მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

მდინარე იორდანე და დაბა იერიქონი

მკვდარის ანუ ლოტის ზღვიდგან ამოვიარეთ იორდანეს მდინარისაკენ. აქ ვაკურთხეთ წყალი დიდის განცხადების წესით, ვითარცა ექვსს იანვარსა, ვსვით მისგან და ვიბანავეთ შიგ; წყალი მდორედ მომდინარეობს, თუმცა რუსები ამას ჩქარს უწოდებენ. მდინარის ნაპირები ლერწმითა და ტყით არის დაფარული. მოგვითხრეს ჩვენ, რომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ წყალი ვაკურთხეთ, ნათელსუღია უფალსა იესო ქრისტესა. ექვს იანვარს მიტროპოლიტი ბერძნისა ქალ.ბეთლემიდამ აქ ჩამოდის და წყალს აკურთხევს. ამ დროს დაესწრობა ხოლმე ათასამდე კაცი რუსის მლოცავნი.

ამ ადგილიდგან სამის ვერსის სიშორეზედ არის წმ. იოანნე ნათლის-მცემლის უდაბნო, ქართველთაგან აღშენებული, სადაც ამოვიარეთ, შევედით, ვილოცეთ, დავათვალიერეთ ეკკლესია და შესანიშნავი აქაც არა აღმოჩნდა-რა. აქიდგან ამოვიარეთ იერიქონში, რომელიც მდებარეობს მონასტრიდგან ერთის საათის მანძილის სიშორეზედ. აქ არ შეგვისვენია, გავწიეთ პირდაპირ წმ. ელისე წინასწარმეტყველის წყაროსაკენ, რომელიც კეთილ გემოვანია, წისქვილს აბრუნებს და რწყავს იქაურს ვენახებსა, დანაკისკუდთა (ინდის ხურმა), ლიმონისა, ფორთოხალისა, ვარდისა და ბანანის ბაღებს.

მცენარე ბანანი არის ბალახის გვარი, რომელიც აღიზრდება სიმაღლით ექვსი და სიზრქით ერთ ადლამდე. ისხამს ნაყოფთა უფერულ მოთეთრ-ყვითლო კიტრისა და ბადრიჯანის მსგავსთა, გარდა ფერისა ნაყოფთა ამათ ხმარობენ საჭმელად მოხარშულთა წყალში, რომელთაც გარდააძრობენ ქერქსა, რომელიც არის ზრქელ და ადვილად გასაფცქვნელ. მოხარშულს ბანანს დასჭრიან და ჩაჰყრიან სირჩაში, სავსე ტკბილის ღვინითა, რომელნიც უმისოდაც არიან დიაღ ტკბილ და ყუათიან; ბანანს სჭამენ უმსაცა, მხოლოდ ქერქ გაცლილსა, ვითარცა ცეცხლის გემზედ მოჰქონდათ სხვა ხილის მაგიერად. ფოთოლი ამ მცენარისა არის სიგრძით ადლ ნახევრამდე, და სიბრტყით ძირში უფროს ადლის მეოთხედისა. ეს მცენარე გამოსცემს მხოლოდ ერთს ყვავილსა თესლად, რომლითაც ამრავლებენ მებაღენი, ხოლო შემდგომად მოკრებისა ნაყოფთასა, მოსჭრიან ძირში ბალახსა ამას, რათა შემდგომს წელსაცა გამოსცეს ნაყოფი, და უკეთუ არ მოსჭრეს ძირში, დაშთება უნაყოფოდ.

ელისეს წყაროს სათავესთან შესრულდა რვა საათი საღამოსი; აქედგან ხუთის ვერსის სიშორეზედ არის მაღალი მთა, რომელზედაც ქრისტე მაცხოვარმა განატარა მარხვითა და ლოცვითა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; ამისათვის ამ მთას უწოდებენ „ორმეოც დღიან მთად“. ეს მთა დაჰყურებს იორდანის ღელეს, ამ მთახედ არის ბერძენთა სავანე. ელისეს წყაროდგან შევუდექი ამ მთას ქვევითად ჩემის თანამოგზაურით მ. დეკანოზით და კავასითა, რადგანაც ეტლი ვერ ავიდა ამ გზით, მონასტრის ბაღამდის მივაღწიეთ, თითქმის შუა გზამდის, რომ ღამის ცხრა საათი შესრულდა; შემდეგ ვეღარ შევძელით ფეხით სიარული აღმართზედ, შორიდგან ვილოცეთ ეს წმიდა ადგილი, დავბრუნდით უკანვე ელისეს წყაროზედ და ეტლით წავედით იერიქონს.

