პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

საიდუმლოს აღსრულების თავდაპირველი გზა

თავდაპირველად სულიწმიდის ამ ნიჭებს ხელდასხმით გადასცემდნენ მთავარ ეკლესიაში.

ამის შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულთას“ წიგნში (8,14-17), რომლის თანახმად, იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა შეიტყვეს, რომ სამარიტელებმა შეიწყნარეს სიტყვა ღვთისა და მათთან პეტრე და იოანე გააგზავნეს. ისინი მივიდნენ და ილოცეს, რათა მათ მიეღოთ სულიწმიდა: „რამეთუ მუნამდე არ იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა-მიწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ, ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ“ (საქმ. 8,16-17); იქვე ვკითხულობთ: როდესაც პავლე მოციქული შეხვდა მხოლოდ იოანესეული ნათლობით მონათლულ მოწაფეებს და გაიგო, რომ „ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა და დაასხმიდა ხელთა პავლესაჲთა მათ ზედა. მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ...“ (საქმ. 19,5-6).

„საქმენი მოციქულთას“ წიგნის ამ მონათხრობიდან ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევაში ნათლისღებისა და მისი ბეჭდის - ხელდასხმის საიდუმლოს მადლმოსილო ქმედება ხილულად, სულიწმიდის გაბრწყინებით გამოიხატებოდა. ამას თან ახლდა ახალმოქცეულთა სულიერი სიხარული იმის შეგნებით, რომ შეუერთდნენ წმიდა საზოგადოებას და მათთვის დაიწყო ახალი, მადლით აღსავსე ცხოვრება.

როგორ შეიცვალა მაღლმოსილი ხელდასხმა მადლმოსილი მირონცხებით? ამის თაობაზე ორგვარი ვარაუდი შეიძლება არსებობდეს: შესაძლოა, მოციქულები სულიწმიდას ხელდასხმით გადასცემდნენ მორწმუნეებს და მასთან ერთად მირონცხებასაც იყენებდნენ (ამაზე „საქმენი მოციქულთა“ არაფერს გვაუწყებს); უფრო სავარაუდოა, რომ მათ თავად შეცვალეს საიდუმლოს ხილული ნიშანი - ხელდასხმა (შესაძლოა, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ისინი პირადად ვერ ესწრებოდნენ) ხილული მღვდელმოქმედებით - მონათლულისთვის მირონის ცხებით (მირონს ისინი თავად იძლეოდნენ). ასეა თუ ისე, მირონცხების საიდუმლო უეჭველად მოციქულებიდან მოდის; მათ კი ეს ღვთაებრივმა მასწავლებელმა მიუთითა. პავლე მოციქული წერს: „რომელმან-იგი განმამტკიცნა ჩუენ თქუენ თანა ქრისტეს მიმართ და ცხებულ გვყვნა ჩუენ ღმერთმან, და აღგუბეჭდნა ჩუენ და მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა“ (2 კორ. 1,20-22). თავად საიდუმლოს აღსრულების სიტყვები - „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა“ - მჭიდროდ უკავშირდება მოციქულის შემდეგ გამონათქვამს: „ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა“ (ეფ. 4,30). „გამოხსნის დღედ“ წმიდა წერილში ნათლისღება იწოდება; ხოლო „აღბეჭდვაში“, ცხადია, იგულისხმება უშუალოდ ნათლობის თანამდევი „ბეჭედი სულისა წმიდისა“.

იოანე მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე... და თქუენცა ცხებულებაჲ იგი, რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს“ (I ინ. 2,20,27). პავლე და იოანე მოციქულების ამ სიტყვებში ტერმინი „ცხებულება“ მიანიშნებს მორწმუნეთა ზიარებას სულიერ ნიჭთან; მაგრამ აშკარაა, ამ ტერმინს სულიერი მნიშვნელობით ზუსტად იმიტომაც იყენებდნენ, რომ ქრისტიანების თვალწინ ნივთიერი ცხება სრულდებოდა.

ეკლესიის წმიდა მამები თავად სიტყვა „ქრისტიანს“ მჭიროდ უკავშირებდნენ მირონცხებას (χρίσμα - რასაც სცხებენ, χρίστος - ცხებული). „ქრისტესთან თანაზიარებით, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - თქვენ ღირსეულად იწოდებით ქრისტიანებად, ანუ ცხებულებად. თქვენს შესახებ ბრძანა ღმერთმან: „ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა“ (ფს. 104,15)12.

