პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

ღმერთი და მისი გამოცხადებანი სამყაროში

3. ღმერთი - სამყაროს შემოქმედი

„დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (შესაქ. 1,1). სამყაროს წარმოშობის თაობაზე ძველი მითოლოგიური თქმულებებისაგან დამოუკიდებლად და სამყაროსეული წესრიგის დაწყება-განვითარების შესახებ ერთიმეორის შემცვლელი ჰიპოთეზებისაგან განცალკევებით, დიდებულად აღმართულა მოსეს ღვთივსულიერი ნაამბობი, რომელიც ამავე თემას ეხება და ბიბლიის პირველ გვერდებზეა წარმოდგენილი. იგი ერთობ მოკლეა, მაგრამ იტევს სამყაროს შექმნის მთელს ისტორიას. ნაამბობის ენა უმარტივესია, მისი ლექსიკა სულ რამდენიმე ასეული სიტყვისაგან შედგება და მასში საერთოდ არ გვხვდება რელიგიურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად ასე აუცილებელი განყენებული ცნებები. მაგრამ ამგვარი სიმარტივე ვერაფერს აკლებს მის მარადიულ მნიშვნელობას.

ღვთისმხილველი მოსეს პირდაპირი მიზანი იყო, შესაქმის შესახებ გადმოცემის საშუალებით თავისი ხალხისთვის, მათ მიერ კი მთელი კაცობრიობისთვის წარმოეჩინა ძირითადი ჭეშმარიტებანი ღმერთზე, სამყაროსა და ადამიანებზე.

მთავარი ჭეშმარიტება კი ის არის, რომ ღმერთი სამყაროსგან დამოუკიდებელი, ერთიანი სულიერი არსებაა. შესაქმის პირველივე სიტყვები „დასაბამად ქმნნა ღმერთმან“ (შესაქ. 1,1) ადასტურებენ, რომ ღმერთი არის ერთადერთი, დროზე უწინარესი, მარადიული, თვითმყოფადი; იგია ყოველივეს არსებობის წყარო, სული სამყაროსმიღმიერი, რადგან არსებობდა სამყაროს შექმნამდე, იყო სივრცეში დაუსაზღვრებელი, გამიჯნული ცისგანაც კი, რადგან ეს უკანასკნელი დედამიწასთან ერთად შეიქმნა. ღმერთი არის პიროვნული, გონიერი არსება.

სამყაროს შექმნის ეტაპების თანამიმდევრულად წარმოდგენის შემდგომ შესაქმისაღმწერელი თავის თხრობას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „და იხილა ღმერთმან ყოველნი რაოდენნი ქმნნა, და აჰა, კეთილ ფრიად“ (შესაქ. 1,31).

სამყაროს შექნის შესახებ მოსეს მიერ ჩამოყალიბებული დიდებული სქემიდან რამდენიმე უშუალო დასკვნა გამომდინარეობს, კერძოდ:

1. თუ როგორ წარმოიშვა სამყარო:

ა. სამყარო მუდმივად არ არსებობს, იგი დროში წარმოიქმნა;

ბ. სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;

გ. სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;

დ. სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო თავისუფალი ნების ნაყოფია;

ე. სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.

2. თუ როგორი ბუნებისაა სამყარო:

ა. სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული;

ბ. სამყარო შეიქმნა არა რაღაც მუდამ არსებული მასალისგან, არამედ სრული არყოფნიდან შემოვიდა მყოფობაში;

გ. ღვთის ბრძანებით ყოველივე დედამიწაზე არსებული შექმნილია მიწიერი სტიქიონებიდან, „გამოყვანილია“ წყლისა და მიწისაგან, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც თავისთავში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ატარებს.

3. თუ როგორია შესაქმის შედეგები:

ა. სხვადასხვაა ღვთაებრივი ბუნება და სამყარო. სამყაროც თავის მხრივ ღვთისგან განსხვავებული ბუნების მქონედ რჩება;

ბ. სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია;

გ. სამყაროში, თვით ღმერთის გარდა არაფერია შეუქმნელი;

დ. ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად“, რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.

ჭეშმარიტი რელიგიის არსებობა მხოლოდ სამყაროს შექმნის შესახებ მოსეს მონათხრობში მოყვანილ საფუძვლებზე დაყრდნობით არის შესძლებელი.

