ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში

ისტორიული მიმოხილვა

მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა

თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველებული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ, მეფის ლევანის ძემ. აი ხატის კუნოს დაბლა პიზედ წარწერა:

„ქ. ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან გადაახლა ხატი ესე ხელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისვარო და სხვანი ხატთ-მებრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისათა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულიყო თფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძია ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტიფლისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლეთ და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართველოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ (=1705 წ.)“. „კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყგკ წ. ქორონიკონსა ფიგ“.

ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი სიმაღლით არის არშინ ნახევარი, სიგანით ერთი არშინი. ჩამჯდარი კუბოში, რომლის სიმაღლე არის ორი არშინი და 1 გოჯი და სიგანე 1 არშინი და ორი გოჯი; თვით სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და კაკლის ფიცარზედ დაკრული, გარშემო ტილო შემოცვეთილა. შეხედულება სრულიად იუდიანთა სახისა აქვს და კარგად ეტყობა, მხოლოდ დიდი ხნის გამო თითქოს შებოლილია და გაშავებული. ტილოს გარემო ორი თითის დადება ფიცარი სჩანს ირგვლივ და შემდეგ შემოვლებული აქვს გვირგვინი ძვირფასის თვალ-მარგალიტით შემკობილი. გვირგვინის აქეთ-იქით ვერცხლზედ ოდნავ ეტყობა ხუცური ასომთავრული ასოები ჲ ჳ ქ ე. ფიცარი ხატს გარეშე მთლად შეჭედილია ოქროში დაფერილი ვერცხლით და გამოყვანილია მაცხოვრის მაკურთხეველი მარჯვენა (ოქროში დაუფერავია) და მარცხენა ხელი სახარებით. ხატის გარემო არშიაზე - შუაზე მარჯვნივ ღვთის მშობელია გამოყვანილი, მარცხნივ ნათლის მცემელი - საუკეთესო ხელოვნებით. მაღლა მარჯვნივ კუთხეში მთავარანგელოზი მიქაელ მარცხნივ კუთხეში - მთავარანგელოზი გაბრიელ; დაბლა - შუაზე პავლე მოციქული, მარჯვნივ კუთხეში პეტრე მოციქული და მარჯვნივ კუთხეში იოანე ღვთის მეტყველი. მთელი ხატის გარშემო არშია შესდგება უმშვენიერესის ჩუქურთმით გამოყვანილი ყვავილ-გრეხილებისაგან.

თავანდელი მრავალი შეწირულ ძვირფას ქვებიდან ხატზედ დღეს დარჩენილა: 25 წითელი სეილანი, 17 სხვა და სხვა ფერი იაგუნდი (თეთრი წყლის-ფერი, იასამანი, მოყვითალო, მოწითალო), 3 ზურმუხტი, 1 ფირუზი და 7 თეთრი ამეტისტი. ამათგან 19 გვირგვინზედ, 4 გვირგვინის თავზედ, 4 მხრებს ასწვრივ, 17 გულზედ, ხოლო ცხრა იაგუნდი ასხმულია ვერცხლის მავთულზედ მარგალიტებს შუა, სულ 54 ქვა. 216 მარცვალი მარგალიტი ასხმულია მავთულზედ, შიგა და შიგ იაგუნდებით, და დამაგრებულია გვირგვინის გარშემო6, 3 მარგალიტი ზის გვირგვინის თავზედ პატარა შაბაქით ნაკეთებ სამკაულზედ და 153 ჭიოტა მარგალიტიც, მავთულზედ ასხმული შვიდი ქვის გარემო დამაგრებული - სულ 372 მარგალიტი.

