ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი

(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

 

გაგრძელება (4)

ჭეშმარიტ რუს პატრიოტებს და მათ შორის პატივცემულ, ღირსეულ ისტორიკოსს დ.ი. ილოვაისკის სურდა მოესმინა კომპენენტური ადამიანების აზრი ქართველების შესახებ.

მაგრამ თითოეულს ადვილად შეეძლო გაეგო თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, კ.პ.პობედონოსცევის მიერ ქართული ეკლესიის მმართველობის დროს. გადაფურცლეთ ა.ნ.მურავიოვის ნაწერები ან გენერალ რ.ა.ფადეევის წერილები ან ი.ს.აქსაკოვის სტატიები. ისინი ხომ რუსი პატრიოტები არიან? მიმართეთ იმ რუს გენერალებს, რომლებიც კავკასიაში მსახურობდნენ და ჰკითხეთ მათ, ქართველებს მართლა სურთ რუსეთიდან გამოყოფა? და მაშინ შეიტყობთ, რა სურთ მათ:

1) იმის აღიარება, რომ ამ მხარის ბიუროკრატიის მიერ ასწლიანი მმართველობის პერიოდმა დაამტკიცა მისი სრული უვარგისობა.

2) რომ ბიუროკრატიის თვალსაზრისი ქართველების და მათი ენის, სარწმუნოების, ტერიტორიის მიმართ არის 1783 წ. ტრაქტატისა და მთელი ქართველი ხალხის ყველა ნამდვილი ისტორიული უფლებების დარღვევა.

3) 1783 წ. ტრაქტატის, მასთან ერთად მეფე ერეკლე II თხოვნის პუნქტებისა და საქართველოს შეერთების შესახებ იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტის შესწავლამ ნათელყო ის უსათუო მდგომარეობა, რამაც საქართველოში რუსი მეფეების ტახტის ძირთან მიიყვანა. ქართველებს სურდათ, გაერთიანებულიყვნენ თავისი ისტორიულ-ნორმალური საზღვრებით, შეენარჩუნებიათ თავიანთი ეროვნება, ენა, რელიგია, ტერიტორია და წარსულისა და მომავლის საერთო ისტორიული ინტერესები.

4) ბიუროკრატიული რეჟიმი ხელს არ უწყობდა იმ საწყისების განვითარებას, რაც იმპერატორ ალექსანდრე I საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტში და გენერალ კნორინგის მიმართ გაგზავნილ წყალობის სიგელში იყო გამოთქმული: „მომხდარი ფაქტის არსი, - ნათქვამია წყალობის სიგელში, - მხოლოდ ჩვენი სარგებლიანობით არ უნდა გავზომოთ. მიწიერი მეფობის სარგებლიანობას უნდა წავუყენოთ სხვა ერთიანი, ჭეშმარითი და უცილობელი საზომი: სამართლიანობა და სხვისი უფლების ხელშეუხებლობა!“

ამიტომ საჭიროა, საერთოდ უარვყოთ გერმანელების, პოლონელების, სომხების და სხვა უცხოთა მიერ საქართველოს მართვის ამჟამად მოქმედი ძველი რეჟიმი. ისინი უნდა შეიცვალოს ქართველი ან რუსი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლებით, თვით საქართველოს ცხოვრება ისე უნდა აიგოს, როგორც ეს 1783 წ. ტრაქტატისა და საქართველოს შეერთების მანიფესტის დადებით საწყისებშია მოცემული. მათში გარკვევითაა მითითებული საქართველოსთვის საქართველოს მთლიანად შენახვაზე.