პიროვნული ღმერთის აღიარების გარეშე ვერ შევძლებდით მისდამი სიყვარულს, დიდებისა და მადლობის აღვლენას, ლოცვას, მის საშველად მოხმობას. ჩვენ, ალბათ, იმ ობლებს დავემსგავსებოდით, რომელთაც არც დედა ახსოვთ და არც მამა.

სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო, თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვთო შეზღუდულობამდე მიგვიყვანდა, ანუ გამოიწვევდა ღმერთის, როგორც შემოუსაზღვრელი არსების შესახებ იდეის დამახინჯებასა და ორღმერთიანობის დაშვებას.

სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქნებოდა ჩვენზე აღმატებული არსება.

მაგრამ სამყაროს დასაბამი აქვს - ის დროშია შექმნილი. ჩვენს ზემოთ სუფევს უზენაესი, მარადიული, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, ძალა სახიერი, რომლისკენაც სიხარულით მიილტვის მორწმუნე ადამიანის სული. იგი მიეახლება მას და სიყვარულით მოუხმობს: „ვითარ განდიდნეს საქმენნი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა... იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე“ (ფს. 103,24,31).

 

როგორ შეიქმნა სამყარო

სამყარო არარასგან შეიქმნა, მაგრამ „გან“ თანდებული უკვე რაღაცის არსებობაზე მიგვანიშნებს, „არარა“ კი არარსებული მასალაა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა გვეხმარა მამათა ჩვეული გამოთქმა - არმყოფობიდან მყოფობაში შემოსვლა. თუმცა ზემოხსენებული გამოთქმის გამოყენება პირობითად მიღებული და სავსებით დასაშვებია მისი სიმარტივისა და სიმოკლის გამო.

შექმნა რომ სრული არყოფნიდან შემოსვლაა, ამის შესახებ საღვთო წერილში ბევრგან საუბრობენ:

„ღმერთმან ყოველივე არაფრისგან შექმნა...“ (2 მაკ. 7,28);

„არა საჩინოჲსგან ხილულად შექმნულად“ (ებრ. II,3);

„უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა“ (რომ. 4,17).

თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმიდა წერილიც ამას ამბობს: „რომლისგანცა (ძისა თჳსისა მიერ) შექმნა საუკუნენი“ (ებრ. 1,2). აქ სიტყვა „საუკუნენი“ აღნიშნავს „დროს“. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა.

შესაქმის დღეთა შესახებ ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „რანაირი არიან ეს დღეები, ამის წარმოდგენა ჩვენთვის უკიდურესად ძნელი ან საერთოდ შეუძლებელიც კია. მათზე უფრო მეტის თქმა არ ძალგვიძს“1.

„ვხედავთ, რომ ჩვეულებრივ დღის ბოლოს, მზის ჩასვლის შემდეგ, საღამო დგება და მზის ამოსვლისას დილა თენდება. მაგრამ გადმოგვცემენ, რომ მზე მეოთხე დღეს შეიქმნა, ანუ პირველმა სამმა დღემ უმიზეზოდ ჩაიარა. მართალია, ნახსენებია, რომ ღვთის სიტყვით დასაწყისშივე შეიქმნა ნათელი, რომ ღმერთმა იგი ბნელისგან გაჰყარა და ნათელს დაარქვა დღე, ბნელს კი - ღამე, მაგრამ რა სახის იყო ეს ნათელი, რა თანმიმდევრობით და რანაირად შეიქმნა საღამო და დილა - ამის შეცნობა არ ძალგვიძს; არ შეგვიძლია ჩავწვდეთ სინამდვილეს. მაგრამ შეუორგულებლად უნდა გვჯეროდეს, რომ ასეა...“2.

ღმერთმა სამყარო შექმნა თავისი გონით, ნებით, სიტყვითა და ბრძანებით3. „რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს“ (ფს. 148,5). აქ სიტყვა „თქუა“ აღნიშნავს „მინიშნებას“, „წამისყოფას“. როგორც ეკლესიის მამები აღნიშნავს „მინიშნებას“, „წამისყოფას“. როგორც ეკლესიის მამები შენიშნავენ, ღვთის „ნათქვამი“ რაღაც დანაწევრებულ ბგერებად ან ჩვენეული სიტყვის მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. არა, ამ შემოქმედებითი სიტყვით ხდება არარადან სამყაროს შემქმნელი ყოვლისშემძლე ღვთის ნების მინიშნება ან გამოხატვა.