ხატი ჩასმულია ოქროში დაფერილი ვერცხლით შეჭედილ კუბოში, რომელსაც ორი კარები აბია ხისა, შეჭედილნი ოქროში დაფერილი ვერცხლითვე. ხატის თავზედ, თაღს ქვეშ დიდის ხელოვნებით გამოყვანილია იესო ქრისტეს ამაღლება და მის დაბლა ხატის არშიაზედ დაცარიელებული (ამაღლების შემდეგ) მაღალი დასაჯდომელი უფლისა. ორივე კარებზედ შიგნით-გარეთ ჩუქურთმით გამოყვანილია მშვენიერად თორმეტი საუფლო დღესასწაული: მარჯვენა მხარეზედ - გარედან: საიდუმლო სერობა, ღვთისმშობლის მიძინება და ლაზარეს აღდგინება; შიგნიდან - ნათლისღება ქრისტესი, შობა და ხარება ღვთისმშობლისა; მარცხენა კარებზედ - გარედან: სულის წმინდის გარდამოსვლა, კვირაცხოვლობა და ბზობა; შიგნიდან აღდგომა ქრისტესი, ჯვარცმა და ფერისცვალება. ესე დღესასწაულნი ისრეთის ჩუქურთმის ხელოვნებით არიან ნაკეთები, ისრეთის ზედმიწევნილი ცოდნით საღმრთო ისტორიისა და ყოველ შემთხვეულობათა პსიხოლოგიურის მხრივ შეგნებით გამოყვანილნი, რომ განცვიფრებაში მოდის ყოველი მნახველი და არ სჯერათ, რომ მეთერთმეტე საუკუნეში ამისთანა უმაღლესი ხელოვნება შეუქმნია ქართველს ერს იმ დროს, როდესაც სპარსნი, არაბნი და თურქნი ერთი მეორეს ეცილებოდნენ და ზედი-ზედ აწიოკებდნენ საქართველოს. თუ ხუროთმოძღვარნი ამკობდნენ იმ დროს წმინდა ტაძრების კედლებს მშვენიერის ჩუქურთმის სახეებით, ეტყობა ოქრო მჭედლებსაც ჰქონდათ შეგნებით იმ დროს დიადი წარმოდგენა ბუნებრივი მშვენიერებისა, რაშიაც ქვეყნის შემოქმედმა ჩასახა უმანკოება თვისის ღვთაებრივის უკვდავებისა.

მაგრამ წარწერანი ორივე კარებზე და სხ. ყველას არწმუნებენ, რომ თამარ დედოფალზედ გაცილებით ადრე ყოფილა ანჩის-ხატი ქართველთაგან შემკული: ხატის კუბოს თაღზედ ამაღლების ასწვრივ აწერია: „ქ. ღმერთო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, შეიწირე კნინი ესე შემკობა წმინდისა და საშინელისა განკაცებისა შენისა ხატისა... პატრონი მანდატურთ-უხუცესი ბექა და მომანიჭე ცხოვრება წმინდათა შენთა თანა და ძენი ჩემნი გვიხსენ ჩვენ...“ 7. მარჯვენა კარების შიგნით მხრივ ნათლიღების მაღლა - „ქ. სულსა პატრონისა მანდატურთ-უხუცესისა ბექასსა განუსვენე ღმერთო; ქვეშ - თანამეცხედრესა მისსა მარინეს...“ მარცხენა კარებზედ აღდგომის მაღლა - „ქ. სულსა პატრონისა მანდატურთ-უხუცესისა ბექასსა და თანამეცხედრეს მისსა მარინესსა განუსვენე ღმერთო“; ქვეშ - „ძენი მათნი მანდატურთ უხუცესი სარგის, ყვარყვარე და შალვა ადიდენ ღმერთმან“. ბექა ჯაყელი იყო თამარ დედოფლის წარჩინებული კარის კაცი ჯაყისმანიდამ სამცხეში; მისი პაპა ბეშქენი მეფის დავით აღმაშენებლის კარის კაცი იყო. თამარის შემდეგ ხშირად იხსენებიან ბექას შვილები სარგისი, ყვარყვარე და შალვა. მათგანი ყვარყვარე, ანუ იოანე მოკლულ იქმნა მონგოლებისაგან 1225 წ. ხოლო წმ. შალვა თორელი იოანეს ღალატისა გამო შეიპყრეს ტყვედ და აწამეს ქრისტეს სარწმუნოებისათვის იმავე 1225 წ. და მაშინვე შეირაცხა წმინდათა შორის7.

მეფის გიორგი ბრწყინვალის დროს ჯაყელთა გვარმა დაიმკვიდრა სამცხეში ათაბაგობა და თითქმის სამასი წელიწადი შეინარჩუნეს ეს ღირსება, ვიდრე ოსმალებმა არ დაიმორჩილეს მათი სამთავრო XVII საუკუნის დამდეგს.