საქართველოს თვითმმართველობა მოცემული უნდა ყოფილიყო ყველაზე ფართო განზომილებით, ქართული ეროვნების საზღვრებში, სახელდობრ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზაქათალის გუბერნიებსა და სოხუმის ოლქებში. ამგვარად, საქართველოს შემადგენლობაში შევა ყველა ქართველი ხალხი: კახელები და ქართველები (550 ათასი), იმერლები (500 ათასი), მეგრელები და ლაზები (275 ათასი), გურულები (100 ათასამდე), ფშაველები, ხევსურები, ინგილოები, თუშები (45 ათასი), სვანები (15 ათასამდე) და არაქართველი ხალხები: ოსები (75 ათსი) აფხაზები (40 ათასი) და სხვ. აღნიშნულ გუბერნიებსა და ოლქებში მცხოვრები 100 ათასამდე რუსი ისევე შევიწროებულნი არიან, როგორც ქართველები. მათ შორის 20 ათასი სექტანტია. ქართული ენა გამეფებულია ქუთაისის მთელ გუბერნიაში, ამასთანავე ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში გავრცელებულია მეგრული კილო, ლეჩხუმის მაზრაში - იმერული და სვანური კილოები; სოხუმის მაზრაში მდ. კოდორის მარცხენა ნაპირამდე - მეგრული კილო, ხოლო მდინარის გაღმა - აფხაზური ენა. თბილისის გუბერნიის თბილისის, თელავის სიღნაღის მაზრებში გავრცელებულია ქართული ენა, გორისა და დუშეთის მაზრებში - ქართული და ნაწილობრივ (ჩრდილოეთით) - ოსური, თიანეთის მაზრაში - ქართული და თუშური კილო, ახალციხის მაზრაში - ქართული თათრული, სომხური, აქა-იქ რუსული (სექტანტები) ენები. ახალქალის მაზრაში - სომხური, თათრული, ქართული, რუსული, ბორჩალოში - თათრული, სომხური, ქართული, ბერძნული. ზაქათალაში - თათრული, ქართული. თვითმმართველობისათვის გამოყენებული უნდა იქნან ქართველი ხალხის საუკეთესო ძალები. ამჟამად დავიწყებული და დარღვეული იმპერატორ ალექსანდრე I მნიშვნელოვანი სიტყვები აღდგენილნი უნდა იქნან და აწ არ უნდა გაითელოს ქართველი ხალხის თვითმყოფადი ნაციონალურ-კულტურული განვითარების უფლება.

საქართველო არ ისწრაფვის სეპარატიზმისაკენ. ის ჩაბარდა მართლმადიდებელი რუსეთის მართლმადიდებელ რუს მონარქებს. მაგრამ, რიგორც ნიკოლოზ I და მის თანამოაზრეებს ესმოდათ, ეს ვერ გაიგეს რუსმა ადმინისტრატორებმა. გარშემო შემოიკრიბეს სომხები, პოლონელები, გერმანელები და ის რუსი კარიერისტები, რომლებმაც ხალხზე ძალადობით დაიწყეს ყოველგვარი ქართულის ჩახშობა, ქართველებისგან ადმინისტრაციის, სასამართლოს, სკოლებისა და ეკლესიების გაწმწნდაც კი. როცა რუსებისადმი ზიზღი აღიძრა, შეიქმნა საყველპუროდ ნასწავლი პროლეტარიატის უზარმაზარი რაზმი, რომელმაც ვერ აითვისა ცუდად მიწოდებული რუსული განათლება. მაშინ ქართველი ხალხი მეამბოხეებად, რევოლუციონერებად, მოჯანყეებად გამოაცხადეს. ხალხი კი არაფერ შუაში იყო. მან ოკვე კარგა ხანია თავისი ხვედრი რუსეთს დაუკავშირა, მასთან ერთად იზიარებდა ჭირსა და ლხინს, მაგრამ იგი დამნაშავეა საქართველოში რევოლუციონერების შექმნის გამო, ქართველები კარგად იცნობენ თავიანთ მეზობლებს სპარსელებსა და თურქებს და ოცნებაც კი არ შეუძლიათ რუსეთიდან გამოყოფაზე. ქართველები სეპარატიზმზე კი არ ფიქრობენ, არამედ პროტესტს აცხადებენ ბიუროკრატთა უხეირო და დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგ.

იხსენით ქართველები პოლონელთა, სომეხთა, გერმანელთა, ჩუხონცთა მმართველობუსაგან და დაუყენეთ მათ მათლმადიდებელი მორწმუნე მმართველები. 22 საუკუნეა, რაც ქართველებს მონარქიული, თვითმპყრობელური მმართველობა ჰყავდათ. მონარქიულ საწყისებზე აღზრდილნი, ისინი მონარქიის მომხრენი არიან და სურთ რწმენათა და სიმართლით ემსახურონ თავიანთ მეფეს, ვისკენაც მისასვლელი გზა მათ სამოქალაქო და სასულიერო ბიუროკრატიამ გადაუჭრა...

