1906 წლის დეკემბრიდან 1907 წლის თებერვლის ჩათვლით, უწმინდეს სინოდში სახელმწიფო სათათბიროს წევრის, უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსის ნიკოლოზის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა უწმინდესი ეპისკოპოსი კირიონიც. ეს იყო საგანგებო თათბირი, რომელსაც საქართველოს საეგზარქოსოში საეკლესიო სკოლების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა.
„ქართული სკოლა ბიუროკრატიის ხელში ხალხის ინტერესების დევნის იარაღად გადაიქცა. ბიუროკრატია სკოლას, ამ წმინდა დაწესებულებას, თავს ახვევდა უმნიშვნელო და მეორეხარისხოვან მიზნებს, რომლებიც სულაც ვერ პასუხობდა საყოველთაო სახელმწიფოებრივ სერიოზულ ამოცანებს რუსული სახელმწიფოს ერთიანობა და კეთილდღეობა ყოველ შემთხვევაში მაშინ უფროა უზრუნველყოფილი, როცა ქართველი ნამდვილ ქართველად დარჩება, რომელიც აზროვნებს და ლაპარაკობს თავის მშობლიურ ენაზე და არა იმ შემთხვევაში, როცა მასში არავითარ კეთილ საწყისებს არ განავითარებენ და მხოლოდ რუსულ ანბანს შეასწავლიან, იმასაც გოგოლის პეტრუშკას დონეზე“.
„სკოლა პოლიტიკის მხარეზე გადაიხარა და მასზე დაკისრებული დიდი ამოცანები ვერ შეასრულა. ნორმალურ პირობებში დაწყებითი სკოლის ამოცანაა ყველაზე უკეთესად და სარგებლიანად გამოიყენოს დაწყებითი სწავლების მოკლე ვადა. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა სწავლება მიმდინარეობს მშობლიურ ენაზე და მეცნიერული პედაგოგიკის საწყისებზე, როცა მოზარდის ახალგაზრდა გონება მთელ თავის ახალგაზრდულ ენერგიას არ ახმარს კომიკური მუნჯური მეთოდით გონებისა და გულისათვის არაფრისმთქმელი სიტყვების მექანიკურად დახსომებას“.
„ბიუროკრატიის ხელში დაწყებითი სკოლა საქართველოში კანცელარიას ჩინის მცდარი გზით წავიდა. მან ამ მხარის გარუსების მძიმე ტვირთი იკისრა და დახვეწილ პოლიტიკას ატარებდა. ეს ადამიანთა განსაკუთრებული კლასიის - დიპლომატების ხელოვნებაა და ამან უხეშად და უგერგილოდ იმდენად გარყვნა თავიანთი ყოფილი აღსაზრდელების აზრი და გონება, რომ მათ სავსებით დაკარგეს თავიანთი მამებისა და პაპების სურვილებისა და მისწრაფებების, სიკეთისა და ბოროტების, სოლიდარობისა და სამართლიანობის გაგების უნარი. მუნჯური მეთოდით სწავლებით მივიღეთ სამწუხარო შედეგი: აღსაზრდელების ტვინი ყოველივე კარგისადმი გაიყინა, უხეში ვარჯიშითა და არაბუნებრივი პედაგოგიური ხერხებისგან დაჩლუნგდა“.
„ხალხმა, ხედავდა რა დაწყებითი სკოლის კედლებში უმეცარი მასწავლებლების მიერ თავიანთი შვილების გარყვნასა და დაღუპვას, სკოლისა და ზნეობრივად გაფუჭებული პედაგოგების წინააღმდეგ კეტებით გაილაშქრა და თავის შვილებს კატეგორიულად აუკრძალა ესწავლა ის, რასაც აქამდე ასწავლიდნენ...“
„ცდებით დაგმობილი მუნჯური მეთოდი სამუდამოდ უნდა დაიმარხოს მის აწ გარდაცვლილ შემქმნელთან ერთად, ხოლო დაწყებითი სკოლის პროგრამა სრულიად ახალი უნდა შეიქმნას, მაგრამ იგი ადგილზევე, თვით საქართველიში უნდა გამომუშავდეს და არა პეტერბურგში. დაწყებითი სკოლა, მხოლოდ მაშინ მოემსახურება საქართველოში საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არა ბიუროკრატიის პატივმოყვარულ ოცნებებს“.