VII

თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო.

ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ: აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად და ანჩაში ისევ ქართველი ეპისკოპოსი იჯდა ორმოცდაათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდაათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები. აი როგორის მოთქმით სტირის ჩვენი იმ დროინდელი მწერალი მეისტორიე: „...არამედ ეპისკოპოსნი და მონატერნი შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ, ვინადგან მიუხვნეს ოსმალთა სრულად მამული-შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონოზონებისა და წარაქვნდათ მუნიდამ სიწმიდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს ქართლს, იმერეთს, რამეთუ რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და იწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტიანობასა; იქმნებოდა ოხრება ეკკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა (თათარების სალოცავი). ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმინდათათა და წარაქვნდათ იმერეთს, ქართლს და ივლტდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა. რამეთუ აღმოიფხვრებოდნენ წესნი და რიგნი ქრისტიანობისანი ყოველნივე და შეემატებოდნენ მაჰმადსა... რამეთუ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ მოოხრდნენ ეკკლესიანი დიდ-შვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურ და, რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა, ივლტოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქვნდათ ხატნი და ჯვარნი და წმინდათა ნაწილნი, მოისპოდნენ ეპისკოპოსნი, მონაზონნი და მწყემსნი...“ 8. აი ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს ამარჯანა ივანგულაშვილს მოატანინა სამცხიდამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მორჩილად, ანუ ასოც თუმნად 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.

VIII

დღემდე არავინ დაკვირვებია და არ შეუნიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადად სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა; შუბლის გარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი. რუსულს ენაზედ გამოცემულს აღწერაში მე გამოვსთქვი აზრი, რომ პირი ღვთის ხატი არის ნამდვილი ედესის ხატი-მეთქი. ამის საბუთად მაშინ მე მოვიყვანე: ა) რომ ძველთაგანვე ქართველი ერი უწოდებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ბ) რომ დღესასწაული ამ ხატისა იმ თავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 აგვისტოს, ე.ი. სწორედ იმ დღეს, რომელიც პირველშივე ედესიიდგან კოსნტანტინეპოლში მოსვენებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღესასწაულოდ; გ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩის ხატს, როგორც პირი ღვთის, ხელითუქმნელის ხატსა9; დ) საქრისტიანო საზოგადო გარდამოცემით ხელითუქმნელი ხატი საბერძნეთიდამ გადმოტანილია და იმყოფება საქართველოში10.

ახლა კი უფრო თანდათან მტკიცდება, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილი ეფესიის ხელითუქმნელი ხატი. ა) კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი ზემოთ მოყვანილ წარწერაში მოგვითხრობს, რომ საბერძნეთში რაკი ხატთა თაყვანის ცემას დევნა დაუწყეს იმპერატორის ლეო ისვაროს დროდგან, ხელითუქმნელი ხატი კონსტანტინეპოლიდგან კლარჯეთის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენესო და იქიდგან აქ, ტფილისში მოასვენესო. თუ რომ კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის საბუთები არა ჰქონდა, განა გაბედავდა ამისთანა ცნობის თქმასა? რასაკვირველია არა. კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი III ფრიად განათლებული პირი იყო, ძმა განათლებულის მეფის ვახტანგ მეექვსისა და მის ხელთ იყო ჯერ დიდი საპატრიარქო წიგნთსაცავი სვეტისცხოვლის ტაძრისა და მერე მდიდარი სამეფო წიგნთ-საცავი. დომენტის მოვლილი ჰქონდა იერუსალიმი, საბერძნეთი, რუსეთი და სხ. ქვეყნები. დღეს ჩვენს საეკკლესიო მუზეუმში დაცულია რამდენიმე ხელნაწერი, რომლებშიც მოთავსებულია მოთხრობანი და საგალობელნი ხელითუქმნელის (ანჩის) ხატისა. ერთს მათგანში (№425, 625 გვ.) პირდაპირ ვკითხულობთ: „ივ. აგვისტოს წარყვანებაჲ, ედესიიდგან კონსტანტინეპოლედ ხელითუქმნელისა ხატისა, რომელსა ჩვენ ანჩის ხატად სახელ-ვსდებთ. ზედ მოსდევს საკუთარი, ანჩის ხატის ტროპარი 11.