ღირსი იოანე დამასკელი წერს: „სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყოველივეს მოუკლებლივ: ხილულს, არხილულს და ამავე ხილულისა და უხილავისაგან შედგენილ ადამიანს. ქმნის აზრობრივად, მის საქმედ ქცევას აღასრულებს სიტყვა და განასრულებს სული“4.

ამრიგად, ღმერთის ზრახვა სამყაროზე მარადის არსებობდა, თუმცა მან იგი დროში შექმნა5. მაგრამ ჩვენ ვერიდებით გამოთქმას - „შექმნა თავსი გონიდან“, რათა ვინმეს არ ვაფიქრებინოთ, რომ ღმერთმა სამყარო თავისი არსებიდან შექმნა. საღვთო წერილი უფლებას არ გვაძლევს, ვილაპარაკოთ სამყაროს „წინასაუკუნო“ მყოფობაზე, იმავე მიზეზით უნდა ვაღიაროთ, რომ მიუღებელია შეხედულება „კაცობრიობის წინასაუკუნო არსებობაზე“, რომელიც ჩვენს ღვთისმეტყველებაში ერთ-ერთი თანამედროვე ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სწავლებიდან ცდილობს შემოჭრას.

ეკლესია, წმიდა წერილიდან გამომდინარე, აღიარებს შესაქმეში ყოვლადწმიდა სამების სამივე პირის თანამონაწილეობას. სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა..., რომლისაგან ყოველი შეიქმნა. და სულიწმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი...“ ირინეოს ლიონელი წერს: „ძე და სულიწმიდაჲ თითქოს მამის ხელნი არიან“6. ამავე აზრს გამოთქვამს მამა იოანე კრონშტადტელიც7.

შესაქმისთვის აღძრვა

საღვთო გონში შესაქმისთვის აღძრვის შესახებ „მართლმადიდებლური აღსარება“ და „ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო“ შემდეგს გადმოგვცემს: სამყარო ღმერთმა შექმნა, „რათა სხვათაც განედიდებინათ უფალი და თანაზიარნი ყოფილიყვნენ მისი სიკეთისა“8. ღვთის სიკეთესა და წყალობას მრავალი ფსალმუნი ეძღვნება. მაგალითად, 102,1 და 103,1 („აკურთხევს სული ჩემი უფალსა“), რომლებიც მოგვიწოდებენ, განვადიდოთ უფალი, მისი საღვთო განგებულება და ვმადლობდეთ ჩვენი არსებობის გამო. იმავე აზრს გამოხატავენ ეკლესიის მამები. მაგალითად, ნეტარი თეოდორიტე წერს: „უფალ ღმერთს არ სჭირდება ქება-დიდება. მან თავისი სიკეთის გამო მიანიჭა მყოფობა ანგელოზებს, მთავარანგელოზებსა და ყოველ ქმნილებას“ და განაგრძობს: „ღმერთს არაფერი სჭირდება, მან - უფსკრულმან სიკეთისა - კეთილ-ინება და არარსებულს არსებობა უწყალობა“. წმიდა იოანე დამასკელის მიხედვით: „სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთის უხვებისა გამო ინება არსებათა შექმნა, რომლებიც მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარნი იქნებოდნენ“9.

შესაქმის სრულყოფილების შესახებ

საღვთო წერილი და წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველივე ღმერთის მიერ შექმნილი სიკეთეს ატარებს და თან მიუთითებენ სამყაროს, როგორც კეთილად შექმნილის კეთილწყობაზე. თავისთავად ზნეობრივ თავისუფლებას მოკლებული უგუნური ქმნილება არც კეთილია, არც ბოროტი. გონიერი და თავისუფალი ბოროტი მაშინ ხდება, როცა ღმერთს განუდგება; ანუ მიზეზი ცოდვისადმი მიდრეკილებაა და არა ის, რომ ბოროტად შეიქმნა. „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ“ (შესაქ. 1,10,12,21,25,31).