„საქმენი მოციქულთას“ წიგნის მე-8 თავში მოთხრობილია, თუ როგორ მოინათლა მრავალი ადამიანი სამარიაში დიაკონ ფილიპე მოციქულის ქადაგების შემდგომ. ხოლო როცა იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიტელებმა ღვთის სიტყვა შეიწყნარეს, მათთან ზუსტად იმისთვის გაგზავნეს პეტრე და იოანე, რომ მონათლულებს მათი ხელდასხმით სულიწმიდა მიეღოთ (საქმ. 8,12-27). ამ ნაამბობიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელდასხმა (და შემდგომში მირონცხებაც) ერთდროულად გვევლინებოდა, როგორც სულიწმიდის ნიჭთა გარდმოსვლის საიდუმლო და როგორც ნათლობის სწორად აღსრულების დადასტურება (მხედველობაში მისაღებია, რომ აღწერილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე სრულდებოდა წყლით ნათლობა ე.წ. „სინანულის ნათლობა“ და ისიც, რომ ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდა ერეტიკული ნათლობები). ხელდასხმა აგრეთვე ბეჭედი იყო მონათლულთა ეკლესიასთან შესაერთებლად და ზუსტად ამიტომაც ასრულებდნენ მას მოციქულები და მათი მემკვიდრე ეპისკოპოსები, როგორც ეკლესიის შემადგენლობის მცველები (მაშინ, როდესაც ევქარისტიის აღსრულების ნება ყოველთვის პრესვიტერებსაც ჰქონდათ).

წმიდა სარწმუნოების ფართოდ გავრცელებასთან ერთად, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაიწყო ქრისტესკენ მოქცევა, მოციქულებსა და მათ უშუალო მემკვიდრე ეპისკოპოსებს აღარ შეეძლოთ ყველგან პირადად დასწრებოდნენ, ნათლისღებისთანავე ყოველი მონათლულისათვის ხელი დაესხათ და მათზე სულიწმიდა გარდმოევლინათ. შესაძლოა ამიტომაც მოციქულებში დავანებულმა სულიწმიდამ ინება ხელდასხმა მირონცხებით შეცვლილიყო. დადგინდა, რომ მირონის კურთხევა თავად მოციქულებს ან ეპისკოპოსებს უნდა აღესრულებინათ, ხოლო ნაკურთხი მირონით მონათლულების ცხება პრესვიტერებს დაეკისრათ. ამისთვის შერჩეულ იქნა მხოლოდ მირონი და არა სხვა რომელიმე ნივთიერება. ეს იმიტომ მოხდა, რომ მირონცხება ძველ აღთქმაშიც სრულდებოდა ადამიანებზე განსაკუთრებულ სულიერ ნიჭთა გარდმოსავლენად (გამ. 28,4; I მეფ. 16,3; 3 მეფ. 1,39). ტერტულიანე წერს: „ძველი წესის თანახმად, ემბაზიდან ამოსვლის შემდგომ ჩვენ გვცხებენ ნაკურთხ ზეთს, ისე როგორც ჩვეულებრივ სცხებდნენ ხოლმე მღვდლობისათვის ზეთს რქიდან...“ კართაგენის კრების მე-6 კანონი კრძალავს მხოლოდ პრესვიტერების მიერ მირონის კურთხევას.

 

მირონი და მისი კურთხევა

როგორც მონათლულ სამარიტელებზე სულიწმიდის გარდმოსავლენად მათთან მოციქულები გააგზავნეს, ასევე ეკლესიის დადგენილებით, მირონცხების საიდუმლოში გამოყენებული მირონი უნდა აკურთხოს ეპისკოპოსმა, როგორც მოციქულთა უმაღლესმა მემკვიდრემ. მირონის კურთხევას ახლავს განსაკუთრებით საზეიმო მღვდელმსახურება შეძლებისდაგვარად ეკლესიის სხვა ეპისკოპოსების მონაწილეობით.

