„ქართველები ქრისტესადმი რწმენისთვის სისხლს ღვრიდნენ და მისი სიწმინდე შემოინახეს“, - ამბობს ქართველიეპისკოპოსი ექვთიმე და ჩვენ გვჯერა მისი, რომ „თავიანთი ეკლესიის დაცემაში“ ქართველებს კი არ მიუძღვით ბრალი, არამედ რუს ეგზარქოსებს, რომლებიც რუსიფიკაციას ეწეოდნენ. რაც შეეხება ეგზარქოს პავლეს მიერ ქართული ეკლესიის დაწყევლას წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, ეს დაადასტურა უსამღვდელოესმა კირიონმა თავის სიტყვაში, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა. ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა. მითქმა-მოთქმა იყო ეგზარქოსის თვითნებურ მოქმედებებზე; არც თუ დიდი ხნის წინათ, ქართული სინოდალური კანტორის 7 წევრიდან, ხუთი რუსი იყო. ნუთუ შეიძლებოდა, რომ ისინი ქართული ეკლესიის წარმომადგენლად ჩათვლილიყვნენ?
მიუხედავად ახალი სახელმწიფო ძირითადი კანონებით ნაბოძები უფლებისა, რუსეთის ყველა ხალხს თავიანთ მშუბლიურ ენაზე ედიდებიათ ღმერთი, ქართველებმა ამის მიღწევა დღემდე ვერ შეძლეს. რუსი ეგზარქოსი ნიკონი ძველებურადვე უკრძალავს ქართველ სამღვდელოებას ქართულ ენაზე ღვთისმსახურების ასრულებას თბილისის სიონის ტაძარში (თუმცა რუსებს თბილისში 2 ტაძარი და რამდენიმე ეკლესია უჭირავთ), ბოდბის ტაძარში, სადაც საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს წმინდა ნაწილები ინახება, ბათუმის ტაძარში და სხვა ტაძრებსა და ეკლესიებში. სოხუმის ეპარქიაში, რომელიც 3.420 რუსზე 40 ათას ქართველს ითვლის, სხვანი კი მართლმადიდებელი ბერძნები (3.700-ზე მეტი), აფხაზები (40 ათასი), დანარჩენები და მაჰმადიანები არიან. სინოდალურმა კანტორამ 1895 წელს აკრძალა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და სკოლებში სწავლა. ასეთ ძალმომრეობაზე არა მარტო აცხადებენ წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, არამედ ქართველი ეპისკოპოსი, რომელმაც 1906 წელს თავის მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების უფლება დაიბრუნა, სხვადასხვა უკეთური ინტერესების გამო, ამას წინათ ჩამოაქვეითეს და ლიტვაში ქორეპისკოპოსად გაამწესეს, მისი ადგილი კი დაიკავა რუსმა, რომელსაც შესრულებაში უნდა მოეყვანა სინოდალური კანტორის ბრძანებულება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდა.
„სოხუმის ეპარქიაში, - განაცხადა უსამღვდელოესობა კორიონმა, - არის საგამოცდო კომისია, სადაც გამოცდილება ტარდება რუსულ ენაზე და ეს ხდება იქ, სადაც 55 ათასი ქართველია, რაც სოხუმის მოსახლეობის 3/4 შეადგენს. თბილისში ეგზარქოსმა ალექსიმ სასაფლაოთა ეკლესიებში ქართველებს აუკრძალა ქართულ ენაზე წესის აგება. ეგზარქოსმა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა დუშეთსა და გომბორშიც.
დეკანოზ ბუტკევიჩს მიაჩნია, რომ საჩივრები ქართული ენის შევიწროებაზე მომდინარეობს ქართველი სეპარატისტების ჩანაფიქრიდან - გააქართველონ და დაიმორჩილონ ადგილობრივი ეროვნებები. რუსული ეროვნებაც, ხომ არა?