საქართველოს ძირითად კანონებში უნდა დადგინდეს: საქართველოს ტახტზე რუსთა მეფეების უფლება და რუსული სახელმწიფოსგან საქართველოს ტერიტორიის განუსხვისობადობა, ქართველებისა და რუსების თანასწორუფლებიანობა მთელი რუსეთის ფარგლებში და მათი ბუნებრივი და განუსხვისობადობის უფლებების დაცვა მთავრობის მიერ.

საქართველოს მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს მთავრობასთან, რომელიც ადგილობრივ ელემანტებს საშუალებას აძლევს გაიზიაროს მმართველობაზე ზრუნვა ყველა საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობაში და ა. შ. იგი საქართველიში ნიშნავს ჩინოვნიკებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ადგილიბრივ თვითმმართველობას, აკონტროლებენ ადგილობრივ მოღვაწეებს და საერთო, სახელმწიფოებრივი და ხალხის ინტერესების ოდნავად დარღვევის შემთხვევაში, ცვლიან ახალი პირებით ადგილობრივი წარმომადგენლებისგან.

გადავდივართ იმ საჩივრებზე, რომლებიც ქართველმა ეპისკოპოსებმა, საეკლესიო კრებულმა და ხალხმა წაუყენა ჩვენს უთავო სამთავრობო სინოდს და წინასაეკლესიო კრების მიერ ეჭქვეშ იყო დაყენებული.

ქართველი მღვდელმთავრების მიერ რუსული საეკლესიო მმართველობის მიმართ წაყენებული იყო მძიმე და სავსებით საფუძვლიანი ბრალდება სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანებაზე და ბოროტმოქმედებაზეც კი. ბევრი რუსი ეგზარქოსი საქმეს მართავდა „მათთვის გამორჩეული უპატიოსნო ადამიანების მეშვეობით, ახშობდნენ ყოველგვარ ქართულ-ეროვნულს, დევნიდნენ ქართული ეკლესიის ყველა წმინდა ადათს, შემონახულს ქრისტიანობოის პირველივე საუკუნეებიდან, ანადგურებდნენ საეკლესიო სიძველეებს. ამის შედეგად ეგზარქოსება არ სარგებლობდნენ ქართული საეკლესიო საზოგადოების პატივისცემით და თავად ქართულმა სამღვდელოებამაც დაკარგა ნდობა. რელიგიური განათლება დაქვეითდა, თავი იჩინა რომთან დაახლოების მოძრაობამ. სემინარიებში ყველა მასწავლებელი რუსი იყო. მომავალი ქართველი მღვდლები ვერ ფლობდნენ მრევლის ენას, იზრდებოდნენ არასაეკლესიო სულისკბვეთებით. მათგან საუკეთესოები მღვდლებად არც მიდიოდნენ. ნაკლებად მორწმუნენი იშვიათად მსახურებდნენ ეკლესიებში და ვინც მიდიოდა, თავისი მოთხოვნილებებით უბრალო ხალხის გრძნობას აღაშფოთებდნენ. რუსიფიკატორი ეგზარქოსები სასტიკად ჩაგრავდნენ ივერიის ეკლესიას, რომელიც სულამოთქმული იყო თურქებისა და სპარსელების დროს, ვიდრე ქართველებიოს მოძულე რუსი მღვდელმთავრების ხელში. ეგზარქოს პავლეს უსაყვარლესი „თვალი და ყური“ იყვნენ დეკანოზები ჩუდეცკი და კალისტოვი, რომელთაგან პირველი მოკლეს ქართველებმა. პავლეს მემკვიდრეებსაც ჰყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთაგან მცირე განათლების მქონე ეგზარქოს ა-ს დროს თითქმის საეგზარქოსოს ადმინისტრატორის როლს ასრულებდა.

„ეს პირები, - ამბობს თავის გამოხმაურებაში იმერეთის ეპისკოპოსი, - პირადი თვისებების მიხედვით, ზნეობრივად დაბალ დონეზე იდგნენ. ესენი იყვნენ პირმოთნე, ეგოისტი, ანგარებიანი, პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ძალადობითა და ცრუდასმენებით კარიერას იკეთებდნენ. ვინ არ უწყის, რომ ეგზარქოსების ფ-სა და ა-ს დროს მათი გამორჩეული ადამიანებისათვის ყოველდღიურად მიჰყავდათ ბატები, იხვები, გოჭები, მიჰქონდათ ღვინო, ხილი და სხვ. ახლაც განა კირ-ნიკონი მართავს საეგზარქოსოს? რა როლს ასრულებენ მისთვის დეკანოზები სერგეი გოროდცევი, გიორგი ჩეტირკინი და არქიმანდრიტი გრიგოლი?

