ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი

(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

 

გაგრძელება (6)

მოძღვარმა ვოსტორგოვმა, სხვათაშორის, განაცხადა, რომ 1878 წ. „ტრაპიზონის ეპარქიიდან ყველა ბერძენი რუსეთში გადასახლდა“, სინამდვილეში გადასახლდა მხოლოდ 30 ათასი. ტრაპიზონოს ეპარქია არა მარტო არსებობს, არამედ 1902 ქ. გაიყო ორად - ტრაპიზონოსა და როდოპოლისის ეპარქიებად; გვაცნობენ აგრეთვე 18 სომხური სოფლის მიერ მართლმადიდებლობის მიღებაზე, მაგრამ ამვე დროს აჩუმათებენ მათი უმრავლესობის განდგომას. ბერძნულ ეკლესიაზეც სხვადასხვა მონაგონს ჰყვებიან. ალექსანდრიის ეკლესიაში, ამბობს ანაფორიანი მოძღვარი, 1848 წ. იყო 70 ათასი მართლმადიდებელი, 3 მიტროპოლიტი, 9 არქიეპისკოპოსი, ხოლო 1855 წ. - მხოლოდ 14 ათასი მართლმადიდებელი და 2 ტიტულიანი მიტროპოლიტი“, ასე იწერება ისტორია. სინამდვილეში ალექსანდრიის ეკლესიაში 1848 წ. იყო ერთი მიტროპოლიტი და 14 ათასი ოჯახი და არა სული; 1855 წ. - 6 სამიტროპოლიტო. ამჟამად ალექსანდრიის ეკლესიაში 175 ათასამდე მართლმადიდებელია...

„ეგზარქოსების ხელისუფლების აქტიური გამოხატულება, - ამბობს ეპისკოპოსი ლეონიდე, - ძირითადა გამოვლინდა, „დევნაში ყოველგვარი ქართულისა“. განა ეს სიმართლე არაა? 1894 წ. რატომ დაკეტეს მთელი წლით თბილისის სემინარია და რატომ გამორიცხეს იქიდან 87 აღსაზრდელი, ისე რომ მათ არ დაუტოვეს რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში შესვლის უფლება? თანაც გარიცხულები, ეგზარქოსის თხოვნით, ადმინისტრაციის მიერ გასახლებულნი იქნენ თბილისიდან.

1905 წ. სამუდამოდ დაიხურა იმერეთ-სამეგრელოს სემინარია ქუთაისში. სემინარიის აღსაზრდელებს ბევრჯერ აყენებდა შეურაცხყოფას სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სილვესტრი, რომელმაც სემინარია გაავსო სხვადასხვა სემინარიებიდან გამოდევნილი რუსი აღსაზრდელებით; სწორედ ამათ ჩაუნერგეს ქართველ სემინარისტებს სოციალისტთა მოძღვრება. დაჭმუჭნეს რექტორის მიტრა. ტრაპეზიდან გადმოაგდეს წმინდა სახარება. გარიცხული იქნა 300-მდე სემინარისტი. სემინარისტები რუსულ სემინარიებში უფრო მეტად უპატიოდ იქცეოდნენ, მაგრამ არცერთი სემინარია სამუდამოდ არ დახურულა. ახლაც კარგად გრძნობენ თავს და თავიანთ მოსწავლეებში სოციალიზმს, ურწმუნოებასა და ათეიზმს ნერგავენ. რუსი მასწავლებლებიდან, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ნედელსკი, ქართულ სამღვდელოებას „არამზადულს“ ეძახოდნენ. ძმათმოძულეებისა და შეუწყნარებლობის მსგავსი მაგალითები, ეპისკოპოს ლეონიდეს თქმით, ცოტა როდი იყო. ქართველ ერს შეურაცხყოფდნენ რუსი ეგზარქოსებიც, სემინარიის რექტორებიცა და ინსპექტორებიც და მასწავლებელთა სხვა პერსონალიც. თუ წინასაეკლესიო კრების კომისიაში ცოტას მოეკრა ყური ამის შესახებ, სამაგიეროდ, ეს კავკასიაში მცხოვრებმა ქართველი ხალხის ყველა მეგობარმა იცის.