დასავლეთში დაახლოებით XIII საუკუნეში მოხდა მირონცხებისა და ნათლისღების განყოფა. რომის ეკლესიაში ცხება სრულდება მხოლოდ შუბლზე, მაშინ როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში მირონს აცხებენ შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, ბაგეებზე, ყურებზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. რომის ეკლესიაში მირონს სცხებენ 10 წლის ასაკს მიღწეულებს და მას ეპისკოპოსი აღასრულებს.

მირონცხების საიდუმლის გარდა, მირონი გამონაკლის შემთხვევაშიც გამოიყენება. მაგალითად, ტაძრის კურთხევის დროს წმიდა მირონით ინიშნება წმიდა ტრაპეზი, რომელზედაც უნდა შესრულდეს ქრისტეს წმიდა სისხლისა და ხორცის საიდუმლო, აგრეთვე ტაძრის კედლები. განსაკუთრებული წესით მირონცხება ხდება მართლმადიდებელ მეფეთა სამეფო ტახტზე ასვლის დროს.

 

ევქარისტიის საიდუმლო

ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία - ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამრიგად, ეს საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება:

ა. პურისა და ღვინის გადაქცევა ანუ გარდაარსება უფლის ხორცად და სისხლად;

ბ. ამ წმიდა ძღვენის ზიარება.

მას ეწოდება ევქარისტია, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა.

 

საიდუმლოს დადგინების წინ

ქრისტემ მანამ აღუთქვა ხალხს ეს საიდუმლო, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. ხუთი ათასი ადამიანის ხუთი პურით დაპურების დროს უფალი საუბრობდა ცხოველი პურის შესახებ და ასწავლიდა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე, და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა“ (ინ. 6,51). ცხადია, იუდეველებმა ქრისტეს სიტყვები პირდაპირ გაიგეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (ინ. 6,52); და უფალსაც არ უთქვამს იუდეველთათვის, რომ მას არასწორად გაუგეს, მხოლოდ უფრო მეტი ძალითა და სიცხადით გააგრძელა იგივე შინაარსის სიტყვა „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანასკნელსა მას დღესა. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,53-56). ასევე პირდაპირ გაიგეს ქრისტეს სიტყვები მისმა მოწაფეებმა: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელეწიფების სმენად მისა?“ (ინ. 6,60) - ამბობდნენ ისინი. მაცხოვარმა, რათა დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მიუთითა სხვა სასწაულზეც - თავის ზეცად ამაღლებაზე სამომავლოდ: „ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისა აღმავალი, სადაც იყო პირველ?“ (ინ. 6,61-62) და დასძენს: „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა, რომელთა გეტყვ თქუენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ. 6,63). ამ შენიშვნიდან ჩანს, რომ ქრისტე არ ითხოვს, მისი საუბარი ცხოველ პურზე „გადატანითიი მნიშვნელობით იქნას გაგებული. „არიან ვინმე თქუენგანი, რომელთა არა ჰრწამს“ - იქვე დასძენს იგი. ამ სიტყვებით მაცხოვარი თავად მიანიშნებს, რომ მისი სიტყვები ძნელად სარწმუნოა. როგორ უნდა ჭამონ მისი ხორცი და სვან მისი სისხლი მორწმუნეებმა?! მაგრამ იგი ადასტურებს, რომ ლაპარაკობს თავის ჭეშმარიტ სხეულზე. მისი სიტყვები თავის ხორცსა და სისხლზე არის „სული და ცხორება“, ისინი ადასტურებენ, რომ:

ა. მას, ვინც ქრისტეს სისხლსა ღა ხორცს ეზიარება, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის:

ბ. ზიარებით ადამიანი ქრისტესთან უმჭიდროეს ურთიერთობას ამყარებს.

მაცხოვრის სიტყვები მიანიშნებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ ცხოვრებაზე: „პურ ზეციური და სასუმელი ცხორებისა იგემეთ და ნახეთ, რამეთუ სახიერ არს უფალი“ - ვისმენთ პირველშეწირულის ლიტურგიაზე.

ზიარება ფიზიკღრი შიმშილის დაოკება არ არის, როგორც ეს უდაბნოში მანანათი განძღომის დროს, შემდგომად კი ხუთი ათასი ადამიანის დაპურებისას მოხდა - იგი მარადიული ცხოვრებისათვის არს მნიშვნელოვანი.

