ჩუმი გალობა, სავსე ნათელით

ასკეტური ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული
მღვდელმონაზონ ანდრიასი (ყურაშვილი)

თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი (მათე 5, 14)

ცხოვრება კომანში
კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოხუმიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ჩრდილოეთით მდინარე გუმისთა ჩაუდის. ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო. წმიდანის წამების ადგილზე დღესაც მოსჩქეფს სასწაულმოქმედი წყარო. აქ მიაბარა სული უფალს გადასახლებაში მყოფმა კონსტანტინოპოლის დიდმა მღვდელმთავარმა წმიდა იოანე ოქროპირმა. აქ მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს პატიოსანი თავი წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. კომანი წმიდა ადგილია.

მორჩილი ნანა:

კომანის მონასტრის სამრეკლო

მამა ანდრიას სურდა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის სულიერი მამასთან, მეუფე დანიელთან. მეუფემ ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა და შეპირებული იყო, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა თავისთან გადაიყვანდა. მალე მეუფე დანიელს მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაჰყავს და მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნეს. მამა ანდრიამ თავის ძმას წერილი მისწერა. იმის გამო, რომ სოხუმში ბრძოლა უკვე დაწყებული იყო (ბრძოლა სოხუმში დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს. აფხაზი სეპარატისტების ლიდერი არძინბა ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქართული ჯარი მოიწევდა სოხუმისაკენ. 14 აგვისტოს სეპარატისტულმა ძალებმა არძინბას ხელმძღვანელობით ცეცხლი გაუხსნეს ქართულ საჯარისო ფორმირებებს და ომი დაიწყო. სამხედრო მოქმედებები შეწყდა 1993 წლის 27 სექტემბერს. ქართულმა ჯარმა დატოვა აფხაზეთის ტერიტორია და დაიწყო ეთნიკური წმენდა - ქართველთა მასობრივი გენოციდი. კიდევ ერთხელ მოუწია ქართველ ხალხს წარმართი მტრებისგან ტანჯვა-წამება და ხოცვა-ჟლეტა). ის წერილში არაფერს ამბობს მისი სოხუმში გადაყვანის შესახებ. წერილში ის გაკვრით აღნიშნავს, რომ სამსახურის ადგილი შეიცვალა. მაგრამ მშობლებმა ყველაფერი შეიტყვეს.

იღუმენია, დედა თეოდორა:

მე ზუსტად არ მახსოვს როდის და რა ვითარებაში დავმეგობრდით, მაგრამ როდესაც მამა ანდრია სოხუმში ჩამოვიდა, ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვიყავით. მამა ანდრია ხშირად მაძლევდა რჩევებს. თავდაპირველად ჩემთვის არცთუ სასიამოვნო იყო მათი მოსმენა. ჩემთვის ვფიქრობდი: როგორ ხდება, რომ მე, რომელსაც უკვე სამონასტრო ცხოვრების გმოცდილება მაქვს, მჭირდება ახალბედას დარიგებები. მე მიკვირდა, თუ ასეთ მოკლე დროში, როგორ მოასწრო მას შეეძინა მართლმადიდებლური ეკლესიის ეს უდიდესი გამოცდილება. ასე რომ სიამოვნებით ვითვალისწინებდი მის რჩევებს. მე არ მავიწყდება, როგორ მითხრა მან ერთხელ იმერლებისათვის დამახასიათებელი აქცენტით: „როგორც ვწუხვარ, დედაო, შენს გამო. სანამდე აპირებ მონაზონი იყო დაკავებული ამქვეყნიური საქმეებით“. ის იყო ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანი. მღვდელმონაზვნად კურთხევის შემდეგ მამა ანდრიამ პირველი წირვა ჩვენს ეკლესიაში ჩაატრა. საღამოს, ღვთისმსახურების ჩატარებამდე მე შევეცადე დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი დახმარება არ დასჭირდა. მას ყველაფერი უკვე მოფიქრებული ჰქონდა და საღვთო ლიტურგია ისე ჩაატარა, რომ ერთი შეცდომაც არ დაუშვია.  ერთ საღამოს მამა ანდრია  და მორჩილი გაბრიელი კომანიდან სოხუმში ფეხით გაეშურნენ. გზამ ისინი ძალიან დაღალა და მოშიებულებიც იყვნენ. მოსვლისთანავე სუფრა სასწრაფოდ გაუშალეს. მე გაოცებული შევყურებდი მამა ანდრიას. მან ფაქტიურად არაფერი არ იხმია.