„იმერეთის ცნობილი ეპისკოპოსი გაბრიელი (1825-1896) სამართლიანად ამტყუნებდა კავკასიის მხარის მზრუნველს იანოვსკის, რომელმაც მარცხი განიცადა ბესარაბიელი მოლდაველების ძალდატანებით რუსიფიკაციის საქმეში და „დააპირა მეტად გაიძვერული, მაგრამ ფარული ხერხებით, საქართველოში სამღვდელოებისათვის წაერთმია ხალხის მართლმადიდებლური რწმენით აღზრდის წმინდა უფლება და საეკლესიო-სამრევლო სკოლების მთავარ მიზნად ექცია რუსული ენის შესწავლა და არა სარწმუნოებისა“. ქართველმა გ.-მა, რომელიც ეგზარქოსმა ევსევიმ სასულიერო სასწავლებიდან გარიცხა, რათა მის მაგივრად რუსი მიეღო, თავის მოკვლა განიზრახა და „თავის ბინაში შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა; „გაახარეთ ეგზარქოსი, მე საბოლოოდ ვიღუპები“. ეგზარქოსისადმი მინაწერ ბარათში გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: „მე ხელთ ჩამივარდა მისი ერთი წერილი, რომელშიც ახსენებს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ რადაც არ უნდა დაგჯდომოდათ, მისი დაღუპვა“.
„იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება იყო, ხოლო თავისი მაღალი ქრისტიანული ცხოვრებით - მღვდელმთავარი, რომელიც ღმერთმა გარდაცვალების შემდეგ სრული უხრწნადობით განადიდა. იგი გარდაცვალებიდან ექვსი კვირის შემდეგ მიაბარეს მიწას. და ასეთ მღვდელმთავარს დევნიდა გათახსირებული რუსი ეგზარქოსი ევსევი, რომელიც საქართველოს 1877 წ. მოაშორეს. აი რას სწერდა მას 1875 წ. მღვდელმთავარი გაბრიელი:
„ნაცვლად იმისა, ყურადგეღო თხოვნა ჩემი, თქვენმა უწ-ამ უსტარი ჩემი იმად გამოიყენეთ, რომ მძიმე ტკივილი მოგეყენებინათ ჩემთვის, წამაჩხუბეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსთან, ვისთანაც თანხმობა და მეგობრობა მქონდა მე უკვე 15 წელიწადია, რაც თქვენი უწ-ა გამუდმებით თავს მესხმის და არც ართ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან - შეურაცხყოფა მომაყენოს. არ არს ცილისწამება ჩემზე, რომელმაც თქვენამდე არ მოაღწიოს და არ ირწმუნოთ. ყველაფერს ვითმენ, არავისთან არ ვჩივი, მხოლოდ თქვენს მიმართ გამოგზავნილ წერილებში ვამხელ ტკივილსა გულისასა, მაგრამ თქვენ ვერასგზით მოგილბეთ გული. დაე მაღალი ღმერთი იყოს ჩვენს შორის მსაჯულად...“
ბოლო დროს, როგორც ცნობილია, ზედამხედველებისა და მათი თანაშეემწეების თანამდებობებს ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს კახეთისა და გურიის სასულიერო სასწავლებლებში იკავებენ რუსები, რომლებიც ქართველების დაჩაგვრითა და შეურაცხობით კარიერას იკეთებენ და მერე კარგ ადგილებს შოულობენ რუსეთში. ამ სისტემას მისდევს საქართველოს ამჟამინდელი ეგზარქოსი კირ-ნიკონი, რომელიც ღვთისმსახურების ჩასატარებლად შიშისგან სიონის ტაძარში ჯერაც არ შესულა და ამ საქმეს ჯვაროვან კარის ეკლესიაში ეწევა.