 

საიდუმლოს დადგინება და მისი აღსრულება მოციქულთა ეპოქაში

მაცხოვრის მიერ ევქარისტიის სამომავლო დადგინების მითითება გადმოცემულია იოანეს სახარებაში. თავად საიდუმლოს დადგინებას აღწერს სამივე მახარებელი-სინოპტიკოსი: მათე, მარკოზი და ლუკა. მოგვიანებით ეს გაიმეორა პავლე მოციქულმა.

მათეს სახარება მოგვითხრობს: „ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ, მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ თქუა: სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26-28).

ამასვე გვაუწყებს მარკოზის სახარების მე-14 თავი და ლუკას სახარება: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე არს სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“ (ლკ. 22,19-20).

პავლე მოციქული კი გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11,23-24).

მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაი მე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6).

უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11,26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). და მართლაც, ეკლესიამ პირველივე დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნობითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.

მოციქულთა ეპოქაში ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულთას“ წიგნში (საქ. 2,42,46; 20,6-7) და პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. იგი წერს:

„სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17).

„რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30).

ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხირცს ვიღებთ.

ევქარისტიისას ქრისტესთან შეკრთებით მორწმუნენიც შედიან ერთობაში ურთიერთთან: „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოვლითა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,17).

 

პურისა და ღვინის გარდაარსება ევქარისტიის საიდუმლოში

ევქარისტიის საიდუმლოში, როდესაც მღვდელმსახური სულიწმიდას მოიწვევს შეწირულ ძღვენზე და მათ აკურთხევს მამა ღმერთისადმი აღვლენილ ლოცვაში: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“ - ზუსტად ამ დროს პური და ღვინო სულიწმიდის გარდამოსვლით ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გადაიქცევა. შემდგომად ამისა, ჩვენი თვალები წმიდა ტრაპეზზე ხედავენ პურსა და ღვინოს, მაგრამ არსობრივად, გრძნობადი მზერისათვის უხილავად, ეს პურისა და ღვინის სახით წარმოდგენილი უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ჭეშმარიტი ხორცია.

მაშასადამე, ნაკურთხი ძღვენი - ეს მარტოოდენ ნიშნები და სიმბოლოები არ არის, რომლებიც, რეფორმატორ პროფ. ცვინგლის აზრით, მორწმუნეებს გამოსყიდვას შეახსენებს; არც მარტო თავისი „ქმედებითა და ძალით“ („დინამიურად“) მყოფობს მათში იესო ქრისტე, როგორც კალვინი ასწავლიდა: არც მხოლოდ „გამსჭვალავს“ მათ, როგორც ლუთერანები თვლიან (ისინი ცნობენ ქრისტეს თანამყოფობას „პურთან, პურში, პურის ქვეშ“). არა, ნაკურთხი ძღვენი საიდუმლოში დაიქცევა (ან გვიანდელი ტერმინით - გარდაარსდება) ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (ინ. 6,55).

ამ ჭეშმარიტებას „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „გვწამს, რომ ამ მღვდელმოქმედებაში ჩვენს წინ მყოფობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა სიმბოლურად (τυπίκώς) არც ხატოვნად (εικονίκως), არა მადლის სიუხვით, როგორც სხვა დანარჩენ საიდუმლოებებში, არა ოდენ მოფენით, როგორც, ზოგი მამის აზრით, ნათლისღების დროს ხდება; არც პურის „გამსჭვალვით“, თითქოს ღმერთ-სიტყვას ევქარისტიით შეწირულ პურში არსობრივად „შეეღწიოს“, როგორც ამას ლუთერის მიმდევრები საკმაოდ უხეიროდ და უღირსად გვიხსნიან. უფალი მყოფობს ჭეშმარიტად და ნამდვილად, - პურისა და ღვინის კურთხევისას პური გადაიქცევა, გარდაარსდება, გარდაიქმნება, გარდაისახება ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, რომელიც დაიბადა ბეთლემში ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა და მოვალს ზეციდან ღრუბელთა ზედა. ხოლო ღვინო გარდაიქცევა და გარდაარსდება უფლის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე მისი ვნების დროს დაითხია ქვეყნის ცხონებისათვის; კვალად გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევისას რჩება და არა თავად პური და ღვინო, არამედ მათი სახით უფლის ხორცი და სისხლი“13.