იერიქონის ქალაქში დიდად პატივსცემენ ელისე წინასწარმეტყველის ხსენებასა: შემდეგ ზეცად ამაღლებისა ილია წინასწარმეტყველისა, მეორე დღეს მოვიდა იერიქონში მისი ყოფილი მოწაფე და შემდეგ მოადგილე მისის დიდებულის მსახურებისა და მემკვიდრე მისის ღვთაებრივის მადლისა, რომელიც მასში განისვენებდა და მის მიერ საკვირველ-მოქმედებდა, ელისე წინასწარმეტყველი. ქალაქის მცხოვრებელთა მოახსენეს შემდეგი სათხოვარი: „საყოფელი ქალაქისა ამის კეთილ, ვითარცა შენ პხეღავ, გარნა წყალნი ბოროტნი (დამცდელნი) და მიწა უნაყოფო. და უთხრა ელისემ: მომართვით მე ახალი ჭურჭელი და შთაყარეთ მას შინა მარილი და მოართვეს მას. და განვიდა ელისე წყალის სათავესთან. და შთაყარა წყალში მარილი და სთქვა: განიკურნენ წყალნი ესე და აღარ იყოს მათგან შემდეგ სიკვდილი და უნაყოფოება, და შეიქმნა წყალი ესე ამ დღიდგან კეთილ-გემოვან“ (4 მეფ. 2;19-22). და ამ სასწაულის გამო წყალსა ამას უწოდეს ელისე წინასწარმეტყველის წყაროდ. ამ სასწაულზედ არის მოხსენებული სხვათა შორის კურთხევანშიაც, ლოცვაში, რომელიც წარმოითქმება მარილის კურთხევაზედ.

ამ წინასწარმეტყველის ხსენების დღესასწაულზედ, რომელიც შესრულდება 14 ივნისსა, საღმრთო წესად აქვთ მიღებული იერიქონში ყურძნის კურთხევა.

დღესაც მოსჩანან იერიქონში ნაშთნი იმ ზღუდე-გალავანთა, რომელნიც შეიმუსრნეს ისუ ნავეს დროსა, შემდეგ შვიდ გზის შემოვლისა სჯულის კიდობნითა გარემოს ქალაქისა, რაიცა შესრულდა 1450 წელსა უწინარეს ქრისტეს შობისა.

ამავე ქალაქში ჰქონღა აღშენებული მეფე იროდისა დიდნი სრა-სასახლენი და აქა სცხოვრებდა უკანასკნელს დღესა ეს ბოროტ-მოქმედი, თანამედროვე ქრისტეს შობისა; ამის ბრძანებით იქმნენ ამოწყვეტილ 14 ათასი ყრმანი ბეთლემში და მის გარემო დაბნებში, ამანვე დაარჩო ტბაში თვისის ცოლის ძმა, ახალგაზრდა მღვდელ-მთავარი ალექსანდრე. მოჰკლა ცოლი თვისი შვენიერი მარიამ და ორნი შვილნი მისგან შობილნი, მოჰკლა სიდედრი თვისი, ორი თვისი ძმა და ბიძაცა.

როდესაც იგრძნო უკანასკნელი დღე თავის სიცოცხლისა და დარწმუნებული იყო, რომ იგი სძულდათ ურიებს და არ იტირებდნენ მის გარდაცვალებაზედ, მისცა საშინელი ბრძანება თავისს დას სალომესა, შეეკრიბა მეფის სახელითა ყოველნი დიდებულნი და დარბაისელნი სამოცდაათ სულამდის, და გაეწყვიტა იგინი ჟამსა მის სიკვდილისასა, და როდესაც მათზედ იტირებენ მეუღლენი, დედანი და შვილნი, მათ შორის მეც მიტირებენო. მაგრამ გულ-კეთილმა და კეთილ-გონიერმა სალომემ არ შეასრულა ეს ბარბაროსული თხოვნა მომაკვდავის ძმისა, და შემდეგ მეფის სიკვდილისა ყოველნივე გაანთავისუფლა. იროდ მეფის სრა-სასახლეთა მცირედი ნაშთიც არ მოსჩანს, ისრე აღგვილა პირისაგან ქვეყანისა.

