ღმერთი ერთარსია და სამპიროვანი. სამების დოგმატი ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია. უშუალოდ მასზე დაფუძნებული ეკლესიის უმნიშვნელოვანესი და, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი გამოსყიდვის დოგმატები. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე სარწმუნოების ყოველი იმ სიმბოლოს ძირითად შინაარსს შეადგენს, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია წარსულშიც და ახლაც იყენებდა და იყენებს. იგივე მეორდება ეკლესიის მწყემსთა მიერ პირად, თუ სხვადასხვა შემთხვევათა გამო დაწერილ სარწმუნოების აღსარებებში.
ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელიც არის. აი, რატომ იყო, რომ ეკლესიის ისტორიაში არც ერთი ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის არ გამართულა ისეთი დაძაბული ბრძოლა, როგორიც ამ დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა.
ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას:
ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;
ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.
ჩვენ ქედს ვიხრით ყოვლადწმიდა სამების წინაშე ერთიანი, განუყოფელი თაყვანიცემით. ეკლესიის მამებისა და საღვთისმსახურო ნაწერებში სამებას ხშირად ეწოდება - „სამება ერთღმრთეება“, „სამჰიპოსტასოვანი ერთღმრთეება“. ყოვლადწმიდა სამების ერთი პირისადმი აღვლენილი ლოცვები მეტწილად სამივე პირის განდიდებით მთავრდება (მაგ., ლოცვა უფალ იესო ქრისტესადმი: „და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანადაუსაბამოდ მამით შენით და ყოვლადწმიდით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“).
ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
ეკლესია ლოცვებში ყოვლადწმიდა სამებას მიმართავს მხოლობით და არა მრავლობით რიცხვში. მაგალითად, „რამეთუ შენ (და არა თქვენ) გიგალობენ ძალნი ცათანი და შენდა (და არა თქვენდა) დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
ქრისტიანული ეკლესია აცნობიერებს დოგმატის იდუმალებას და მას უდიდესი გამოცხადებად აღიქვამს. ეს გამოცხადება განუზომლად ამაღლებს ქრისტიანულ სარწმუნოებას ერთღმერთიანობის ყოველგვარ, მარტივ აღიარებასთან შედარებით (ერთღმერთიანობას სხვა, მათ შორის არაქრისტიანულ რელიგიებშიც კი ვხვდებით). სამჰიპოსტასობის დომგატი მიანიშნებს ღმერთში შინაგანი, იდუმალი ცხოვრების სისავსეზე, რამეთუ „ღმერთი სიყუარულ არს“ (I ინ. 4,8); ღვთის სიყვარული შეუძლებელია მხოლოდ მის მიერვე შექმნილ სამყაროს განეფინოს - იგი ყოვლადწმიდა სამებაში საღვთო შიდაცხოვრებასაც მოიცავს. სამჰიპოსტასობის დოგმატი კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს სამყაროსთან ღმერთის სიახლოვეზე: ღმერთია ჩვენს ზემოთ, ჩვენთან, ჩვენში და ყოველ ქმნილებაში. ჩვენს ზემოთ მამა ღმერთი სუფევს, წყარო დაუშრობელი, საეკლესიო ლოცვების მიხედვით - დასაბამი ყოველთა მყოფობისა, მამა სიუხვეთა, ჩვენი მოყვარული და თავის ქმნილებებზე მზრუნველი. ჩვენ მისი შვილნი ვართ მადლისმიერად. ჩვენთან არის ძე ღმერთი - იგი იშვა და საღვთო სიყვარულის გამო ადამიანებს კაცად მოევლინა, რათა გვცოდნოდა და საკუთარი თვალით გვეხილა, რომ უფალი ჩვენთან არის და რომ იგი უწრფელესად, ანუ უსრულყოფილესი სახით „თანაზიარ გვექმნა“ (ებრ. 3,14). სულიწმიდა ჩვენში და ყოველ ქმნილებაში თავისი ძალითა და მადლით აღავსებს ყოველივეს, იგია მომნიჭებელი სიცოცხლისა, ცხოველმყოფელი და ნუგეშინისმცემელი, სიკეთეთა საგანძური და წყარო. ყოვლადსაუკუნოდ და წინასაუკუნოდ მყოფი სამპიროვანი ღმერთი სამყაროს გამოეცხადა მაშინ, როცა ძე ღვთისა მოვიდა და განხორციელდა, როგორც „ერთ ძალ, ერთ არს, ერთ ღმერთ“ (სულთმოფენობის სტიქარონი).