მაგრამ რომელი ეროვნებები - თვითონაც არ გაეგება. რა თქმა უნდა, არც რუსული და არც ბერძნული, რომლებიც დაიცავენ თავიანთ თავს, ამასთანავე ქართველები ყოველთვის მეგობრულად ეპყრობოდნენ ბერძნებს და მზად არიან, როგორც წინათ, ჰყავდეთ ბერძენი ეპისკოპოსი. რჩებიან 70 ათასამდე ოსი და 35-40 ათასი (მართლმადიდებელი აფხაზი, რომლებიც ამიერკავკასიაში რუსების გამოჩენამდე 1700 წლის წინათ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და არ გაქართველებულან. ქართველებმა ოსურ ენაზე თარგმნეს ღვთისმსახურება და ოსები არასოდეს არ უჩიოდნენ ქართველებს. „ქართული წარმოშობის არქიეპისკოპოსი გაი ნათლავდა ათასობით ოსს. მან რამდენიმე თარგმანი გააკეთა ოსურ ენაზე და საფუძველი ჩაუყარა ოსურ დამწერლობას, ქართველმა აზნაურმა იალღუზიძემ ოსურ ენაზევე გადაიტანა წმინდა სახარება და საღვთისმსახურო წიგნები, რომლებიც რუსმა მთარგმნელებმა ისე დაამახინჯეს, რომ ოსებმა უარი თქვეს მათ მიღებაზე და მაშინ დაიწყო მათი „გარუსება“ და ცოტაღა დააკლდათ, რომ არამორწმუნეებად გადაექციათ ისინი.
წიგნის საქმეში ქართული ეკლესია არ დაკნინებულა XVIII საუკუნეშიც კი. „მღვდელ ქრისტეფორე კეჟერაშვილის მიერ მარტყოფის მახლობლად აღნუსხული იქნა 7400 საღვთისმსახურო წიგნი. აზნაურმა ბადრიძემ დასტამბა ასევე წიგნების 14000 ეგზემპლარი“. ბევრი წიგნი გამოუშვა ქუთაისის სტამბამაც.
„ამ ძველნაბეჭდი გამოცემების ტექსტები უფრო სრულფასოვანი და სწორია ვიდრე სინოდალური კანტორის გამოცემები“, - დაასკვნის უსამღვდელოესობა ლეონიდე. ქართველ კათალიკოსებსა და მღვდელთავრებს უყვარდათ თავიანთი ეკლესია და ხალხი, ხოლო გოროზ, სასულიერო წოდების რუს ეგზარქოსებს ქართული ეკლესია სძულდათ, თავადები კი ეპისკოპოსებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
„ქართული ენა, - წერს პროფ. ნ.ი.მარი, - არ ისწავლებოდა, უგულვებელყოფილად და უყურადღებოდ რჩებოდა ქართული საეკლესიო დამწერლობისა და რელიგიური განათლების ყველა მდიდრული ძეგლი. 1884 წლამდე ქართულ ენაზე ბიბლიაც კი არ იყო გამოცემული, ხოლო ეს გამოცემაც ისეთი უსახური იყო, მოსახლეობას ერჩია არ გამოექვეყნებიათ. ამასობაში ქართული მონასტრებისა და ეკლესიების არქივებში ინახებოდა X საუკუნოდან მოყოლებული ძველი ქართული საღმრთო წიგნების სიები. ისინი არქივებში ლპებოდნენ, მათ გამოსაცემ სახსრებს ვერ პოულობდნენ“.
„ქართველი მოსწავლეები, - ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, - სემინარიას რომ დაამთავრებდნენ, გაცნობილნი არ იყვნენ ტერმინებს: იპოსტასი, სამება, ჯვარცმა, განგება, ვინაიდან სემინარიებში ღვთისმეტყველების საგნებს რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. გაუნათლებელ სემინარიადამთავრებულ ქართველ მღვდლებს არ შეეძლოთ გაენათლებინათ თავიანთი მრევლი, რომელიც, ამჟამად, რუსი ეგზარქოსების წყალობათ, საკმაოდ გაანათლეს სოციალისტებმა და რევოლუციონერებმა. უსამღვდელოესობა კირიონმა თვითონ აღიარა წინასაეკლესიო კომისიაზე, რომ „სემინარიის დამთავრებისას მან არ იცოდა ღვთისმეტყველების ზოგიერთი ტერმინი. ეს იმიტომ, რომ თქვა მეუფემ, ქართულად არ ასწავლიან ისეთ საგნებსაც კი როგორიცაა კატეხიზმო და წმინდათა საქართველოს ისტორია“.