ეგზარქოს ალექსის დროს ქართველ ეპისკოპოსებს, როგორც ეს იმერეთის მეუფემ განაცხადა, საკუთარი სემინარიის მართვის უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც რექტორი უგულვებელჰყოფდა თავის მღვდელმთავარს, თუკი ეგზარქოსი ალექსი „არ ბრძანებდა მის სემინარიაში შეშვებას“, ხოლო საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ქართველ მღვდელმთავრებზე უფროსობდა. ბაქოში დეკანოზმა იუზვიცკიმ უსამღვდელოესობა კირიონი ტაძარში არ შეუშვა და ცხირწინ მიუხურა კარები. რა თქმა უნდა, ამისთვის იგი დააჯილდოვეს. სიმართლეს ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, რომ „რუსულ საეკლესიო მმართველობას რუსეთისადმი ერთმორწმუნე ხალხების მხოლოდ ჩამოშორებისა და შიშის გრძნობის აღძვრა შეუძლია. ტყუილად ხომ არ აქცია ზურგი დღევანდრელ რუსეთს ბერძნებმა, რუმინელებმა, სერბიელებმა. რუსეთმა დაივიწყა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ხალხების წინაშე დადებული ვალდებულებები. ამიტომაცაა, რომ ყველა უბედურება და ფათერაკი დაატყდა თავს. სიმართლისათვის ღმერთი არ სჯის.

უსამღვდელოესობა სტეფანემ, რომელიც ქუთაისში იმერეთის სემინაარიის რექტორობის დროს განსაკუთრებით გამოირჩეოდა (ჟანდარმერიის წინაშე დაასმინა მცხოვანი და დამსახურებული დეკანოზი ღამბაშიძე), ვინც რუს ეგზარქოსებს მფარველობდა და იცავდა, განაცხადა, რომ „მხოლოდ რუსებს შეუძლიათ მიუკერძოებლად გაარჩიოს ამდენი სხვადასხვა ხალხის ინტერესების შეჯახების მიზეზები, მიუკერძოებლად გაანაწილოს მათი გავლენის სფერო; თანაც უნდა გვახსოვდეს, ის უზარმაზარი თანხა, რომელსაც რუსული ეკლესია ყოველწლიურად გასცემს თავისი საშუალებებიდან (?!) (800 ათას მანეთამდე წელიწადში) ამიერკავკასიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესაწევნად. ცრუ ლაპარაკი ვერ აცხონებს მეუფე სტეფანეს. მეუფემ უნდა იცოდეს, რომ ბერძნები, ოსები, აფხაზები ქართველი კათალიკოსების დროსაც ცხოვრობდნენ, მათზე ლოცულობდნენ და თავიანთ მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, რომ ქართველი კათალიკოსები და ეპისკოპოსები ყოველთვის და ყოველდროს სრულიად პირუთვნელად ექცეოდნენ თავიანთ მიწაზე მცხოვრებ ყველა ტომსა და ხალხს, არ ართმევდნენ ბერძნებს ეკლესიებსა და მონასტრებს და არც რუსებსა და არც სხვა გადმოსახლებულებს არ გადასცემდნენ. უსამღვდელოესობა სტეფანემ არ უნდა ილაპარაკოს რუსთა პირუთვნელობაზე. დე, მეუფემ გაიხსენოს, როგორ ეპყრობოდა იგი ქართველ მასწავლებელთა პერსონალს, როდესაც იგი ქუთაისისა და თბილისის სემინარიებში რექტორობდა.

„რუსული ხაზინა, - ამბობს მოძღვარი ვოსტორგოვი, - ჩამორთმეული ადგილ მამულების სანაცვლოდ ქართულ ეკლესიას ყოველწლიურად უხდის 125 000 მანეთს. შევნიშნავთ, რომ ეს მიწები 140 მილიონ მანეთადაა შეფასებული და სირცხვილით როგორ არ იწვიან ეს ქართველმოძულენი, როცა ქართულ ეკლესიას საყვედურობენ და მას უმადურობას აბრალებენ! რატომ გაძარცვეს ქართული ეკლესიები რუსმა ეგზარქოსებმა ისიდორემ და ევსევმა და რატომ არ უბრუნებენ სახელმწიფო ადგილ-მამულებს ქართულ ეკლესიას, როცა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას დაუბრუნეს? ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. რასაც ამჟამად ქართული ეკლესია რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ღებულობს, მისი საეკლესიო ქონების შემოსავლების 1% არ შეადგენს.

„ეგზარქოსულმა მმართველობამ, ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, ძირი გამოუთხარა რუსი ეგზარქოსებისადმი ხალხის ნდობას და საერთოდ რუსულ სამღვდელოებას, და ხალხი მართლმადიდებლობას ჩამოაშორა, ქართველებში მართლმადიდებლობიდან გამოყოფისა და კათოლიკურ უნიაზე გადასვლის აზრიც კი წარმოშვა“...