ღმერთმა სრულყოფილი სამყარო შექმნა. თუმცა გამოცხადება არ გვეუბნება, იყო თუ არა შესაქმის დღეების სამყარო, მისი მოგვიანო თუ ამჟამინდელი სახე იმდენად სრული, რომ შემდგომი სრულყოფა აღარ სჭირდებოდა, ან ამის უნარი არ შესწევდა. მიწიერი სამყაროს უზენაესი წარმომადგენელი - ადამიანი სიცოცხლის ახალ, უფრო მაღალ ფორმას განეკუთვნება. საღვთო გამოცხადება გვასწავლის, რომ სამყაროს ამჟამინდელი მდგომარეობა სამომავლოდ შეიცვლება. იგი საუკეთესო და სრულყოფილი გახდება, იქნება „ახალი ცანი და ახალი ქუეყანა“ (2 პეტ. 3,13) და „დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა...“ (რომ. 8,21).

შეკითხვას - „როგორი იყო საღვთო ცხოვრება სამყაროს შექმნამდე?“ - ნეტარი ავგუსტინე უპასუხებს: „ყველაზე კარგი პასუხი იქნება - არ ვიცი“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მსჯელობს: „იგი ჭვრეტდა თავისი სიკეთის სანუკვარ ნათელს“ ... „რადგანაც შეუძლებელია ღმერთის უმოქმედობა და არასრულყოფილება, მაშინ რით იყო საღვთო გონი დაკავებული იქამდე, როცა დროთა სიცარიელეში გამეფებულმა უზენაესმა შექმნა სამყარო და ნაირგვარად მორთო? - იგი ჭვრეტდა თავისი სახიერების სანუკვარ ნათელს; ეს სამმნათობი ღმერთის ის სრულყოფილი თანა-ნათელცისკროვანებაა, რომელიც უწყის მან, ერთმა ღმერთმა თავისსავე დიად წარმოსახვაში სამყაროს მაშინაც აწმყო დროში განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოგვიანებით შექმნა. ღმერთს თვალწინ აქვს გადაშლილი ყოველივე, რაც იქნება, იყო და არის“10.

შეკითხვაზე - „რით გამოიხატებოდა საღვთო ყოვლისშემძლეობა, როცა სამყარო არ არსებობდა?“, წმ. მეთოდე პათარელი შენიშნავს: „ღმერთი ყოვლისშემძლეა თავისსავე შექმნილისგან სრულიად დამოუკიდებლად“.

 

ანგელოზთა სამყაროს შექმნა, მათი ბუნება და დანიშნულება

ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე წმიდა, უხორცო სულები დგანან. ისინი, ჩვენთან შედარებით, აღმატებული და სრულყოფილი არსებანი არიან, უხილავად მოქმედებენ და ადამიანთა ცხოვრებაზე ფრიად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.

რა არის ჩვენთვის ცნობილი მათზე, როგორ და როდის მოხდა მათი წარმოშობა, ყველას ერთნაირი ბუნება მიენიჭა თუ არა და როგორია იგი, რისთვის არიან მოწოდებულნი და როგორ არსებობენ?

ანგელოზები წმიდა წერილში

„ანგელოზი“ მაუწყებელს ნიშნავს (ბერძნ. სიტყვიდან  - αγγελλω უწყება). ძირითადად ამ სიტყვით განისაზღვრება კაცობრიობის მიმართ მათი მსახურების შინაარსი. და კაცთა მოდგმამაც, ჯერ კიდევ სამოთხეში ყოფნის დღეებიდან იცოდა მათი არსებობის შესახებ. ეს ფაქტი ასახულია არა მარტო იდეურ, არამედ სხვა რელიგიებშიც.

