მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ღელე მწყემსთა

აღმოსავლეთით ბეთლემისა, გაივლით რა ნაყოფიერს ვაკესა, რომელიც იყო მინდორი ბოოსისა და მასზედა ოდესმე რუთ შეჰკრებდა თავთავსა, მარჯვნივ მხარეს გზისა სძევს არაბთა სოფელი „ბეთ-სახურ-ელნასსარ“, რომელიც დასახლებულია მართლ-მადიდებელთა მიერ. ესენი შეადგენენ 500 სულამდის. მარცხენით ამ სოფლისა გადაშლილა ნაყოფიერი „ღელე მწყემსთა“, რომელზედაც ღვთაებრივს ღამეს იესო ქრისტეს შობისას ღარიბნი მწყემსნი ეღირსნენ მოსმენას ანგელოსთა დადების-მეტყველებისას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“! ადგილი ამ სახარულევანის ხარებისა გარემოზღუდულია გალავნითა, ოდესმე მაგრითა, და აწ ნახევრად დანგრეულითა. გალავნის ჩრდილოეთის ნაწილში არიან დაცულ ნანგრევები, რომლებიც შესდგებიან დიდ ლოდთაგან და რომელნიც მოწმობენ, რომ ოდესმე აქ შვენოდა დიდი ეკკლესია, რომლისა ტრაპეზი დაცულია აქამომდის. თითქმის საშუალ გალავნისა არის ჩასავალი მღვიმეში, რომელშიაც აშენებულია ეკკლესია 30 ფუტი სიგრძით და 20 ფუტი სიგანით. იატაკი ეკკლესიისა არის მოფენილი ქვებითა, შიგა და შიგ მოზაიკითა - ფერადას კენჭებითა. ეკკლესია ფრიად ღარიბია. მის აღშენებას მიაწერენ წმიდა დედოფლის ელენას დროსა. იგი არის სამრევლო ეკკლესია მცხოვრებთათვის სოფლის „ბეთ-სახური“-სა, მოხილვის დროს მლოცველთ არაბთა მღვდელი ძველს დაბრანძულს სამოსელში ჩვეულებრივ გარდაუხდის პარაკლისს, რომელზედაც სახარებას, ადგილის შესაბამს, უკითხავს რუსთა ყოველთვის დანჯღრეულს სლავურს ენაზედ.

ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილსა, სადაცა „ანგელოსთა სიმრავლე ერთა ცისათა აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკ. 2,13-14), და აგრეთვე ტაძარსა ქრისტე მაცხოვრის აღდგომისასა იცავენ შეჭურვილნი ურწმუნო ოსმალნი, ჩვენღა სამხილებელად, რამეთუ დაგვივიწყებიეს ჩვენ მცნება უფლისა იესო ქრისტესი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ“ (იოან. 14,27). „იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ; ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთე იყვარებოდეთ ურთიერთარს“ (იოან. 13 თავ. 34,35 მუხლ.). და აგრეთვე არ აღვასრულებთ მოციქულის მოძღვრებას: „პატივისცემითა ურთაერთარს წინაუსწრობდით“ , „უკეთუ ურთიერთას იკბინებოდეთ და შეიჭამებოდეთ, იხილეთ, ნუ უკვე ურთიერთარს განილინეთ (ამოსწყდეთ)“ (გალატ. 5,15). ამისათვის ამ წმიდა ადგილებზედა იქმნებიან არა იშვიათად, მტერობანი, შურნი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი და თითქმის კაცის-კლვანიცა ქრისტეს სარწმუნოების სხვა და სხვა აღმსარებელთა და წარმომადგენელთა შორის, და ამგვარის მოქმედებითა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა ისაიასი: სახელი დიდი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ჭეშმარიტი სარწმუნოება, იგმობვის ჩვენთვის ურწმუნო მაჰმადიანთა შორის“ (რომაელ. 2,24).