„თბილისის სემინარია დაარსებული იქნა და თავს ინახავს ადგილობრივი ქართული საშუალებით და მისი ბრალი არაა, რომ მასში აგზავნიან ყველას; არაქართველებისთვის შეიძლებოდა სხვა სემინარია გახსნილიყო...“ სემინარიაში ყველა რომ არ გაეგზავნათ, მაშინ ქართველებს ვინ ჩაუნერგავდა სოციალისტურ უტოპიებს და ბოდვებს. ქართველთა მხურვალე თავები ხომ იოლად ემორჩილებიან რუს ანარქისტებს?
იმის გამო, რომ სამრევლო სკოლებში ქართულ ენას არ ასწავლიდნენ და თუ ასწავლიდნენ, იმასაც სხვათაშორის, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამჟამად წერა-კითხვის უცოდინარია. „ნუთუ, - ამბობს პროფესორი მარი, - აქ ფიქრობენ, რომ ენისა და ლიტერატურის არცოდნა მრევლს „ცარიელ ადგილამდე, გონებრივ და კულტურულ დაცემამდე არ მიიყვანს და ამას შედეგად არ მოჰყვება სიბრიყვე და რელიგიურ გაგებათა დაცემა?“
„ფშავში და ხევსურეთში ქართველები ქრისტიანულ ეკლესიაში საერთოდ არ დადიან. მათთან გაგზავნილ მართლმადიდებელ მღვდლებთან ერთად აქომამდე ჰყავთ წარმართული ქურუმები, აქვთ და აშენებენ ბომონებს, აღნიშნავენ მგლის, კრუხ-წიწილას, ბეღურის, ცეცხლის, ქარის წარმართულ დღესასწაულებს“. ასე მოგვითხრობს ვოსტორგოვი.
რა უნდა ვთქვათ ქართული საეკლესიო გალობის შესახებ, როცა ერთ-ერთმა ეგზარქოსმა მას „ძაღლის ყეფა“ უწოდა.
თანამედროვე რუსი კომპოზიტორები, ისეთი სპეციალისტები და მუსიკალური საქმის ავტორიტეტები, როგორნიც არიან იპოლიტოვ-ივანოვი, კლენოვსკი, სმოლენსკი და სხვ. დიდი თანაგრძნობითა და ქებით გამოეხმაურნენ ქართულ საეკლესიო გალობას არც ისე დიდი ხნის წინათ თბილისის სემინარიაში რუსი მასწავლებლები დასცინოდნენ ქართულ საეკლესიო გალობას და ამ საგნის მასწავლებელი ვასილი კარბელოვი აიძულეს სემინარია დაეტოვებია.
ქართველები არაერთხელ ითხოვდნენ ურბნისის, ალავერდის, ბოდბის გაუქმებული კათედრების აღდგენას. 1841 წელს ეგზარქოს ევგენის თხოვნით მიმართეს, რომ „გურიაში მღვდელმთავართა კათადრის დახურვის შემდეგ, რელიგიურობამ დაქვეითება დაიწყო და გურულები, რომლებიც მაჰმადიანური თურქეთის საზღვარზე ცხოვრობენ, საჭიროებენ მღვდელმთავრის დამოძღვრას, მართლმადიდებლური სარწმუნოების ჩაგონებასა და განმტკიცებას, ამიტომ შუამდგომლობდნენ მათთვის გაეგზავნათ განსაკუთრებული მღვდელმთავარი, რომელსაც ხელფასს თუ არ დაუნიშნავდნენ, ისინი მზად იყვნენ მისთვის თავის შესანახი თანხა გადაეხადათ. გურიის თავადაზნაურთა ეს დაჟინებული შუამდგომლობა 1844 წელს იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ 1885 წალს ეგზარქოსმა პავლემ გურიაში დახურა ჯუმათის, ხოლო სამეგრელოში - ჭყონდიდის კათედრა. ამის შემდეგ 1905 წელს გურიაში კინაღამ რესპუბლიკა შეიქმნა, ხალხმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული. ფოთის ეპისკოპოსი დიმიტრი მრევლმა რუსიფიკატორული მოქმედებისათვის ისე შეიძულა, რომ იძულებული გახდა სამოქალაქო ტანსაცმელი გადაეცვა და გაქცეულიყო. „გავიხსენოთ, - ნათქვამია ეპისკოპოს კირიონის მოხსენებით ბარათში, - მრავალგზისი წერილობითი პროტესტები გაბრიელ ეპისკოპოსისა, აგრეთვე პროტესტი თბილისში პირველი რუსი ქორეპისკოპოსის დანიშვნის გამო; ბოლოს მთელი საეგზარქოსოს ქართველი სამღვდელოების, თავად-აზნაურთა და ინტელიგენციის პეტიციები, განა ქართული