ცოდვით დაცემული ადამიანების სამოთხიდან განდევნის შემდეგ ედემის ბაღის შესასვლელთან დადგა ქერუბიმი, „მოტყინარე მახჳლითა იქცევისი, დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა“ (შესაქ. 3,24). აბრაამმა, როცა გააგზავნა მსახური ნაქორთან, დააიმედა, რომ უფალი თავის ანგელოზს „წარავლენდა წინაშე მისსა“ და ისიც გზას კეთილად განვლიდა (შესაქ. 24,7). იაკობი ანგელოზებს ხედავდა ძილშიც (როცა მესოპოტამიაში მიმავალმა სიზმრად საიდუმლო კიბე იხილა, შესაქ. 28) და ცხადშიც (როდესაც საკუთარი სახლში, ესავთან მიმავალმა დაინახა ღვთის ანგელოზთა ბანაკი. შესაქ. 32,1-2). ფსალმუნთა წიგნში ანგელოზები ბევრჯერ იხსენიებიან, მაგ., „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ (ფს. 148,2); „რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა“ (ფს. 90,11). მათ შესახებ, აგრეთვე, ვკითხულობთ იობისა და წინასწარმეტყველთა წიგნებში. უფლის ტახტს გარშემორტყმული სერაბიმნი ესაია წინასწარმეტყველს ეჩვენენ (ეს. 6), ქერუბიმნი კი იეზეკიელ წინასწარმეტყველმა უფლის სახლის ხილვისას ნახა (იეზ. 10).

ანგელოზთა შესახებ ბევრ ცნობას გვაწვდის და მრავალგზის ახსენებს მას ახალი აღთქმის გამოცხადება. მაგალითად, ანგელოზმა აუწყა ზაქარიას ნათლისმცემლის ჩასახვა; ამცნო ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მაცხოვრის შობა; იგი ეცხადებოდა ძილში იოსებს; ანგელოზთა მრავალრიცხოვანმა მხედრობამ გალობით განადიდა ქრისტეს შობა; ანგელოზმა ახარა მწყემსებს მაცხოვრის შობა; შეაჩერა ჰეროდესთან დასაბრუნებლად გამზადებულნი მოგვნი. ისინი ემსახურებოდნენ იესო ქრისტეს მისი უდაბნოში გამოცდის დროს; გეთსიმანიის ბაღში მოევლინა მაცხოვარს ანგელოზი, რათა განემტკიცებინა იგი; ანგელოზებმა ამცნეს მენელსაცხებლე დედებს იესო ქრისტეს აღდგომა, მოციქულებმაც უფლის ამაღლებისა და მეორედ მოსვლის შესახებ მათგან შეიტყვეს; მათვე ახსნეს პეტრესა და სხვა მოციქულებს ჯაჭვნი (საქმ. 5,19), იგივე განმეორდა ცალკე პეტრე მოციქულის მიმართაც (საქმ. 12,7-15). ანგელოზი მოევლინა კორნილიუსს და ამცნო - საღვთო წერილის მასწავლებლად პეტრე მოციქული მოეწვია (საქმ. 10,3-7); აუწყა პავლე მოციქულს, რომ მას კეისრის წინაშე წარდგომა ელოდა (საქმ. 27,23-24). ანგელოზთა ხილვა საფუძვლად უდევს წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიერ აპოკალიფსისში აღწერილ გამოცხადებებს.

ანგელოზთა შექმნა

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა - და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა... სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით - ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც11.

ანგელოზთა ბუნება

ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებითს ნებას. ისინი უსხეულონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას. ღირსი იოანე დამასკელი გვასწავლის: „როდესაც ანგელოზები ღვთის ნებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს, ჩნდებიან არა ნამდვილი სახით, არამედ იმგვარად გარდასახულნი, რომ მისი დანახვა შეძლონ ხორციელმა არსებებმა“12. ტობითის წიგნში მოთხრობილია, თუ რა უთხრა ტობითსა და მის ძეს თანამდევმა ანგელოზმა თავისთავზე: „ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუმედ, არამედ ხილვით ხოლო მხედვიდით თქუენ“ (ტობ. 12,19).

ღირსი იოანე დამასკელი მსჯელობს - „თუმცა ანგელოზს ჩვენთან შედარებით უსხეულო და უნივთო ეწოდება, ერთიანი, უდარებელი ღმერთის მიმართ ყოველივე ტლანქია და ნივთიერი. მხოლოდ ღმერთია სავსებით უნივთო და უსხეულო“13.

ანგელოზთა სრულყოფილების ხარისხი

ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. უსხეულონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს; ასე ვთქვათ, ფრენით მყისიერად გადიან თვალუწვდენელ სივრცეებს და უმალ ჩნდებიან სამოქმედო ასპარეზზე. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს ანგელოზები ყველგანმყოფნი იყვნენ და სივრცისა და ადგილისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობენ. წმიდა წერილში ასახულია, ანგელოზები როგორ ეშვებიან ზეციდან მიწაზე, ან მიწიდან ზეცად როგორ ადიან. მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც.

წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ „არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების“ (ლკ. 20,36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიანად ღვთის ნებასა და წყალობაზეა დამოკიდებული.

ანგელოზებს, როგორც უსხეულო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (2 პეტ. 2,11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას „მცირედ რამე დააკლო“ ანგელოზებთან შედარებით (ფს. 8,5).

მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები. წმიდა წერილი მიუთითებს, რომ ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს, ეს მარტოოდენ „სულმა ღვთისამ“ იცის („ეგრეცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ - I კორ. 2,11); მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ - ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა („ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა...“ - მარკ. 13,32); აგრეთვე, სურვილის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს, „...რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (I პეტ. 1,12); ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას (3 მეფ. 8,39); და ბოლოს, არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები („კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან“ - ფს. 71,18).

ანგელოზთა რიცხვი. ანგელოზთა ხარისხები

წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. როდესაც დანიელ წინასწარმეტყველმა სიზმარში „ძუელთა დღეთა“ იხილა, მას თვალწინ გადაეშალა „ათასნი ათათასნი“, რომელიც „ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ (დან. 7,9-10). ძე ღვთისას ამა სოფლად მოვლინებას ადიდებდა ანგელოზთა „სიმრავლე ერთა ცისათა“ (ლკ. 2,13).

„წარმოიდგინე, - ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, - რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან რომაელნი და ამჟამად მცხოვრები სხვა ტლანქი ხალხები. იფიქრე - ასი ან ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღესრულა. წარმოიდგინე - ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე რამდენი დასამარდა - უზარმაზარია მათი რიცხვი. მაგრამ ანგელოზთა რაოდენობა მასთან შედარებით გაცილებით დიდია. კაცთა მოდგმა მხოლოდ ერთი ცხოვარია, როცა ანგელოზნი ოთხმოცდაცხრამეტნი არიან. დიდ სივრცეს მრავალრიცხოვანი მკვიდრნიც უნდა ჰყავდეს. ჩვენს მიერ დასახლებული დედამიწა ცის შუაგულში არსებულ რაღაც წერტილს მოგვაგონებს. რამდენადაც გარემომცველი ცა აღემატება სივრცობრივად დედამიწას, იმდენადვე მეტია ზეციურ მკვიდრთა რიცხვიც. ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7,10) - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმატებული რიცხვის დასახელება“ 14.

ანგელოზთა ამგვარი მრავალრიცხოვნება ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ ნივთიერი სამყაროს მსგავსად ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა. მაგალითად, საღვთო წერილი ზოგ მათგანს „ანგელოზს“ უწოდებს, სხვას  - „მთავარანგელოზს“ (I თეს. 4,15; იუდა 4,9).

მართლმადიდებელი ეკლესია სახელმძღვანელოდ მიმართავს ძველი ეკლესიის მწერალთა და მამათა მოსაზრებებს, განსაკუთრებით წმ. დიონისე არეოპაგელის ავტორობით შექმნილ თხზულებას „ზეციური იერარქიის შესახებ“ და მათზე დაყრდნობით ანგელოზთა სამყაროს ცხრა ხარისხად ან დასად ყოფს; მათ თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ანაწილებს, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება. პირველ იერარქიულ ტრიადაში ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი: საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი ერთიანდებიან. მეორე, შუა ტრიადაში - უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ მესამე ტრიადაში კი მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი15. ანგელოზთა ცხრა დასად გადანაწილებას ვხვდებით „მოციქულთა კანონებში“, იგივეს იმეორებენ „მოციქულთა განწესებანი“, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. იოანე ოქროპირი, მოგვიანებით - წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, ღირსი იოანე დამასკელი და სხვანი. აი, წმ. გრიგოლ დიოლოღოსის სიტყვები: „საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზები, მთავარანგელოზები, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი. ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. ანგელოზთა და მთავარანგელოზთა არსებობა წმიდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება. როგორც ცნობილია, წინასწარმეტყველთა წიგნებში ხშირად ახსენებენ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. კიდევ ოთხი დასის სახელი მოჰყავს პავლე მოციქულს ეპისტოლეებში ეფესელთა და კორინთელთა მიმართ: „უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა...“ (ეფ. 1,21) და „...ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი“ (კოლ. 1,16). როდესაც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ნახსენებ ოთხ დასს: მთავრობებს, უფლებებს, ძალებსა და ხელმწიფებებს - დაემატება საყდარნი, მივიღებთ ცალკე ხუთ დასს. ხოლო ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმებთან ერთად ცხრა დასი გამოვა“16.