ხელნაწერი გადაწერილია მეშვიდმეტე საუკუნეში ძველი ხელნაწერიდგან. ჩამოტანილია მცხეთის სვეტის ცხოველის ტაძრიდან და, უეჭველია, ხელში ექნებოდა კათალიკოზ-პატრიარქს დომენტის.

ამას გარდა, საბუთად მიგვაჩნია ამა ხელითუქმნელის ხატის სინამდვილისა ის გარემოებაც, რომ თამარ დედოფალზედ გაცილებით უწინ ყოფილა ეს ხატი ანჩაში, ქართველების ხელში. ამას ამტკიცებენ ოთხი ნაჭერი ვერცხლისა უძველესის (ქართული) ხუცური ასო მთავრული წარწერებით, რომელნიც განახლების დროს აქა-იქა, უალაგო-ალაგას დაუკრავთ კუბოს თავზედ. ეს ამტკიცებს, რომ თამარ-დედოფლამდე ანჩის ხატი უწინვე ყოფილა შეჭედილი ვერცხლით და მხოლოდ დაძველებული შეჭედილობა განუახლებია.

ანჩის საეპისკოპოსო ტაძრის სალაროს ძვირფას საუნჯეთაგან ჩვენამდე მოაღწია ერთმა სამღვდელთ-მთავრო ომოფორმა და ერთმა ოლარმა. დღეს ორივე ესე ნივთნი დაცულ არიან სამეგრელოში, ცაიშის ტაძრის სალაროში.

ოლარი ეკუთვნის 1312 წ. და ილორის კრეტსაბმელთან ერთად ქართველ ქალთა ხელთნაქმარობის უძველეს ნაშთად ირიცხება.

აი წარწერანი: ოლარზედ, მარჯვნივ - „ანჩის ხატს და საყდარსა მისსა მოვახსენე და შევწირე წმიდა ესე ოლარი და დავდევ  ანჩელსა ეპისკოპოზსა მე თამარ ჴერჴემლის ძისჲ ასულმან , სალოცავად სულისა ჩემისათვის და, რაოდენნიცა ეპისკოპოზნი იკმარებდეთ ლოცვასა მომიხსენებდეთ“. მარცხნივ: „ღმერთო აკმარე ესე ოლარი ანჩელს იოანეს და შემდგომთა მისთა მღვდელმთავართა სათნოდ შენდა მწყემსობასა შინა. ქორონიკონსა ფლბ (=1312 წ.)“.

ომოფორზედ - „ქ. საშინელი ხატო ანჩისა! შეიწირე მცირე ესე ომოფორი დედოფალთ-დედოფლისა ნათელისა, ძისა დიდისა სულკურთხეულისა ამირსპასალარისა და სამცხის სპასალარისა ყუარყუარესა აქა და საუკუნესა. ამინ. ანჩელისა თეოფანესთვის შეკერული“ 12.

ყველა ამ ზემო მოხსენებულ მოსაზრებათა გამო ეჭვს გარეშეა, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილად ედესიიდგან კონსტანტინეპოლში გადასვენებული და იქიდგან ანჩაში საიდუმლოდ მოსვენებული ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი.

ძველი მხატვრობა კედლებზედ განახლებულია ჯერ ნიკოლოზ კათალიკოზისაგან 1680 წ. და შემდეგ 1611 წ. სამხრეთის შუა თაღზედ დახატულია ა) ანტონი მარტო მყოფელი საკვირველთ-მოქმედი (VI საუკ.) ხელით უქმნელის ხატით (კეცზედ); ბ) ქალაქის ედესიის ბჭენი და მის თაღზედ ხელით უქმნელი ხატი; გ) მოსვლა თადეოზ მოციქულისა ავგაროზთან და დ) ავგაროზისაგან შემთხვევა ხელით უქმნელის ხატისა. ჩრდილოეთის შუა თაღზედ დახატულია: ა) ღვთისმშობლის შობა; ბ) ღვთის-მშობლის მიცვალება; გ) ტაძრად მიყვანება და დ) ხარება. მაღლა დიდი თაღის აქეთ-იქით კედლები მოხატულია ძველი აღთქმის ისტორიული ხატებით: ა) შეუწველი მაყვლოვანი და მოსე; ბ) გედეონის საწუმისი; გ) იაკობის კიბე; დ) ისაკის შეწირვა და სხ. დაბლა კედლებზედ დახატულია წმ. სახარებიდგან იგავნი იესო ქრისტესი: ა) ათნი ქალწულნი; ბ) ორნი კაცნი-ერთი თვალში დვირეთი, მეორე - ბეწვით; გ) ფარისეველი და მეზვერე; დ) ლაზარე, გლახაკი და მდიდარი; ე) მოწყლული ავაზაკთაგან მესამარიტელი და სხ.