ქართული საეკლესიო საკითხი წამოყენებული იქნა, როგორც საკითხი უკიდურესად გაჭირვებოლ მდგომარეუბაში მყოფი ეკლესიისა, რომელიც დაანგრია რუსულმა სასულიერო უწყებამ და ქართველმოძულე ეგზარქოსებმა და ატრა რევოლუციურმა მოძრაობამ, მთელი ამიერკავკასია რომ მოიცვა. მშვიდობოანი და მორწმუნე ქართველი ხალხი რევოლუციას არ მიემხრო. ბევრი მათი რიგებიდან გამოვიდა, ისე, როგორც გენერალი თავადი ნაკაშიძე. „რევოლუციონერები (სოციალისტები) უარყოფენ ეკლესიასაც, ქრისტიანობასაც და ეროვნულობასაც“. რა საქმე აქვთ მათ ავტოკეფალიასთან? მათი ღმერთი ღორმუცელობაა! „ქართველი ხალხის სურვილს მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო ხასიათი აქვს, და არა პოლიტიკური...“ „სინოდალური რეჟიმის სისტემის უვარგისობამ, - ამბობს უსამღვდელოესობა კირიონი, - ჩაკლა ქართული ეკლესიის გაცხოველებული მოღვაწეობა. ამ რეჟიმის შედეგად ერთიანად გაიხრწნა რელიგიური ცხოვრება საქართველოში“. ეს დასტურდება გრაფ კ.პ.პობედონოსცოვის 1890 წ. ანგარიშების მიხედვით. ამ ბოლო ხანს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქართველების გადაბირება თავიანთ სარწმუნოებაზე და მათი სექტებში ჩათრევა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ანაღვლებთ რუს ეგზარქოსებს. ერთ-ერთი კეთილშობილი რისი ეგზარქოსი კირნიკოლოზი (1905-1906) ამბობს: ავტოკეფალური ქართული ეკლესია, როგორც ასეთი, 1300 წელზე მეტია, რაც აღიარებული იყო მსოფლიოში და მათ შორის რუსული ეკლესიის პატრიარქების მიერ (იხ. მოსკოვის პატრიარქ იობის სიგელი კათალიკოს-პატრიარქის ნიკოლოზისადმი)“ და ამას ბრიყვი ხუცები მცირემცოდნე პროფესორ მ.ა.ოსტროუმოვთან ერთად უარყოფენ.

არც ართ ხალხს, - ამბობს ვ.ს.სალოვიოვი, - არა აქვს ეკლესიაში განსაკუთრებული მეტობისა და ბატონიბის უფლება, მაგრამ, ამასთან ერთად, არც ერთი ხალხი არაა საეკლესიო ცხოვრების ფუყე და განურჩეველი მასალა. ყოველი ხალხი წარმოადგენს ქრისტეს სამყაროსეული სხეულის მოქმედ ორგანოს“. ასე ხედავდნენ ეკლესიას ქართველი მღვდელმთავრები, მაგრამ არ ხედავენ რუსი მღვდელმთავრები. ქართველი კათალიკოსების დროს საქართველოში იყო ბერძენი არქიეპისკოპოსი ახტალაში, ხოლო იერუსალიმში ქართველებს ჰყავდათ მაიუმის ეპისკოპოსი. მშვიდობა და მეგობრობა სუფევდა ბერძნებსა და ქართველებს შორის. სასურველია, რომ ასე იყოს ქართველებსა და რუსებს შორისაც. „ქართველები, - ამბობს უწმინდესი კირიონი, - განისმჭვალნენ რა ქრისტიანული სულით, მას მისცეს თავიანთი ხასიათის სიმპათიური ნიშნები: თავმდაბლობა, უბრალოება, გულითადობა, თავგანწირულობა, თვინიერება და მდგრადობა...“ „ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა ხალხი თანასწურუფლებიანია, ამიტომ არც ართ მათგანს არ აქვს განსაკუთრებული პრივილეგიების, პრეტენზიის უფლება. ეკლესიისა და ხალხის ერთიანობა უნდა განხორციელდეს თანასწორობის და არა დაჩაგვრის პრინციპით...“ სამწუხაროდ ჩვენს სასულიერო უწყებას, დაავიწყდა, რომ ეკლესიაში არ არსებობს „არც ელინი და არცა იუდეველი“, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია. რუსი მოხელეები თვლიან, რომ, ისინი ბატონ-პატრონები არიან, ხოლო თავისი ნება-სურვილით რუსული არწივის ფრთებს შეფარებულნი - მონები და ყურმოჭრილი ყმები. და აი, დაიმონა რა ივერიისა და მოლდავეთის ეკლესიები ბესარაბიაში, მძარცველი სინოდი ამჟამად უნდობლობისა და ათეიზმის ნაყოფს იმკის.