და მართლაც, წმიდა წერილის წიგნებში გვხვდება ზემოჩამოთვლილი დასები, ოღონდ ცხრაზე მეტი არ მოიხსენიება. აი, ადგილები სადაც ნახსენები არიან ქერუბიმნი: შესაქმე - 3, ფსალმუნნი - 70 და 98, იეზეკიელი - 1 და 10; სერაბიმები: ესაია - 6; ძალნი: ეპისტოლე ეფესელთა მიმართ - 1 და რომაელთა მიმართ - 8; საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი: კოლასელთა - 1, ეფესელთა 1 და 3; მთავარანგელოზები: 1 თესალონიკელთა - 4 და იუდა - 9 მუხლი; ანგელოზები: 1 პეტრე - 3 და რომაელთა მიმართ - 8 და სხვა. მაშასადამე, ეკლესიის სწავლებით ანგელოზთა დასების რაოდენობა ჩვეულებრივ ცხრა რიცხვით შემოისაზღვრება.

ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად, კეთილწესიერ თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები. ამ მოსაზრებას ავითარებენ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, თეოფილაქტე ბულგარელი. ოქროპირი ამბობს: „არის, ჭეშმარიტად არის სხვა ძალები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცით... ზეცად მკვიდრობენ არა მარტო ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, არამედ იქვეა ურიცხვი განსხვავებული გვარი და წარმოუდგენლად უამრავი კლასი, რომელთა აღწერა სიტყვით საერთოდ შეუძლებელია. საიდან ჩანს, რომ ზემოთ ნახსენებზე მეტი ძალნი არსებობენ და რომ ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცით? პავლე მოციქული საუბარობს ერთ თემაზე - ამოწმებს ქრისტეს შესახებ და იქვე ახსენებს მეორე საკითხსაც: „... და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა, და ყოვლისა სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ (ეფ. 1,20-21). ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სახელები, რომლებიც ახლა არ ვიცით, მაგრამ შემდგომში გავიგებთ? ამიტომაც თქვა: „ყოვლისა სახელისა რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ - ეს გამონათქვამი ეკლესიის მიერ პირად მსჯელობად განიხილება.

საერთოდ, ძველნი მწყემსნი მიიჩნევდნენ, რომ ზეციური იერარქიის შესახებ სწავლება საიდუმლოა. წმ. დიონისე ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ ასე მსჯელობს: „ზეციურ არსებათა რამდენი დასი არსებობს, როგორია ისინი და რარიგად აღესრულება იერარქიის საიდუმლო, ეს ზუსტად მხოლოდ ღმერთმა უწყის - იგია მიზეზი ამ იერარქიისა. საკუთარი მადლმოსილება და ნათელი ზეციურმა არსებებმაც იციან, მათვე უწყიან, თუ ვინ არიან წმიდა და არაამქვეყნიურ დასთა მთავარნი. ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რა ცოდნაც ღმერთის წყალობით გამოგვიცხადეს ანგელოზებმა თავისთავზე“17. ამგვარადვე მსჯელობს ნეტარი ავგუსტინეც: „შეუორგულებლად მწამს, რომ ზეციურ სავანეებში არსებობენ საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი. რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ესეც უეჭველად მიმაჩნია. მაგრამ როგორნი არიან და ზუსტად რითი განირჩევიან - ეს არ ვიცი“.