საკათალიკოსო კათედრის ასწლოვანი მწარე გაუქმების შედეგი არაა?!. ჭეშმარიტების აღმასრულებელმა და თავისი მშობლიური ეკლესიის თავგამოდებულმა დამცველმა ღრმადპატივცემულმა მისმა უწმინდესობა კირიონმა დაფარა, 1905 წ. ივნისში, თბილისის სემინარიის რექტორის არქიმანდრიტ ნიკანდროს განკარგულებით, როგორ გარეკეს კაზაკებმა სემინარიის დარბაზში შეკრებილი მღვდლები და მათგან რამდენი დაზარალდა რექტორის წყალობით. ეგზარქოსი ტვერში მდიდარ კათედრაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო მოძღვარმა ნიკანდრომ საქორეპისკოპოსო მიიღო კოსტრომაში. იმპერატორმა ნიკოლოზ I, 1840 წ. თბილისში ქორეპისკოპოსად რუსი მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ წმინდა სინოდის მიერ წარდგენილ მოხსენებაზე, შემდეგი რეზოლუცია დაადო: „თანახმა ვარ, მაგარმ საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ენის ცოდნა, რათა შეინარჩუნო ხალხზე გავლენა, ამიტომ, სასურველია, შეირჩეს ენის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ისეთი განათლება არ ჰქონდეს, როგორც ამ საქმეს სჭირდება“.
ამჟამად საქართველოში გაუქმებულია 20 სამღვდელმთავრო კათედრა, რომელთა დახურვის კანონიკური უფლება სინოდს არ ჰქონდა. არის აკადემიური განათლების მქონე 6-მდე ქართველი არქიმანდრიტი, მაგრამ მათ ეპისკოპოსობას არ აძლევენ. მოძღვარი ვოსტორგოვი აცხადებს, რომ ქართველებს სურთ „აღადგინონ ერთ დროს მათ ეკლესიაში მყოფი 43 ეპარქია“. თუ ეს მართალია, მაშინ მარტოდენ ასეთი სურვილიც კი ქართველი ხალხის დიდ ღირსებაზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მორწმუნე და ღვთისმოშიშია. რაც უფრო ახლოს იქნებიან მასთან ეპისკოპოსები. მით უფრო შეინარჩუნებს ეს ხალხი წმინდა სარწმუნოებასა და სამშობლოსადმი და რუსი მონარქისადმი სიყვარულს, და ასეთ ხალხს ვართმევთ ეკლესიის აღორძინების საშუალებას?
რუსი ეგზარქოსების მიერ დახურული მონასტრები გაუდაბურდნენ და ნანგრევებად იქცნენ. აი, გამოჩნდნენ ინგლისელები და ეგზარქოსის ნებართვით შეიდგნენ კათალოკოსებისა და ქართული ეკლესიის მიერ თაყვანცემულ მოღვაწეთა საფლავების გათხრას. „მცხეთის ახლოს გათხარეს კათალოკოს ნიკოლოზის საფლავი“; ინგლისელმა „მისი თავი ამოიღო“. მეორე, ასევე მიტოვებულ მონასტერში, ნანგრევების ქვეშ შემონახულ აკლდამაში იყო მღვდელმთავრისა და ბერის ტანსაცმლიანი სამი გაუხრწნელი გვამი“. მოყვარულმა ინგლისელმა სამივე გვამს თავები წააჭრა და თან წაიღო“. ეს ეპისკოპოს სტეფანეს მონათხრობია: იგი რუს ეგზარქოსებს ამართლებს, თითქოს მათ ნება არ მიუციათ ინგლისელებისათვის ქართული რელიქვიები გაეტაცებიათ, მაგრამ ვინ აძლევდა ინგლისელებს ყოფილ ქართულ მონასტრებში შესასვლელ ღია ბარათებს? „ეგზარქოსები დამნაშავენი არიან, რომ მონასტრებსა და კათედრებს ხურავდნენ. მონასტერში თუნდაც ერთი ბერიც რომ ყოფილიყო, იგი წესრიგს დაიცავდა“, - შეეპასუხა მისი უწმინდესობა კირიონი. რატომაა გამოცარიელებული ქართული მონასტრები? - იმიტომ, რომ გაქურდეს, მიწები წაართვეს. რამდენი მონასტრიდან გააძევეს ქართველი ბერები! მათ ნაცვლად იქ სხვა ეროვნების წარმომადგენლები შეუშვეს. რუსმა ბერობამ წმინდა ნინოს მონასტერიც კი ჩაიგდო ხელში და რუსმა ეგზარქოსებმა მასში ქართულ ენაზე ღვთის დიდება აკრძალეს.