„ქართველებმა, - ამბობს პროფ. ა.ა.ცაგარელი, - ვერაფრით ვერ შეძლეს ჩაწვდომოდნენ, როგორ შეიძლებოდა, რომ ღვთისმოშიშ მეფეთა, დიდებულთა და უბრალო მომაკვდავთა მიერ სულის მოსახსენებლად უძველესი დროიდანვე ეკლესიისადმი შეწირულ მამულებზე მართლმადიდებელი მთავრობის მიერ ყადაღის დადება ან განსხვისება. ეს მამულები ყველა ჯურის დამპყრობელთა - სპარსთა, არაბთა, მონღოლთა და თურქთა განსაკუთრებული აქტებითაც კი იყო დადასტურებული. ეკლესიები დაარიგეს ან პირველივე შემხვედრს საკაროდ მიყიდეს, ზოგჯერ მათში გასართობი დაწესებულებების მოსაწყობად! ამგვარ წმინდა საგნებზეც კი არსებული სამართლებრივი ცნებები ხალხს სავსებით აერია და ეკლესიაში სულის მოსახსენებლად შეწირულობების შეტანა, რამელ საქმეშიც წინა საუკუნეებში გულუხვად იქცეოდნენ ქართველები, XIX საუკუნეში სავსებით შეწყდა. აი სადაა ნამდვილი წყარო ეგრეთწოდებული ქართული ნიჰილიზმისა, სეპარატიზმისა და სოციალიზმისა, რაზეც ძველი ქართველები გაფიქრებასაც ვერ გაბედავდნენ და რუსეთში კი საუკუნეების (XVI-XVIII ს.ს.) განმავლობაში ხდებოდა, საქართველოში ეს შესრულებული იქნა ერთი დარტყმით, თანაც მეურვეებისა და არა კანონიერი მფლობელების თანდასწრებით, ახლა კი სახსრებს ეძებენ ქართული ეკლესიისა და სამღვდელოების შესანახავად. დაჯილდოვდა კი ქართული ეკლესია საეკლესიო გლეხების განთავისუფლების შედეგად?“ ძალაუნებურად სომხური ეკლესიის შეგშურდება. მან ავტოკეფალიაც შეინარჩუნა, ქონებრივადაც მდიდარია და მათ აყვავებულ სკოლებში სწავლა რუსული პედაგოგიური პერსონალის გარეშე მიმდინარეობს.

„ისტორიით გაუნებივრებელი საქართველო მიჩვეული არაა (და არც აქვს სურვილი) სხვის ხარჯზე ცხოვრებას, არც საეკლესიო და არც სამოქალაქო კუთხით. ცნობილია, რომ ქართველებს უჭირთ თავიანთი სამშობლოს დატოვება. რუსეთის შიდა გუბერნიებში მასამსახურე ერთეულ ქართველებს არავითარი სამსახუროებრივი უპირატესობა არა აქვთ რუსებზე, მაგრამ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობს ათასობით რუსი და არარუსი, რომლებსაც სამსახუროებრივი და სხვა უპირატესობა გააჩნიათ და საქართველოსადმი მაინც უმადურად არიან განწყობილნი. ამიტომ მართალი არაა ბუტკევიჩი, როცა თავისი ავადმყოფური აზრით ცდილობს გვიჩვენოს აღმაშფოთებელი უმადურობა ქართული სამღვდელოების წარმომადგენლებისა, რომლებიც რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობენ.