ქართველი ეპისკოპოსები, „დაწოლით სინოდალური კანტორისა“, რომლის წევრებიდან უმრავლესობა რუსები იყვნენ „უბრალოდ წამებულებად ჩაითვლებიან“. უსამღვდელოესობა კირიონი ჩიოდა, რომ ქართული ეკლესიების წარმომადგენლებს გაზეთებში ლანძღავენ. ამაზე მოგილევის კირ-სტეფანემ მკვახედ შენიშნა, რომ „ლანძღავენ „პატიოსანი პირები“, რომლებიც „თქვენ შგიძლიათ სასამართლოთი შეავიწროვოთ“. მაგრამ ამაზე მეუფე კირიონმა ღირსეულად უპასუხა: „არც თუ ისე კერძო პირები არიან...“ მეუფეს გაზეთებში ჰკილავდა და ლანძღავდა საეკლესიო კრებულის კომისიის ერთ-ერთი წევრი, დანარჩენი წევრები კი ლოცავდნენ მლანძღველს. „როცა ქართული მღვდელმთავრობა დაიწყებს არაქართველი ტომების გაქართველებას, - ამბობს ქართველთა მოძულე კირ-სტეფანე - ატყდება საერთო შფოთი“. მაგრამ ქართულ სამღვდელოებას ეს დღემდე არ გაუკეთებია, არ იცავდა და შემოინახა სახვადასხვა ხალხები, როგორიც არიან ბერძნები, ოსები და აფხაზები, სხვა მართლმადიდებელნი (თუ რუსებს გამოვრიცხავთ) საქართველოში არ არიან.

„მთელი ასი წლის მანძილზე რუს ეგზარქოსებზე ჩივილი ფერკმრთალდება იმ მოთქმის წინაშე, სოხუმიდან რომ ისმის“ უსამღვდელოესობა კირიონის გამო, - აცხადებს მისი უბოროტესი მტერი და ამასთან ერთად მიმართავს ფაქტებს, რომლებიც თითქმის მის მიერ იყო გამოქვეყნებული გაზეთებში. „დაიწყეს ქართველების (?!) დანიშვნა სოხუმის ტაძარში, მოსახლეობაში გროვდება შუამდგომლობის ხელმოწერები ამ ტაძარში ღვთისმსახურების შემოღების შესახებ“. რა არის აქ დანაშაულებრივი? სოხუმში ხომ ქართველები უფრო მეტია, ვიდრე რუსები, რომლებსაც იქ თავიანთი ეკლესიები აქვთ. ხოლო ქართველებს - არა. ანდა, შეიძლება სტატისტიკური მონაცემები და მოსახლეობის აღწერა იტყუება? ქართველი ეპისკოპოსისგან ითხოვენ რუსული ენის ცოდნას, რუსისგან ქართულიენის ცოდნას - არა!

მოძღვარი ვოსტორგოვი თავის მოხსენებით ბარათში ქარტული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ იმოწმებს ნ.ნ.დურნოვს, რომელიც ქართველ ეპისკოპოსებზე უფრო თანმიმდევრული იყო, როცა დაჟინებით მოითხოვდა ორი საკათალიკოსოს აღდგენას“. როგორც ცნობილია ნ.ნ.დურნოვო დაჟინებით კი არ მოითხოვდა, არამედ ორი საკათალიკოსოს აღდგენის მომხრე იყო. საეკლესიო საქმეებში იგი პოლიტიკას არ მისდევს, ხოლო რუსეთის სახელმწიფოს 1.500.000-მდე რუსეთის სულიერად მონათასავე ხალხის ეკლესიის ავტოკეფალია თუ აშინებს, დაე იყოს ორი: ივერიის, თბილისის გუბერნიის ფარგლებში, ორი დამოუკიდებელი სამთავრო - გორის და ალავერდი-ბოდბის ეპარქიებით, ორი რუსული და ბერძნული საქორეპისკოპოსოთი, მცხეთისა და ივერიის უნეტარესი არქიეპისკიპოსის მეთაურობით და იმერეთ-სამეგრელოს საკათალიკოსო ქუთაისის, ბათუმის გუბერნიის და სოხუმის ოლქის ფარგლებში, ჭყონდიდისა და გურიის-ჯუმათის ორი ეპისკოპოსით. რუს მართლმადიდებელ მოსახლეობას, მათი რიცხვი 10 ათასამდე ძლივს რომ აღწევს, შეუძლიათ დარჩნენ ქართული ენის მცოდნე ქართველი ეპისკოპოსის მორჩილებაში; მაგრამ, ამასთანავე, იგი გამოყოფილი უნდა იყოს განცალკავებულ საბლაღოჩინოდ. ასეთი დაყოფა მატერიალური თვალსაზრისითაც სასარგებლოა, რადგანაც საჭირო იქნებოდა მხოლოდ 2 სასულიერო სამმართველო, ეპისაკოპოსები კი შეინარჩუნებდნენ კანცელარიას და უფლება ექნებოდათ თავიანთ საეპისკოპოსოში დაენიშნათ მღვდლები და სხვ.

ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ან აღიარებას ითხოვს წმინდა კანონები, რომლის უგულვებელყოფისა და დარღვევის უფლება რუსულ ეკლესიას არ აქვს. ორივე ეკლესია ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ და ისე გაერთიანდნენ, რომ მათ შორის მარადიული სიყვარული, მშვიდობა, მეგობრობა და ერთიანობა იყოს.

მაგრამ ამაზე უნდა ზრუნავდეს არა ჩვენი სამეურვეო და ჩვენს მიერ დარღვეული ქართული ეკლესია, რომელიც ვერსად ვერ პოულობს მფარველს, არამედ რუსული ეკლესია, რომელსაც დანაშაული მიუძღვის თავისივე უფროსი დის ჯვარმოსილი ქართული ეკლესიის ფათერაკებსა და უბედურებაში.

წინასაეკლესიო კრების კომისიაში განხილულმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა ყველა პირუთვნელი წევრი დაარწმუნა, რომ სამთავრობო სინოდი არღვევს ივერიის ეკლესიის უფლებებს. ავტოკეფალიის მოწინაარმდეგეთა მოსაზრებებმა არა მარტო ვერ გაუძლეს კრიტიკას, არამედ თვით მათი გამოკვლევები, ნაწილობრივ, მათ მიერ მოგონილ ყალბ საბუთებზე დაფუძნებული აღმოჩნდნენ. წინასაეკლესიო კრების კომისიის არც ერთ წევრს არ გახსენებია „ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან ნებაყოფლობითი შეერთების აქტი“. პირიქით, დამტკიცებული იქნა სახელმწიფო სინოდის მიერ ქართული ეკლესიის მოძალადეობრივი, არაკანონიკური დაპყრობის ფაქტი“, გენერალ ტორმასოვისა და სხვა სამხედრო და სამოქალაქო ჩინოსნების განკარგულების თანახმად, სახელმწიფო სინოდს, როგორც ეს ეპისკოპოსის კირიონის მოხსენებითი ბარათიდან ჩანს: „არ სურდა შერიგებოდა საქართველიში თავისი დამოუკიდებელი კათალიკოსის არსებობის შესაძლებლობას. იმპერატორ პავლე I წყალობის სიგელში კი ნათლადაა ნათქვამი „არ შეეხოთ ქართული ეკლესიის პრივილეგიებს...“

ეკლესიის ისტორიაში ავტოკეფალიის გაუქმების არაერთი შემთხვევა ყოფილა - პეჩი სერბიის, ოხრიდის, მაგრამ ეს ეკლესიები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს თავიანთი მღვდელმთავრების საეკლესიო კრების დადგენილების შემდეგ შეუერთდნენ, რაც არ მომხდარა ქართული ეკლესიის მიმართ. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა ჰქონოდათ, რომ ოდითგანვე ავტოკეფალური ეკლესიის მართვა მხოლოდ წმინდა კანონების თანახმად შეიძლება და არა მისი საწინააღმდეგო მოქმედებით, რაც კირ-„უპირველესმა“ - კარგად უნდა იცოდეს. ძალა და უცოდინარობა უფლებას არ წარმოადგენს.

სამთავრობო სინოდის ალექსანდრე პირველისადმი 1811 წ. წარდგენილ მოხსენებაში „მინიშნებაც კი არ ყოფილა იმ საეკლესიო კანონების არსებობის შესახებ, რომლებიც კრძალავენერთი მთავარი ეკლესიის დამორჩილებას მეურე ასეთივე ეკლესიისადმი. სინოდის განკარგულება არღვევს მთელ რიგ ზოგადსაეკლესიო კანონებს, რომლებიც მკაცრად იცავენ უფლებათა ხელშეუხებლობას და საეკლესიო სფეროს, პატრიარქების, ეპისკოპოსების და პრესვიტერიანელების პრივილეგიებს. ეგზოტიკური სამოქალაქო ხელისუფლების დამყარება რომ ვერ ამართლებს ქვეყანაში ეგზოტიკური საეკლესიო მმართველობის შემოღებას, ჩანს საყოველთაოდ ცნობილ III მსოფლიო საეკლესიო კრების 8 წესიდან, რომლებიც კიპროსის ეკლესიას შეეხება და სავსებით მიესადაგება ქართული ეკლესიის მდგომარეობას XIX საუკუნეში...“