წმიდა წერილში ზოგ უმაღლეს ანგელოზს საკუთარი სახელი აქვს მინიჭებული. კანონიკურ წიგნებში ორი ასეთი სახელი გვხვდება: „მიქაელი“ (ღვთისებრი, დან. 10,13; 12,1; იუდ. 9; გამოცხ. 12,7-8) და „გაბრიელი“ (კაცი ღვთისა, დან. 8,16; 9,21; ლკ. 1,19,26). არაკანონიკურ წიგნებში ანგელოზთა სამი სახელია ნახსენები: „რაფაელი“ (ღვთის შემწეობა, ტობ. 3,16; 12,12-15), „ურიელი“ (ცეცხლი ღვთისა - 3 ეზრ. 4,1; 5,20) და „სალაფიელი“ (ღვთისადმი ლოცვა - 3 ეზრ. 5,16). გარდა ამისა, კეთილწესიერი გადმოცემით ვიცით კიდევ ორი ანგელოზის სახელი: „იეგუდიელი“ (დიდება ღვთისა) და „ვარახიელი“ (კურთხევა ღვთისა). ისინი წმიდა წერილში არ გვხვდება (მხოლოდ ეზრას მე-2 წიგნში 4,36 იხსენიება „იერემიელი“ - საღვთო სიმაღლე). ამრიგად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისად გამოცხადებულია შვიდი უმაღლესი ანგელოზის სახელი. „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან“ (გამოცხ. 1,4).

ანგელოზთა მსახურება

დასასრულ, მაინც რა არის სულიერი სამყაროს არსებათა დანიშნულება? ცხადია, ღმერთმა ისინი იმისთვის განაწესა, რომ მისი დიდება და ბრწყინვალება უსრულყოფილესად აესახათ და საღვთო ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ. თუ ხილულ ცაზე ითქვა, რომ „ცანი უთხრობდნენ დიდებასა შენსა“, საამისოდ სულიერი ზეცა ხომ უფრო გამოდგება. ამიტომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მათ „სრულყოფილი ნათლის ციმციმს“, ან „მეორე ნათელს“ უწოდებს.

კაცთა მოდგმასთან შედარებით უფრო დაახლოებული დასების ანგელოზები წმიდა წერილში გვევლინებიან, როგორც ღვთის ნების მაუწყებლები. ისინი წარმართავენ ადამიანებს და მათ გადარჩენას ემსახურებიან. პავლე მოციქული წერს: „ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთა-იგი დამკვიდრებად არს ცხორებაჲ?“ (ებრ. 1,14).

ანგელოზები მარტო ღვთისადმი სადიდებელს არ აღავლენენ, ისინი ემსახურებიან მას, განაგოს ნივთიერი და გრძნობადი სამყაროს საქმენი. ამის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ წმიდა მამები: „ერთნი დიადი ღმერთის წინაშე წარდგომილ არიან, სხვანი თანაშემწეეობენ და მთელი სამყარო უპყრიათ“18. ანგელოზები „დადგინებულნი არიან, რათა მართონ სტიქიონები და ზეცანი, სამყარო და ყოველივე მასში არსებული“ (ათინაგორა ათენელი); „თითოეული სამყაროს რაღაც ნაწილის მმართველად დადგინდა, ანუ სამყაროში მხოლოდ ერთი რაიმეს მიუჩინეს - თუ როგორ, ეს მხოლოდ ყოველთა განმაწესებელმა და დამადგინებელმა უწყის. ყოველთა აღმაშენებლის წამისყოფით ანგელოზები ყოველივეს ერთი საბოლოო მიზნისაკენ წარმართავენ“19. ზოგ საეკლესიო მწერალთან გვხვდება აზრი განსაკუთრებულ ანგელოზთა არსებობის შესახებ, რომლებიც ბუნების ორგანული, არაორგანული და ცხოველთა სამყაროების მეთვალყურეებად იქნენ დადგენილნი (ორიგენე, ნეტარი ავგუსტინე). ეს აზრი დასაბამს აპოკალიფსისიდან იღებს, სადაც ლაპარაკია ღვთის ნების თანახმად სხვადასხვა მიწიერ სტიქიონთა მმართველ ანგელოზებზე. საიდუმლოთა მხილველი გამოცხადება წერს: „და მესმა ანგელოზთა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა...“ (გამოცხ. 16,5), „და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა“ (გამოცხ. 7,1) და „და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხევლისგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა...“ (გამოცხ. 14,18). დანიელ წინასწარმეტყველის ხილვის თანახმად, არიან ანგელოზები, რომელთაც ღმერთი დედამიწაზე ხალხებისა და სამეფოების ბედის დაცვას ანდობს (დან. 10;11;12).

მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს თითოეულ ადამიანს, თუ მან იგი თავისი უწმინდური ცხოვრებით არ განაგდო. უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა“ (მათე 18,10).

გაგრძელება...