„როცა თანამდებობრივი პირების შეცვლა ხდება კავკასიის მხარეში, სამართლიანი და ჯანსაღი პოლიტიკა მოითხოვს, თანამდებობის მაძიებლები უნდა განასხვავონ მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილგანწყობით, პატიოსნებითა, და არა რუსული და არარუსული წარმოშობის მიხედვით...“
რუსი ეგზარქოსის ევსევის წყალობით საქართველოს ექვსი სასწავლებლის ზედამხედველები შეიცვალა რუსებით. შეცვლა გრძლდება, ზედამხედველებად ინიშნებიან უფერული, უმეტესად ჭლექიანი რუსები, რომლებმაც მოსწავლეთა ენა არ იციან.
„ის ქართველები, რომლებმაც სასულიერიო აკადემიების კურსი გაიარეს, ისეთი მეორეხარისხოვანი და შედარებით უმნიშვნელო ადგილებიდან, როგორც ზედამხედველებს უჭირავთ, რომ მოვიშოროთ, - წერს მეუფე იმერეთისა, - მაშინ სხვა ზომების მიღებაც მოგვიხდება: მათთვის იმპერიაში უნდა დაიხუროს ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების კარი. ამას მოჰყვება ამიერკავკასიაში არსებული საშუალო სასწავლო დაწესებულებების დახურვა, რადგანაც ადგილობრივმა მოსახლეობამ რისთვის უნდა ისწავლოს თუ მათ სამსახურს არ გააკარებენ? განა ასეთი ზომები შეეფერება ქრისტიანულ სახელმწიფოს?..“
„ქართველი ხალხის სახალხო განათლების მზრუნველმა მამებმა - ანფორიანმა პოლიტიკანებმა, დიდი ხანია ფაქტიურად თვითონვე გამოამჟღავნეს საზოგადოებისთვის საძულველი თავიანთი საიდუმლო სურვილები - ქართული ეროვნული საქმისაგან ნაწილ-ნაწილ მოეწყვიტათ ქართველი ტომები და ისინი სასულიერო-კულტურული განადგურების გზაზე დაეყენებიათ...“
მიუთითებს რა სოციალიზმის განვითარების შინაგან მიზეზებს, ავტორი მიმართავს იმავე ბიუროკრატიას, რომლის ასწლიანმა რეჟიმმა, მოსახლეობის დიდი მასების მასშტაბური უკმაყოფილების წარმოშობას შეუწყო ხელი; ასეთმა მასებმა არსებულ წყობილებასთან შერიგების გზები ვერ მოძებნეს და „სოციალ-დემოკრატების“ პარტიის რიგებში დადგნენ, იმ იმედით, რომ მათთვის ახალი იდეების დახმარებით შეძლებდნენ ცხოვრების ახალი ფორმების შექმნას, სადაც ადამიანის პიროვნება ისე დაჩაგრულად არ იგრძნობდა თავს, როგორც ბიუროკრატიის დროს.
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას დიდი სამსახური გაუწიეს ამიერკავკასიის ჩვენმა გიმნაზიებმა, ბოლო 40 წლის მანძილზე, დასახელებული გიმნაზიები ცდილობდნენ, რაც შეიძლაბა უკიდურესად დაემცირებიათ მოსწავლე ახალგაზრდობა. წინასწარ დასახული გეგმით ხელს უშლიდნენ მათი სულიერი ნიჭიერების ნორმალურად განვითარებას, სისტემატურად ამასხარავებდნენ მათ წმინდა გრძნობებს, ჩვენი გიმნაზიები თავიანთი კედლებიდან ერეკებოდნენ ხალხის ახალგაზრდულ ძალებს და ამით ცხოვრების კალაპოტიდან ამოგდებულ ახალგაზრდებს აბსოლუტურად მეტი არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ არსებული წყობილებით უკმაყოფილოთა მხარეზე დამდგარიყვნენ და შედიოდნენ კიდევაც მათ რიგებში. ისინი გონებრივად „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის დაჯერებული დეპუტატების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. „ერისტოვ-შერვაშიძე, ამგვარად დაასკვნის: ამიერკავკაასიის გიმნაზიების (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) არასრულყოფილებამ შინაგანი ბიძგი მისცა სახვადასხვა პარტიების განვითარებას, რომლებიც ისწრაფვიან არსებოლი წყობილების დასამხობად და ზოგიერთი უტოპისტის წინასწარ განსაზღვრული რეცეპტებით ცხოვრების ახალი ფორმების შესაქმნელად.რაც შეეხება დასისტებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კუჭისა და საჭმლის მომნელებელთა კულტს ქადაგებენ, მათი რიგები სავსეა ლაქიებით, მეღორეებით, მწყემსებით, ნოქრებითა და სხვა პროლეტარებით; მათზე არ ვიმსჯელებთ, რადგანაც ეს პარტიაა ლოთებისა და მუქთახორებისა, რომლებიც თავიანთ ცოლებს სხვისი ცოლებისგან ვერ არჩევენ და იატაკქვეშ იმალებიან“.