საკურთხევლის თაღში დახატულია სული წმიდის გარდამოსვლა მოციქულებზედ, ხოლო მის მაღლა შუაზე - საბაოთ ღმერთი. სამკვეთლოს შესავალს ასწვრივ დახატულია ჯვარცმა, ბარძიმში სწვეთს სისხლის ჯვარცმულის ქრისტესი. მარჯვნივ აწყვია დავითის ქნარი და სამეფო სამკაულნი. დასავლეთის კედელზედ - მაღლა დახატულია ადამ და ევას ნეტარება სამოთხეში და მათი გამოძევება სამოთხიდგან; დაბლა - მეორეთ მოსვლა ქრისტესი და ჯოჯოხეთი.

კანკელი ახალია, რუსულის ხელოვნებისა, გაკეთებული 1854-1855 წლებში კანელის მარჯვნივ, როგორც ვთქვით ასვენია ხელითუქმნელი ხატი, ხოლო მარცხნივ პირი ბეთანიის ღვთის მშობლის ხატისა, ოქროცურვილი ვერცხლით და თვლებით შემკობილი და შემოწირული განსვენებულის კნეინა მანანა მირმანოზ ერისთავის ასულის ორბელიანისაგან 1829 წელში. ძველი კანკელი თლილის ქვისა ყოფილა. წვრილ სვეტებზედ დამყარებულია თაღებით. ამ მშვენიერი კანკელის რამდენიმე სვეტი ეხლაც მთლათ დაცულია ანჩისხატის ძველ სამრეკლოში. ნეტა ეღირსება როდესმე ანჩისხატის ტაძარი ძველის ქვის კანკელის ხელ-ახლად დადგმასა?

ანჩისხატის ტაძარს აღარა შერჩენია დღემდე ძველის დიდძალი ქონებიდგან. ძვირფასი საგანძური, რაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის (1795 წ.) გადარჩა, ტორგით გაიყიდა 1859 და 1878 წ.

ანჩის ხატის ეზოში ძველადგანვე გამართული იყო საკათალიკოზო ბინადრობა: სადგომი სახლი კათალიკოზისა სარდაფით ტაძრის კრებულისა და მოხელეთა, სტამბისა, სემინარიისა და სხ.

ნიკოლოზ კათალიკოზმა (1675-1701 წ.) დომენტის ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი მხატვარნი: მაგ. მწერალნი და მხატვარი მღვდელნი: საბა, აბელი, მიქელი, პეტრე, რომელთაც გადასწერეს ნიკოლოზის ბრძანებით მშვენიერი მხატვრობანი. ამ მხატვრობის მშვენიერებამ გააკვირვა რუსეთის მეცნიერი პროფესორი კონდაკოვი. - მათგანვე გადაწერილნი რამდენიმე კონდაკი, და X საუკუნის ორი ტყავზედ (ჯოხზედ დახვეული) ნაწერი ოქროპირის ჟამის წირვა და სხ. მრავალნი ხელნაწერნი დღეს საეკკლესიო მუზეუმში არიან დაცულნი. ყველას ასე ჰგონია, რომ შაჰაბაზისგან რამდენჯერმე საქართველოს აოხრების შემდეგ და გათათრებული როსტომ მეფის გამო, რომელმაც ქართველებში შემოიღო სპარსული ზნე-ჩვეულებანი, საქართველოში უნდა გამქრალიყო მწერლობაცა და მხატვრობაცა, მაგრამ კათალიკოზების ქრისტეფორეს, დომენტის და ნიკოლოზის მეოხებით მწერლობაც და მხატვრობაც ამ დროში წავიდა წინ, ასე რომ მეთვრამეტე საუკუნეში კათალიკოზის მახლობელნი ორნი საგვარეულონი, მესხიანთი და მაღალაანთი, დიდით-პატარამდე ჩინებულნი მწერალ-მწიგნობარნი და მხატვარნი იყვნენ: დეკანოზები ანჩისხატისა - იოსები, გრიგოლ მხატვარი; დავით კანდელაკი, ალექსი, გიორგი, მიქელ, სოლომონი; სიონისა - მიქელ, იოანე მხატვარი, გიორგი მხატვარი, ნიკოლოზი, ოსე, იოანე ოსეს ძე და სხ. - წინ უძღოდნენ მწერალ-მწიგნობრობისა, გალობისა და სტამბის წარმატების საქმესა საქართველოში. მესხიაანთ-მათალაანთ გვარმა დაიცვეს ჩვენამდე საუკეთესო - გალობა, ხელი წერისა, კილო სახარების და სამოციქულოს კითხვისა13. ვის არ ახსოვს შესანიშნავი სახარების მკითხველი ტარასი არქიმანდრიტი (+1874 წ.)? ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი მღვდელი და მთავარ-დიაკონი ცდილობდა მიბაძვასა, მისი კილოთი სახარების კითხვას.