ზიარების წმიდა საიდუმლოზე მსგავს სწავლებებს ყველა წმიდა მამასთან ვხვდებით: დაწყებული უძველესთაგან (მაგ., წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი) და სხვა ძველი ეკლესიის მწერლებთან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი). მაგრამ უძველესი მამები ამ სწავლებას მთლად ზუსტი ტერმინებით არ გამოხატავენ და ზოგი მათგანი უფრო სიმბოლურ განმარტებებს უახლოვდება (რაზედაც მიუთებენ პროტესტანტები); მაგრამ მათი გამოხატვის ეს მეთოდი ნაწილობრივ აიხსნება მათ წინაშე მდგომი პოლემიკური ხასიათის ამოცანებით (ორიგენე - „საიდუმლოსადმი ტლანქი, გრძნობადი დამოკიდებულების წინააღმდეგ“, ტერტულიანე „მარკიონეს ერესის წინააღმდეგ“). აპოლოგეტები წარმართთა წინაშე ზოგადქრისტიანულ ჭეშმარიტებებს იცავდნენ, მაგრამ მათ საიდუმლოთა სიღრმეებში არ ახედებდნენ.

I მსოფლიო კრებაში მონაწილე მამები აღიარებდნენ: „საღვთო ტრაპეზზე ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ უბრალოდ შეწირულ პურსა და სასმელს, არამედ ავმაღლდეთ გონებით და რწმენით შევიმეცნოთ, რომ წმიდა ტრაპეზზე ძევს კრავი ღვთისა, ამქვეყნიურ ცოდვათა ამღები, მღვდელთაგან მსხვერპლად შეწირული და ჭეშმარიტად შევიწყნაროთ პატიოსანი ხორცი და სისხლი მისი. უნდა გვჯეროდეს, რომ ეს არის ნიშანი ჩვენი აღდგომისა“.

ღვთის ძალით პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაარსების შესაძლებლობის დასამტკიცებლად და ასახსნელად ძველი მწყემსები მიუთითებდნენ შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და მისი ამ თვისების დამადასტურებელ ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა სამყაროს შექმნა არაფრისგან, განხორციელების საიდუმლო, წმიდა წერილში ნახსენები სასწაულები: კერძოდ, წყლის ღვინოდ გადაქცევა (წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, ღირსი იოანე დამასკელი); ამასთან ერთად გვახსენებენ, თუ ჩვენთვის უხილავად როგორ გარდაარსდება თავად ჩვენში, საკვებად მიღებული პური, ღვინო თუ წყალი ჩვენს ხორცად და სისხლად14.

 

კერძო დებულებანი წმიდა ძღვენში უფალ იესო ქრისტეს მყოფობის გვარობის შესახებ

ა. თუმცა პური და ღვინო საიდუმლოში უფლის მხოლოდ სისხლად და ხორცად გარდაარსდება, მაგრამ ღმერთი ამ საიდუმლოში მყოფობს მთელი თავისი არსებით, ანუ თავისი სულითა და ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც განუყოფლად არის შეერთებული მის კაცობრივ ბუნებასთან.

ბ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომად უფლის სისხლი და ხორცი ზიარების საიდუმლოში ნაწევრდება და იყოფა, ჩვენ გვწამს, რომ წმიდა საიდუმლოს ძღვენის თითოეულ, უმცირესი ნაწილითაც კი ადამიანები ეზიარებიან თავისი არსით, ანუ სულითა და ღვთაებრივი ბუნებით სრულ ქრისტეს - სრულ კაცსა და სრულ ღმერთს. ამ რწმენას წმიდა ეკლესია გამოხატავს წმიდა კრავის დანაწევრებისას მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული სიტყვებით: „ნაწილდება და განიყოფება კრავი ღვთისა, დანაწევრებული და განუყოფელი, მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული, არამედ მიმღებელოა განმწმედელი“

გ . სამყაროში ერთდროულად მრავალი ლიტურგია აღესრულება, მაგრამ ქრისტეს სხეული ერთია და არა მრავალი. ყველა ტაძარში მყოფობს ერთი ქრისტე და მართალნი მის სხეულს იღებენ.