აქ არის სახლი რუსთა მლოცველთა მისაღებელად; ეს სახლი აშენებულია რუსთა პალესტინის საზოგადოებისაგან და აქ დავიბანაკეთ იმ ღამეს. ძლიერ ცხელოდა, ისრე, როგორც აბანოში; კარსა და ფანჯრებს არ აღებენ, რადგანაც სახლი გაივსება მუმლითა და კოღოთი და ღამე მოსვენებას არ მისცემენ კაცსა. იერუსალიმში და იერიქონშიაც საწოლები გარემოს დაფარულია თხელის ქსოვილის ფარდებით, რომ კოღოები არ შევიდნენ და არ უკბინონ მძინარესა. ეს სასტუმრო აშენებულია აგერ უკვე ოცი წელიწადია. იერიქონში სცხოვრობენ ბედუინები და არაბნი მაჰმადის სარწმუნოებისანი.

მთელს პალესტინაში არ მოიპოვება იმგვარი მშვენიერი ფინიკის ხეები, ვითარცა იერიქონშია. რუსთა საზოგადოებას თავისი ბაღიცა აქვს იერიქონში.

ეს სასტუმრო სახლი აღუშენებიათ იმ ადგილზედ, სადაც გარდმოცემით უცხოვრია ზაქეს, მეზვერეთა მთავარსა, სახარებაში მოხსენებულსა. ხე, რომელზედაც ავიდა ზაქე იესოს პირის ხილვისათვის, იწოდება ქართულს სახარებაში „ლეღვ-სულელი“, ხოლო სლავურში „ягодичина“; ერთი ამგვარი ხე სდგას რუსის მეტოქიაში; იგი იზრდება საშუალ ნიგვზის ტოლი, ნაყოფი მისი და ფურცელნი ემსგავსება ლეღვსა, ხოლო წვრილი ნაყოფი და ფურცელნი ასხია, არა მწიფდება და მომეტებული ნაწილი ძირს ცვივდება. ხე ამისი ჩვენებურს ლეღვზედ უფრო დიდი იზრდება, და ხილიცა მისი უგემურია და უსარგებლო. რუსთა საზოგადოების ეზოში აღმოუჩენიათ ნაშთი ძველის ეკკლესიისა, რომელსაც ეხლა სწმენდენ.

7-ს ივნისს, ღამის 12 საათზედ, ამ სასტუმროში მცხოვრებს მორჩილს რუსსა შემოსმენია გარედან ხმა; გასულა ქუჩაში და უნახავს, რომ ამათის მამულის მახლობლად გზაზედ ამოუთხრიათ მიწა არაბთა და მიაგორებენ დიდს ქვაბსა. უკითხავს, რას მიაგორებთო? არაბს უპასუხნია, ქვას მივაგორებო. რუსსაც უპასუხნია: ქვას მაგგვარი ზრიალი არ ექმნებაო. შემობრუნებულა სახლში, რათა მოახსენოს ეს შემთხვევა უპირატესს მონაზონსა, და ვიდრემდის გასულან ისინი გარეთ, ქვაბი უკვე ცალიერი დახვედრიათ. თუმცა-ღა გამოუცხადებიათ რუსთა მონაზონთა ამ შემთხვევის შესახებ პოლიციისათვის, მაგრამ ქვაბის მპოვნელნი არაბნი არა მხილდებიან.

იერიქონში ისეთი ტროპიული სიცხეები არის ხოლმე, რომ 14 ივნისს, დღესა ელისე წინასწარმეტყველის ხსენებისასა, სრულიად მწიფე ყურძენს აკურთხებენ ყოველს წელსა. ერთს რუსს, ქ-ნ ბაღდანოვიჩს, აღუშენებია ქალაქ იერიქონში საკუთარის საფასით ეკკლესია ელისე წინასწარმეტყველის სახელზედ, მასთანავე სასტუმრო სახლი და ბაღიც მლოცავთა შესაწყნარებლად. სიკვდილის წინად ყოველივე ეს უანდერძებია და გარდაუცია ბერძენთა პატრიარქისათვის. ამ გვარს სახლს მომეტებულად საჭიროებენ რუსთა მლოცავნი, რომელთა რიცხვი, პალესტინაში მომავალთა, მრავლდება ათასობითა, და საზოგადო რიცხვით ერთი სამად აღემატება ყოველთა ქრისტეანეთა მლოცავთა, ეროვნების განურჩევლად.

ეს მაგალითი შეწირვისა მომაგონებს მეორე ამ გვარს შემთხვევას, მხოლოდ ქართველთა ცხოვრებისას. საქართველოს ერთი კეთილშობილთაგანი, კაცი ცხოვრებაში გამოცდილი და უკვე მოხუცებული ჩ., ამ ორის წლის წინად აღძრული მოღვაწეობითა კეთილ-მსახურებისათა, წავიდა იერუსალიმს და თვისი საკუთრება რამდენიმე ათასი მანეთი - შესწირა იერუსალიმის საპატრიარქოს. ერთს წელზედ მომეტებული ვეღარ შესძლო იქ ცხოვრება და ეხლა ათონის ქართველთა სავანეში იწყებს მოღვაწეობას. ცხადია, გაცემულს ფულს აღარ დაუბრუნებენ ბერძენთა მონაზონნი. იქ რომ არ შეეწირა, განა თვით საქართველოში მცირედნი არიან სავანენი და ეკკლესიანი, რომელნიც დიდს ნაკლულევანებას ითმენენ და მოოხრებაში მოდიან!

სხვა-და-სხვა ერნი, აღმსარებელნი ქრისტეს სარწმუნოებისა, მართლ-მადიდებელთ გარდა, მოდიან იერუსალიმში სალოცავად არა იმდენნი რიცხვით, როგორც რუსეთიდგან. ფრანგნი, იტალიელნი, ისპანიელნი, გერმანელები და ინგლისელები მოდიან იერუსალიმს მომეტებულად ზამთრობით, შემდეგ წლიურის შემოსავლის შეკრებისა და უფრო წესიერად. თითოეულს კრებას, ერთად მოსულსა, თვისი ამორჩეული კაცი ჰყავს; ამას ემორჩილებიან ვითარცა წინამძღვარსა; ეს ერთი ჰხარჯავს ყოველის საჭიროებისათვის, იგივე აძლევს კრებას ანგარიშს ყოველ დახარჯულ ფულისას. ესენი არც ქვევითად დაიარებიან სალოცავად, როგორც რუსთა მდაბიო ხალხთაგანი; არამედ ჰქირაობენ ეტლებსა, ცხენებსა, ვირებსა ანუ ჯორებსა და ისე მოგზაურობენ წმ. ადგილების მოსალოცავად; არც დიდხანს რჩებიან პალესტინაში, ორი კვირა, ანუ ერთი თვე, და შემდეგ ყოველნი ერთად ჰბრუნდებიან სამშობლო ქვეყანაში. ხოლო რუსთა მლოცავნი, მოსულნი პალესტინაში დეკემბერს, რჩებიან აქ ივნისის დაწყებამდის, ხოლო ბევრნი სრულს წელსაც; ამასთანავე შეხვდებით მრავალსა მათგანსა, რომელნიც რამდენსამე წელს ატარებენ იერუსალიმში - მამაკაცნი და დედაკაცნი; და ზოგნი მათგანნი მეორედ და მესამედ არიან მოსულნი იერუსალიმს. მე თითონ ვნახე ცეცხლის გემზე, რომლითაც მოველი იაფფაში, ერთი რუსის ახალგაზდა ქალი, რომელიც მესამედ მოდიოდა იერუსალიმში სალოცავად. იორდანეს ვაკე ყველაზედ უღრმესია დედა-მიწის ზურგზედა, იგი დაბლად არის ზღვის დონეზედ 1400 ფუტითა.

11 ივნისს, პარასკევს, დღის 11-ს საათზედ, დავბრუნდით იერუსალიმს მშვიდობით ჩვენს ბინაზედა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>