„დასისტები - გონებაშეზღუდული და სულიერად სუსტი ინდივიდუმები, საშიშროებას არ წარმოადგენენ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგანაც არ შეუძლიათ შექმნან და ორგანიზაცია გაუკეთონ მატერიალურ და სულიერ ძალებს...“ „დასისტები, რომლებსაც სამშობლო არ გააცნიათ, არ ცნობენ ეროვნულობას, სამოთხეს იქ პოულობენ, სადაც სტომაქს ამოიყორავენ...“
კავკასიაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შემოღების დღიდანვე, გაწვეულნი იქნენქართველებიც. ისინი სამხედრო სამსახურის მოხდას შეუდგნენ მათთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებითა და ლოიალობით.
სამხედრო ვალდებულების შემოღებამდე რუსეთის სპარსეთთან (1827-1828), თურქეთთან (1828-29, 1853-56 და 1877-78 წწ.) და კავკასიელ მთიელებთან ომის დროს ქართველებს გამოჰყავდათ მილიციის რაზმები, რომლებმაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავი ისახელეს. რუსეთისადმი ქართველების ერთგულებაში ეჭვის შეტანაზე ახლო წარსულში საუბარიც არ შეიძლებოდა. თავადებმა: ბაგრატიონებმა, ციციანოვებმა, ანდრონიკოვებმა, ორბელიანებმა, ჭავჭავაძეებმა, მუხრანსკებმა, ამილახვრებმა, იმერეტინსკებმა, შერვაშიძეებმა, აბაშიძეებმა, ერისტოვებმა, თარხანოვებმა, იაშვილებმა და სხვებმა, თავიანთი სახელებით შეამკეს რუსული სამხედრო და ნაწილობრივ სამოქალაქო ისტორია. რუსი მეფეები მათ ანდობდნენ რუსული ჯარის სარდლობასა და სხვა გუბერნიებისა და ამიერკავკასიის ოლქების მმართველობას. იმპერატორმა ალექსანდრე III ამიერკავკასიის მხარეში სამხედრო ვალდებულების შემოღებისას, ქართველებისგან შემდგარი რამდენიმე რაზმეული ჩამოაყალიბა და არავინ დაეჭვებულა რუსეთისადმი მათ ერთგულებაში. კავკასიის მთავარმართებლად თავად გოლიცინის დანიშვნამ ბოლო მოუღო ქართულ რაზმებს. ქართველებმა დაიწყეს მშობლიური ნიადაგიდან და შეჩვეული თბილი კლიმატიდან აყრა და მათ სამშობლოდან მოშორებით ათასობით კილომეტრზე აგზავნიდნენ, არა მარტო რუსეთის შიდა, არამედ აგრეთვე ჩრდილოეთის გუბერნიებნში და ციმბირშიც კი.