დ. ყველა ეკლესიაში დამოუკიდებლად მომზადებული შეწირული პური კურთხევის შემდგომ გადაიქცევა იმავე სხეულად, რომელიც ცათა შინა მყოფობს.

ე. ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის ხორცად და სისხლად გარდაარსების შემდგომ ისინი უკვე აღარ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას - რჩებიან უფლის სისხლად და ხორცად სამარადისოდ და დამოუკიდებლად იმისა, მიიღებენ თუ არა მას მორწმუნენი. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე დამკვიდრდა ჩვეულეაბად, გარკვეულ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგიის შესრულება იმ რწმენით, რომ წინა ლიტურგიაზე ნაკურთხი ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად რჩება. ძველთაგანვე მოდის წესი წმიდა ჭურჭელში მომაკვდავთათვის საგზლად ნაკურთხი ძღვენის შენახვისა. ცნობილია, რომ ძველ ეკლესიაში ასევე არსებობდა ჩვეულება, დიაკონის ხელით გაეგზავნათ ნაკურთხი ძღვენი იმ ქრისტიანებისთვის, რომელთაც ეკლესიაში ზიარების საშუალება არ ჰქონდათ. ასეთები იყვნენ აღმსარებლები, საპყრობილეში ჩამწყვდეულნი, მონანულები; ძველად, არცთუ იშვიათად, მორწმუნეებს წმიდა ძღვენი ტაძრიდან სახლში, ხოლო მოსაგრეებს კი უდაბნოში კრძალვით მიჰქონდათ.

ვ. ღმერთკაც ქრისტეს შეჰფერის ერთიანი, განუყოფელი თაყვანისცემა როგორც ღმერთსა და როგორც კაცს ბუნებათა განუყოფლად შეერთებისა გამო. ამიტომაც ევქარისტიის წმიდა საიდუმლოსაც ჩვენგან ისეითივე პატივი და თაყვანისცემა ეგების, როგორსაც თავად უფალ იესო ქრისტეს მივაგებთ.

 

ევქარისტიის მიმართება გოლგოთის მსხვერპლთან

ევქარისტიის მსხვერპლი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის გამეორება არ არის. ეს არის შეწირვა ჩვენი გამომსყიდველის მიერ ერთხელ ჯვარზე სამსხვერპლოდ ატანილი სისხლისა და ხორცისა, რომელიც არის „მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული“. გოლგოთა და ევქარისტიის მსხვერპლი ურთიერთგანუყოფელნი არიან და ერთ მსხვერპლს შეადგენენ. მაგრამ იმავდროულად განსხვავდებიან კიდეც. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ღმერთის მიერ გოლგოთაზე დარგული მადლმოსილი ხე ცხოვრებისა, რომელიც თავის საიდუმლო ტოტებით მთელს თავის ეკლესიას აღავსებს და ბოლო ჟამამდე გამოკვებავს თავისი მაცხოვნებელი ნაყოფით ყველას, ვინც მარადიულ ცხოვრებას ეძებს. მათი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ევქარისტიის მსხვერპლი არის უსისხლო და უვნებო, რადგანაც მას შემდგომ, რაც მაცხოვარი „აღდგა მკვდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომ. 6,9); იგი შეიწირება ტანჯვის, სისხლის დათხევისა და სიკვდილის გარეშე და მისი საშუალებით ხდება ღვთის კრავის ვნებათა და სიკვდილის გახსენება.

 

ევქარისტიის, როგორც მსხვერპლის მნიშვნელობა

იგი არის ქებისა და მადლობის მსხვერპლი. მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებს უსისხლო მსხვერპლშეწირვას, წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიათა თანახმად, ძღვენის კურთხევის წინა საიდუმლო ლოცვაში იხსენებს ღვთის დიად საქმეებს, ადიდებს და მადლობს ღმერთს - წმიდა სამებას, რომ მან ადამიანი არყოფნიდან გამოიხმო და მისი დაცემის შემდგომაც მრავალჯერ იზრუნა მასზე, თაყვანს-სცემს იესო ქრისტეს მის მიერ ადამიანთა გადარჩენის განგებულებისთვის. ამ წმიდა წუთებში ტაძარში მყოფი ყველა ქრისტიანი მას შეჰღაღადებს: „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, უფალო...“.