უწმინდეს კირიონის სიტყვებით, მცხეთის მონასტრის ცნობილი ფრესკები გადადღაბნეს ეგზარქოს-მიტროპოლიტ ისიდორეს ბრძანებით.
ხერსონიდან გადმოყვანილმა უწმინდეს კირიონის მემკვიდრემ უსამღვდელოესობა დიმიტრიმ, წარმოშობით რუსმა, 25 მარტს სოხუმის კათედრაზე ასვლისას, წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მიუთითა, სოხუმში ჩამოსვლისას, როგორ დაემუქრნენ უცნობი პირები სიკვდილით, ქართული ენის არცოდნის გამო. ეპისკოპოსმა განაცხადა, პოლიტიკა ჩემთვის უცხოაო.
სიმართლისმოყვარულ და გულწრფელ მწყემსმთავარ დიმიტრის მძიმე და ძნელი ხვედრი ერგო. მან არ იცოდა თავისი მრევლის ენა, ადარ-წესები, არც ქართული ეკლესიის გადმოცემები. ქართველი ხალხი ეროვნულადაც უცხო იყო მისთვის და სულიერადაც. ქართველების წინაშე მეუფე დიმიტრის არავითარი ბრალი არ მიუძღოდა და ქუთაისში, იმერეთის სემინარიაში მისი ინსპექტორობოსა და რექტორობის დროს (1894-1897 წ.წ.) სიყვარულით ეპყრობოდა ქართველ აღსაზრდელებს. მაგრამ კეთილ მეუფეს რად ერგო ხვედრად უცხო ქვეყანაში ეპისკოპოსობა და თანაც ანტიკანონიკური და თითქმის უზურპატორული? მის მოსვლამდე ხომ სოხუმში საძრახის საქმეში შემჩნეულ ღირსებაახდილ (ტოგორიც იყო ალექსანდრე ხოვანსკი, გარდაიცვალა 1891 წ.) ან უბრალო ეპისკოპოსებს აგზავნიდნენ (გენადი, აგაფოდორი, არსენი).
უსამღვდელოესობა დიმიტრი პირველი რუსი მწყემსმთავარი იყო, რომელიც 1905 წელს პრესაში რუსული ეკლესიის ანტიკანონიკური მმართველობის წინაარმდეგ გამოვიდა და თვით მმართველი სინოდი პეტრე I უკანონო ქმნილად ცნო. და, აი, იმის მაგივრად, რომ მეუფე, როგორც განათლებული და სამართლიანი მწყემსმთავარი, რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიულ კათედრაზე დაენიშნათ, სადაც იგი, თავისი პატრიოტული საგანმანათლებლო მოღვაწეობით, შეძლებდა სარგებლობა მიეტანა მრევლისთვის, გაგზავნეს ენობრივად მისთვის უცხო მხარეში, სადაც ძალა არ შესწევს გამოადგეს სხვა ენით მოლაპარაკე სამწყსოს. რა მოხდება მაშინ თუ რელიგიური ფანატიკოსები თავიანთ მუქარას შეასრულებენ? ვის დააწვება ცოდვად უდანაშაულო ეპისკოპოსის სისხლი? მათ გამომგზავნებს ხომ არა? „უპირველესთა“ მრჩევლები ყველაფერში მას დადებდნენ ბრალს: „რა რჯიდა, რომ არ დაგვიჯერა“.
