მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ქართველთა შესანიშნავი ჯვარის მონასტერი

ოთხშაბათი, 9 ივნისი. ამ დღეს ვნახე და მოვილოცე ჯვარის მონასტერი, რომელიც ჰშორავს იერუსალიმს სამის ანუ ოთხის ვერსით. თითონ ბერძენნი უწოდებენ ამ სავანეს ქართველთა მონასტრად. ამის ხილვამ ამიშალა სულის დიდი მწუხარება. ოდესმე სახელოვანს დიდებულ ქართველთა ერსა იერუსალიმში ჰქონდა 18 მონასტერი და აწ არცა ერთი-ღა მოგვეპოვება! ვაი ჩვენს დაკნინებასა! ამ მონასტერში ეხლა სასულიერო სემინარიაა, სადაც იღებს განათლებას შვიდს ენაზედ ბერძენთა და არაბთა ახალგაზრდობა. ვისისა და რა საშუალებით ინახება ეს სასწავლებელი? ამ მონასტერს, ქართველ მეფეთაგან აღშენებულს მეხუთე საუკუნეში, მათგანვე აქვს შეწირული ქ. ტფილისში მამული, წოდებული „ჯვარის მამისად“. აქ, ტფილისში, არის ეკკლესია, გარეშემო სახლები და დუქნები, მისი კუთვნილი; აი ამ დუქნებისა და ეკკლესიის შემოსავლით უცხოეთში ინახება სემინარია უცხო ტომთა აღსაზრდელად და განსანათლებელად. შარშან საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭომ წინადადება მისცა ამ ეკკლესიის წინამძღვარს, მ. არქიმანდრიტს სოფრონსა, ტომით ბერძენსა, რათა ეკკლესიის ეზოში გაჰმაროთს სამრევლო საეკკლესიო სკოლა; ხოლო მან მოახსენა საბჭოს წინადადება პატრიარქსა; იერუსალიმის სინოდმა განიხილა რა ეს თხოენა, რასაკვირველია, უარ ჰყო შესრულება ამ გვარის წმიდა მოვალეობისა, ვითარიც არს ყრმათა საღმრთო რჯულის სწავლება ეკკლესიის მფარველობის ქვეშ. როგორც ზევით იყო თქმული, ივნისის 2-ს პირადადაც მოვახსენე მის უნეტარესობას ეს საქმე და ვნახოთ რა გამოვა?.. 1897-1898 წელსა, ოსმალთა და ბერძენთა შორის ბრძოლის დროს კრიტის კუნძულიდამ დეპეშით უბრძანებდენ ჯვარის მამის წინამძღვარს არქიმანდრიტს თფილისში, რათა აქაური საეკკლესიო შემოსავლიდან გაეგზავნა ფული ომის გასაგრძელებლად, და აქაური საეკკლესიო სკოლის შასანახავად კი არ მოეპოვებათ არცა ბინა და არცა სხვა ღონისძიება!!

მე-18 საუკუნის ნახევრამდის ყოფილან ამ ჯვარის მონასტერში ქართველნი წინამძღვარნი და მამანიცა. მე ვნახე ერთი საბუთის ქაღალდი ათონის ქართველთა სავანეში, რომლიდგანაც ცხადად სჩანს, რომ კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქთა სრულიად გარდაუხდიათ ვალები, რაოდენიც ყოფილა ამ სავანეზედ. გარდაუხდიათ შემოწირულებითა, რომელიც საქართველოს მეფისა, პატრიარქისა და ერისაგან - მიუღიათ, და დანაშთენიც ვითომც თითონ დაუმატებიათ, და აცხადებენ ამ ქაღალდით, რომ შეუძლიანთ ქართველაა მიიღონ თავის მფლობელობაში ეს მონასტერიო. ეს გარდაწყვეტილების პირი გადმოღებულია კონსტანტინეპოლის საპატრიარქო არქივიდგან და ეს დადგენილება არის თარიღით 1702 წელს, თარგმნილი რუსულად და დაბეჭდილი; და ეხლა ერთს უბრალო ოთახსაც არ გვითმობენ ჩვენს სამშობლოში ჩვენის შვილების აღსაზრდელად, არ გვითმობენ იმ მამულიდგან, რომელიც საქართველოს მეფეს შეუწირავს ქართველთა სავანესა და ძმათათვის, ხოლო თითონ ბერძენნი სუქდებიან ჩვენის პურითა, ღვინითა და სხვა კეთილითა. აი ამას შეიძლება ვუწოდოთ სიტყვით ოქროს მთების ბოძება, და საქმით თიხისაც არ მიცემა.