ბერი სიმონი:

მეუფე დანიელის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ, მისი სულიერი შვილები მამა ანდრია და მე, სხალთის მონასტრიდან სოხუმში გადავედით (იმ დროისათვის მე ვიყავი მორჩილი გაბრიელი). სოხუმის ქუჩები გავერანებული დაგვხვდა. ჩვენს გარშემო შემზარავი სიჩუმე გამეფებულიყო. სროლების ხმა კანტიკუნტად, ისიც შორიდან აღწევდა. ქუჩებში ჯარისკაცები აქა-იქ თუ გამოჩნდებოდნენ. ქალაქში წესრიგს სამხედროები იცავდნენ. 1993 წლის თებერვლის შუა რიცხვები იყო. აღდგომის მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. მეუფე დანიელის კურთხევით მე და მამა ანდრია კომანისკენ გავემართეთ. ჯერ ფეხით მივდიოდით, შემდეგ ავტობუსით... კომანამდე მიღწევა დიდი გაჭირვებით მოვახერხეთ. მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ განლაგებული იყვნენ აფხაზ სეპარატისტთა სამხედრო ჯგუფები, რის გამოც მდინარის გასწვრივ მოგზაურობსა სახიფათო იყო.

კომანის წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი სოფლის შუაგულში, პატარა გორაკზე იდგა. ჩვენ, ეკლესიასთან იური ანუას ოჯახი შემოგვეგება. მათ დიდად გაიხარეს ჩვენი მისვლით. მათი ასეთი დიდი სიხარულის მიზეზი იყო ის, რომ ტაძარს მღვდელი არ ჰყავდა, რის გამოც ტაძარში საღმრთო ლიტურგია არ აღესრულებოდა. კომანში ჯარისკაცების მეტი არავინ იყო. ომისგან დაღლილამ ჯარისკაცებმა თანდათანობით დაიწყეს ეკლესიაში სიარული. მამა ანდრიას ქადაგებები მათ დიდად ეხმარებოდა. მეუფე დანიელმა ისინი ქრისტეს წმიდა სისხლს და წმიდა ხორცს აზიარა, რამაც მათი ინტერესი ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი კიდევ უფრო გაზარდა, ჩვენ ხშირად ვიმყოფებოდით წინა ხაზზე და ვესაუბრებოდით ჯარისკაცებს რწმენაზე და ღვთის სიყვარულზე. მათ ჩვენი მისვლა ამხნევებდათ და დიდად ახარებდათ. ღვთივკურთხეულ ამ მიწაზე ხალხის რწმენა ძალიან სუსტი იყო. მამა ანდრია ღმრთის სიტყვის ქადაგებით ცდილობდა მათ რწმენაში განმტკიცებას.

ბერი სიმონი:

მამა ანდრიას არ უყვარდა გრძელი საუბრები. ის სათქმელს მოკლედ ამბოდა და მხოლოდ იმის შესახებ, რაც უშუალოს საქმეს შეეხებოდა. მის მიერ ნათქვამი რამოდენიმე სიტყვაც კი საკმარისი იყო ხალხის გულების დასაპყრობად, მათ განსაწყობად სინანულისადმი და მოსაქცევად ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ. ერთხელ მორჩილმა გაბრიელმა აღნიშნა, რომ ძველი აღთქმის წიგნები მოკლებული იყვნენ აზრს და მნიშვნელობას. რისთვისაც ის მამა ანდრიამ დასაჯა მდუმარებით ერთი კვირის განმავლობაში. მამა ანდრია ფლობდა უწყვეტი ლოცვისა და ცრემლების - ამ უდიდეს ნიჭს. მწუხარებას ისე უყურებდა, როგორც კურთხევას. მისთვის უცხო იყო სასოწარკვეთილება, ხოლოს სიკვდილზე ფიქრი მას არასოდეს არ ტოვებდა.