ამიტომაც საქართველოს მეფენი დიდათ სწყალობდნენ მესხიაანთ საგვარეულოს და ამხნევებდნენ სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. საქართველოში ყველგან სახლობდნენ თათარნი და სომეხნი, რომელნიც მუდამ თავის სარწმუნოებისა და გავლენის განმტკიცებასა ცდილობდნენ. სახელოვანი ანტონ დიდი კათალიკოზი აღიზარდა ანჩისხატის დეკანოზების (დავით, ალექსი, გრიგოლ) ხელში. ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიის მსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არა თუ მარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად. ანტონ კათალიკოზი 1744 წლიდგანვე შეუდგა ყრმათა აღსაზრდლ სკოლების გაუმჯობესებას, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები კატეხიზმოსი, გრამატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოგიკისა, ფილოსოფიისა და სხ. რაკი ნიკოლოზ მროველის კატეხიზმო, დიალექტიკა იოანე პეტრიწისა, გრამატიკა იოანე შანშოვანისა (1736 წ.) დაძველებულნი იყვნენ და აღარ გამოდგებოდნენ, ამიტომ ანტონმა დაიახლოვა ფრანგის და სომხის ნასწავლი სამღვდელოება და მათის დახმარებით იადვილებდა ამ დიდს საქმესა. ერთ მეკანანახეს (მაღლა ხმით მკითხველი) ოცი და ოცდა ათი გადამწერი ესხდა და სწერდნენ სახელმძღვანელო წიგნებსა: საუკეთესო წიგნთა გადამწერნი იყვნენ ამ დროს დეკანოზები სიონისა - ნიკოლოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე; ანჩისხატისა - ალექსი, ამის შვილი გიორგი; გვარისმამისა - იოანე გარსევანიშვილი, ისაკ გაბაშვილი. მიხეილ ბერი და სხ. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე დამზადებული იყო სკოლისთვის მრავალი წიგნები - გრამატიკისა, რიტორიკისა, ღვთის-მეტყველებისა, კატეხიზმოსი, ანგარიშისა, და სხ. ასობით და ორასობით. ანტონმა 1 იანვრიდან 1755 წ. გახსნა ანჩისხატის ეზოში განახლებული სემინარია და სამხრეთის შესავალ კარების მაღლა კედელში ჩასვა მარმარილოს ქვა შემდეგი ხუცურის ასომთავრულის ქართულის წარწერით: „შესაქმე 27,17. - ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. ესა არა რაჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა“. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფის ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა 1755 წ, 9 იანვარს“ 14. სემინარია გადაკეთდა უფრო უკეთესად ანტონის დაბრუნების შემდეგ რუსეთიდამ 1783 წ. და მრავალი შესანიშნავი საერონი და სამღვდელონი აღიზარდნენ აქ: ვარლაამ მიტროპოლიტი, იონა მროველი, გაიოზ თაყას ძე ბარათაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, დოსითეოს ნეკრესელი, იოანე და გერვასი სამთავნელები, სტეფანე რუსთაველი, იოანე ბოდბელი, დოსითეოს ფიცხელაური, ნიკოლოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე, გამალიელ გამრეკელი, ტროფილე ელევთერი, გერონტი სოლოღაშვილი, ილარიონ ვაჩნაძე, იოსტოს ანდრონიკაშვილი, პეტრე ლაღიძე, დავით რექტორი, ნიკოლოზ ონიკაშვილი, გიორგი პაიჭაძე, მღ. ქრისტეფორე ბადრიძე, აბრამ, დავით ესტატე ციციშვილი და სხ. სტამბაში მუშაობდნენ, ხან მაგიდას ესხდნენ გარშემო და ჰსწერდნენ წიგნებსა კანანარხით, წირვა-ლოცვის დროს საყდარში გალობდნენ, კითხულობდნენ და ზედმიწევნით სწავლობდნენ საღმრთო მსახურების წესსა და ტიბიკონსა. კვირა-უქმე დღეებში წირვა-ლოცვის დროს გაისმოდა ეკკლესიაში ორმხრივი გალობა, შემუშავებული და განწმენდილი საუკუნეების განმავლობაში კათალიკოზის კარზედ. ქართლ-კახეთის ყოველი მღვდელმთავარი აქა შოულობდა, როცა საჭირო იყო, მწერალ-მწიგნობარსა და მგალობელსა. ყველამ ვიცით, რომ ძველ დროში ყოველი საგვარეულო, თავადაზნაურთა, თუ სამღვდელოთა - აქ, კათალიკოზის კარზედ, ზრდიდა ერთ-ერთს თავის სახლის შვილსა და ამზადებდა ღვთის მსახურებისთვის, რომ ოდესმე ჰყოლოდა მწირველ-მლოცველი სამღვდელო პირი, მომხსენებელი თვისთა და მოყვასთა - მიცვალებულთა და ცოცხალთა, როდესაც მეფე დედოფალი, ბატონიშვილი, ანუ სხვა წარჩინებული პირი მოვიდოდნენ სემინარიის სახანავად, მოწაფენი მიეგებებოდნენ ხოლმე იამბიკოს ლექსებით, რომელთაც ხელ და ხელ შეადგენდნენ და წარმოსთქვადნენ.