ევქარისტია აგრეთვე შეწყალების მსხვერპლია ეკლესიის ყველა წევრისათვის. როდესაც უფალმა თავისი ხორცი მოწაფეებს მისცა, თან დასძინა: „ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული“ (ლკ. 22,20) და მისცა სისხლი და შემდეგი სიტყვები დაურთო: „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მოსატევებელად ცოდვათა“ (ლკ. 22,10; მთ. 26,28). ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ამიტომაც შეიწირებოდა უსისხლო მსხვერპლი როგორც ცოცხალთა, ისე მიცვალებულთა ხსენებისა და ცოდვათა მისატევებლად. იაკობ მოციქულის ლიტურგიით დაწყებული, ეს ყველა ლიტურგიის განაწესიდან ჩანს. თვითონ მსხვერპლი ხშირად პირდაპირ იხსენიება, როგორც „მსხვერპლი შეწყნარებისა“.

ევქარისტია არის მსხვერპლი, რომელიც უმჭიდროესად აერთიანებს ყველა მართალს ქრისტეში ერთ სხეულად. წმიდა ძღვენის გარდაარსების შემღეგ და მანამდეც, პროსკომიდიაზე (კვეთაზე) ამიტომაც იხსენიებს მღვდელმსახური დედოფალ ღვთისმშობელს და ყოველ წმიდანს და დაურთავს: „რომლითა ლოცვითა მომიხენენ ჩვენ, ღმერთო“ და გადადის ცოცხალთა და მკვდართა - ქრისტეს მთელი ეკლესიის - მოხსენიებაზე.

ევქარისტია არის სავედრებელი მსხვერპლიც: ეკლესიის სიმშვიდის, მსოფლიოს კვთილდღეობის, მთავრობათა, უძლურებაში მყოფთა, მშრომელთა და „ყოველთა და ყოვლისათვის“ ვინც შემწეობას ითხოვს.

 

ლიტურგიკული ხასიათის დასკვნები

სახარებისა და სამოციქულო ტექსტზე დაყრდნობითა და ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე დავასკვნით შემდეგს:

ა. ევქარისტიის დროს ყველა მორწმუნეს უნდა მიერთვას არა მარტო ხორცი ქრისტესი, არამედ მისი სისხლიც, როგორც ეს მოციქულებს ებოძათ საიდუმლო სერობაზე. „სუთ ამისაგან ყოველთა“ - დაიბარა უფალმა (მთ. 26,27); „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ (I კორ. 11,28) (ასე არ სრულდება ლათინთა ეკლესიაში, სადაც ერისკაცნი ბარძიმს მოკლებულნი არიან).

ბ. „ყოველთა ერთისა პურისა მისგან მოგუაქუს“ (I კორ. 10,17) - წერს მოციქული. და ძველ ეკლესიაშიც თითოეული თემი ერთი პურიდან ეზიარებოდა. მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე იკურთხება და განიტეხება ერთი პური და იკურთხება ერთი ბარძიმი (მეორე ათასწლეულში ლათინთა ეკლესიაში ასევე დაირღვა ერთი პურის კურთხევა).

გ. წმიდა წერილში ყველგან, სადაც ლაპარაკია ევქარისტიულ პურზე, მას ბერძნულად უწოდებენ αρτος (იოანეს სახარების მე-6 თავი, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები, პავლე მოციქულის ეპისტოლენი და საქმენი მოციქულთა). „არტოს“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ხორბლის გაფუებულ პურს („გაუფუებელი“ ბერძნულად გამოიხატება ზედსართავით αζυμος). ცნობილია, რომ მოციქულთა დროში, ევქარისტია თავიდანვე, დადგინებისთანავე სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, ანუ მაშინ, როდესაც იუდეველები ხმიადებს არ ამზადებნენ. მაშასადამე, თვით იუდეურ-ქრისტიანულ თემებშიც ევქარისტიის დროს გაფუებული პური გამოიყენებოდა. ეს მით უფრო ეხება ყოფილ წარმართთაგან შექმნილ ქრისტიანულ თემებს, რომელთათვისაც საერთოდ უცხო იყო უცომობის კანონი. პირველქრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლოსთვის ნივთიერებებს ჩვეულებრივ ხალხის შესაწირიდან იღებდნენ. სახლიდან კი ეკლესიაში, როგორც წესი, გაფებული პური მიჰქონდათ, რომელიც აგრეთვე სიყვარულის ტრაპეზისა და ღატაკთა მოსაკითხად იყო განკუთვნილი.