ვითარცა იერუსალიმში, ბეთლემის ტაძარშიაც განუშორებლად იმყოფებიან ოსმალთა მხედარნი წესიერების დასაცველად და ქრისტეანეთა შორის უთანხმოების და დავის მოსასპობელად. ვითარცა მწვანე ველი, მოფენილი ფერადის ყვავილებითა, წარმოადგენს მშვენიერს სურათს თვალთათვის და კეთილ სუნნელებითა დამატკბობელია საყნოსელისათვის, ეგრეთვე ღვთის მსახურებანი, სხვა-და-სხვა ენათა ზედა შესრულებულნი, ამშვენებენ ქრისტეს ეკკლესიასა. ამისათვის, მცნებისაებრ მოციქულისა, ვალდებული ვართ „ვისწრაფდეო დამარხვად ერთობასა მას სულისა საკრველითა (კავშირითა) მით მშვიდობისათა“ (ეფეს. 4,3).

ქრისტეს შობის ადგილზედ ბეთლემში არის ვრცელი ტაძარი, აღშენებული იმპერატორის იუსტინიანეს მიერ. ამ ტაძარში საშუალი ადგილი სამწირველო უპყრიათ ბერძენთა; ეს ტაძარი არს აღშენებლი მსგავსად წმიდისა სოფიოსი კონსტანტინეპოლში, მხოლოდ იმ ზომისა არ არის. თაღი ამ ტაძრისა არს ხისა; რადგანაც ქრისტეანენი ვერ შეთანხმებულან ამ ტაძრის გუმბათის განახლების შესახებ, ოსმალთა მთავრობას განუახლებია ხის ჭერითა და საფასე წაურთმევია ქრისტიანეთათვის. ეს ტაძარი ქვითკირის კედლით არის გაყოფილი შუაზედ, რადგანაც ერთი ნახევარი ამ ტაძრისა დასავლეთის მხრით ოსმალთ ოდესმე საჯინიბოდ გარდაუქცევიათ; ხოლო მეორე ნახევარი აღმოსავლეთის მხრივ ქრისტეანებს შეუზღუდავთ კედლითა ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილის დასაცველად, მეორე ნახევარიც ეხლა ბერძენთა საკუთრებას შეადგენს და იქაც ლამპარნი ანთია, მაგრამ შუა იგი კედელი „მტერობისა“ , რომელიც განყოფს ეკკლესიასა, მაინც არ არის „დარღვეული“ ბერძენთაგან აქამომდე. ღამე იქ ვათიეთ; მეორე დილით ოთხს საათზედ, ცისკრის მოსმენის შემდეგ, რომელიც ღამის პირველ საათიდგან დაიწყეს, გარდავახდევინეთ პარაკლისი და გამოვედით ბეთლემიდამ.

 

ქ. ქებრონი, მამბრეს მუხა და მათი მნიშვნელობა

ქებრონი. მამბრეს მუხა

სამის საათის განმავლობაში მოვედით მშვიდობით ეტლითა ქალაქ ქებრონს, რომელიც ირიცხება უუძველეს ქალაქად პალესტინაში, თანამედროვეთ მამათ მთავრისა აბრაამისა. აქედგან სამის ვერსის სიშორეზედ ქვევითად წარვედით მამბრეს მუხასთან, რადგანაც გზის სივიწროვის გამო ეტლი ვერ გაივლის იქ. ამ მუხას ქვეშ აბრაამმა იწვია წმ. სამება სამ მოგზაურის სახედ. ამ დღეს წირვა იყო ამ მუხას ქვეშ, თუმცა ეკკლესია არ არის იქ, მაგრამ პატრიარქის ნება-რთვითა და კურთხევით სწირავენ აქ სულის წმიდის გარდამოსვლის დღესასწაულის მესამესა დღესა, პატივსადებლად ამ წმიდა ადგილისა.

მხოლოდ პარაკლისზედ მივუსწარით. ამ ისტორიულის ნაშთისა, დაბადებაში ხსენებულის მუხის ოთხს ტოტში ორი-ღა არის ნედლად აქამომდის; პირველის შეხედვით ჩვენებურს მუხას არ ემსგავსება, ფურცელნი უფრო წვრილი ასხია და მცირედ ეკლიანიც, გარნა რკო და ქერქი სრულიად ჩვენის მუხისა აქვს. ეს ადგილი, სივრცით ას დღიურამდის, შეუსყიდნია რუსეთის პალესტინის საზოგადოებას ნეტარხსენებულის არქიმანდრიტის ანტონინის მიერ, დიდის მზრუნველისა და მოღვაწისა სასიქადულოდ რუსეთის ეკკლესიისა; და გაუშენებიათ დიდი ზვარი, რომელშიაც არაბნი მუშაობენ. თითონ მუხას აქვს შემოვლებული რკინის ზღუდე ოცის საჟენის სივრცით ყოველის მხრიდგან, და ნებას არ აძლევენ მლოცავთა, მოსწყვიტონ სახსოვრად ერთი ფოთოლი მაინც ამ მუხისაგან; მხოლოდ ძირს ჩამოცვივნულს რკოს ფასით ურიგებენ მსურველთა. აქ აღუშენებია რუსეთის პალესტინის საზოგადოებას ორ-სართულიანი სახლი მლოცავთა მოსასვენებლად. აქვე ახლად აღუშენებიათ ქვითკირის მაღალი კოშკი, საიდგანაც მოსჩანან ხმელთაშუა და ლოტის ზღვები. ქებრონის ქალაქში არის დიდი მეჩეთი, რომლისა ქვეშე არიან დაკრძალულ სამარენი წმ. და მართალთა მამათ-მთავართა აბრაამ, ისააკ და იაკობისა, და წმ. და მართალთა დედათა - სარრა, რებეკა და ლიასი. ნეტარს ელენას აქ აღუშენებია ეკკლესია, რომელიც შემდეგ, მეშვიდე საუკუნიდამ არაბთა გარდაუქცევიათ მეჩითად.

ქრისტეანეთა და ებრაელთა შეუძლიანთ მხოლოდ გარედგან შეიხედონ ამ სამლოცველოში მცირე ხვრელით, საიდგანაც არაფერი მოსჩანს.

ბეთლემიდგან მომავალნი ამ ქებრონის გზაზედ ჰნახავთ პირველად ილია წინასწარმეტყველის ბერძენთა მონასტერს, სადაც შევედით ქებრონიდგან მობრუნებულნი და ვილოცეთ. ეს სავანე ოდესმე შეადგენდა ქართველთა მამათა სამკვიდრებელს, ვითარცა ქართველის ერისაგან აღშენებულსა. შემდეგ გზიდგან მოშორებით ოთხის ვერსის მანძილზედ მოსჩანს წმ. გიორგის ეკკლესია, სადაც ჰყავთ კვეთებელნი, რკინის ჯაჭვით დაბმულნი, რომელნიც განიკურნებიან აქ. მერე გზის პირადვე არის სოლომონ მეფის აუზები, დიდის ქვითკირით შემოზღუდული. ამაში იკრიბება შემოდგომით და ზამთრობით წვიმის წყალი, მხოლოდ აწ გაოხრებულა და განუწმედელად დატევებულია. ამ აუზებთან არის დიდი ციხე-გალავანი, როგორც სჩანს, მტერთან საბრძოლველად და მოსაგერებლად.

8 ივნისს საღამოზედ დავბრუნდით მშვიდობით ჩვენს სადგურზედ ქ. იერუსალიმს.

ყოველს ჩვენს მოგზაურობის დროს, როგორც იერუსალიმში, ეგრეთვე გარეშე ადგილებში მიუცილებელად და მოუშორებელად თანა გვყავდა ერთი შეიარაღებული კავასი, შავმთიელი, გზის მაჩვენებელად და ავაზაკთაგან დამცველად.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>