ჯვარის მონასტერს გარშემო ავლია ოთხ-კუთხიანი მკვიდრი ქვითკირის გალავანი, დასაცველად და უშიშარ საყოფელად მონაზონთა თავს დასხმისაგან მტერთა და ავაზაკთასა. მონასტრის ეკკლესია მშვენიერის გუმბათით არის განათებული ზევიდამ; იატაკი მოფენილია მოზაიკითა ანუ ფერადის მარმარილოთი, რომელზედაც შესავალთან სტოვაში ეკკლესიის კარებ წინ მოსჩანან ცხადად შავი ნიშნები - ვითარცა კვალნი სისხლისა აქ მოწყვეტილთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მონაზონთა სარკინოზთაგან. მთელი კედლები ეკკლესიაში არის დასურათებული მხატვრობითა ძველისა და ახალის აღთქმათა მოთხრობებითა. უკანასკნელად განუახლებია ეს ტაძარი 1644 წელსა სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანსა. საშუალ ეკკლესიისა ირგვლივ მარმარილოს იატაკზედ აწერია ქართულის ასომთავრულით სახელი განმაახლებელისა, მხოლოდ გადაცვეთილია ფერხთაგან და ძნელად წაიკითხება.

საუფლო ჯვარის ძელისათვის, რომლის სახელზედაც არის დაფუძნებული ეს წმ. სავანე, აღმოსავლეთის გარდმოცემანი და ერთი სირიული აპოკრიფული წერილი მოგვითხრობენ შემდეგსა: ერთს დროსა, როდესაც ლოტმა შესცოდა, წარვიდა იგი, რათა ეღვიარებინა თვისი შეცოდება წინაშე აბრაამ მამა-მთავრისა. შემდეგ მოსმენისა ლოტის მძიმედ შეცოდებისა, აბრაამმა გამოიღო ცეცხლიდამ სამი მუგუზალი, რომელნიც იყვნენ კვიპაროსისა, ნაძვისა და სოჭისა და უბრძანა ლოტსა: დანერგე ეს მუგუზალნი და მორწყე; უკეთუ ეს მუგუზლები იხარებენ და გაიზრდებიან, ეს იქნება ნიშნად მიტევებისა შენის მძიმე ცოდვისა. ლოტმა შეასრულა ესრეთ, ვითარცა უბრძანა მას ბიძამან, მუგუზლები განედლდენ, აღმოსცენდენ და შეერთდენ ერთ ხედ. სოლომონ მეფის ტაძრის აღშენების დროს იქმნა მოჭრილ ეს ხე, მაგრამ რადგანაც არ გამოდგა შენობისათვის, იგი იქმნა დატევებულ უხმარებელად. ხოლო მაცხოვრის ჯვარცმის დროს, საკუთარის განგებითა ღვთისათა, იგი იქმნა მოღებულ და ხმარებულ ჯვარის მოსამზადებელად, რომელზედაც ჯვარცმულ-იქმნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

მეორე გარდმოცემა მოგვითხრობს შემდეგსა: როდესაც პირველი მამა ადამ მძიმედ დასნეულდა, მან წარავლინა სეით, ძე თვისი, ედემსა, რათამცა ეთხოვნა წამალი საკურნებელად უძლურებისა. ანგელოზმა, რომელიც იცავდა სამოთხის ბჭეთა ცეცხლის ხრმალითა, წამლის მაგიერ მისცა მას სამი თესლი: კვიპაროსის, ნაძვის და სოჭისა. მაგრამ სეითის მობრუნებამდის უკვე გარდაიცვალა ადამ. სეითს მოუვიდა აზრად დათესვა ამ სამის თესლისა მამის საფლავზედა. ამ სამის თესლისაგან აღმოსცენდა შემდეგ ერთი დიდი ხე. როდესაც აშენებღნენ სოლომონის ტაძარსა და ყოველის მხრიდგან შეჰკრებავდნენ უმჯობეს მასალათა, მაშინ ეს ხეც იქმნა მოკვეთილ; მაგრამ გამოჩნდა იგი ხმარებისათვის უვარგისად; ამისათვის იგი იქმნა გადადებულ მახლობელს სილოამის საბანელში ხიდათ, რომლითაც გადადიოდნენ მეორე ნაპირზედ. როდესაც უფალსა იესო ქრისტეს მიუსაჯეს ჯვარცმით სიკვდილი, მაშინ ურიათა მოინდომეს მძიმე ხისაგან შემზადება ჯვარისა მათ მიერ მოძულებულის რაბინისათვის (მოძღვრისა) და აღირჩიეს ეს ხე, ვითარცა ყველაზედ უმძიმესი, რადგანაც მთელი საუკუნოები იდვა წყალში.

