მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

მთა-კერძო-ადგილი შობისა იოანნე ნათლისმცემელისა

ივნისის 12 წარვედით მთად კერძოს, რომელი ჰშორავს იერუსალიმს რვა ვერსით. აქ არის რუსთა დედათა სავანე, რომელსაც განაგებს იერუსალიმის რუსთა მისსიის არქიმანდრიტი; წირვას მივუსწარით; გვიჩვენეს აქ ადგილი, სადაცა წმ. ქალწული მარიამ მოიკითხვიდა ელისაბედსა. ამ დღეს ფრანგებმა იდღესასწაულეს ამავე დაბაში შობა იოანნე ნათლისმცემლისა, რადგანაც ეს რიცხვი ეთანასწორება 24 ივნისს იულიოსის კალენდარისამებრ, როდესაც მართლმადიდებელი ეკკლესია აღასრულებს დღესასწაულსა იოანნე წინამორბედის შობისასა.

ფრანგებს აქვთ აქ ორი ტაძარი, ერთი ზაქარიას სახლის ადგილზედ, და მეორეც იოანნე წინამორბედის შობის ადგილზედ. რუსთა დედათა მონაზონნი არიან მთად-კერძოს სავანეში ასამდე სულნი. ზოგადი ტრაპეზი აქვსთ; წინად-კი ყველას თავისის ხარჯით უცხოვრია. წირვაზედ ამ სავანეს ეკკლესიაში წაიკითხა სახარება რუსის მღვდელმა ერისაკენ პირ-მიქცეულად. როგორც სჩანს, რუსთაც მიუღიათ ასეთი ეკკლესიური წესი, რაიცა სარწმუნოების დოღმატს ანუ კანონს არ შეადგენს.

13 ივნისს, კვირას, ვწირე რუსთა მონასტრის საკრებულო სამების ტაძარში მამა წინამძღვართან; თანამწირველნი ვიყავით რვანი; არქიმანდრიტს მიტრაზედ ჯვარი აქვს; ასამაღლებელის დროსა: „მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა“, გააღეს სამეფონი კარნი და წინამძღვარმან ჯვარით, მოღებულით ტრაპეზიდგან, გამოსახა ერსა ზედა ნიშანი ჯვარისა, ესე იგი, აკურთხა იგინი ჯვარითა; ეგრეთვე მოიქცა ასამაღლებელის დროსა: „და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესნი თქვენ ყოველთა თანა“. ამასაც ეგრეთვე მოართვეს ლანკანითა სეფისკვერნი, ვითარცა პატრიარქის წირვის ღროსა, და ამანაც გადასწერა ჯვარი - ხელითა ლანკანსა.

ამ დღეს სიცხე 50 გრადუსზედ მომეტებულია; დილის რვა საათის შემდეგ გარედ გასვლა ძნელია, სახლში 26 გრადუსია; ეკკლესიიდგან გამოსვლის შემდეგ თვალები ამიჭრელდა მეტის-მეტ სიცხისაგან, ვეღარა დავინახე-რა.

 

წმ. მოციქ. იაკობ ზებედეს მონასტერი

ივნისის 14 შევედი წმ. მოციქულის იაკობ ზებედეს ტაძარში წმ. მოციქ. იაკობ ზებედეს მონასტერს, რომელიც ასის წლის წინად ქართველთ ერის საკუთრება იყო და აწ ჰფლობენ მას სომეხნი, აქვს ბაღი, რომელშიაც შესანიშნავია ერთი უზარმაზარი კვიპაროზის ხე. მონასტერს აქვს დიდი ვრცელი ეზო, რომელშიაც არის კარგად მოწყობილი სკოლა. სადაც იზრდებიან 40-50 ჭაბუკნი სომეხნი, აქვს სტამბა, შიგვე არის საცხოვრებელი ადგილი სომეხთა პატრიარქისა; ეკკლესია წმ. მოციქ. იაკობ ზებედეს სახელზედ არის ერთი პირველხარისხოვანი ეკკლესიათა შორის პალესტინისა, შესანიშნავი თვისის სიმდიდრითა, ხუროთ-მოძღვრებითა და აღმოსავლურის ფერად-ფერადის ქანდაკებითა. ეკკლესია ნათდება ზევიდან გუმბათით, მრავალნი ძვირფასნი ოქროსა და ვეცხლის ლამპარნი ბრწყინავენ ყოვლის მხრით. მარცხენა სამხრეში უჩვენებენ ადგილს წმ. მოციქულის იაკობის წამებისას, რომელიც წინაშე უფლისა იესო ქრისტესი სცდილობდა, თვისის დედის სალომეს შუამდგომელობითა, მიეღო პირველი ადგილი ქრისტეს ქვეყნიერს სუფევაში, ვითარცა მომეტებული ნაწილი ურიათა ელოდებოდა, მაგრამ ღვთის განგებამ პირველობა მას არგუნა წამებაში, რადგანაც თვისი სისხლი დაათხია ქრისტეს სარწმუნოებისათვის უპირველეს ყოველთა ათორმეტთა მოციქულთა და წარეკვეთა თავი გალილიის მეფის იროდ აგრიპას ბრძანებითა. ამის წამების ადგილზედ ხუთნი ლამპარნი ანთია განუქრობელად. გვამი წმ. იაკობ მოციქულისა საიდუმლოდ იქმნა წაღებულ იერუსალიმით ესპანიას და აწ განისვენებს ქალაქსა „სანტ-იაღო-დი-კომპოსტელო“-ში. დასავლეთის მხრივ ამ წმიდა ადგილისა არის საფლავი იერუსალიმის ეპისკოპოზის მაკარისა, თანამზრახველისა და თანამოსაგრისა წმ. ელენე დედოფლისა ცხოველს-მყოფელის ჯვარის პოვნაში და აღშენებაში იერუსალიმს ტაძართა და ღვთივ-სათნო შენობათა.