1791 წ. აპრილში დავით ბატონიშვილს ენახა თელავის სემინარია, რომლის რექტორად იყო დავით ალექსის ძე, ანჩისხატის დეკანოზის შვილი, ტფილისში ჩამოსულმა დავით ბატონიშვილმა - ახლა ანჩისხატის სემინარია ინახულა. აქაც მოწაფეებმა, როგორც თელავში, მოახსენეს ბატონიშვილს ქება იამბიკოებით. მოგვყავს ორიოდე:

დავით მიქელის ძემ:

„ჩვენ მიერ შესხმა უსრულოჲ, უფერო
მიიღენ ესთა, ვინადგან უმეცარნი,
ჯერეთ უწურთელნი ვიშიშვით წარმოდგომად.
თჳთ გონებამან, მხედუჱელმან ჩემისამან.
რომელსა შესხმა ჯეროვნად შეუძლოჲ“...

გიორგი მუხრანბატონის ძემ:

„მიხარის რომელ თქუჵნისა დიდებისა
განვიცდი მრავლად სურვილითა სრულებით,
ჰყოფთ ჩემდა ნათელთ, მოფენითა მდიდრებით
ამით ვიხარებ სწავლის მტილთ დანერგული,
ძეო მაღლისა, ჩემ მონის შენისაო“.

ვასილ შიო მღვდლის ძემ:

„დაემტკიცენინ სახლი ეგე სიბრძნისა,
აღშენებული, ზროდ შენადგი ყოვლადი,
მარად სიმრთელით, უხნოთა საუკუნოდ,
შენთა ყოველთა იხარებდე თანადუჵ
მლოცუჵლნი ეს გუარ ყრმანი
შეგთხზავთ ქებასა“ ... და სხ.

სამშობლო ენაზედ სწარმოებდა სწავლა-განათლება და ვერა რაიმე სიძნელე ვერ აბრკოლებდა ქართველ ახალგაზრდობასა შეესწავლა შეგნებით ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. სამშობლო ენაზე განათლებულნი პირნი აკი მუდამ ზედ გამოჭრილნი მურნენი იყვნენ სამშობლო ეკლესიისა და ერისა! აკი თავ-განწირვით უყვარდათ თვისი სამწყსო და სამშობლო მიწა-წყალი!..