ღმერთი მთელი თავისი არსით არის სრული გონი, აზრი და თვით შემეცნება. მაშასადამე თვითშემეცნებადია ერთი ღმერთის მიერ თავისთვის სამობრივ, მარადიულ გამოვლინებასთან თითოეული. ყოველი მათგანი პირია და არა უბრალო ფორმა, ცალკეული გამოვლინება, თვისება თუ ქმედება - თავად საღვთო არსება არის სამპიროვანი. მაშასადამე, როდესაც ქრისტიანულ სწავლებაში სამპიროვან ერთ ღმერთზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საღვთო სიღრმეებში დაფარულ იდუმალ შიდაცხოვრებას, რაც სამყაროსათვის დროის მონაკვეთში გაცხადებულ იქნა და გამოიხატა ახალ აღთქმაში მამისაგან ამა სოფლად ძე ღვთისას გამოგზავნასა და სასწაულმოქმედი, ცხოვრებისმომცემელი, მაცხონებელი ძალის მქონე ნუგეშინისცემლის - სულიწმიდის მოქმედებაში.
დადასტურებანი წმიდა წერილიდან:
ძველი აღთქმა
ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან:
შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.
შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.
შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).
შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.
შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.
ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:
რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ“.
გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!“
ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“.
დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:
ძის შესახებ:
ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“;
ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“;
სულიწმიდის შესახებ:
ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“;
ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი“ და სხვა.
დადასტურებანი წმიდა წერილიდან:
ახალი აღთქმა
ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისსა მოვლინებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. მამა ღმერთისაგან დედამიწაზე სიტყვისა და სულიწმიდის გამოგზავნა ახალი აღთქმის მთელი ტექსტის ძირითად შინაარსს შეადგენს. რა თქმა უნდა, სამპიროვანი ერთი ღმერთის ამა სოფლად მოვლინება გადმოცემულია არა დოგმატური ფორმულით, არამედ ყოვლადწმიდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებებზე თხრობით.
ღმერთის სამებობა გაცხადდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, ამიტომ ეწოდება ნათლისღებას გამოცხადება ღვთისა. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა წყლით ნათელს-იღებდა, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას. ეს მოვლენა ასახულია უფლის ნათლისღების სადღესასწაულო ტროპარში: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანის-ცემაჲ გამოჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდუა შენ და სულიწმიდა სახითა ტრედისაჲთა დაამტკიცებდა სიტყუისა მის უცთომელობასა...“
ახალი აღთქმის წერილში გვხვდება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ გამონათქვამები, რომლებიც მეტად მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავენ სამების ჭეშმარიტებას. აი, ისინი:
მთ. 28,19 - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. წმ. ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არა სახელებითა იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი“.
2 კორ. 13,13 - „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ“.
1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან“ (ეს მუხლი არ შემოინახა ძველბერძნულ ხელნაწერებში. იგი მხოლოდ ლათინურ, დასავლურ ნაწერებში გვხვდება). გარდა ამისა, წმ. ათანასე დიდი განმარტავს, რომ აგრეთვე სამებაზეა ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს შემდეგ ტექსტში: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს (მამა ღმერთ) და ყოველთა მიერ (ძე ღმერთი) და ჩვენ ყოველთა შორის (სულიწმიდა)“ (ეფ. 4,6).