განსაკუთრებით უყვარდა წმიდა მამის სილუან ათონელის ნაშრომების კითხვა, ძველი ეგვიპტური პატერიკი და წმ. იოანე ოქროპირის წერილები ბერმონაზვნებისათვის. მამა ანდრია დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როცა ვინმე ეტყოდა, რომ თანამედროვე მამები ვერ უწევდნენ მეტოქეობას ადრეული საუკუნეების წმიდა მამებს. რომ ჩვენ აღარ გვყანან მკაცრი ასკეტი მამები - ღრმა სულიერი სიბრძნით და გამოცდილებით. მამა ანდრია დაუყოვნებლივ სცემდა პასუხს: „რატომ, რატომ არის შეუძლებელი? იესო ქრისტე ხომ გუშინ და დღეს ერთიდაიგივეა და იგი თავადი არს უკუნისამდე?“ (ებრაელთა მიმართ 13, 8). ღმერთმა მამა ანდრია ადამიანების გულთა დანახვის ნიჭით დააჯილდოვა. იგი კარგად გრძნობდა მასთან შემწეობის სათხოვნელად მისულ გულგატეხილ და დამწუხრებულ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას და შესაბამისადვე, მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე აღმოუჩენდა დახმარებას.

მონაზონი მარიამი:
ერში ზოია ანუა - აფხაზ სეპარატისტთა დაქირავებული ბანდების მიერ მოკლულ იპოდიაკონ გიორგის მეუღლე

წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი

სოფელ კომანში წმიდა იოანე ოქროპირის ეკლესიას მღვდელი არ ჰყავდა. ჩვენ ვლოცულობდით  და ვთხოვდით უფალს, რომ შეესმინა ჩვენი ლოცვა-ვედრება და გამოეგზავნა მღვდელი ჩვენი ეკლესიისთვის, რომელიც დაუღალავად მოემსახურებოდა მას და ღვთის სადიდებლად ყოველდღე ჩაატარებდა საღმრთო ლიტურგიას. რადგანაც იმ დროისათვის არ გვყავდა მღვდელი, მე და ჩემი ქალიშვილი მანანა (ამჟამად მორჩილი მარიამი) მისი უწმიდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ვიხდიდით პარაკლისებს სამშაბათობით წმიდა იოანე ოქროპირის საარკოფაგთან, ხოლო პარაკევობით წმიდა მოწამე ვასილისკოს წყაროსთან (ეს ის ადგილია, სადაც წმიდა ვასილისკო აწამეს).

ერთხელ, ცისკრის ლოცვების დამთავრების შემდეგ (სიტყვების შემდეგ „ყოვლად წმიდაო მეუფეო, გვაკურთხე“), ეკლესიის კარები გაიღო და მამა ანდრია შემოვიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატით ხელში. უფლის მიმართ აღვავლინეთ სამადლობელი ლოცვა და თავყანი ვეცით მის ყოვლადწმიდა დედის ხატს. უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვა და გამოგვიგზავნა ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი. მამა ანდრია მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. როცა არ ლოცულობდა, მუშაობდა. ერთ წუთს არ ისვენებდა. ვხედავდი მის ასეთ ღვაწლს და გული მეკუმშებოდა. ვწუხდი რა მის გამო, არა ერთხელ მითქვამს მისთვის, რომ თავს გაფრთხილებოდა. რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის, შეემცირებინა ლოცვების რაოდენობა (ხანგრძლივი ლოცვები, ხშირი ლიტუგიები, პარაკლისები და მღვიძარება). მამა ანდრია გაიღიმებდა ჩემს სიტყვებზე და მიპასუხებდა, რომ ის სულ რაღაც ორი წლის მოქცეული იყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. განა საკმარისი არ იყო ის ღრმა ძილი, რომლითაც მას აქამდე ეძინა? მამა ანდრია მადლიერი იყო უფლის, რომ ახლა, გამოღვიძებულს, შესაძლებლობა ეძლეოდა, განრიდებოდა ამქვეყნიურ ამაოებას და დაკარგული წლები აენაზღაურებინა.

ერთხელ სიზმარში ვნახე: შუა ეკლესიაში, ანალოგიაზე, დაბრძანებული იყო წმიდა იოანე ოქროპირის ხატი წითელი ფერის გადასაფარებელით. თითქოს მამა ანდრიას მე ამ წითელი ნაჭრისაგან შევუკერე სამღვდელო კაბა. ვხედავ, აცვია ეს კაბა ზემოთა მოსასხამით, თავზე ბერის კუნკულ-ბარტყულით... გამოვიდა საკურთხევლიდან... (საოცარი მადლი იყო მასზე გადმოსული. „ეს წმიდა იოანე ოქროპირის მადლიაო“ - ამბობდა მამა ანდრია) თავი დაბლა ჰქონდა დახრილი მორჩილად. დადგა საკუთხევლის წინ და ის იყო, უნდა დაეწყო ქადაგება, რომ უეცრად გაშალა ხელები და აფრინდა ცაში. დილით რომ გამომეღვიძა, ვიფიქრე, ალბათ მამა ანდრია დატოვებს ეკლესიას და წავა-მეთქი. ჩემმა მეუღლემ დამამშვიდა: „ნუ გეშინია, მას ისე უყვარს კომანი და წმიდა იოანე ოქროპირის ეკლესია, რომ არასოდეს არ დატოვებს მას“. წმიდა იოანე ნათლისმცემლის მთაზე მამა ანდრიამ გვთხოვა, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილზე მისთვის პატარა კელიასავით გაგვეკეთებინა. მას სიმარტოვე სურდა. „მინდა მარტო ვიყო. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ჩამოვალ და წირვა-ლოცვას ჩავატარებ ხოლმეო“ - გვითხრა მამა ანდრიამ.

მორჩილი მარიამი:

ომის დროს, როდესაც სიკვილის მეორე რეალობად იქცა, რა დიდი რწმენის, სიყვარულის და ჭეშმარიტად ღვთიური ნათლის მატარებელი უნდა ყოფილიყო მღვდელი, რომ ამ ყოვლისმომცველ სულიერ სიბნელეში, მის ლოცვას გაერღვია ეს წყვდიადი, სულიერი სიბეცე და მიეღწია ზეცამდე, რათა უფლისაგან გამოეთხოვა მშვიდობა და დიდი წყალობა თავისი ქვეყნისათვის.

ამ უმძიმეს წუთებში, ღმერთმა თავისი შეუცნობი განგებულებით საქართველოს ეკლესიას მოუვლინა ოცდაშვიდი წლის მღვდელმონაზონი, მამა ანდრია - კრავი უმანკო, დაფარული რწმენით და სიყვარულით ღვთისადმი.

მამა ანდრიას სახის გამომეტყველება იყო საოცრად მგრძნობიარე და გულში ჩამწვდომი. თვალში საცემი იყო მისი უბიწოება. იგი გამოირჩეოდა საოცარი მოკრძალებით და უბრალოებით. მიუხედავად მცდელობისა დაემალა ის ღვაწლი, რასაც ის ეწეოდა, შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ და გული არ აგჩუყებოდათ იმ მკაცრ ასკეტიზმზე, რასაც ის თავის მიმართ იჩენდა. მაშინ, როდესაც სხვების მიმართ მამა ანდრია - ეს მკაცრი ასკეტი - იყო საოცრად მოწყალე და შემწყნარებელი. მისი სულის დაფარული ღვაწლი იყო მუდმივი ცრემლები და იესოს ლოცვა, რომელიც მას დიდად ეხმარებოდა ამ ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინა შინაგანი ნათელი - ჩაუქრობელი. მისი შინაგანი სიმშვიდე და განმარტოებისადმი მუდმივი სწრაფვა არ ნელდებოდა...

ომის ვერაგულ დღეებში მის სამწყსოს ხშირად სასოწარკვეთილება და შიში შეიპყრობდა. მამა ანდრიას მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბრები და ღვთივ-კურთხეული სიმშვიდე, რომლითაც სავსე იყო მისი სული, ნუგეშით ავსებდა და ათბობდა ომისგან გატანჯულ და გაწამებულ ხალხის გულებს.

თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი, სულიერად განწმენდილი. იგი იყო საოცრად მოსიყვარულე. ის არავიზე არ ბრაზობდა. ჩვეულებრივ ადამიანურ სისუსტეებს საოცარი სულგრძელებითა და სიყვარულით მიუტევებდა. მის თანაგრძნობას სხვების მიმართ საზღვარი არ ჰქონდა. თავისთვის არაფერს არ იტოვებდა. რაც ჰქონდა, უსაზღვროდ გასცემდა და როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ბავშვური უმანკოებით ხარობდა.

გამუდმებული ლიტურგიები, მღვიძარება წმიდა მოწამე ვასილისკოს საფლავთან, ხშირი მონახულება მთებში ადგილის მესამედ პოვნის პატიოსნისა თავისა წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი, უძილო ღამეები გატარებული წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან ხვეწნა-მუდარაში, რათა მის საყვარელ ივერიაში დამყარებულიყო მშვიდობა - აი, ყველაფერი ეს, რაც ავსებდა მამა ანდრიას ასკეტურ ცხოვრებას კომანში. მამა ანდრია ხშირად აზიარებდა ჯარისკაცებს მაცხოვრის წმიდა სისხლს და წმიდა ხორცს, ნათლავდა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა. მამა ანდრია თავისი ღვაწლით ღვთისაგან განდგომილთა დაბნელებულ გულებს განანათლებდა და განწმენდდა ქრისტეს უტკბილესი, დაუღამებელი ნათლით. ამავდროულად ნელ-ნელა, ფაქიზად, ძალიან დიდი სიფრთხილით მიჰყავდა ისინი ენითაუწერელ, უმშვენიერეს ღვთაებრივ სიყვარულთან.

სატელევიზიო ინტერვიუ მამა ანდრიასთან:

შეკითხვა: მამა ანდრია, სოფელი კომანი ყველაზე ახლოს ცხელი წერტილია ამ ომში. თქვენ რას ფიქრობთ?

მამა ანდრია: მე არავითარ შიშს არ გვრძნობ. შიშის უქონლობა ღვთისგანაა. მე ახლა არ მეშინია, რადგან ღვთის წყალობაა ჩემზე. ეკლესიაში ვარ. რა შეიძლება კიდევ ითქვას? სროლები აღარ ისმის. შეწყდა. თუმცა აქა-იქ კიდევ ისმის. ეს ღვთის წყალობაა და მე არ მეშინია.

შეკითხვა: ხალხი დადის ეკლესიაში? ყველა ჯარისკაცი ამ სოფლის მაცხოვრებელია. მათ გარდა, აქ კიდევ არიან ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დადიან ისინი ეკლესიაში?

მამა ანდრია: დიახ, ჯარისკაცები დადიან. ისინი ვინც ახლოს არიან ეკლესიურ ცხოვრებასთან.

შეკითხვა: პოულობენ ისინი ეკლესიაში ნუგეშს?

მამა ანდრია: ღვთის შეწევნით ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ვესაუბრები მათ ღმერთზე. ვცდილობ ავუხსნა მათ, რამდენადაც შემწევს ამის უნარი... დიახ, ჯარისკაცები დადიან, მაგრამ მათ შორის არ არის მოსახლეობა. ერთი ან ორი კაცი თუ იქნება...

შეკითხვა: ქალები და ბავშვები თუ არიან? ბევრნი არიან?

მამა ანდრია: დადიან მხოლოდ ისინი, ვინც ეს ეკლესია აღადგინა. ასევე ერთი ან ორი სხვაც თუ იქნება...

შეკითხვა: მამა ანდრია, როგორია თქვენი შეხედულება, რას იტყოდით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე? როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება მისი გადაჭრა?

მამა ანდრია: ჩემი, როგორც მღვდლის თვალსაზრისი შემდეგია. ამ კონფლიქტის მიზეზი ჩვენი ღმერთთან დაშორებაა. ასევე, ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის შედეგია, მაგრამ კაცთაგან შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია. თუ იქნება უზენაესის ნება, ყველაფერი შესაძლებელია. ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკანასკნელ ჟამს ქართული ეკლესია გაბრწყინდება, ნამდვილად, უკანასკნელი ჟამია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა, რადგან ამის ნიშნები ნელ-ნელა იკვეთება. ჩვენ ასევე წმიდა მამებისგან და ჩვენი წინაპრებისგან ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და მსახურება ღვთისადმი არ დამთავრდება არც აფხაზეთით და არც ამ სოფლით. და იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიაროს, საჭიროა ქვეყანაზე მშვიდობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ღვთის ნებით მშვიდობა დამყარდება.

შეკითხვა: მაინც რა შეიძლება გაკეთდეს?

მამა ანდრია: მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის გადაჭრა. დღეს, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენი განსაცდელია, რომელიც უფალმა ისევ ჩვენს სამკურნალოდ დაუშვა. ჩვენი სულის საცხოვნებლად მოგვეცა. ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაგრამ ეს მალე არ მოხდება. მე მხოლოდ ღმერთზე ვსასოებ და მის წმიდა ნებაზე, ჭეშმარიტად, ღმრთის წმიდა ნებას ვარ მინდობილი.

მონაზონი მარიამი:

მამა ანდრიას განმარტოებით უყვარდა ლოცვა, განსაკუთრებით გვიან ღამით და ცისკარზე. ერთხელ, მან მითხრა: „ალბათ უფალი დაგაჯილდოვებთ ასეთი ლამაზი ეკლესიის აღდგენისათვის. მაგრამ მე გთხოვთ ნება დამრთოთ, მარტო დავრჩე ეკლესიაში“. არ შემეძლო დავთანხმებულიყავი: „ეს ეკლესია თავიდან ბოლომდე მე და ჩემმა მეუღლემ აღვადგინეთ. არასოდეს, სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ მივატოვებ მას“ - ვუპასუხე მე. შემდეგ ვაჩვენე მეუფე დავითის ბრძანებულება (მეუფე დავითი გარდაიცვალა სოხუმში 1992 წელს), რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე უნდა დავესაფლავებინეთ აქ, წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიაში. მამა ანდრიამ წაიკითხა ბრძანებულება, გადამეხვია და დასძინა: „ღმერთმა ინება ჩვენი ერთად მსახურება, ცხადია, ჩემი ხვედრი სიმარტოვე არ ყოფილა“.

ბერი სიმონი:

მტერმა მონასტერსაც ბევრჯერ გაუხსნა ცეცხლი. მორჩილმა გაბრიელმა ჰკითხა: „მამა ანდრია, არ გეშინიათ?“ ამის პასუხად მამა ანდრიამ მიუგო: „თუკი მარადიული სატანჯველის არ გეშინია, რატომ უნდა გეშინოდეს აფხაზების? შენ, გაბრიელ, ხომ არ გეშინია სიკვდილის?“ იცოდა რა მამა ანდრიას პასუხი, ის ღრმად ჩაფიქრდა სულის ხსნაზე და უპასუხა: „იყოს ღვთის ნება...“ მამა ანდრიამ გააგრძელა: „დარწმუნებული ხარ, რომ სრულიად მიანდე შენი თავი უფალს?“ მამა ანდრიას დამოკიდებულება სიკვიდლის მიმართ იგივეა, რაც წმიდა მამების. წმიდა მამების მსგავსად ის მტკიცედ სასოებდა ღვთის წყალობაზე და არასოდეს არ ივიწყებდა ადამიანის პიროვნულ არარაობას და უსუსურობას ღვთის წინაშე.

იღუმენია, დედა თეოდორა:

ჩვენ კომანში მამა ანდრიას გარდაცვალებამდე ვიყავით, სადაც ჩასვლა უკვე სახიფათო იყო. მამა ანდრია პარაკლსის გადახდისას არ ჩქარობდა. ჩვენ მშვიდობიანად დავბრუნდით ეკლესიაში. დაბრუნებისას გზაში გავაბით საინტერესო საუბარი. სამწუხაროდ, ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ, არ მახსოვს. ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო ჟამის ბერ-მონაზვნობაზე. მამა ანდრიამ საუბრისას აღნიშნა, რომ სულიერად უფრო ახლოს წმიდა სილუან ათონელთან იყო. მამა ანდრია ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა ადრეული საუკუნეების მამებისათვის და გამხდარიყო მათი ღირსეული მემკვიდრე. საუბრისას ის იყო ფრთხილი და ზომიერი, თავშეკავებული და თავდაჭერილი. უფალი და თავისთავში ჩაღრმავება - მისი ცხოვრების მრწამსი იყო. გული განმარტოებისკენ მიუწევდა. ერთხელ მას ხუმრობით ვუთხარი, რომ ხომ არ იყო „ხიბლში“ (რასაკვირველია, მე ასე არ ვფიქრობდი). ის ჩაფიქრდა ჩემს ნათქვამზე და მიპასუხა: „დედაო, ჩემთვის ეს არ არის დიდი ასკეტური ღვაწლი. მე უბრალოდ, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია“. ერთხელ მეუფე დანიელის კურთხევით, ყველანი მამა სერაფიმეს სახლის საკურთხებლად გავეშურეთ (მღვდელი სოხუმში). მამა ანდრიაც ჩვენთან იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მანდარინის ხეები, რომლებიც ჩვენ ბაღში შევნიშნეთ. ყველამ, ბავშვურად გამოვხატეთ ჩვენი აღტაცება. პირველმა მე შევამჩნიე, რომ მამა ანდრია ჩვენი საქციელით უკმაყოფილო იყო. ის ვერ შეურიგდა წმიდა მსახურების შეწტყვეტას. მისმა უკმაყოფილებამ შეაცბუნა ერთი მორჩილი. მამა ანდრია ძალიან შეწუხდა, როცა დაინახა, როგორ განიცდიდა მორჩილი.

მონაზონი ელენე:

კომანში ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიას. ჩვენი მასპინძლები იყვნენ ზოია ალექსანდრეს ასული ადამია, იური (გიორგი) ანუა და მათი ქალიშვილი მანანა. მანანა გვხიბლავდა თავისი კეთილშობილებით და თავმდაბლობით. ის იყო საოცრად სათნო და მოკრძალებული. მას მტრედივით ღუღუნა ხმა ჰქონდა. სითბო, რომელსაც ეს ლამაზი ოჯახი ჩვენს მიმართ იჩენდა, დიდად გვეხმარებოდა სოხუმში სტუმრობისას. მღვდელმონაზონი ანდრია ღვთისმსახურებას ატარებდა კომანის წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში. მისი ამტანობა გასაოცარი იყო. მას ხალხში ყოფნა ეძნელებოდა. სიმარტოვე სწყუროდა. ის ეძებდა განმარტოებულ და მშვიდ ადგილს, რომლის პოვნაც აფხაზეთში იმ დროს შეუძლებელი იყო, რაც გულს ტკენდა. მე ყოველდღე ვატარებ საღვთო ლიტურგიას, ვიმყოფები საკურთხეველში, მაგრამ ამისთვის არც გამოცდილება მყოფნის და უღირსიც ვარ - თქვა მამა ანდრიამ. ბევრჯერ შეეცადა წასვლას, მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო. იცოდა, რომ კომანს ვერ მიატოვებდა, რადგანაც საღვთო ლიტურგიები, რომლებიც აქ აღესრულებოდა და ღვთის მადლი, რომელიც ამ ლიტურგიებიდან მოდიოდა, უნდა გამხდარიყო მშვიდი ნავსაყუდელი მთელი საქართველოსათვის, განსაკუთრებით კი აფხაზეთისათვის. კომანში დარჩენილებს ნუგეში სჭირდებოდათ. მამა ანდრია საოცრად მგრძნობიარე იყო. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველაფერს. ფსალმუნებს ყოველდღე კითხულობდა თავიდან ბოლომდე. უთქმელი კაცი იყო. დიდ ფუფუნებად მიაჩნდა საკუთარი გრძნობების გამოხატვა. ერთხელ მან გაგვაფრთხილა, რომ კომანში, სანამ ძალიან არ დაბნელდებოდა არ მივსულიყავით, რადგან აფხაზი ჯარისკაცები ეკლესიაში დადიოდნენ თითქმის ყოველდღე (არა უმეტეს ორმოცი კაცისა). ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სხივმოსილ, ამაღლებულ და წმიდა სულს.

ბერი სიმონი:

კომანში მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა. საარტილერიო ცეცხლი არ წყდებოდა. იყვნენ დაჭრილები. ერთ-ერთი დაბომბვისას იური ანუას სახლი დაიწვა, ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ცრემლი მათ თვალებში. გვამშვიდებდნენ - „ყველაფერი ღვთის ნებაა. მთავარი ისაა, რომ ღმერთს არ მივუტოვებივართ“.

მამა ანდრიას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა. მტრის შემოჭრის შემთხვევაში სიკვდილს ღირსეულად შეხვედროდა.... მაგრამ მე (მორჩილი გაბრიელი) მუდამ შიშში ვიყავი. როდესაც მამა ანდრია ხედავდა ჩემს ასეთ მდგომარეობას, იტყოდა: „ნუ გეშინია. საშიში ცათა სასუფევლის გარეშე დარჩენაა. მოემზადე. ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს“. ამ დროს მე ვმშვიდდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, მტერი კომანს ვერ აიღებდა, რადგან ამ კურთხეული მიწის წმინდანები არ დაუშვებდნენ, რომ მტერს ეს წმიდა ადგილი წაებილწა... მაგრამ თურმე ვცდებოდი. როგორც ჩანს, ღმერთი ჩვენგან სულ სხვას ითხოვდა. უფალს ჩვენში ჭეშმარიტი რწმენის დანახვა სურდა, რომლისგანაც ჯერ კიდევ ძალიან შორს ვიყავით. ამაში მდგომარეობს მიზეზი ჩვენი მწუხარებისა...

ყოველ წუთს მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ჩემთვის ის გაუსაძლისი გახდა. თითქოსდა ყველა სროლა ჩემსკენ იყო მომართული. ყოველი აფეთქებული ჭურვი თითქოს ჩემს გულს ეცემოდა... ლოცვას ვეღარ ვახერხებდი. სიმშვიდე დავკარგე. როდესაც მეუფე დანიელმა შეიტყო ჩემი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სოხუმში გადამიყვანა. სადაც შედარებით მშვიდად ვგრძნობდი თავს.

მორჩილი მარიამი:

1993 წლის 5 ივლისია (35 ქართველი მებრძოლი პირისპირ აღმოჩნდა 1500 კაციან კბილებამდე შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ, დნესტრელ გენერალ ლებედის ხელმძღვანელობით. მათთან იყვნენ ჩეჩნები, სომხები, კაზაკები და ათასი სხვა არამზადა. დახმარებას არსაიდან არ მოელოდნენ. არც სოხუმი ეხმარებოდათ. უკან დახევა აუცილებელი იყო. მაგრამ მაიორმა ზაზა  პაკელიანმა და ბატალიონის წევრებმა კომანი არ მიატოვეს. სულით არ დაცემულან და სიკვდილს თვალებში ჩახედეს: გუნტერ გულედიანმა, ანზონ სუბელიანმა, ეგნატე კვიციანმა, თამაზ ჩხეტიანმა, ადამ გვიჩიანმა, ვალოდია და მალხაზ კახიანებმა, გოგი და ზაური გვიჩიანებმა, მერი პაკელიანმა, ალექსანდრე გამსახურდიამ, ელგუჯა გვიჩიანმა... საუკუნოდ იყოს ხსენება მათი! ყველასგან განწიურლი კომანი დაეცა). კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. სიკვდილის რეალური საშიშროება ძალიან ახლოს იყო. მამა ანდრიამ ყველას მოგვიწოდა, ქრისტიანული ღირსებით და მორჩილებით მიგვეღო ღვთის მიერ ჩვენზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი.

როდესაც მტერი კომანში შემოვიდა და ჩვენთვის უცნობი ხმები ეკლესიის შორიახლოს გაისმა, ვიგრძენით, თუ რა ახლოს იყო სიკვდილი. ამ გაუსაძლის წუთებშიც კი მამა ანდრიას სახეზე სიმშვიდე აღბეჭდოდა. მისი მშვიდი გამოხედვა გვამშვიდებდა და გვაძლევდა საშუალებას სულიერად უფრო ღრმად ჩავწვდომოდით იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა. თითქოსდა ჯოჯოხეთის მთელ ძალებს ეკლესიის გარშემო მოეყარათ თავი. უცებ ყვირილის ხმა მოგვესმა. დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია, დაიყოვნებლივ, ტყვიების წვიმის ქვეშ მათკენ გაეშურა. დახმარებას ითხოვდნენ კომანის ინვალიდთა სახლის მოხუცები. სულ მალე ბრძოლამ პირდაპირ ეკლესიის ეზოში გადაინაცვლა.

(გაგრძელება)