დაუკავშირეს რა თავის ბედი რუსეთს, ქართველებმა რუსეთისადმი ერთგულება მათ მიერ მისთვის დაღვრილი სისხლის ნიაღვრებით გამოხატეს და ამიტომ შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ, რომ მათ არ მოწყვეტდნენ სამშობლოს, რომელიც ისე უყვარდათ, ისე ერთგულებდნენ, რომ მასთან დაშორების დარდისაგან ავადდებოდდნენ და იხოცებოდდნენ. რუსეთში ისინი მათთვის ისეთ არაკეთილსასურველ და შეუჩვეველ პირობებში ვარდებოდნენ, რომ უსუსურნი და დაუცველნი აღმოჩნდნენ შეუბრალებელი და ცივი ბუნების წინაშე. თანაც არ იცოდნენ იმ ხალხის ენა, წეს-ჩვეულებები, რომლის გარემოცვაში მოექცნენ. ვერ ეგუებოდნენ რუსულ სალდათურ საკვებსაც. რუსეთში სამხედრო სამსახურისთვის გაგზავნილი ქართველებიდან ჯანმრთელნი ცოტანი თუ დაბრუნდნენ საქართველოში. ბევრი, ვინც ვერ გაუძლო მკაცრ ბუნებას და რუსეთის მიწაში თავიანთი ძვლები არ დატოვა, ან ფილტვების ქრონიკული კატარით არ დაავადდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუდმივად ნოსტალგიის მწვავე ფორმით იტანჯებოდა.
რისთვის ხვდათ წილად ასეთი უნდობლობა სულიერად რუსეთისთვის ახლობელ ქართველ ხალხს? როგორც საბრძოლო ძალას, ქართველებს შეეძლოთ თავი გამოეჩინათ არა მარტო ამიერკავკასიის მხარეში - თუნდაც არა ქართულ გუბერნიებში, არამედ თურქესტანშიც და ამიერკავკასიაშიც. ამით მეტი თუ არა 50% მაინც გადარჩებოდა იმ ქართველებიდან, რომლებიც ამჟამად სამხედრო მწყობრიდან არიან გამოსულნი.
ამჟამად ქართველები მოითხოვენ:
1) სამხედრო სამსახურის გავლას კავკასიის ტერიტორიის საზღვრებში.
2) ახალწვეულებს ასწავლონ იმ პირებმა, რომლებმაც იციან ახალწვეულთა ენა, ადათ-წესები, საუკუნოებრივი ტრადიციები; შედეგად ამისა, ჯარისკაცთა სამხედრო საქმის ათვისება მოხდება ძვირფასი დროის დაკარგვის გარეშე, ხოლო ოფიცრებისგან, უნტეროფიცრებისგან და სხვა უფროსებისგან ენის უცოდინარობით არაიზოლირებულ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ შეიყვარონ და უფრო დააფასონ თავიანთი უშუალო უფროსობა.
3) „სხვადასხვა ჯარების ნაწილების დაკომპლექტება უნდა მოხდეს რასობრივი და ეთნოგრაფიულ თვალსაზრისით მეტნაკლებად ერთგვაროვანი ელემენტებისაგან“.
4) ერისტოვ შარვაშიძე, იმისთვის რომ ქართველი ხალხი მთელი თავისი შესაძლებლობით გამოყენებული ყოფილიყო საქმეებისთვის და თანაც ნაკლებად მნიშვნელოვან წინააღმდეგობის გადალახვაზე ენერგიის დაუხარჯავად, გვირჩევს საქართველოში ჩამოყალიბდეს განსაკუთრებული ქართული პოლკები და ეწოდოთ, არა ისე, როგორც ახლა ზოგიერთ რუსულ პოლკს ჰქვია - ქართული, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის ან თბილისის, გორის და ა.შ., არამედ მათ უნდა ეწოდოთ რომელიმე ისტორიული მოვლენის აღსანიშნავი სახელი. ამით ამაღლდება მათი საბრძოლო განწყობილება. ეს კი მთელი სამხედრო საქმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მოვლენა რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირფასია დასახული მიზნის განსახორციელებლად. ასე მაგალითად: „ფარნავაზ მეფის პოლკი“, ქართველებს მოაგონებდათ, რომ 2400 წლის წინათ გაიმარჯვეს მტრებზე, სახელწოდება „ასპინძა“ კი შეახსენებდათ, რომ ძალა რიცხობრივ სიმრავლეში კი არა, არამედ თითოეული მებრძოლის შინაგან თვითშეგნებაშია“. რატომ არ უნდა დაერქვას ზოგიერთ პოლკს 1853-1856 წ. ომის სახელოვანი გმირების ანდრონიკოვის, ორბელიანისა და სხვათა სახელები?