ქრისტეს ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტება მთელი სისავსითა და სისრულით თავიდანვე იქნა აღიარებული. ყოვლადწმიდა სამებისადმი საყოველთაო რწმენაზე ნათლად ლაპარაკობს წმ. ირინეოს ლიონელი, - მოწაფე თვით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილ წმ. პოლიკარპე სმირნელისა: „ეკლესია მთელს მსოფლიოში, ქვეყნის დასალიერამდეა გავრცელებული, ოღონდ სარწმუნოება მან მოციქულთა და მათ მოწაფეთაგან მიიღო. ეს არის სარწმუნოება ერთ ღმერთზე, მამა ყოვლისმპყრობელზე... და ერთ იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და სულიწმიდაზე, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნო საღვთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა. მიიღო რა ამგვარად ნაქადაგები და აღიარა რა ასეთი რწმენა, ეკლესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მთელს მსოფლიოშია განფენილი, გულმოდგინედ იცავს მას... ისე შეთანხმებულად ქადაგებს ამ სარწმუნოებას, თითქოს ეკლესიას ერთი სული და გული ჰქონდეს. ისე ასწავლის და გადასცემს მას თითქოს ერთის პირით წარმოთქვამდეს. მრავალ ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოში, მაგრამ ეს გადმოცემის ძალას ვერ ცვლის... ეკლესიების წინამძღვართაგან ვერავინ ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოებას, გადმოცემას ვერ შეასუსტებს გამოცდილი თუ ახალბედა მჭერმეტყველი“2.
ყოვლადწმიდა სამების კათოლიკე ჭეშმარიტების დასადასტურებლად და ერეტიკოსთაგან მის დასაცავად წმიდა მამებს მოჰყავდათ მაგალითები წმიდა წერილიდან. არც ამას სჯერდებოდნენ და პირველ ქრისტიანთა მოწმობებზე დაყრდნობით, ერეტიკოსთა ბრძნობის გასაქარწყლებლად გონებისმიერ, ფილოსოფიურ მსჯელობებს მიმართავდნენ. ასეთ მოწმობებია:
ა. მაგალითები მოწამეთა და მართალთა, რომელთაც არ ეშინოდათ მტანჯველთა წინაშე ეღიარებინათ რწმენა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა;
ბ. მოციქულთა მოწაფეთა და საერთოდ ადრექრისტიანული ხანის მწერალთა ნაწერები;
გ. საღვთისმსახურო ფორმულირებანი. წმ. ბასილი დიდს მოჰყავს მცირე სადიდებელი: „მასვე (ქრისტეს) მამითურთ და სულიწმიდითურთ პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე“. მისი აზრით, ეს გამოთქმები ეკლესიაში გამოიყენებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სახარება გვეუწყა. წმ. ბასილი დიდი აგრეთვე მიუთითებს სამადლობელზე „ნათელი მხიარული“ (სამწუხრო საგალობელი), მას მამათაგან გადმოცემულ „ძველ საგალობელს“ უწოდებს და იქიდან შემდეგი სიტყვები მოჰყავს: „ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა“, რითაც ცხადყოფს ძველი ქრისტიანების რწმენას, რომ სულიწმიდა თანადიდებულია მამასა და ძესთან ერთად3.
არსებობს ეკლესიის ძველ მამათა და მასწავლებელთა მრავალი მოწმობა, რომ ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან აღასრულებდა ნათლისღებას მამის, ძისა და სულიწმიდის, როგორც სამი ღვთაებრივი პირის, სახელით. ამასთან ამხელდა იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლავდნენ მარტო მამის (რადგან ძესა და სულიწმიდას უფრო ნაკლებ ღირსებას მიაწერდნენ), ან მამისა და ძის, ანდა მარტო ძის (აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას) სახელით. ამას ადასტურებდნენ იუსტინე მოწამე, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, ათანასე დიდი, ჰილარი პიქტავიელი, ბასილი დიდი და სხვანი.
ამ დოგმატის დასაცავად ეკლესიამ დიდი მღელვარება გადაიტანა და მძიმე ომს გაუძლო. ბრძოლა ჯერ მამა ღმერთისა და ძე ღვითისას თანაარსობისა და თანადიდებულების, შემდეგ კი სულიწმიდის მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან თანასწორობის დასამტკიცებლად წარიმართა.