ეს გარდმოცვმა, შეწყნარებული მამათა მიერ ეკკლესიისა და წმ. იოანნე დამასკელის მიერ და სხვათა გალობის მთხზველთა ქრისტეანობრივის ეკკლესიისა, შეიქმნა საფუძველად აღშენებისა ამ ადგილზედ სავანისა და სახელწოდებისა მისისა მონასტრად პატიოსნისა და ცხოველსმკოფელისა ჯვარისა. მონასტერს გარეშემო აქვს მშვენიერი ვენახი, და ბაღიც ლიმონისა, ფორთოხალისა, ლეღვისა და ბროწეულისა. შიგ მონასტრის ეზოს ამშვენებს დიდებული კვიპაროსის ხე ოცის საჟენის სიმაღლისა.

იერუსალიმის ჯვარის მონასტრის იღუმენი დაინიშნებოდა ქართველთ მეფისაგან. იგივე იღუმენი ირიცხებოდა წინამძღვრად გოლგოთისა, და იგზავნებოდა იგი საქართველოდამ; იგი განაგებდა ყოველსავე: ქართველთა შენობებსაც და მონასტრების ძმობათაც პალესტინაში; ამ იღუმენის შუამავლობით საქართველოს მეფესა ჰქონდა მიწერ-მოწერა იერუსალიმის პატრიარქთან. უფლის საფლავზედ 1049 წელსა უკვე იყო ქართველ ძმათა კრებული.

მახლობლად ჯვარის მონასტრისა, ესრეთ წოდებულ „ვარდის ღელესა“, არის დაბა „მალხა“, სადაც სცხოვრობს 600 სული ორივე სქესისა, ამბობენ, რომ ვითომც ეს მცხოვრებნი არიან შთამომავალნი აქ გადმოსახლებულთა ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასლანის დროსა მეხუთე საუკუნეში, დასაცველად ჯვარის მონასტრისა მტერთა დაცემისაგან. მათ დაუვიწყებიათ მშობლიური ენა და სარწმუნოებაცა მამა პაპათა; მაგრამ გარდმოცემით იციან, რომ იგინი არიან შთამომავალნი შორეულ ჩრდილოეთიდან გადმოსახლებულთა, და უწოდებენ თავის თავსა „გურჯებად“ - ქართველებად; და გარეშე მცხოვრებნი არაბნიც ისე უყურებენ, ვითარცა მოსულსა უცხო ტომსა. იგინი ლაპარაკობენ არაბულად, რაოდენადმე თათრულად და ბერძნულადაც. იგინი იცავენ ჯვარის მონასტერსა და ემსახურებიან მას. იგინი სარგებლობენ საკუთარის უფლებითა შეიმუშავონ მონასტრის მინდვრები და ვენახები და აძლევენ მონასტერსა მხოლოდ მესამედს ნაწილს შემოსავლისას. მონასტერს არ შეუძლიან ეს საქმე გარდასცეს სხვათა, რომ უსიამოვნობა არ გამოიწვიოს მალხის მცხოვრებთა შორის. სახითა, ზნეობითა და ჩვეულებითა იგინი განსხვავდებიან გარეშე მცხოვრებთა არაბის ტომისაგან.

იერუსალიმში მიღებულია წესად ყოველს ეკკლესიებში ხმარება აიაზმისა მარტივის წყალის მაგიერ ვარდის წყალით მომზადებულისა. ქრისტეს საფლავის წინაშე მლოცველთა შესვლის და გამოსვლის დროს ასხურებენ ვარდის წყალის აიაზმითა ვერცხლის სურიდამ. მახლობლად სოფლის მალხისა არს ვრცელი „ვარდის ღელე“; ამ სოფლის მცხოვრებნი მისდევენ ბლომად ვარდის მოყვანას და იგინივე შეამზადებენ ვარდის წყალსა, და აქედან ეგზავნებათ ვარდის წყალი აიაზმად სახმარებელად და ტრაპეზის კურთხევაზედ განსაბანელად, სრულიად პალესტინაში და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოშიაც.

თავადს გიორგი ავალიშვილს ჯვარის მონასტერში, ტრაპეზის ძირს, სადაც მოსჩანს ძირკვი ამ ადგილზედ მოკვეთილის ძელისა, რომელზედაც ჯვარს-ეცვა უფალი იესო ქრისტე, უხილავს ქართული წარწერა, რომელიც ეხლა სრულიად მოსპობილია. ამ თავადს წამოუღია აქედან 15 ქართული წიგნი, დაბეჭდილი და დაწერილი ეტრატხედ, 1820 წელს.

ამ დროებით ჯვარის მონასტერში-ღა დარჩენილა ქართული წარწერანი, რაომელნიც სხვა მონასტრებში სრულიად ამოუფხვრიათ; ეკკლესიის დასავლეთის კარების თავზედ შიგნიდან არს წარწერა ქვაზედ ქართული ასომთავრულით, ამისვე მეორე ნახევარზედ იგივე - ბერძნულად.

მარცხნივ მხარეს სვეტზედ კვალად ქართული წარწერაა, საშუალო სვეტზედ ეგრეთვე; მხოლოდ ამ ადგილზედ ახლად ხის კიბე გაუმართავთ კათედრაზედ, ვითარცს ქანდარაზედ, ასასვლელად, სახარების წასაკითხავად, ვითარცა არს მიღებულ ეს წესი ბერძენთა ეკკლესიაში მე-15 საუკუნიდამ; და ამ კიბეს, ჯერედ შეუღებავს, დაუფარავს ზედ შუაზედ ქართული წარწერა. ამის წამწერელი ევედრება მიქელ და გაბრიელ მთავარ-ანგელოსთა; საშუალ იატაკზედ მრგვალად არის ქართული წარწერა. უკანასკნელად ეს სავანე განუახლებია სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს, რომელსაც ბერძენნი და რუსის მწერალნი შეცდომით უწოდებენ „ტატიანი, საქართველოს ბრწყინვალე ხელმწიფე“. საკურთხეველში ორსავე მხარეს კედლები ახლად შელესილია თეთრად. ცხადია, აქ ქართველთა წმიდანების სახენი წაბღალულ და დაფარულია. მე რომ გულმწუხარედ ვუყურებდი ესე ვითარს მტარვალობასა და გავუზიარე ჩემის სულის ჭვუნვარება მ. რუსის დეკანოზს, მან ჰკითხა ეკკლესიის მოსამსახურე ბერძენს, ეს კედლები ნახევრად რად არის გათეთრებულიო? უგუნურმა მოგვიგო: ეს ოსმალთ გაათეთრესო. თითქოს ოსმალთათვის ერთი და იგივე არ იყოს ბერძენთა და ქართველთა წმიდანები? ტრაპეზის ქვეშ არს ირგვლივ ნაჩვენები ადგილი, რომელზედაც მოუჭრიათ სამ-გზის სანატრელი ხე ქრისტეს ჯვარცმისათვის. ამ კედლის უკან უჩვენებენ ძირს იმ ხისას. ამაზედაც ბერძნული წარწერა დაშთენილა და ქართული ამოუფხვრიათ. მხილველს ამ ბოროტ-მოქმედებისას უნებურად მოაგონდება ფსალმუნის სიტყვანი: „საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩვენნი და ჰბრძოდე მბრძოლთა ჩვენთა“ (ფსალ. 34,); ანუ იოანნე ღვთის-მეტყველის გამოცხადების სიტყვანი: „უკეთუ ვინმე მოაკლოს სიტყვათა წიგნისა ამის ცხოვრებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი წიგნისა მისგან ცხოვრებისა“ (გამოცხად. იოან. 22,18). საზოგადოდ უნდა შევნიშნო, რომ ყველა მონასტერში, რომელიც-კი დაფუძნებულია ქართველთაგან, ბერძენნი სპობენ ყოველს კვალსა ქართველთა მოღვაწეობისას; დასავლეთის კარებთან მარცხენით კერძო დარჩენილან დახატულნი კედელზედ ობლად მხოლოდ ორნი ღირსნი მამანი ევთიმი და გიორგი; ამათაც მხოლოდ ბერძნული წარწერა აქვთ. დავვარდი წინაშე მათსა და გულ-მხურვალედ შევავედრე იგი ერი, რომლისაც შვილნი იგინი იყვნენ და გაუნათლებდენ ცხოველის სარწმუნოებითა კეთილმსახურების გზასა თვისს სამშობლოსა. და აწცა არიან იგინი მეოხნი მხურვალენი წინაშე ზეციერის მეუფისა ქართველის ერისათვის. გულით ვეძებე შოთა რუსთაველის სურათი, და ძლივს შევნიშნე მარჯვენა მხარეს სვეტზედა, რადგანაც წაბღალულია ზედ წარწერა მას ზედა. არაფერი ნაშთი ქართულის მწიგნობრობისა არ მაჩვენეს ამ მონასტერში და დიდად გულნატკენი დავბრუნდი იქიდან ბინაზედ.

შემადგენელი რუსულს ენაზედ წიგნისა „მაჩვენებელი გზისა პალესტინაში“ შეცდომით უწოდებს წმ. კონსტანტინე მოციქულთა სწორის თანამედროვეს „ივერიის პრინცი მარიამიო“, აქ უნდა ვიგულისხმოთ საქართველოს მეფე მირიან. ამასვე მიაწერს საქართველოს ისტორია პირველ სამლოცველოს აღშენებას გოლგოთაზედ. აგრეთვე სრულიად შეცდომით სწერს ზემოხსენებული წიგნის გამომცემი რუსულს ენაზედ, ვითომც ქართველთ, ძმათაგან გაყიდული ვალებში ჯვარის მონასტერი გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა თავისის საფასითა ბერძენთა სასარგებლოდაო. ამ მწერალს არა სცოდნია არსებობა ზემოხსენებულის საბუთისა, რომლიდგანაც ცხადად სჩანს, რომ ჯვარის მონასტერი დაიხსნეს ვალისაგან იმ შემოწირულებით, რომელიც უძღვნეს საქართველოს მეფემ, პატრიარქმა, მთავართა და ქართველთა ერმა, დამატებით კი თავისის ჯიბიდან ბერძენთა პატრიარქები არას დაუმატებდნენ.

არავითარის სულთანის ფირმანით ჯვარის მონასტერი არ იქნება გარდაცემული და დამტკიცებული ბერძენთა საკუთრებად, როგორც შეცდომით იხსენიებს რუსის მწერალი; ამისათვის, რომ ეს ცნობა ეწინააღმდეგება ზემოხსენებულს გარდაწყვეტილებას იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქებისას. ამ მონასტერს დღესაც ბერძენნი უწოდებენ ქართველთა სავანედ. რუსის მწერალი ამბობს კვალადცა შეცდომით, რომ წარწერა ხატებზედ ჯვარის მონასტერში ქართულადაც არისო; ხოლო მე ერთიც ვერა ვნახე წარწერა ხატებზედ ქართულად, მხოლოდ კედლებზედ სამს ადგილას არის წარწერა ქართულად, ეგრეთვე იატაკზედა. მაშასადამე, შესაძლებელია, რომ შემდეგ მოუსპიათ ბერძენთა ქართული წარწერანი ხატებზედა. არა რომელისამე კლასიკურის მწერლის სურათი არ მოიპოვება ამ მონასტერში, როგორც ამბობს რუსის მწერალი, ვითომც პლატონ ფილოსოფოსის სურათი ენახოს შიგ ეკკლესიაში. ეგრეთვე არც იმას იხსენიებს რუსის მწერალი თავის წიგნში, რომ ამ ჯვარის მონასტერს ქ. ტფილისში აქვს შეწირული ქართველთა მეფეთაგან მამული, რომელზედაც არს აღშენებული ეკკლესია და გარემოს მისსა რამდენიმე დუქანი; ამათის შემოსავლით ბერძენნი სარგებლობენ და ინახავენ სემინარიას იმავე ჯვარის მონასტრის ეზოში.

18 მონასტერში, რომელნიც ქართველთ აღუშენებიათ იერუსალიმში, მხოლოდ ჯვარის მონასტერს-ღა შერჩენია სახელი ქართველთა სავანისა, და ამის ცნობასაც სწორედ არა სწერს რუსის მწერალი. იაკობ ზებედეს მოციქულის მონასტერს იერუსალიმში დიდად აქებს კეთილ-მდგომარეობით რუსის მწერალი; იგი აწ სომეხთა პატრიარქის მეტოქიად ითვლება; ესეც ქართველების სავანე ყოფილა და ამაზედაც სრულიად არას ამბობს რუსის მწერალი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>