„პავლე I (1801 წ. 18 იანვარი) და ალექსანდრე I (ამავე წლის 12 სექტემბერი) ბრძანებულებებში ართი სიტყვაც არაა ნათქვამი ქართული ეკლესიის რუსული ეკლესიისადმი დამორჩილების ან შეერთების შესახებ“. სინოდის ანტიკანონიკური განკარგულებით დარღვეული იქნა არა მარტო მსოფლიო საეკლესიო კრების, არამედ ქართული ეკლესიის ადგილობრივი კრებების დადგენილებანიც, ისე როგორც საქართველოს სამოქალაქო კანონები, რომლებიც მაშინ სინოდის გადაწყვეტილებით მოქმედებდნენ...“ „რუსული საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებით ქართული ავტოკეფალური ეკლესიის სფეროს, მით უმეტეს სამოქალაქო ხელისუფლების, დამორჩილებას, ან შეერთებას, ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ამისთვის აუცილებლად იყო საჭირო მთელი ივერიის ეკლესიისა და ხალხის საკრებულოს ანუ უმაღლესი სამღვდელოების, კრებისა და დადგენილება მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომლის წევრადაც IV საუკუნიდან ითვლება ეკლესია ივერიისა...“

„უძველესი ივერიის საკათალიკოსოს გაუქმება, მეფის ვაჟისა და ძმის, იშვიათი თვისებების მქონე, საზოგადოების მიერ ფრიად პატივცემულ, სამისდღეშიოდ კათალიკოსად არჩეულ 46 წლის ანტონ II დამხობა და რუსეთში გაძევება, სადაც მან კიდევ 19 წელს იცოცხლა, ბევრი საეკლესიო დადგენილების დარღვევა იყო.

სიმართლისმოყვარე და ეკლესიის კეთილმსახური ქომაგები მტკიცედ დგანან ივერიის ეკლესიის უფლებების დასაცავად, ქედს იხრიან მისი გმირობებისა და ქრისტეს წამებათა წინაშე. ყველაფერი ეს ჯვარმოსილმა ეკლესიამ თავისი გმირობებითა და წამებანით აღბეჭდა მთელი 12 საუკუნის მანძილზე. მან იცის, რა აქვს სადიდებელი და რით იამაყოს. რომ არ ყოფილიყო ბერძნული და ქართული ეკლესიები, არც იქნებოდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაც. ისეთი დიადი ეკლესიისადმი, როგორიც ქართული ეკლესიაა, ჩვენ ქედის მოხრა, თაყვანისცემა და პატივისცემა გვართებს, უნდა დავემხოთ მისი დიდი წმინდანების წინაშე; არ უნდა შევურაცხყოთ, ისე, როგორც აკეთებდნენ უვიცი, უკეთურად აღზრდილი წინასაეკლესიო კრების კომისიის ზოგიერთი წევრი. ასე გვგონია, რომ მათ ღმერთი დაავიწყდათ.

ჯერ კიდევ არსებობს ქართული საეკლესიო საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტის გზა - გზა ურთიერთშეთანხმებისა, ე.ი. სიყვარულზე, ნდობაზე, კანონიკური უფლების სიმართლეზე დაფუძნებული ურმხრივი აქტისა. მაგრამ ამ გზას ამაყი და პატივმოყვარე სამთავრობო სინოდი არ დაადგება. იგი დაელიდება ქართული ეკლესიის განხეთქილებას და სანამ უფრო ადრე მოხდება ეს, მათდა სასიამოვნოდ, რომლებიც ქართველებს სეპარატიზმსა და ღალატში სდებენ ბრალს, მით უფრო უკეთესი იქნება წმინდა ეკლესიის მტრებისთვის. ივერიის ეკლესია თავისი შვილების კეთილმსახურებით, რწმენითა და ზნეობით უფრო იფურჩქნება.

„წინასაეკლესიო კრების კომისიამ ისე დააყენა საქმე, ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, რომ ქართველებს პირდაპირი და განსაზღვრული მითითება მიეცათ მასზე, რომ რწმენის, სინდისისა და საეკლესიო მართვის თავისუფლებას, რომლითაც დაუბრკოლებლად ტკბებიან მათი მეზობლები - სომხები, კათოლიკები, მაჰმადიანები და სხვები, მოიპოვებენ გაბატონებულ რუსულ ეკლესიასთან ყოველგვარი ანგარიშისა და კავშირის გაწყვეტით. და ეს, სამწუხაროდ, ასე მოხდება; ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან განხეთქილება აუცილებლად მოხდება. თუ რუსული ეკლესია არ მოუსმენს თავისი უფროსი დის კანონიერ სურვილებს და საეკლესიო ერთიანობის ინტერესებისა გამო, არ ადეთანხმება ახლავე დაუბრუნოს მისი პირვანდელი მართველობის წყობა. ეს აზრი კანონიკურად განავითარა კანონისტმა ნ.ა.ზაოზერსკიმ: „სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების თავისთავადობას, რომლებიც შეადგენენ ერთიან მსოფლიო ეკლესიას, გააჩნია თავისი საფუძველი, როგორც საღვთო წერილებში, ასევე თვით ეკლესიის უპირველეს საკანონმდებლო აქტებში. ეკლესიის დამაარსებელმა თავის მოციქულებს უბრძანა სახარება ექადაგნათ ყველა ხალხისთვის, ისე რომ არ შეხებოდნენ მათ საზოგადოებრივ წყობას. მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებში აარსებდნენ ადგილობრივ ეკლესიებს და უყენებდნენ მღვდლებს, მათ საშუალებას აძლევდნენ ერთმანეთთან დაემყარებიათ რელიგიური ურთიერთობა ადგილობრივი საზოგადოებრივი პირობების მიხედვით. ამგვარად მოციქულების სიცოცხლეშივე დაარსებული იქნა რამდენიმე ეკლესია სრული დამოუკიდებელი მმართველობით...“