ძველი პერიოდის ეკლესიის დოგმატური ამოცანა იყო, დაედგინა ყოვლადწმიდა სამების შესახებ ზუსტი ტერმინოლოგიური განმარტებანი და ფორმულირებანი, რომლებიც გამორიცხავდნენ ერეტიკოსთა მხრიდან მათი სხვაგვარად გაგების შესაძლებლობას.
ეკლესიის მამებს სურდათ, რამდენადმე მოერგოთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო შინაარსი ჩვენს მიწიერ ცნებებთან, მიეახლოებინათ მიუწვდომელი მისაწვდომთან და ამისთვის ბუნებაში არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ სახეებს იყენებდნენ. აი, ისინი:
ა. მზე, მზის სხივი და ნათელი;
ბ. ფესვი, ღერო და ნაყოფი ხისა;
გ. წყარო, მისგან მოჩუხჩუხე ნაკადული და მდინარე;
დ. ერთიმეორის მიყოლებით დანთებული სამი სანთელი, რომელიც ერთ, განუყოფელ სინათლეს აფრქვევს;
ე. ცეცხლი, მისი ალი და სითბო;
ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;
ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ.
აი, რას ამბობს ამგვარ მცდელობათა შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებას გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე. სხვათა მიბაძვით წარმოვიდგინე წყარო, ნაკადული და მდინარე და განვსაჯე: ხომ არ ჰგავს ერთ მათგანს მამა, მეორეს - ძე და მესამეს კი სულიწმიდა? ერთი შეხედვით, თითქოს სამი, თვისობრივად განყოფილი: წყარო, ნაკადული და მდინარე განუყოფელია დროში და უწყვეტია მათი თანამყოფობა. მაგრამ ჯერ ერთი, შემეშინდა, არ დამეშვა ღმერთში რაღაც განუწყვეტელი დინების არსებობა; მეორეც, რომ ამგვარი შედარებით არ შემომეტანა რიცხობრივი ერთობა - წყარო, ნაკადული და მდინარე რიცხობრივად ერთია, ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში განსხვავდებიან. განსახილველად ახლა მზეს, სხივებსა და სინათლეს მივმართე: მაგრამ აქაც მაქვს შიში, არ წარმოვიდგინო შეუდგენელი ბუნება შედგენილად, რაც მზესა და მისგან გამომავალთ ახასიათებთ. მეორეც - თუ აღიარებ, რომ მამა არის არსება, ამით ხომ არ უარყოფ, რომ დანარჩენი პირები დამოუკიდებელი არსებები არიან და არ აქცევ მათ მამა ღმერთში არსებულ, მაგრამ მასზე დამოკიდებულ ღვთიურ ძალებად. სხივიც და სინათლეც მზე კი არა, რაღაც მისგან გამომავალნი არიან და მზის არსებით თვისებებს წარმოადგენენ. მესამე, რათა ღმერთს ერთდროულად მყოფობა და არმყოფობა არ მიეწეროს (ამ მაგალითმა კი შეიძლება ასეთ დასკვნამდეც მიგვიყვანოს), რაც ზემოთქმულზე უფრო დიდი უგუნურება იქნებოდა... საერთოდ, განხილვისას ვერაფერს ვაწყდები ისეთს, რაც მისაღები მსგავსების არსებობას მაფიქრებინებს, თუ ვინმემ სათანადო კეთილგონიერებით არ გამოაცალკევა რაღაც ერთი და უკუაგდო დანარჩენები. ბოლოს ვასკვნი, რომ უმჯობესია, განუდგე ყველა სახესა და აჩრდილს - ისინი მაცდურნი არიან და ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგანან. ღვთისმოშიშებით უნდა იაზროვნო და დასჯერდე რამდენიმე სახელდებას. სულის მიერ წარმართული, მისგან რა გაცისკროვნებასაც ეზიარები, ბოლომდე დაიმარხე. მასთან (სულთან) ერთად განვლე დღენი, როგორც წრფელ თანამოაზრესა და მოსაუბრესთან. შეძლებიდაგვარად სხვებსაც შთააგონე, რათა თაყვანი სცენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთსა ღვთაებასა და ერთსა ძალსა“4.