ქართველების პოლიტიკურ მისწრაფებებს ანგარიში უნდა გაუწიონ რუსულმა სამოქალაქო სახელმწიფოებრივმა ორგანოებმა და არა საეკლესიო საკრებულომ.

მოგილევსკის უსამღვდელოესობა სტეფანეს, რომელმაც სხვებთან ერთად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, ქართველები ბევრ რამეს შეახსენებდნენ. თუნდაც მის ზიზღს მათდამი. დაე შეგვინდოს მეუფემ, თუ მას რაიმეს შევახსენებთ.

1898 წ. უსამღვდელეოსობა სტეფანემ რევიზია ჩაატარა იმერეთისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლებში, საიდანაც მისი წარდგინებით განთავისუფლდა ყველა ქართველი, მათ შორის სასულიერო აკადემიის 4 კანდიდატი: დამაშვილი, გაფრინდაშვილი, სანებლიძე, უგრელიძე; სემინარიის სტუდენტები: მატარაძე, ძიმასტარაშვილი, მაღრაძე და სხვ. ამასთან ერთად უსამღვდელოესობა სტეფანეს მოხსენებითი ბარათით ქუთაისის სასულიერო სემინაარის გამგეობამ დაადგინა: აღიძრას შუამდგომლობა ეგზარქოსის წინაშე, რათა მომავალში ქართველები არ დაუშვან სასულიერო სასწავლებლების ნორმალური კლასების მასწავლებლებად.

იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ მასწავლებლებს შეეძლოთ ქართველ მასწავლებლებს შეეძლოთ ქართულ ენაზე ელაყბათ ან მოსწავლეებთან ქართული სიტყვა არ დასცდენოდათ? და ეს ხომ რუსული ენის ღალატი იქნებოდა? უგუნურნი! რუსულ ენას ქართველებს ყველაზე იოლი გზით ის შეისწავლის, ვინც ქართულ ენას ფლობს. რა თქმა უნდა, მეუფე ეგზარქოსმა იცის, რომ ქართველი მასწავლებლების გარეშე ძნელია რუსული ენა შეისწავლოს მცირეწლოვანმა. 6 ქართული სასულიერო სასწავლებლებიდან ყოველწლიურად გონებაჩლუნგობისა და წარუმატებლობისათვის ამაოდ კი არ ერეკებოდნენ ასეულობით ბავშვს. ესენი ანარქისტების მომავალი კადრები არიან. ასე არ არის მეუფეო?

პოლიტიკანობის გამო, ყოფილმა დეკანოზმა, ქუთაისის სემინარიის რექტორმა არხანგელსკიმ, იმას მიაღწია, რომ ქართველები ყველა ქართულ სასულიერო სასწავლებელს მოაშორა. მის სიცრუეს, რომ ქართველ მასწავლებლებს ვნების მეტი არაფერი მოაქვთ, ქუთაისის სემინარიის მთელმა კორპორაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი და სასულიერო სასწავლებლებიდან უღმერთოდ გაყარეს ქართველი მასწავლებლები. ამ მასწავლებელთა შორის იყო სასულიერო აკადემიის კანდიდატი ქრ.უჟელიძე, ოჯახის პატრონი, განათლებული პედაგოგი, რომელსაც სამსახურის პერიოდში ერთი გაკვეთილიც კი არ ჰქონდა გაცდენილი. სასწავლებელს მოაშორეს თავის მოღვაწეობის მეჩვიდმეტე წელს. იგი იმუდარებოდა, ოღონდაც ნუ გამაგდებთ და თუნდაც ცივ რუსეთში, სადაც გნებავთ, იქ გადამიყვანეთ სამსახურში ოჯახი მყავსო, მაგრამ მისი თხოვნა არ შეისმინეს. სასულიერო უწყება ხომ ყველაზე უფრო უსულგულოა! უჟელიძე მდინარე რიონში გადახტა, მაგრამ მამაცმა ადამიანებმა გადაარჩინეს. არხანგელსკსა და სემინარიის კორპორაციას შუამავლები გაუგზავნეს. ამაოდ, სასულიერო უწყება არარუსებისადმი შეუწყნარებელია. ქრ.უჟელიძე არც გრ.პეტროვი, არც არქიმანდრიტი მიხეილი, არც გაპონი არ იყო! უჟელიძემ ეგზარქოსს მიმართა, ასე ურჩიეს სასოწარკვეთილ კაცს კეთილმა ნაცნობებმა და ამხანაგებმა, იქნებ ეგზარქოსს წყალობა გაეღო და ადგილი მიეცა, თუნდაც ზნეობრივი გრძნობებისა გამო სასოწარკვეთილი ადამიანი თვითმკვლელობისგან გადაერჩინა. დიდხანს იყო საბრალო უჟელიძე ატუზული ეგზარქოსის კარებთან, მაგრამ ამაოდ. მაშინ, როცა თავის პატარები სასტუმროს ნომერში დააძინა, მეორე სართულიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.

ასეთი ფაქტები ცოტა როდია. ქართველების ცნობილი პატრიოტი გობრონ საბინინი, რომელმაც იმპერატორ ალექსანდრე III ნაწყალობევი ფულით ქართველი წმინდანების ცხოვრება გამოსცა, ქართული ეკლესიის მძიმე და გამოუვალი მდგომარეობის შესახებ სიმართლის თქმისთვის, დასჯილი იქნა - მას აეკრძალა პეტერბურგსა და საქართველოში ცხოვრება. ეს იყო 1881წ.

„ნუთუ ეს მაგალითი არ გამოხატავს ამ „სამშობლოს ბურჯთა“ ჭეშმარიტ დამოკიდებულებას, - წერს ერთ-ერთი განათლებული ქართველი სასულიერო მოღვაწე, - ადგილობრივი მოსახლეობისადმი, მათ ზიზღს სულიერად ნათესავი ძმებისადმი? რა გრძნობები უნდა აღძრან საკუთარი თავისადმი და ხალხისადმი, გარდა ზიზღისა! ნუთუ რუსები უნდა დაენდნონ ისეთ ბურჯებს, როგორებიც არიან არხანგელსკი და სხვები, რომლებიც წინასაეკლესიო კრების კომისიაში იმიტომ იყვნენ შეყვანილნი, რომ ჩვენ, ქართველები გავესამართლებინეთ, მაშინ, როცა სამღვდელოებისა და ხალხის პეტიციები მიმართული იყო სწორედ მათ და მათდა მსგავსთა წინააღმდეგ...“

„ისინი მსჯავრდადებულთა სკამებზე უნდა ისხდნენ და, სხვათა შორის, მოსამართლეებად მოგვევლინენ. ესაა სამართლიანობა? ან როგორ მოექცნენ მამაც ეპისკოპოს კირიონს, რომელიც თავის უსამღვდელოესობრივი მოღვაწეობით ყველა რუს მღვდელმთავარზე ცოტათი მაინც მაღლა დადგა, როცა მათ სიმართლე პირში უთხრა? იგი რუსული ეპარქიის ქორეპისკოპოსად ჩამოაყენეს მისთვის მშობლიური ხალხის სიყვარულისთვის“.

„ქართთველთმოძულეთა მიერ წინასაეკლესიო კრების კომისიაში ნალაქლაქებმა ყველა სიცრუემ, რომელიც რუსული სინოდის ორგანოში დაიბეჭდა, მთელს საქართველოში ზიზღი გამოიწვია. ღმერთმა ინებოს, ყველაფერმა ამან სასიკვდილო დომხალი არ გამოიწვიოს“. - ასე ამთავრებს თავის წერილს ქართველი საეკლესიო მოღვაწე. „რუსულ საეკლესიო მმართველობას ერთმორწმუნე ხალხებში რუსეთის მიმართ მხოლოდ შიშის აღძვრა შეუძლია“, - ამბობს უსამღვდელოესობა ლეონოდე. - ქართველები რუს ეგზარქოსებს ადანაშაულებენ ქარტველი ხალხის დევნისათვის, ქართულ ეკლესიაში ძველთაგანვე არსებულ ქრისტიანობას პირველი წლებიდანვე მომდინარე ადათ-წესების დამხობისათვის. იდევნებოდა საეკლესიო შემოღობილში საერთო ტაბლის ჩვეულებაც კი. შიომღვიმობა დღეს, როცა „ტრაპეზზე დამსწრეებმა საჭმელს მანამ არ ახლეს ხელი, სანამ მტრულად განწყობილი პირები არ შერიგდნენ“. (ეგზარქოსები ამ ჩვეულებას კერპთაყვანისმცემლურად თვლიდნენ). ქართულ ეკლესიაში უძველეს დროიდანვე არსებობდა დიაკონისობა, მაგრამ ეგზარქოსებმა ესეც მოსპეს. ისინი უგულვებელყოფენ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მცხეთის ტაძარში. „არავითარი თქვენი დღესასწაულები არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე!“ - ასე უპასუხა ქართველ ეპისკოპოსს ერთ-ერთმა რუსმა ეგზარქოსმა.

„როგორც ქართული ეკლესიის პირველმა მღვდელმთავარმა, ეგზარქოსმა, უნდა იცოდეს ქართული ენა - საეგზარქოსოს მთავარი ეროვნელი ენა“. მაგრამ ბუტკევიჩს მიაჩნია, რომ უამისოდაც შეიძლება იოლას გასვლა. უცნაური ლოგიკა შეუწყნარებელი და ძმათმოძულე მამისა, თანაც ქრისტიანი კაცისა. ამაოდ კი არ მიუთითა წინასაეკლესიო კრების კომისიის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა, რომ დიდად განსწავლულმა დეკანოზმა ტ.ბუტკევიჩმა დოქტორის ხარისხი მით მიიღო, რომ „პროტესტანტული ღვთის მეტყველის პროფესორ ზაილერის წიგნი მიითვისა და იგი 1888 წ. თავის სახელით გამოსცა“. მას ბოტკევიჩის „ქართველთმოძულეობის შესახებ“ და მის სხვა თხზულებებზეც უნდოდა მიეთითებინა, მაგრამ შეჩერდა...

პროფესორი ი.ბერდნიკოვი ქართული ეკლესიის რუსული სინოდისადმი „ქვეშემრდომობას“ საფუძვლად უდებს იმას, რომ „ერეკლე მეფის ვაჟი ანტონი კათალიკოსად აკურთხეს ცარსკოე სელოში, მაგრამ ეს მცდარი მითითებაა. ცარსკოე სელოში, 1786 წლის 10 ივნისს, ანტონი აკურთხეს ნინოწმინდის მიტროპოლიტად კათალიკოს-პატრიარქ ანტონი I ნებართვით. ბერდნიკოვს არ აწყენდა, რომ ისტორიას უფრო ყურადღებით მოქცეოდა და ჭეშმარიტება სიცრუეზე არ დაეფუძნებია.

პროფესორი ცაგარელი დეკანოზ ბუტკევიჩის თხზულებებს ამგვარად გამოეხმაურა: „ბუტკევიჩის თხზულებები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, მოწმობს მათი ავტორის სიბრიყვეს რუსული და ქართული ეკლესიების ისტორიის ცოდნის საქმეში. იგი ასევე ვერ ერკვევა რუსეთის სამოქალაქო ისტორიის საკითხებში, მაგრამ დიდი მიდრეკილება აქვს „მესაჭეობისადმი ჭეშმარიტებისა“. (მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონის) საგნის სროლი უცოდინარობა, საშუალებათა გაურკვევლობა, „მეცნიერულად მოუმზადებლობა, აშკარად უვარგისი საშუალებანი“ ბუტკევიჩის ნამუშევრის დამახასიათებელი თვისებებია.

ეგზარქოსი ევსევი თუ როგორ ზრუნავდა ძველი ქართული ხელნაწერების დაცვაზე იქიდან ჩანს, რომ „ერთმა არქიმანდრიტმა, ქართულ სიძველეებზე დახარბებული ეგზარქოსის ჩამოსვლის მოლოდინში, შიშისგან ორმოში ჩამარხა ძვირფასი ძველი წიგნები, რის გამოც ისინი სამუდამოდ დაიღუპნენ“.

საზღვარგარეთ ბევრი ძველი ქართული წიგნი და ხელნაწერი გაიტანა ბარონმა დე-ბაიმ და, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ისინი საზღვარგარეთის მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში ინახებოდეს, ვიდრე ღუმელებში დაეწვათ, როგორც ამას ეგზარქოსი პავლე აკეთებდა კიშინიოვსა და ნაწილობრივ თბილისშიც.

გაგრძელება...