რუსული ბიუროკრატიის მიერ ქართველი ხალხის ასსწლოვანი მმართველობის პერიოდმა დაადასტურა მისი სრული უვარგისობა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველამდე რუსული ბიუროკრატია ცდილობდა გაესომხებია ქართული მიწა, რაც კავკასიაში თავად გოლიცინის მმართველობის დროსაც გრძელდებოდა. სამცხეს ქართული გუბერნიები იმგვარად დასახლდა სომხებით, რომ უკვე 1897 წ., მოსახლეობის აღწერის დროს, სომხების რაოდენობა, მაზრების მიხედვით, ასეთი იყო: ბორჩალოს მაზრაში - 29%, ახალქალაქის - 75%, ახალციხის - 30%, თბილისის მაზრაშიც კი ისინი 30%-ზე მეტნი არიან. იმპერატორ ნიკოლოზ I დროიდან მართლმადიდებელი საქართველოს დასახლება დაიწყეს გერმანელებით, რუსი სექტანტებით: მალაკნებით, სუბოტნიკებით, დუხობორებით, შტუნდისტებით, ბაპტისტებითა და სხვებით. რისთვის ხდებოდა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ კეთდებოდა ქართველი ხალხისა და რუსეთის საკეთილდღეოდ. სხვა ერის წარმომადგენელთა ყოველი გადმოსახლება საქართველოში, რომლებიც ქართველებს ერეტიკოსებად და ურჯულოებად მიაჩნდათ, შეურაცხყოფდა ქართველთა რელიგიურ გრძნობას და მათში რუსეთისადმი სიძულვილსა და გაბოროტებას ნერგავდა. მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისა და თავისუფლებისათვის ქართველები ქრისტიანული სისხლით რწყავდნენ ქართულ მიწას. მერე რა? ბეცმა და დანაშაულებრივმა რუსეთის ბიუროკრატიამ ქართველი წმინდანების ძვლებით გაპოხილ მიწაზე 150 ათასზე მეტი ერეტიკოსი და სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელი ისე დაასახლა, რომ არცერთი მათგანი მართლმადიდებლად არ მოუქცევია. ამიტომ ამჟამად ასეულათასობით ქართველს სახნავ-სათესი მიწები არ ჰყოფნით. ამჟამად დასავლეთ საქართველოში ერთი დესეტინა მიწა 1000 მანეთზე მეტი ღირს.
„ნუთუ ჩვენი ნება-სურვილთ იმიტომ შევუერთდით რუსეთს, ამბობენ ქართველები, რომ ჩვენი სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწა-წყალი, სადაც არა ერთი ათასი წელია რაც ვცხოვრობთ, ჩვენთვის წაერთმიათ და სხვადასხვა გადამთიელისთვის მიეცათ? „რატომ გვერეკებიან უცხო მხარეში, იქ, სადაც ქართველი კლიმატს ვერ იტანს და კვდება?“
„ბიუროკრატიის თვალსაზრისი ქართველებისა და მათი ენის, სარწმუნოების, ტერიტორიის უფლებების მიმართ არის 1783 წ. ტრაქტატისა და ყველა მოქმედი ისტორიული სიმართლის დარღვევა“.