 

წმიდა საიდუმლოთა ზიარების აუცილებლობა და მაცხონებლობა

უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54).

თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია:

ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56);

ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57);

გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58).

მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29).

 

სინანულის საიდუმლო

სინანულის საიდუმლო არის მადლმოსილი მღვდელმოქმედება, როდესაც მაცხოვრის აღთქმის თანახმად, საღვთო მოწყალებისა და ეკლესიის მწყემსის შუამდგომლობით, მორწმუნეს მიეტევება ცოდვები მათი აღიარებისა და შენანების შემდგომ.

სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის საიდუმლოს „სულის სამკურნალო“ ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისაკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ცოცხალი კავშირი ეკლესიასა და უფალ ღმერთთან. ცოდვათა ტვირთის მოხსნით შემსუბუქებული ადამიანი ისევ სულიერად ცოცხლდება და კეთილ, ქრისტიანულ გზაზე შემდგარს ისევ ხელეწიფება განმტკიცება და სრულქმნა.

სინანულის საიდუმლო ორი ძირითადი ქმედებისაგან შედგება:

ა. ეკლესიის მწყემსის წინაშე მონანული ქრისტიანის მიერ თავისი ცოდვების აღიარება;

ბ. მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული ლოცვითი ვედრება და ცოდვათაგან მონანულის განხსნა.

ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება (თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია), რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნვლობას უსვამს ხაზს.

„უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9).

აღსარება, ანუ გასაგონად წარმოთქმა, არის შინაგანი სინანულის გამოხატვა, მისი შედეგი და მაჩვენებელი. და რა არის სინანული? იგი მხოლოდ საკუთარი ცოდვილობის შეგნება ან საკუთარი თავის უღირსობის მარტივი აღიარება არ არის: არც დაშვებულ დაცემებსა და სისუსტეებზე გლოვა და წუხილია და არც მარტოოდენ დანანება (თუმცა ყველა ეს მომენტი აუცილებლად შედის სინანულში). სინანული არის გამოსწორების ნების გამოვლინება, სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება უკეთურ მიდრეკილებებთან ბრძოლისა (სიტყვა სინანული, ბერძნულად μετανοια, ზედმიწევნით ნიშნავს აზროვნების წესის შეცვლას). ცოდვასთან საბრძოლველად სულიერი სინანულის მდგომარეობას უერთდება თხოვნა ღვთის თანადგომისა. საჭიროა გულითადი და წრფელი სინანული, რათა ამ საიდუმლოს მოქმედებით მოიხსნას ცოდვები და, აგრეთვე, გახსნილ სულში შეაღწიოს მადლმოსილმა კურნებამ, რომელიც ცოდვის სიბინძურეში სულის ხელმეორედ დანთქმას აღარ დაუშვებს.

მოძღვრის წინაშე საკუთარ სულიერ სნეულებათა და დაცემათა ხმამაღლა დასახელებით ანუ ცოდვათა აღიარებით გადაილახება:

ა. ამპარტბვნება - ცოდვის ეს მთავარი წყარო;

ბ. საკუთარი გამოსწორების უიმედობისა და გადარჩენის შეუძლებლობის შეგრძენებით გამოწვეული სასოწარკვეთილება.

ცოდვათა გამოაშკარავება მის აღმოფხვრას აახლოვებს.

სინანულის საიდუმლოში მონაწილეობისათვის ადამიანი ემზადება ლოცვითი და მარხვითი ღვაწლით, აგრეთვე საკუთარი ცოდვილობის გახსნისა და გასააზრებლად საკუთარ თავში ჩაღრმავებით.

მწყემსი-მოძღვარი ადასტურებს, რომ მონანულ ქრისტიანს შეეგებება საღვთო მოწყალება და რომ ზეციური მამა ხელს არ ჰკრავს მისკენ მიმავალს, როგორც არ განაგდო უძღები შვილი და მეზვერე. ეს მოწმობა ჩადებულია მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმულ შენდობის განსაკუთრებული ლოცვის სიტყვებში.

გაგრძელება...