ანტონ კათალიკოზი რომ რუსეთიდამ მობრუნდა საქართველოში 1763 წ. გადააკეთა სასულიერო გამგეობა და სახელად დიკასტერია უწოდა. ამა დიკასტერიის წევრად ითველობდნენ ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი, დეკანოზნი და მღვდელნი კათალიკოზის აღრჩევით. ანჩისხატის დეკანოზი ყოველთვის დიკასტერიის წევრად ირიცხებოდა. ყოველი დანაშაული სასულიერო პირთაგან ჩადენილი წინაშე ეკკლესიისა, ანუ საზოგადოებისა, აქ ანჩისახატის ეზოში ირჩეოდა ხოლმე და დამნაშავეს ესაჯებოდა შესაფერისი სასჯელი.

მტკვრის პირად კათალიკოზის სახლთან მრავლად იყვნენ წვრილი ოთახები (კელიები) ბერ-მონაზონთათვის საცხოვრებლად. მთელ ეზოში ირგვლივ, სამრეკლოდან დაწყებული მტკვრის პირამდე, სახლები იყო დამართული. ჯერ ისევ ანტონ I გამართა 1780 წლიდგან მტკვრის პირად კუთხის ოთახში15 პატარა ჯვრის ეკლესია, რომელშიაც მიიცვალა კიდეც 1788 წ. 29 თებერვალს სამშაბათ საღამოთი. 27 თებერვალს, კვირას ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რო გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმ. საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თვითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავადმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა „მრწამს, უფალო, და აღვიარებ“ და თავის ხელით ეზიარა.

1795 წ. ყიზილბაშებამ მიანგრ-მოანგრიეს სახლები ანჩისხატის ეზოში და ანტონი I-ის პატარა ჯვარის საყდარიც. შემდეგ გენადი ბერმა გამოსთხოვა ნებართვა ანტონ II კათალიკოზს - ავაშენებ ორ ოთახს და ჩემთვის ვიცხოვრებო. მიიღო ნებართვა და გაიკეთა კიდეც სადგომი. 1808 წ. ივნისის 26 გენადი ბერმა მიჰყიდა იგი ორი ოთახი კათალიკოზის მღვდელ-მონაზონს ათანასეს (შემდეგ  არქიმანდრიტი ბიბილური +18 სექტემბერს 1825 წ.) ექვს თუმან ნახევრად.

ანტონ II კათალკოზი რომ რუსეთში გაემგზავრა, ათანასეს ქართლში საეკკლესიო მამულების გამგებლობა მიანდეს, გადაიბარგა გორში და გენადისთან ნასყიდი ოთახები ცარიელი დარჩა. 1817 წ. თეოფილაქტე მოვიდა რუსეთიდან და დიდი ამალა მოჰყვა თან და სადგომების ნაკლებულობის გამო, მისი ბრძანებით დაბინავდა მგალობელი მღვდელი ლევ ნიკულიცკი (შემდეგ სიონის დეკანოზი) და რუსეთში წასვლამდინ აქა ცხოვრობდა.

ძველი სამრეკლოდან დაწყებული ქუჩის პირად სახლებში 1811 წ. სცხოვრობდნენ იულონ ბატონიშვილის ასული თამარ და სოლომონ II მეფის დაჲ მარიამ. შემდეგ დარჩათ საკუთრებად კათალიკოზის სახლთუხუცესის მაღალაძის შთამომავალთ; ამავე ხანებში მაღალაძეებმა შეისყიდეს უგანათლებულესის, გენერალ-ლეიტენანტის ქვრივის (?), კნეინა ბაგრატიონისაგან დანარჩენი სახლიც. 1870 წ. სასინოდო კანტორამ შეისყიდა მაღალაანთაგან ეს სახლები გორის ეპისკოპოსის ბინად. დღეს ანჩის-ხატის ტაძარი შევიწროებლია ეზოს მხრივ და „საეკკლესიო-სამრევლო სამზრუნველო“ მეცადინეობს დაუბრუნოს მას უსამართლოდ ჩამორთმეული ეზო და სახლები.

გაგრძელება...