1783 წლის სამოკავშირო ტრაქტატის, ერეკლე მეორის სათხოვარი პუნქტებისა და იმპერატორ ალექსანდრე I საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტის შესწავლა არკვევს იმ უეჭველ ვითარებას, რომ საქართველო რუსი მეფეების ტახტის ძირთან მიიყვანა ისტორიულ-ნორმალურ საზღვრებში გაერთიანების სურვილმა, მისწრაფებამ, შეენარჩუნებია თავისი ეროვნულობა, რასაც თანამედროვე მეცნიერული მონაცემებით შეადგენს ენა, რელიგია, ტერიტორია და საერთო ისტორიული ინტერესები წარსულში და მომავალშიც...“
1801 წ. იმპერატორ ალექსანდრეს მოწყალე მანიფესტის გამოქვეყნებაში ქართველი ხალხი თავისი ძველი გარანტიების „უფლებებისა და თავისუფლების, იმედისა და მშვიდობის, მართლმსაჯულების, როგორც პირადი, ასევე სახელმწიფო ქონების“ მტკიცებას ხედავდა, მაგრამ მათთვის ერთი რამ იყო ახალი - ამიერიდან საქართველოს ტახტს ეუფლებოდა რომანოვების სახლიდან გამოსული მეფეები. ეს კი ხალხის თვალში, „ქართველი ხალხის გაჭირვების შესახებ სამახსოვრო წერილის“ ავტორის მიხედვით რომ ვთქვათ, ნიშნავდა მხოლოდ „გამეფებული დინასტიის შეცვლას“.
„ბურჟუაზიული რეჟიმი ხელს არ უწყობდა საწყისების განვითარებას, რომალიც გამოხატული იყო იმპერატორ ალექსანდრე I მიერ, როგორც მანიფესტში, ასევე საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების გამო გენერალ კნორინგისადმი გაგზავნილ წყალობის სიგელში. ამიტომ ამის საფუძველზე საჭიროა ბიუროკრატიის ძველი რეჟიმის მთლიანად უარყოფა და საქართველოს ცხოვრება უნდა აშენდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ საწყისებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო 1783 წ. ტრაქტატს და განსაკუთრებით საქართველოს შეერთების მანიფესტს. მათში ფრიად განსაზღვრულადაა ნათქვამი საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების შესახებ თვითონ საქართველოსთვის და ასეთი თვალსაზრისი ყველაზე უფრო პასუხობდა მთელი ქართველი ხალხისა და საერთო სახელმწიფო ინტერესებს. აი, როგორი შესანიშნავი სატყვებით წერს იმპერატორი ალექსანდრე I გენერალ კნორინგისადმი გაგზავნილ წყალობის სიგელში: „მოხდენილი ფაქტის (ე.ი. საქართველოს შეერთება) არსის მხოლოდ ჩვენი სარგებლიანობის თვალსაზრისით გაზომვისას, არ შეგვიძლია მათი მთელი ძალა არ ვცნოთ, მაგრამ მიწიერი მეფობის ხეირიანობისადმი წინასწარდგენილია ერთიანი, ჭეშმარიტი და უსათუო სამართლიანობა და უცხო უფლებისადმი ხელშეუხებლობა...“ „ამასთან ერთად თქვენ მხედველობაში უნდა იქონიოთ - ეს ხალხი რუსეთისათვის და ჩვენი სარგებლიანობისთვის კი არ უერთდება იმპერიას, არამედ მხოლოდ თავიანთი სიმშვიდისა და უშიშროებისათვის... ამიტომ თქვენი მზრუნველობისას, მხედველობაში უნდა მიიღოთ ამ ხალხის უფლების პატივისცემა, უნდა გაისაზრიანოთ მათი წეს-ჩვეულებანი, გონებრივი მოხაზულობა; ერთი სიტყვით, თქვენ ამ მხარეს უნდა შეხედოთ, არა როგორც ჩვენთვის სახეირო გამოგონებათა ქვეყანას, არამედ ხალხს, რომელმაც შეერთების საზღაურად საკუთარი ბედნიერება უნდა მიიღოს...“ იმპერატორის ეს ფრიად მნიშვნელოვანი სიტყვები ახსოვდათ კავკასიის ომების რუს გმირებს, რომლებიც ყოველთვის სიყვარულით ექცეოდნენ ქართველ ხალხს და ყველაფერში ენდობოდნენ მათ. ამ ჯვრისმტვირთელ ხალხის დამსახურებას აფასებდნენ რუსი გვირგვინოსნებიც. მაგრამ ასე არ ხდება ამჟამად. 1858 წ., შეცვალა რა მიტროპოლიტი ისიდორე, ეგზარქოსი ევსევი, რომელიც სრულებითაც არ ეწეოდა ბერულ ცხოვრებას, გახდა ქართული ეკლესიის დესპოტური მმართველი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავადური წარმოშობის ქართველ ეპისკოპოსებს ხშირად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ეს გაუნათლებელი და უხეში ხუცესის შვილი. დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის დროს ქართველებს არ შეეძლოთ დაეჩივლათ მათდამი უხეში მოპყრობისა და ძალდატანებით რუსიფიკაციის გამო.
ქართველ ხალხზე უბედური არავინ არაა. როგორც მართლმადიდებელი ხალხის უფლებებს არასდროს არ დაიცავს მემარცხენე ებრაული პრესა, როგორც თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისათვის მისწრაფებულ და გარუსების მოწინააღმდეგეს, მას მხარს არ უჭერს მემარჯვენე პრესაც კი.
„ნოვოე ვრემია“, რომელიც ყველგან თავის პატრიოტიზმს ქადაგებს, იმავე დროს, ყოველნაირად იცავს სომეხ ხალხს, რომელიც ახრჩობს ქართველთა კეთილდღეობას. სხვათაშორის, თუ არა სომეხი კრეზები, ვინ კვებავს კავკასიელ ჩინოვნიკებს. სომხები, რომლებმაც გაყვლიფეს ქართველი ხალხი და რუს ჩინოვნიკებთან ერთად ხელს უწყობენ მათ გარევოლუციონერებას, ამჟამად თავიანთ ნაყოფს კრეფენ. „როსიას“ სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხებმა ამას წინათ ბრწყინვალე საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეფის ნაცვალს ეჩმიაძინში. ყველაფერი სომხებისათვის და არაფერი ქართველებისთვის ან ყველაფერი ებრაელებისთვის და არაფერი რუსი ხალხისთვის.
სურთ რა ყველაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ, რომელიც საერთო და სასულიერო ბიუროკრატიზმმა გაარევოლუციონერა, ახლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაში ხედავენ სეპარატიზმისაკენ მიმავალ გზას. ავტოკეფალია, მათი აზრით, რელიგიური კი არა, პოლიტიკური მიზანია. მაგრამ რამდენადაც ჭკვიანები არ უნდა იყვნენ სასულიერო მამები, რაც არ უნდა იეშმაკონ, როგორი ჰიპნოზითაც და ტკბილი სიტყვით არ უნდა მოისყიდონ მსმენელები, ისინი ვერ გადაარწმუნებენ ქართველი ხალხის იმ მეგობრებს, რომლებმაც იციან, თუ როგორ იტანჯებიან ქართველები რუსი ადმინისტრაციისა და სამართლისაგან, რუსი ეგზარქოსებისა და რუსიფიკატორებისაგან. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ რუს პატრიოტებს, რომლებიც ხალხის ძალდატანებითა და ჩაგვრით იკეთებენ კარიერას. ისინი მართლმადიდებლობას იცავდნენ და არასოდეს ივიწყებდნენ მოციქულის მცნებებს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არიან არცა ელინები, არცა იუდეველები და არ არს სიყვარული იმაზე უმეტეს, ვიდრე კაცი თავის სულს დადებს მეგობართა თვისთა. ეს ღვთიური ბრძანება დავიწყებული რომ არ ჰქონდეთ ჩვენს რუსიფიკატორებს საქართველოში, საქართველოს რუს მმართველებს ყოველთვის თვალწინ რომ ედგათ იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტი და იმპერატრიცა ეკატერინე II, იმპერატორების პავლე I და ალექსანდრე I ქართველი ხალხისადმი მიცემული დაპირებები, მაშინ, არა მგონია, ქართველი ხალხის ერთგულებაში რაიმე ეჭვი შეგვეტანა. ამ მრავალტანჯული ხალხისადმი სიყვარული ჩვენმა სამოქალაქო, სასწავლო და სასულიერო ბიუროკრატიამ ზიზღით შეცვალა; სამართალი - უკანონობითა და ძალადობით, სამართლიანობა - შევიწროებითა და ტანჯვით...