საინტერესოა ქართული ეკლესიის მტრების მოსაზრებანი მისი ავტოკეფალიის შესახებ. ერთ-ერთი ქართველთმოძულე ეპისკოპოსი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ „ქართულ ეკლესიას რუსულ ეკლესიასთან შეერთებამდე გააჩნდა თავისი ტერიტორიალური საზღვრები, რომლებშიაც იგი ანხორციელებდა თავის ძალაუფლებას ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებლური რწმენის ყველა ტომზე“. ახლა სად გაქრა ეს ტერიტორია? ის არ გამქრალა და ქართული ეკლესია „გაერთიანდა რა იმერეთ-აფხაზეთის ეკლესიასთან 1795 წელს, დარჩა იმავე საეკლესიო საზღვრებში, როგორც მანამდე იყო“. რაც შეეხება ამიერკავკასიის 4 არაქართულ გუბერნიას, ქართველებს მათზე არა აქვთ პრეტენზია. რუსულ ეკლესიას შეუძლია თავისთვის წაიღოს ისინი. უსამღვდელოესობა სტეფანემ მშვენივრად იცის, რომელ ავტოკეფალიაზე საუბრობენ ქართველები. მათ არ უნდათ რუსული სისხლით შეძენილი და ქართველებით დაუსახლებელი კავკასია. რაც შეეხება ოსებს, აფხაზებს, ბერძნებს - ისინი თბილისის გუბერნიასა და აფხაზეთში, კავკასიაში რუსების გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდნენ. ამასთანავე ისინი ქართველების მიერ განათლებული არიან წმინდა სარწმუნოების ნათელით; ხოლო ბერძნებს თავიანთი ეპისკოპოსები ჰყავდათ და შეუძლიათ მომავალშიც იყოლიონ, როგორც კი ქართველებს თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუბრუნებენ.

პროფ. მ.ა.ოსტროუმოვი „ამჟამად ავტოკეფალიისთვის ვერ პოულობს ვერავითარ კანონიკურ საფუძვლებს, რადგანაც ისტორიიდან ასი წლის თვითნებური დევნისა და უკანონობის ამოშლა არ შეიძლება. მაგრამ ნუთუ პროფესორი ფიქრობს, რომ ამაზე შეიძლება სამართლის დაფუძნება? „ჩვენ ახლა გამოვდივართ იმ შეხედულებებიდან, რომ არის განსაკუთრებული ქართული სამღვდელოება“, რაც პროფესორმა არ იცოდა, თუმცა რაღაცისა გამო დოქტორის ხარისხი კი მიიღო. „ამ ეკლესიამ როგორ შეძლო თავისი თავის დამოუკიდებლად გამოცხადება და თანაც სარჩელის წარდგენა? რანაირად შეიძლებოდა შექმნილიყო ეს თავისებური ფრაქცია, რომელიც წინაღუდგა რუსულ ეკლესიას, როცა აქამდე საკუთრივ ერთი მხარე - რუსული ეკლესიაა, რომლის შემადგენლობაში განუყოფლად შედის ქართული ეკლესია. ეს იმას ნიშნავს, აცხადებს მ.ა.ოსტროუმოვი, რომ ქართული ეკლესია თავის ფიქრით რუსული ეკლესიიდან გადის. რა უფლებით?“ გადის კანონიკური, ისტორიული და ეთნოგრაფიული უფლებით, რაც ბატონმა პროფესორმა არ იცის. ეს უმეცარი რას ასწავლიდა სტუდენტებს აკადემიაში?..