მოძღვარ ვოსტორგოვის სიტყვებით, ქართველებს საეკლესიო ავტოკეფალიის მოპოვება იმიტომ უნდათ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ვოსტორგოვი მიუთითებს ამას წინათ გამოცემულ რუსული რევოლუციის ბროშურაზე. აქ უდავოდაა დამტკიცებულია იაპონელი სამხედრო აგენტ აკაშის კავშირი სტოკჰოლმში ქართველ სეპარატისტთან, რომლის გვარია დეკანოზი. აკაშის დახმარებით, დეკანოზმა მოახერხა კავკასიაში ჩაეტანა და გადმოეტვირთა დიდი რაოდენობის იარაღი.
ქართველ, სომეხ, რუს და სხვა რევოლუციონერებს იარაღი რომ შემოაქვთ და ბომბებს ამზადებდნენ, ეს ვოსტორგოვის გარეშეც ცნობილია ყველასთვის და სახელმწიფო გამგებლობას ექვემდებარება, მაგრამ რევოლუციონერები, რომლებიც ადამიანებს ჰკლავენ, რომ ქართული ეკლესიისა და წმინდა კანონების უფლებებს იცავდნენ და მხედველობაში ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის მაღლა დაყენება, ამაზე მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრები და საეკლესიო კრების კომისიის წინდაუხედავმა წევრებმა იფიქრონ.
მაღალი სასულიერო წოდების მამებო, აბა, თქვენ იცით, მისდიეთ პოლიტიკას, წადით კადეტთა ბანაკში, დაანგრიეთ ეკლესია, აამხედრეთ ხალხები რუსეთის წინააღმდეგ, ჩაიდინეთ ძალადობა და მართლმადიდებელ ქართველებს ცილი დასწამეთ „რუსულ კრებაზე“. თქვენ უკვე დაკარგეთ 200 ათასი მართლმადიდებელი, რომლებიც რომის პაპისა და იეზუიტების ქუსლებქვეშ დადგნენ, დაჰკარგეთ მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც განუდგნენ ყოველგვარ სარწმუნოებას, დაჰკარგავთ საქართველოსაც. იქ, სადაც სიყვარული არაა, სადაც ქადაგებენ ძმათმოძულეობას, სიმართლეც არ არის; იქ მხოლოდ სიცრუე და ძალადობა მეფობს. მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრილია, რომ ამ ქრისტიანულ და მრავალტანჯულ ეკლესიას დიადი დამცველი ჰყავს მსოფლიო ქრისტიანობის სახით, ჰყავს წმინდა წამებულთა და ღვთის წინაშე აღმსარებელთა დიადი გუნდი. და როგორი მზაკვრობანიც არ უნდა ჩაიფიქროთ რუსი ეგზარქოსებისა და სასულიერო უწყების მიერ გაძარცული ეკლესიის მიმართ, თქვენ ვერ შეძლებთ მის დათრგუნვას. თქვენ საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილებაში აღმოჩნდებით. თქვენ და არა ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც აღმოსავლეთის ყველა ეკლესიის მიერაა აღიარებული!
წინასაეკლესიო კრების კომისიაში თუ როგორ ხდება ქართველ ეპისკოპოსებზე დაწოლა, იქიდან ჩანს, რომ პროფესორები მარი და ცაგარელი და მათთან ერთად ორთავე ქართველი ეპისკოპოსი, არაერთხელ იმუქრებოდნენ კრებას დავტოვებთო და ბოლო ორ სხდომას არცერთი არ დასწრებია.
