგორც ვთქვი, შაბათის დაცვა დაწესდა მათთვის, რომლებიც ჯერაც ჩვილები იყვნენ და ხორციელნი (ქვეყნიერების სტიქიონებს დამონებულნი და ვერშემძლენი სხეულზე და ნაწერზე აღმატებულის მოაზრებისა), რათა მათ მოეცალათ ღვთისთვის, თუნდაც უმცირესი ნაწილი განეკუთვნათ მისდამი და, ამასთან, დაესვენა მონასა და პირუტყვს, მაგრამ „როდესაც მოვიდა აღვსება ჟამისა, მოავლინა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, ქალისგან ადამიანქმნილი, რომელიც რჯულის ქვეშ მოექცა, რომ გამოესყიდა მას რჯულის ქვეშ მყოფნი და რომ მიგვეღო ძეობილობა“ (გალატ. 4,4-5). მართლაც, რომლებმაც შევიწყნარეთ იგი, მოგვცა ჩვენ, მისდამი მორწმუნეებს ძალმოსილება ღვთის შვილად გახდომისა. ასე რომ, აღარ ვართ მონები, არამედ ძეები, აღარ ვართ რჯულის ქვეშ, არამედ - მადლის ქვეშ, არათუ კვლავაც ნაწილობრივ ვმონებთ უფალს შიშის გამო, არამედ გვმართებს, რომ სიცოცხლის მთელი დრო მას ვუძღვნათ, მარადის „ვასვენებდეთ“ ცოდვისგან „მონას“ (ვგულისხმობ მრისხანებას და წადილს1) და ვუბრძანებდეთ მას ღვთისთვის მოცლას; კერძოდ, მთელ წადილს მარადის ღვთისკენ ავზიდავდეთ, მრისხანებას კი ღვთის მტრების წინააღმდეგ ავამხედრებდეთ ასევე, „პირუტყვსაც“ ანუ ჩვენს სხეულსაც „ვასვენებდეთ“ ცოდვის მონობისგან და საღვთო მცნებათა მსახურებისაკენ ვასწრაფებდეთ მას.

ამას გვამცნებს ჩვენ უფლის სულიერი რჯული, რომლის დამცველნიც მოსესეულ რჯულს აღემატნენ, რადგან მოვიდა რა სისრულე, გაუქმდა ის, რაც ნაწილედია და რჯულის საფარველი ანუ ფარდა მაცხოვრის ჯვარცმით განიპო. ასევე, გაუქმდა ნაწერი, რაჟამს ცეცხლოვანი ენებით გამობრწყინდა სულიწმინდა დაცხრა სხეულებრიობა, აღსრულდა მონობის რჯული და მოგვეცა ჩვენ რჯული თავისუფლებისა.

და ვდღესასწაულობთ ადამიანური ბუნების სრულ „დასვენებას“ (ვამბობ - აღდგომის დღეს), როდესაც უფალმა იესომ, სიცოცხლის წინამძღვარმა და მაცხოვარმა, შეგვიყვანა ჩვენ იმ სამემკვიდროში, რაც ღვთისადმი სულიერად მსახურთათვის იყო აღთქმული, სადაც შევიდა თვით ჩვენი წინამორბედი, რომელიც აღდგა მკვდრეთით და, განეღო რა მას ცის კარიბჭენი, სხეულებრივად დაჯდა იგი მამის მარჯვნივ. იქვე შევლენ ისინი, რომლებიც იცავენ სულიერ რჯულს.

ამიტომ, რომლებიც სულით წარვემართებით და არა ნაწერის მიხედვით, გვეთანადება ხორციელთა სრული უარყოფა, სულიერი მსახურება და ღმერთთან შეერთება, რადგან „წინადაცვეთა“ ესაა სხეულებრივი სიამოვნების, აგრეთვე, ზედმეტობათა და არასაჭიროთა უკუგდება. წინადაუცვეთელი ნაწილიც ხომ სხვა არაფერია, თუ არა კანი ანუ სიამოვნებითი ნაწილის ზედმეტობა, ხოლო ყოველგვარი სიამოვნება რაც ღვთისგან და ღმერთში არ ხდება, სიამოვნების ზედმეტობაა, რისი სახეც არის „წინადაუცვეთელი ნაწილი“, „შაბათი“ კი ესაა ცოდვისგან დასვენება. ამგვარად, ეს ორივე ერთია და როცა ორივე მათგანი ერთობლივად აღსრულდება სულიერთა მიერ, სულ უმნიშვნელო ურჯულოებასაც კი აღარ მოქმედებენ ისინი.

კიდევ, უნდა ვიცოდეთ, რომ რიცხვი „შვიდი“ აღნიშნავს მთელ აწინდელ დროს, როგორც ამბობს უბრძნესი სოლომონი: „მიეცი ნაწილი შვიდთ და რვათაც“ (ეკლ. 11,2) და ღვთისმესიტყვე დავითიც, ფსალმუნებდა რა იგი „მერვისათვის“ (ფს. 6,1), მკვდრეთით აღდგომის შემდგომდროინდელ მდგომარეობაზე ფსალმუნებდა.

ამრიგად, როდესაც რჯულმა ბრძანა, რომ მეშვიდე დღე ყოფილიყო სხეულებრივთაგან უქმობა და სულიერთათვის ზრუნვა, ამით მან საიდუმლოდ მიანიშნა ჭეშმარიტ ისრაელს, ღვთისმხილველი გონების მქონეს, რომ ყოველ ჟამს ღვთისათვის ეძღვნა მას თავი და სხეულებრივთა ზევით ამაღლებულიყო.

 

1. მრისხანება და წადილი (ანუ ძველი ქართულით: „გულისწყრომაჲ“ და „გულისთქუმაჲ“) - ესაა ადამიანის სულის („ფსიხეს“) ორი ნაწილი. მესამე და აღმატებული ნაწილია „პნევმა“, რაც აგრეთვე „გონებად“ იწოდება. ზემოხსენებული ორი ნაწილი (მრისხანება და წადილი) უნდა ემორჩილებოდეს ანუ ემონებოდეს გონებას. ამიტომ ეწოდებათ მათ ამ უკანასკნელის „მონა“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი