პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში

დაკარგული საუნჯის აღმოჩენა

ორი ათასი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც იუდეის პატარა ქალაქ ბეთლემში ყოვლადუბიწო ქალწულ მარიამისაგან იშვა ძე ღმრთისა და მაცხოვარი სოფლისა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. კაცთა ცხოვნებისათვის ჯვარბე ვნებელმა და მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ამქვეყნად დააარსა თავისი ეკლესია - ერთადერთი მხსნელი კიდობანი და მატარებელი საღმრთო მადლისა, რომელიც წმიდა მოციქელებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, რომელსაც წილად ხვდა ივერიის მიწა-წყალი, საქართველოში იესო ქრისტეს სახარება იქადაგა ანდრია პირველწოდებელმა, მასთან ერთად კი სვიმონ კანანელმა, მატათა და ბართლომე მოციქულებმა, მეოთხე საუკენემი კი ღმრთის დედის მიერ ბოძებელი ვაზის ჯვრით წმიდა ნინომ განანათლა სრულიად საქართველო, ასე იზრდებოდა ქრისტეს ეკლესიის დიდი ოჯახი, ვიდრე მას IX საუკენეში ბულგარელი ხალხიც არ შეუერთდა, ჭეშმარიტმა რწმენამ დააკავშირა ორი მართლმადიდებელი ერი. განვლო კიდევ ორიოდე საუკენემ და ქართველი მხედართმთავრის მიერ ბულგარეთის მადლიან მიწაზე დაარსებულმა პეტრიწონის სავანემ საქართველოსა და ბულგარეთს შორის სულიერი ერთობა საუკუნოდ განამტკიცა. მათი ისტორიელი ხვედრიც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს - ისინი საუკენეების მანძილზე მუსულმან დამპყრობთა უღელქვეშ იტანჯებოდნენ. პეტრიწონის ქართველთა სავანე კი, ვითარცა ნათელი და თბილი კერა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ძნელბედობის ჟამს განამტკიცებდა და ნუგეშით აღავსებდა ბულგარელ ხალხს. და აი, XIX საუკუნეში იგი იწყებს ბრძოლას სამშობლოს გასათავისუფლებლად. მუსულმანთა დაქსაქსული ჯარი უკან იხევს. 1878 წლის 6 იანვარს სულეიმან-ფაშას მეომრებმა პეტრიწონის მონასტერს ალყა შემოარტყეს; ღმრთისმშობლის სავანე დიდი საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ უფალმა მას მოუვლინა მხსნელი - რუსეთის არმიის რაზმი ქართველი კაპიტნის გიორგი ჯორჯაძის მეთაურობით, რომელმაც ბულგარელთა უწმინდესი სალოცავი თურქ-ოსმალთა დარბევას გადაარჩინა. მადლიერმა ბერებმა გიორგის მთელი სავანე შემოატარეს და იმ ფარული საგანძურის ხილვის ღირსიც გახადეს, რომელიც მტერთაგან საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული. ბულგარელმა მამებმა დიდი პატივით მიიღეს გიორგი, რადგან იცოდნენ, რომ მათი მხსნელი ტომით ქართველი იყო, პირმშო იმ ერისა, რომლის შვილებმაც აღაშენეს და განამშვენეს პეტრიწონის სავანე. ბულგარელებს ახსოვდათ თავიანთი კეთილისმყოფელნი, თავად ქართველთა მეხსიერებიდან კი ჟამთა ვითარებით წაშლილიყო და დაკარგულიყო უცხოეთში ქართული სავანის ხსოვნა.

ეს ხსოვნა გიორგი ჯორჯაძემ გაუღვიძა თანამემამულეებს; მან თავს გარდახდილი მოვლენების კვალდაკვალ გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით „ივერიის მონასტერი ბულგარეთში“, რომელმაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში აღადგინა ქართული მონასტრის არსებობა შორეული ბულგარეთის მიწაზე.

 

მონასტერი როდოპის მთებში

უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთების ჩრდილოეთ კალთაზე აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე, რომლის თაობაზეც გიორგი ჯორჯაძე გასულ საუკუნეში ამცნობდა ქართველ მკითხველებს.

პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის სავანე სიდიდით მეორე ადგილზეა ბულგარეთში რილის მონასტრის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე ჩეპელარსკას მერჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. მისგან 30 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქი პლოვდივი, წარსულში ფილიპოპოლი; „ბულგარეთის იერუსალიმად“ წოდებული ასენოვგრადი კი მონასტრიდან ათიოდე კილომეტრშია. მაღალი გალავნით გარშემოვლებული და მთლიანად მწვანეში ჩაფლული სავანე გარედან ნამდვილ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მის წინ მრავალწლოვანი ჭადრები და კაკლის ხეები აზიდულან. როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩეპელარსკას მჩქეფარე ტალღები აი უკვე ცხრა საუკუნეა ამკობენ მონასტრის შემოგარენს.

მონასტრის კარიბჭე

ამ მიდამოებში ჰავა რბილია და შედარებით თბილი, ნამდვილი სიცივე შუა დეკემრიდან თებერვლის დასაწყისამდე იცის; მაგრამ ამ პერიოდშიც ხშირია მზიანი დღეები. თოვლი დიდი ხნით არ ჩერდება. მხოლოდ რამდენიმე დღეა იანვარში, როდესაც ტემპერატურა - 7-10 გრადუსამდე ეცემა. ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარშია. ძალზე იშვიათია, რომ ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავიდეს. ეგეოსის ზღვიდან მონაბერი თბილი და საამო ქარები ამ რაიონში ქმნიან სასიკეთო პირობებს ყოველგვარი ხე-მცენარეების - ბალის, ლეღვის, ხურმის, ატმის მოსაყვანად. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ხარობს ნაირგვარი ხილი და ბოსტნეული.

ტბილი, ანკარა, ყინულივით ცივი მთის წყაროებით, გვალვებშიც რომ არ შრებიან, სურნელოვანი ყვავილებით მოჩითული ლამაზი მდელოებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით შეუმოსია უფალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე, რომელიც გაუშენებიათ „შორს სოფელთაგან და მსოფლიოთა, ამას შუენიერსა უდაბნოსა, რომელი აღასავსე არს ყოვლითა კეთილითა, ესე-იგი არს მრავლითა და ტკბილითა წყლითა და წყაროებითა და მათ შინა მრავლითა და გულის-სათქუმელითა თევზითა და თითო-სახითა ნაყოფითა, ხილითა და ვენახებითა და მხლითა და გუარად-გუარადითა და სხვითა ყოვლითავე, რომელიცა უხმს მონაზონთა“.

პიროვნება, ვისაც ასე საგულდაგულოდ შეურჩევია ადგილ-მამულები, აღუშენებია და დაუმკვიდრებია ამ თვალწარმტაც მიდამოში სავანე, გახლდათ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელმაც XI საუკუნის მიწურულს - 1083 წელს, ბულგარეთის მიწა-წყალზე დააარსა ქართული მონასტერი, სადაც ქართველი ბერ-მონაზონნი მშობლიურ ენაზე აღუველენენ უფალს ლოცვასა და ქება-დიდებას.

 

გრიგოლ ბაკურიანის-ძე, დამაარსებელი და მაშენებელი პეტრიწონის მონასტრისა

გრიგოლ ბაკურიანის ძის
ფრესკული გამოსახულება

გრიგოლ ბაკურიანის-ძე იყო ტაოელი, ძე ერისთავთ ერისთავის ბაკურიანისა. ბაკურიანსა და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ და შესანიშნავი ოჯახების პატრონებიც იყვნენ; ბაკურიანს ჰყავდა ორი ვაჟი და რამდენიმე ასული, ხოლო ხვასროვანს - ერთი ვაჟი, ბიძის მოსახელე ბაკურიანი.

გავლენიანი და წარჩინებული დიდგვაროვნების ვაჟებს მემკვიდრეობად მხოლოდ მამის სახელი დარჩათ, რადგან ბაკურიანი ადრე გარდაიცვალა და დედამ ადგილ-მამული და ქონება უთავრესად თავის ქალიშვილებს მისცა მზითვად; ამის შესახებ გრიგოლ ბაკურიანის-ძე სინანულით მოგვითხრობს: „რამეთუ ნეტარი მამაი ჩუენი ვინაითგან ადრე მიიცვალა და ჩუენ მცირენი დაგვიტევნა და ჰასაკად ვერ მოწიფებულნი, ამისთვის ყოველი მონაგები და სახმარი მამისა ჩუენისა დედამან ჩუენმან დედობრივისა ჭირვეულობასა მიხედვითა სხუათა მათ შვილთა თვისთა დათა ჩუენთა ზითვად მისცა და ჩუენ შიშუელნი დაგვიტევნა ყოვლისაგან მამულისა და დედულისაგანცა სახმრისა. და დანი ჩუენნი ზითვითა მათითურთ წარვიდეს ქმართა მათთა და განიბნინეს სხუათა და სხუათა შინა სოფელსა და მუნ წარაგეს ყოველი“.

დაობლებულ გრიგოლსა და მის უმცროს ძმას აბაზს თავად მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა. მრავალი გაჭირვება დაითმინეს და დიდი ნიჭის წყალობით ძლიერ დაწინაურდნენ ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით გრიგოლი. თავდაპირველად იგი იყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების ჯარების მხედართმთავარი; სხვადასხვა დროს მსახურობდა მშობლიურ საქართველოში, სომხეთში, სირიაში, განმგებლად იყო კარნუ ქალაქში (თეოდოსიოპოლში), ანისში, კარში. შემეგ დასავლეთში გადავიდა და გახდა ბიზანტიის იმპერიის დასავლეთის დიდი დომესტიკოსი, ანუ მთავარსარდალი. ამ დროს მისი რეზიდენცია იყო ადრიანოპოლში, ამასთანავე ფილიპოპოლის გარეუბანში ჰქონდა სასახლე და ადგილ-მამული. იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც გრიგოლსა და მის თანამემამულეთ მიუძღოდათ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრების თავგანწირულ დაცვაში, იმპერატორებმა მას სხვა მხარეებშიც უბოძეს მამულები - ტაოში, ანისში, ეგეოსის ზღვის პირას მოსინოპოლში.

XI საუკუნეში ბიზანტია წარმოადგენდა უზარმაზარ იმპერიას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს ესაზღვრებოდა, ქართველთა მიწა-წყლის ერთი ნაწილ - ტაო-კლარჯეთის კი უშუალოდ მის ფარგლებში შედიოდა. ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VII დუკას (1071-1078) მეუღლე მარიამ-მართა საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხის ასული იყო; მიხეილსა და მარიამს ჰყავდათ შვილი კონსტანტინე, რომელსაც ზრდიდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი, ბერძენი ეპისკოპოსი თეოფილაქტე ოხრიდელი. ბუნებრივია, მაშინ ბიზანტიის სამეფო კარზე ქართველებიც მოღვაწეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ ტაოელი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის ვაჟებიც - გრიგოლი და აბაზი. 1078 წელს ნიკიფორე ბოტანიატმა ტახტიდან ჩამოაგდო მიხეილ მეფე. მარიამ დედოფალი იძულებით ცოლად გაჰყვა ახალ იმპერატორს. ხანშიშესულმა უშვილო ნიკიფორემ გადაწყვიტა, სამეფო კვერთხი გვერდითი შტოსათვის, სინადინების გვარისთვის გადაეცა. ამით უკმაყოფილო ალექსი კომნენოსმა, მომავალმა იმპერატორმა, მისმა უფროსმა ძმამ ისააკმა და მარიამ დედოფალმა შეკრეს კავშირი, რომელმსაც მიემხრო ალექსისთან დაახლოებული გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. შეთანხმდნენ, რომ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ავიდოდა ერთ-ერთი კომნენოსი, ხოლო მარიამის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, ხელისუფლებას გაუნაწილებდნენ. აღსანიშნავია, რომ მარიამ დედოფლის ძმისშვილი ირინე ცოლად შეირთო იმპერატრო ალექსი კომნენოსის უფროსმა ძმამ ისააკმა. მათი ვაჟი იოანე-ადრიანე XII საუკუნის ორმოციან წლებში ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი გახდა.

კომნენოსთა განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა - ნიკიფორე ბოტანიატმა უარი თქვა სამეფო ტახტზე და ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინი დაიდგა ალექსიმ, რომელმაც საფუძველი დაუდო კომნენოსთა დინასტიას. ალექსის გამეფებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა გრიგოლ ბაკურიანის ძემ და მადლიერმა იმპერატორმა მას დასავლეთის დიდი დომესტიკოსის, ანუ ევროპაში იმპერიის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა უბოძა. იმ დროისათვის გრიგოლ სევასტოსის („პატიოსანი“) წოდესაც ჰქონდა მინიჭებული. თუკი იმპერიაში სულ ორი დომესტიკოსი იყო - აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, და მათგან ერთ-ერთს ქართველი მხედართმთავარი ფლობდა, მისი ტიტული - სევასტოსი ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში მეორე იყო კესაროსის შემდეგ.

1086 წელს ბიზანტიას პაჭანიკები შემოესივნენ. როდესაც ბიზანტიელები მიუახლოვდნენ ციხე-სიმაგრე ბელიატოვოს, სადაც პაჭანიკები იყვნენ დაბაკანებული, გრიგოლ ბაკურიანის-ძემ სტრატეგიულად არახელსაყრელი პირობების გამო თავი შეიკავა იერიშისაგან. პაჭანიკებს კარგად გაემაგრებინათ ბელიატოვოს მისასვლელები და ასეთ პირობებში პირდაპირი იერიშით ციხე-სიმაგრის აღება და გამარჯვება საეჭვო იყო. მაგრამ თავისი მოადგილის, ნიკოლოზ ვრანას დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო ბრძოლა, რომელშიც ბიზანტიელები დამარცხდნენ. გმირულად დაიღუპა თვით ნიკოლოზ ვრანა და მასთან ერთად გრიგოლ ბაკურიანის-ძეც. როგორც მეისტორიე ანა კონენა გადმოგვცემს: „დომესტიკოსი გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემართების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული“.

როდესაც ალექსი კომნენოსმა თავისი ერთგული მხედართმთავრის სიკვდილის ამბავი გაიგო, მწარედ დაიტირა იგი, რადგან გრიგოლი განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა. თავისი მეფობის ხანაში სწორედ ალექსიმ უბოძა და ოქროსბეჭდით დაუმტკიცა ბაკურიანის-ძეს სოფელი პეტრიწო ფილიპოპოლის თემში, სადაც კეთილმორწმუნე ქართველმა სარდალმა უფლის სადიდებლად და თავისი სულის საცხოვნებლად დააარსა პეტრიწონის სავანე, რომელიც ყოვლადწმდია ღმრთისმშობელს მიუძღვნა.

 

გრიგოლ ბაკურიანის-ძე - მართლმადიდებლობის აღმსარებელი და დამცველი

XI საუკუნეში ბიზანტია მართლმადიდებლური სარწმუნოების ბურჯი და მთავარი დამცველი იყო მსოფლიოში. გრიგოლ ბაკურიანის-ძეც მათ შორის იყო, ვინც ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ამ ღმრთისმოსავ სახელმწიფოს. „ნებითა ღმრთისაითა, ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა მათისა მიმდგომნი ვართ და აღმსაარებელნი და მოწაფენი მათნი“ - ქართველთა სახელით ამბობს მადლიერი მხედართმთავარი და მოწმობს, რომ თავის მრავალრიცხოვან ერთიან - ტაოელ ქართველებთან ერთად ბევრჯერ დაუღვრია სისხლი საბერძნეთის კეთილდღეობისათვის: „ჰასაკითგან სიყრმისა ჩემისაით და ვიდრე სიბერედ ჩემდამდე არაოდეს უდებ ვიქმენ დათხევად სისხლთა ჩემთა და თვისთა ჩემთასა და მრავლისა მის ერისა ჩემისასა სათნოყოფისათვის მეფობისა მათისა, ვინაიცა ვიბრძანე მსახურებად აღმოსავლეთს გინა დასავლეთს საბერძნეთისა სარგებელსა და მსახურებასა“. არ იქნება ტყუილიო, ამბობს გრიგოლი, თუ ვიტყვი, რომ ცოტა ჩვენგანი მომკვდარა თავის სარეცელზე მშვიდობით, უმეტესობა კი „ხელთაგან საბერძნეთისა და ძელისა ცხორებისა მტერთაისა მახვილითა მომწყდარ არიან“. საქმე იქამდეც მისულა, რომ თვითონ მე და ჩემთან ერთად არა მცირედი ჩემი ერი ტყვედ ჩავცვივნულვართ საბერძნეთის მტრების ხელშიო.

მრავალი ბრძოლა გარდაუხდია ქართველ მთავარსარდალს. მათგან ყველაზე დიდებული იყო ომი პაჭანიკებთან, როდესაც ღმერთმა გრიგოლის წინამძღოლობით მართლმადიდებელ მხედრობას მიანიჭა ქრისტიანთა მტრებზე საკვირველი გამარჯვება. ამ გამარჯვებისთვის ალექსი მეფეს თავისი სამეუფო შესამოსლით დაუჯილდოებია გრიგოლი. აი, რას მოგვითხრობს თავად სარდალი ამ ბრძოლის შესახებ: „ღმერთმან დიდითა ძალითა თვისითა და შეწევნითა ძლიერისა მარჯუენისა თვისისაითა დაამხუა ჩუენ მიერ უშჯულოი და ფრიად მძლავრი მტერი ქრისტიანეთა და საბერძნეთისაი ნათესავი პეწინაგთაი, რომელთაცა ძლეულებაი და მოსრვაი წიგნითა აღწერად ვერ ძალ-მიც“. დასასრულ კი სიხარულით ამბობს, რომ ჩემი აღსრულების შემდეგაც კიდევ დიდხანს გაიხსენებენო მაშინ ღმრთის მიერ აღსრულებულ სასწაულს.

ქართველ სარდალს დიდი პატივი ჰქონდა ბოძებული და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა უპყრა ბიზანტიის იმპერიაში - პატივით იყო სევასტოსი და თანამდებობით დიდი დომესტიკოსი. მაგრამ მას თავი არასოდეს განუდიდებია, რადგან უმთავრესი ქრისტიანული სათნოებით - თავმდაბლობით იყო შემოსილი. მის ყველაზე დიდ საუნჯეს კი არა მიწიერი პატივი და სიმდიდრე, არამედ ჭეშმარტი მართლმადიდებელი სარწმუნოება შეადგენდა. „მე გრიგოლ, ფრიად და ცოდვილმან და უღირსმან მონამან ქრისტესმან, ვიხილე თავი ჩემი სიყრმით ჩემითგან და ვიდრე სიბერედმდე ამაოდ და ცარიელად ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ოდენ ღირს-ქმნულად ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ქართველთასა...“. თავად პატივსა და ქონებას გრიგოლი ღმრთისაგან მონიჭებულად თვლიდა და მადლობდა უფალს: „ესე ყოველი - გინათუ მონაგები, გინა სახმარი, ანუთუ პატივი მთავრობისაი მომიგიეს, - ყოველივე შეწევნითა ღმრთისაითა ქმნილ არს ჩემდა და მშობელთა ჩემთა ლოცვითა და თვით ჩემითა მრავლითა ტანჯვითა და მოჭირვებითა და სისხლთა დათხევითა“.

საკვირველია გრიგოლის რწმენა. მას ღრმად სწამდა, რომ უფლის გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება და მტრის ტყვეობიდან თავდაღწეული მადლობას უძღვნიდა უფალს: „ტყუეობისაგან გამომიხსნა ღმერთმან წყალობითა თვისითა“. იგი ყველა საქმეში ხედავდა კაცთმოყვარე ღმერთის განგებას, რომელიც ყველაფერს ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს; ამიტომაც მუდამ უფალზე იყო მინდობილი, მას სასოებდა და თავის მიერ აღსრულებულ ყველა კეთილ საქმეს ღმრთის მადლს მიაწერდა: „...რომელნი-ეგე დასაბამითგან მიცნობთ მე, უწყით კეთილად ყოველი ხარკებაი და სწრაფაი და ოფლითა მრავლითა შრომილებაი ჩემი, და ნიჭნი ღმრთისანი, რომელნი-იგი არა მე, არამედ მადლმან ღმრთისამან ქნა ჩემ თანა“.

რაც მთავარია, გრიგოლ ბაკურიანის-ძეს სწამდა, რომ იგი უფლის ნებით იყო დადგენილი მართლმადიდებლელი ბიზანტიის სამსახურში, რასაც მოწმობს მისი გულწრფელი აღიარება: „მე გრიგოლ, ნებითა ღმრთისაითა სევასტოსი და დიდი დომესტიკოსი ყოვლისა დასავლეთისა“. დასავლეთის დიდი დომესტიკოსი დარაჯად უდგა მართლმადიდებლობით ქრისტეს მოსავ უმძლავრეს ქვეყანას და ბერძენთა სამსახურში თავისი საქმიანობით, მარადიულ, ზეციურ სასუფეველზე ზრუნავდა, ხოლო საქართველოს, როგორც მიწიერ სამშობლოს, მის გულში სრულად განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

გრიგოლ ბაკურიანის-ძის დამოკიდებულებას სამშობლოსა და თანამემამულეებთან ცხადჰყოფს გურიის პატარა სოფელ მეწიეთში აღმოჩენილი „მარხვანი“, სადაც მეფე დავით აღმაშენებელთან, დედოფალ თამართან, ღირს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან ერთად მოხსენიებულია გრიგოლ ბაკურიანის-ძეც: „ყოველთა ნათესავთა ჩუენთა მასპინძლისა ქართველთა გრიგოლ სევასტოსისა ბაკურიანის ძისა და ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოსისა მართლმადიდებელისა საუკუმოიმცა არს სახსენებელი“. ამ ხელნაწერში გრიგოლი იწოდება ყოველთა ქართველთა მასპინძლად, და მკითხველს თავად შეუძლია იგულისხმოს, თუ რამდენ სტუმარს მიიღებდა საქართველოდან და რამდენ საქმეს - დიდსა თუ მცირეს - აღასრულებდა თანამემამულეთა სასიკეთოდ.

მათგან ერთ-ერთი უმთავრესის შესახებ ცნობა შემოგვინახა დავით აღმაშენებლის მემატიანემ: „და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ-ქალაქი და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანაი, და განიყარეს“. აღნიშნული მხარე 1065 წელს შეიერთა ბიზანტიამ, მაგრამ იგი მალე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. საქართველოს მეფე გიორგი მეორემ 1073 წელს დაამარცხა უსჯულონი და მთელი მხარე ხელთ იგდო. გრიგოლ ბაკურიანის-ძემ განთავისუფლებული მიწა-წყალი გიორგი მეფეს დაუმტკიცა. ამით გრიგოლმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველთა სამეფოს გაძლიერების საქმეში. მემატიანის სიტყვებიდან ნათლად ჩანს სიხარულის განცდა, როემლიც დაუფლებია მამულისათვის დამაშვრალ სპასალარს, როდესაც სამშობლოს დაუბრუნა მისი მიწა-წყალი.

გრიგოლი იღვწოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების საკეთილდღეოდ. ათონის ივერთა მონასტრის აღაპი გვამცნობს: „თუესა იანვარსა კე აღაპი არს გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთაი. და ყოვლითა გულსმოდგინებითა გარდაიხდებოდენ, ძალისაებრ, მათისა მზეგრძელობისათვის და ცოდვათა შენდობისა“.

გრიგოლ ბაკურიანის-ძემ ძალზე დიდი ღვაწლი გასწია მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად მშობლიური საქართველოს საკეთილდღეოდ, მაგრამ ყველაზე დიდი ღვაწლი და გვირგვინი ბაკურიანის-ძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, იყო და არის ბულგარეთის მიწაზე მის მიერ აგებული პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე.

 

აღშენება პეტრიწონის მონასტრისა

გრიგოლ ბაკურიანის-ძე ჯერ კიდევ აღმოსავლეთში მსახურობდა, როცა განიზრახა მონასტრის დაარსება, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით დატვირთულმა გულისწადილის შესრულება მხოლოდ გვიან, ხანდაზმულობის ჟამს მოახერხა. თავად გრიგოლი მოგვითხრობს: „თავიდანვე მეწადა და ვფიქრობდი აღმოსავლეთში ყოფნისას, დასავლეთში დამკვიდრებამდე, აღმეშენებია ეკლესია და მონასტერი ჩემი ცოდვილი ძვლების სამარხოდ და განსასვენებლად, მაგრამ ჩემი მრავალი ცოდვის, ამ სოფლის საქმეთა ცვალებადობის და საწუთო ზრუნვათა მიმართ ჩემი სიყვარულის გამო დღემდე ვერ გავხდი გულისწადილის აღსრულების ღირსი“. და როდესაც მიიწია სიბერის ჟამს და მოიცალა წუთისოფლის საქმეთაგან, მართლმადიდებლური სავანის დაარსების სანუკვარი განზრახვა განახორციელა.

1083 წელს ბიზანტიაში სიმშვიდემ დაისადგურა და გრიგოლმა გადაწყვიტა თავისი სიმდიდრე და უფლებები გამოეყენებინა და სულის ხსნისათვის ეზრუნა - ამოარჩია თავის მამულში საუკეთესო ადგილი სოფელ პეტრიწონში და დააარსა ქართველთა მონასტერი, რომელიც მისი და მისი ძმის, აბაზის შენაწირების ხარჯზე იყო აგებული. საამისოდ „ნებითა ღმრთისაითა და ბედითა წმიდათა და თვითმპყრობელთა მეფეთაითა და ჩემითა მოსწრაფებითა და მოჭირვებითა არარაი მაკლდა“ - ამბობს გრიგოლი, და აბაზიც „ნებითა ღმრთისაითა მდიდარი იყო და აქუნდა ყოველივე სახმარი უკლებად“.

გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის-ძეთ დიდი სიყვარული და მტკიცე ძმობა ჰქონდათ ურთიერთში, რასაც მოწმობს გრიგოლის სიტყვები: „არავინ მყავდა ვინმე სხვა, ვისაც სულით მასზე მეტად მივენდობოდი, არც მას ჰყავდა ვინმე, ვისაც ჩემზე მეტად მიენდობოდა“. ისინი ერთად იბრძოდნენ ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ ბიზანტიაში, ერთად იღვწოდნენ თანამემამულეთა საკეთილდღეოდ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, და ერთადვე ადგენდნენ ქართული მართლმადიდებლური სავანის მშენებლობის გეგმებს. საამისოდ აბაზიც საკმაოდ მაღალ ტიტულს ფლობდა - იგი გახლდათ მაგისტროსი, რომელიც თავისი მნიშვნელობით მეშვიდე იყო ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში. მაგრამ აბაზს არ დასცალდა, იგი ადრე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება და ადგილ-მამულები ანდერძით ძმას დაუტოვა, რათა გრიგოლს მის სულის ხსნისათვის ეზრუნა. მან დაიბარა, რომ თვითონაც იმ ეკლესიაში დაეკრძალათ, რომელსაც გრიგოლი ააგებდა: „სადაც ინებებს ჩემი ძმა ეკლესიისა და საფლავის აღშენებას, მეც იქ დამმარხეთო“. მართლაც, პირველი ძვირფასი ნეშტი, რომელიც გრიგოლმა პეტრიწონის მონასტრის საძვალეში დაკრძალა, სწორედ აბაზისა იყო, და მისა სახელსაც ტაძარში საგანგებოდ მოიხსენიებდნენ.

მონასტრისათვის გრიგოლს არაფერი დაუნანებია; შეუწირავს სოფლები გლეხებითურთ და ციხეები, დიდძალი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები, ტყეები, სათევზაო ტბა, აუშენებია ერთი სასნეულო და სამი სასტუმრო - სტენიმახში და ეგეოსის ზღვისკენ: ნიკოლაწმიდასა და მარმარას. ასევე შეუწირავს პატიოსანი ხატნი და ჯვარნი „სავსენი ნაწილითა ძელისა ცხორებისაითა“, ქართული და ბერძნული სახარებანი, სამღვდელო და სამეფო შესამოსელნი, ბარძიმ-ფეშხუმნი და სხვა საეკლესიო ნივთები თავისი ნუსხით, რომლებიც დამტკიცებულია მონასტრისადმი მიცემულ ოქრობეჭედში. „ესე უკუე ყოველი მიმიცემიან მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა“ - დასძენს გრიგოლი.

გრიგოლ ბაკურიანის-ძის ძალისხმევითა და ალექსი მეფის შემწეობით პეტრიწონის სავანეს სტავროპიგიულობის ხარისხი ებოძა, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა და ქართველი ბერების უფლებებს განამტკიცებდა საუკუნეებში. მონასტერი თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადისაგან - „სამეუფოსა და საპატრიარქოსა, სამეტროპოლიტოსა და საებისკოპოსოსა და სამამასახლისოსა ყოველსა“. გრიგოლის ნათესავებსაც აკრძალული ჰქონდათ მონასტრის საქმეებში ჩარევა და მისი ქონებიდან რაიმე ნაწილის მოთხოვნა.

პეტრიწონის მონასტერი აიგო საგანგებოდ ქართველი ბერებისათვის, რომელთა რიცხვი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ორმოცდაათისა. ქტიტორმა იზრუნა სავანეში ღირსეულ მოღვაწეთა დამკვიდრებისათვის - პეტრიწონის პირველი იღუმენი იყო გრიგოლ ვანელი, რომლის შესახებ მონასტრის მაშენებელი ამბობს: „ადრიდანვე შეგვიყვარდა ჩვენ სანატრელი მონაზონი გრიგოლ, რომელიც რწმენითა და მხურვალე გულით გვემსახურებოდა და ლოცულობდა ჩვენთვის, და მასზე დაკისრებული საღმრთო მშენებლობის კეთილად აღსრულებით მიემთხვია ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და სიტკბოებას“.

გაგრძელება...