„ჩვენს მონაწილეობაზე სიტყვის თქმაც ზედმეტია, - ამბობდა პროფ. მარი, - როცა აქ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ამბების დაცვა გვიხდება, როგორიცაა: რომ ქართული საეგზარქოსო ქართული ეკლესიის გაგრძელებაა, რომ ეგზარქოსმა ქართული ენა უნდა იცოდეს. შეიძლება, აქ რაიმე დაიცვა სერიოზულად, თუნდაც ისეთი ფაქტები, რომ საქართველოში (იმერეთში, გურიაში და ა. შ.) მართლმადიდებელი მოსახლეობა მხოლოდ ქართველები არიან? ბოლოს, აწყობს კი ხელს უსამღვდელოესობა ლეონიდეს დაიცვას ქართული საეკლესიო ავტონომიის საკითხი, როცა მის პოლიტიკურ სეპარატიზმზე არიან დაეჭვებულნი? მოწინააღმდეგის მდგომარეობის უარყოფა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამა და ამ მოწინააღმდეგეს ადამიანური ნაკლოვანებები აქვს. ქართული ეკლესია, რომელმაც ყველაზე საშინელ პოლიტიკურ გამოცდაში სრული სიწმინდით გამოატარა მართლმადიდებლობა, ახლო უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებლის გულთან, აქ კი ეჭვობენ, საჭიროა თუ არა ქართული ენის შესწავლა, და ხომ არ მიგვიყვანს ეს სეპარატიზმთან?“
„ქართული ეკლესიის საკითხი, - შენიშნა მოძღვარ ბუტკევიჩს პროფესორმა ცაგარელმა, - განხილული უნდა იქნას არა მარტო პოლიტიკის, არამედ ეკლესიის თვალსაზრისით. ამისგან მომდინარეობს ყველა ჩვენი შეცდომა. პროფ. მარი პროტესტს აცხადებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველთა მიმართ მოძღვარ ბუტკევიჩის წიგნში ნახმარი სახელწოდების „სეპარატისტების“ წინააღმდეგ. საქმე ეხება არა სეპარატისტებს, არამედ „ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც სრული დაშლის მდგომარეობამდე მიიყვანეს“. ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ „ავტოკეფალიის საკითხი წამოიჭრა ნაციონალური დამოუკიდებლობისათვის პოლიტიკური ბრძოლის ნიადაგზე. არა! იგი გამოწვეულია თვით საეკლესიო ცხოვრებით. მშობლიური ეკლესიის აღორძინების. დაცემის მდგომარეობიდან წამოყენების სურვილმა წარმოშვა ყველაზე მეტად სერიოზული ადამიანების გონებაში რუსი ეგზარქოსების ძალოდობითა და უკანონობით დაკარგული ავტოკეფალიის დაბრუნების იდეა. „ნუ უარვყოფთ ნაღვლიან ფაქტებს“, რომ „რუსულმა სახელმწიფომ მართლმადიდებელი ქართველი ხალხის დაჩაგვრით ვერ გაამართლა ნათელი მოლოდინი და ახლა მის დამუხრუჭებას ემსახურება...“ მიუკერძოებლობა გვაიძულებს დავეთანხმოთ, - აცხადებს ავტოკეფალიის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, - რომ ეს მოვლენები შემთხვევით ხდებოდა და უნდა ავხსნათ დროითა და პიროვნებებით და სხვ.“ თურმე ყველა ბოროტება, რომელსაც ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ჩადიოდნენ რუსი ეგზარქოსები, შემთხვევითი ყოფილა! უცნაური დაცვაა!
„ავტოკეფალია რომ მივცეთ, რუსები განაწყენდებიან“, - აცხადებს ეგზარქოს ალექსის ყოფილი საეგზარქოსოს მოძღვარი-ადმინისტრატორი, - ახლა ხომ ამიერკავკასიაში ბლომად არიან რუსები...“
მაგრამ ქართველები არაქართულ გუბერნიებზე ხომ არ აცხადებენ პრეტენზიებს, თბილისის გუბერნიებში კი, სექტანტების ჩაუთვლელად, რუსების 11% მოდის, ხოლო მართლმადიდებელი ქართველები და ოსები 85% შეადგენს. თუ რუსებს სურთ თავიანთი ეპისკოპოსები ჰყავდეთ, ქართველები წინააღმდეგობას არ გაუწევენ. „ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ახალციხე რუსებმა იარაღით დაიპყრეს და რუსეთს შეუერთეს. ამ საზღვრებში ცხოვრობენ არაქართველი მართლმადიდებელი ტომები“ (?!) - აცხადებს ყოფილი მოძღვარი-ადმინისტრატორი. „რატომ შევლენ ისინი ავტოკეფალურ ქართულ ეკლესიაში?“ „ქართველებმა ისინი გააქრისტიანეს და მათი მართვის უფლება აქვთ“, - უპასუხა გაუთლელ ხუცესს უსამღვდელოესობა კირიონმა. ყველა ჩამოთვლილი ქალაქი საქართველოს მიწაზე დგას და დასახლებულნი არიან ქართველებით. ამ ქალაქებზე ხელშეუვალი უფლება აქვს რუსეთს და არა რუსულ ეკლესიას, რომელიც წმინდა კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს. „განა ბერძნული სამწყემსოები, რომლებიც ყარსის ოლქში 70-ია, თბილისის გუბერნიაში - 15, ქართველების მიერ ქრისტიანებად მოიქცნენ?“ - მიმართავს მოძღვარი ვოსტორგოვი უსამღვდელოესობა კირიონს.
„რაკი ისინი ქართული ეკლესიის მიწაზე ცხოვრობენ, მას უნდა მიეკუთვნონ!“ - უპასუხა უსამღვდელოესობა კირიონმა.
„მაგრამ ქართული ეკლესიის მიწა სახელმწიფოს შეადგენს სახელმწიფოში! მაშინ ჩვენ, ღმერთმა უწყის, საით წავალთ“. - თქვა ავტოკეფალიის დაუძინებელმა მოწინააღმდეგემ. „ბერძნები წინათაც ცხოვრობდნენ ქართული საკათალიკოსოს საზღვრებში“, - უპასუხა ეპისკოპოსმა, - „მათთვის დაარსებული იქნა ახტალის ეპარქია“. აქ კი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგემ ხმა ჩაკმინდა. მაგრამ მაინც არ მოისვენადა განაცხადა: „1904 წლამდე საქართველოში ერთი სიტყვაც არ თქმულა ავტოკეფალიის შესახებ“. სინამდვილეში ქართველები 1881 წელსა (იხ. გაზეთი „ვოსტოკ“) და უფრო ადრეც ლაპარაკობდნენ. უსამღვდელოესობა სტეფანეს და ორი მოძღვრის მოწმობანი არასაიმედოა! ქართველებს შეუძლიათ ქართველების, ოსებისა და აფხაზების გარუსების ათასობით ფაქტი ჩამოთვალონ, მაგრამ თვით ქართველებს ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვით. რუსული იერარქიის მიერ დაჩაგრულებსა და დამონებულებს, სად შეეძლოთ ვინმეზე ძალადობა, ვინმეს გაქართველება, ტყუის მოძღვარი-პოლიტიკოსი - გამრუსებელი. დაე გაიხსენოს, 1892 წ. რუსმა ეპისკოპოსმა აგაფოდორმა როგორ მონათლა თითქმის ათი ათასზე მეტი აფხაზი, რომელთა ენა მან არ იცოდა და არც მონათლულებმა იცოდნენ რუსული ენა; ეს ხომ უხეში მოტყუება იყო, რომელიც იმით დამთავრდა, რომ უსამღვდელოესობამ მიიღო სამ მილიონამდე მრევლი და თითქმის 25000 მან. ყოველწლიური შემოსავალი, ხოლო აფხაზებმა დაივიწყეს რა ნათლობის სახელები, ისევ მაჰმადიანებად დარჩნენ. 20 წელი მართავდნენ სოხუმის ეპარქიას ეპისკოპოსები და იმით გამოიჩინეს თავი, რომ სულ დაშალეს მართლმადიდებლობა, რომელიც 35 წლის განმავლობაში აღადგენდნენ აფხაზური ენის მცოდნე ქართველი ეპისკოპოსები და ქართველი მისიონერები. თბილისში რომ 50 ათასი მართლმადიდებელი რუსია, მოსახლეობის აღწერით ეს არ ჩანს. თუ გამოვრიცხავთ სექტანტებსა და ჯარს, მაშინ თბილისში 54 ათას ქართველზე 20 ათასი სული რუსიც არ მოვა. საეჭვოდ მიიჩნიეს სტატისტიკური მონაცემებიც იმის შესახებ, რომ საქართველოში 82 ათასი ოსია. 1897 წ. აღწერის მიხედვით, საქართველიში 67 ათასი ოსი აღმოჩნდა. სულ სიცრუე, სიცრუე და სიცრუე!