ამჟამად კავკასიის ადმინისტრაციის სხვადასხვა კუთხის სომხებთან ლაციცის შედეგად (სომხებს ჩუქნიან სკოლებს, ეკლესიებს) ქართველები, რომლებიც სძულთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უუფლებო და დევნილ ხალხად გადაიქცნენ. სომხების დაშნაკთა რევოლუციურ პარტიას ძალიან სურს კავკასიაში ხელისუფლების აღება და სახელმწიფოსთვის თავის კანონების მიწერა. ბაქოში დაშნაკები უკვე ბატონ-პატრონები გახდნენ და სახელმწიფო სათათბიროში სამი რევოლუციონერი გაგზავნეს. იგივეს გაკეთება აიძულეს ქართველებსაც, რომლებსაც არ დავიწყებიათ 1905 წ. გურიის დარბევა მაჰმადიანი ფანატიკოსის გენერალ ალიხანოვის უფროსობით.

სომხების მფარველობითა და მხარდაჭერით რუსული ადმინისტრაცია კავკასიაში რუსების წინააღმდეგ ამხედრებს ქართველებს, რომლებიც მანამდე სიყვარულითა და მეგობრობით იყვნენ განწყობილნი ყოველი რუსისადმი, ახლა კი საერო და სასულიერო რუს ჩინოვნიკებში მხოლოდ თავიანთ მტრებს ხედავენ. ჯერ კიდევ 1890-იან წლებში რუსი მწერალი ვ.ლ.ველიჩკო კავკასიის ადმინისტრაციას აფრთხილებდა სომეხი რევოლუციონერების თაობაზე, მაგრამ ველიჩკო თავადმა გოლიცინმა თბილისიდან გაასახლა და გაზეთი „კავკაზი“ თავის მეგობარ სომხებს ჩააბარა. სომხებმა ზოგიერთი სომხური რევოლუციონური სიმღერა ქართულ ენაზე გადაიტანეს და ქართველებს აიძულებდნენ ქართულ დღესასწაულებზე ემღერათ. სხვადასხვა დაპირებებით თავბრუ დაახვიეს ქართველებს. კავკასიაში პეტერბურგის დიდი გაზეთის „ზატერიანნის“ ერთი ცნობილი თანამშრომელი, რომელიც მუდამ თავს ესხმის ქართველებს, გარშემორტყმულია სომეხი მეგობრებით. გაზეთს კი მისი სჯერა. ახლა სომხები ცოდვილობენ თბილისში პოლიტექნიკუმის შესაქმნელად, რომელსაც თვითონვე აავსებენ და რუსებსა და ქართველებს შიგ ცხვირს არ შეაყოფინებენ. შორს არაა ის დროც, როდესაც ყველა მიწა სომხების ხელში გადავა (უკვე მოასწრეს გაკოტრებული ქართველი მემამულეებისაგან ასეული ათასი დესეტინის შესყიდვა), ნაფიც მსაჯულთა და ერობის სასამართლო სომხური გახდება და წარმოიქმნება არა რუსული და არა ქართული მეფობა ამიერკავკასიაში, არამედ სომხური. ქართველებს, თათრებს ჯერ კიდევ გული არ გატეხიათ რუსულ სასამართლოზე, მას მეფის სასამართლოს ეძახიან, მაგრამ სომხურ სასამართლოს არავინ არ ირწმუნებს.

რამდენიმე წლის წინ მთავრობამ ახალციხის ქალაქის სათათბიროს მოთხოვა, ადგილი გამოეყო მართლმადიდებელი ტაძრის ასაშენებლად, თანაც ქალაქის ცენტრში ერთ მოტიალებულ ადგილზე მიუთითა. მაშინ სომხეთის სათათბირომ გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი გაეცათ გასართობი დაწესებულებისათვის, ხოლო მართლმადიდებელი ტაძრის ასაშენებლად ხანდაკს იქით გამოჰყო ადგილი, სადაც ნაგავსა და უწმინდურობას ყრიდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სომხებს პატივსა ვცემთ!

მთელი კავკასია ავსებულია პოლონელი, გერმანელი, სომეხი ჩინოვნიკებით, რომლებიც რუსულ საქმეს იმით აკეთებენ, რომ ქართველებზე, როგორც მართლმადიდებლებზე, ღვარძლიანად იყრიან ჯავრს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, თბილისში პოლიცმეისტერად იყო ებრაელი ცისი, ხოლო პოლიციის უფროსად მონანიებული რევოლუციონერი ებრაელი გუროვიჩი. ჩვენ კი ყველა ქართველების ღალატზე ვჩივით.

ეკატერინე II, პროფ. ა.ა.ცაგარელის სიტყვებით „ქართული ტომის ხალხების გაერთიანებაში ზარალს კი არა, სარგებლობას ხედავდა, რადგანაც მხოლოდ მტრებს თიშავენ, ხოლო მეგობრებს აერთიანებენ რათა მყარი და საიმედო დასაყრდენი იქონიონ. რუსეთში კი 1885 წლიდან ცდილობდნენ, ოსებისა და აფხაზების ქართველებზე მისისინებას. ისიც კი მოიფიქრეს, რომ სამურზაყანოში (ადგილ-მდებარეობა სოხუმის ოლქში), რომელიც მხედართმთავარ მურზაყანის სახელს ატარებს, განსაკუთრებული სამურზაყანული ენა შემოეღოთ. ამ ენაზე კი არავითარი დამწერლობა, არცერთი წიგნი არ არსებობს. სამურზაყანოს ეკლესიებში რუსი ხუცესები ჩააყენეს. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი გასწია მცირე განათლების მქონე რუსმა ეპისკოპოსმა არსენიმ. უსამღვდელოესობა კირიონმა სამურზაყანოს მეგრულ მოსახლეობასთან ქართულ ენაზე განაახლა ღვთისმსახურება და ხალხმა დაიწყო ეკლესიაში სიარული.

დეკანოზ ი.ვოსტორგოვმა სამხრეთ-საქართველოს ეპარქიის, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიისკენ იყო გადახრილი, თაობაზე თქვა, რომ „ისინი მოწყდნენ ქართულ საკათალიკოსოსაც“, რომ ამასთან კრების აქტები და ხელმოწერები არ იყო...“ „შინაური საქმისა და შინაგანაწესის აქტივისათვის საეკლესიო უქონლობას რატომ თვლიან არაბუნებრივად ქართული ეკლესიის ერთიან რუსულ სახელმწიფოსთან შეერთებისას? - აცხადებს იგი. - რატომ გლეჯენ ისტორიულ მოვლენებს წინა და მომავალი მოვლენების მთლიანი ჯაჭვიდან?“ მოძღვარი ვოსტორგოვი, როგორც ჩანს, არაა გაცნობილი იმ აქტებს, რომლებიც გამომდინარეობს, პოლიტიკური ვითარების გამო, ავტოკეფალური ეკლესიების ერთი ან რამდენიმე ეპარქიის სხვა ეკლესიაზე გადასვლის შემთხვევაში. მას ვურჩევთ, გაეცნოს 1878 და 1882 წ.წ. პატრიარქის მიერ ნებადართულ აქტებს, რომლებიც გამოცემულია თესალიის ეპარქიის ელადის ეკლესიაში, ძველ სერბიის 3 ეპარქიის სერბიის ეკლესიაში, ტულჩინსკის საეპესკოპოსოს რუმინეთის შემადგენლობაში გადასვლისა გამო. ეპისკოპოსი, რომელიც არ მიიღებს თავისი უზენაესი მღვდელმთავრის ნებადართულ სიგელს, არ შეიძლება დაემორჩილოს მეორე ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავარს. საოცარია, რომ წინასაეკლესიო კრების არც ერთ წევრს ამ ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებაზე სიტყვა არ დაუძრავს.

ბიზანტიის იმპერიაში იყო 5 საპატრიარქო და 2 ავტოკეფალური არქისაეპისკოპოსო; სერბიის სამეფოში ორი: პეჩისა და ოხრიდის; ავსტრია-უნგრეთში ისინი ხუთნი არიან, მაგრამ ყველანი, როგორც მართლმადიდებელნი, ერთიანობაში იმყოფებიან, რაც ნამდვილად სურს ქართულ ეკლესიასაც, რომელსაც არასდროს არ უფიქრია რუსულ ეკლესიასთან გადიშვასა და განხეთქილებაზე.

„ყველა ეგზარქოსი რატომ გამორბის საქართველოდან? რა არის ამის მიზეზი?“ - ეკითხება უსამღვდელოესობა პროფ. ნ.ნ.გლუბოკოვსკი და ამ კითხვაზე ღებულობს სამართლიან და ლოგიკურ პასუხს: „იმიტომ, რომ, არ ჰქონდა სამწყსოსთან კავშირი. იმიტომ, რომ ისინი ვერ შეეთვისნენ“, თანაც მათ მდიდარი რუსული ეპარქიები აცდუნებდნენ.

აი, როგორ უწოდებს ქართველებს მოძღვარი ვოსტორგოვი: „სიცრუეზე, გამცემლობაზე და სისხლზე გაზრდილი ბარბაროსები, უმადურნი, მუხანათები, უსირცხვილონი და ბრძოლის საშუალებებში გაუგებარნი“. მოძღვარი ბუტკევიჩი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, ამტკიცებს, რომ საკუთრივ საეკლესიო საქმე საქართველოში ავტოკეფალიის ბოძების შემთხვევაში დაიღუპება“, ამიტომ საქართველოს ეკლესიას არ უნდა მიეცეს ავტოკეფალია, იგი უნდა დავტოვოთ რუსი ეგზარქოსების მეურვეობის ქვეშ. ბრძნული გადაწყვეტილებაა!

გაგრძელება...