ამ დიდებულის მონასტრის შესახებ, რომელიც საქართველოს ერის შვენებას შეადგენდა ოდესმე, და იყო ძეგლი ჩვენის ეროვნულის ძველის კეთილ-მსახურებისა და ჭეშმარიტის სარწმუნოებისა, რუსის მწერალი ერთს სიტყვასაც არ ამბობს, რომ ოდესმე ეს სავანე ქართველს ერს ეკუთვნოდა. ცხადია, რომ ეს უმეცრებით მოსვლია, რადგანაც სომეხნი და ბერძენნი გარემოებას ამ მონასტრისას არ აღვიარებდნენ მის წინაშე შიშისა გამო, რომ ქართველმა ერმა, ძველად დიდებულმა ქრისტეს სარწმუნოებითა, რაინდობითა და ნივთიერის შეძლებითა, კვალადცა თავი არ იჩინოს, არ განახლდეს ვითაბცა ორბისა სიჭაბუკე მასი და აღყვავდეს, ვითარცა ფინიკი, უდიდესისა და უძლიერესის მართლ-მადიდებელის რუსეთის იმპერატორის მფარველობის ქვეშე. ღვთის მადლითა ესეც შესაძლებელია! ქართული ნაშთი ყოველივე მოუსპიათ სომხებს ამ სავანეში, ვითარცა ბერძენთა და ლათინთა სხვა ქართველთა მონასტრებში.

სიმდიდრით და მშვენიერებით არც ერთი ეკკლესია არ შეედრება მრთელს პალესტინაში წმ. მოციქულის იაკობ ზებედეს ტაძარსა იერუსალიმში. ეს ეკკლესია აღუშენებია საქართველოს მეფეს, გიორგი კუროპალატსა მე-XI საუკუნის ნახევარში, და ეხლა, ჩვენდა სამწუხაროდ, სომხები ჰფლობენ მას, თითქმის ასის წლის განმავლობაში. მურავიოვი სწერს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში არის გრამატა მასზედა, რომ სომხები მოვალენი არიან გარდასცენ ეს ტაძარი ქართველთა, როდესაც იგინი შემძლებელ იქმნებიან გარდაუხადონ ყოველ-წლიური ხარკი ხონთქარსა ამ მონასტრის მფლობელობისათვის. მაგრამ ბ-ნ ცაგარელს ეს გრამატა არ უნახავს იერუსალიმში მყოფობის დროსა 1883 წელსა.

ამ დღესვე ხუთს საათზედ ვნახეთ ბერძენთა იერუსალიმის პატრიარქი დამიანე და გამოვთხოვეთ კურთხევა სამგზავროდ სამშობლოსაკენ. მაკურთხა ქრისტე მაცხოვრის აღდგომის ხატითა. თუმცა-ღა ჩვენ ვაპირებდით წასვლას გალილეას, ნაზარეთისა და თაბორის, - ფერისცვალების ადგილის-მოსახილველად, მაგრამ პატრიარქმა არ გვირჩია, რადგანაც იქ მომეტებული სიცხეები იქმნება ამ დროს და შეიძლება ავად გახდეთო. ჩვენც უარ-ვყავთ იქ მგზავრობის სურვილი.

15 ივნისს, სამშაბათს, დილის რვა საათზედ გამოვესალმეთ წმ. ქ. იერუსალიმს, უკანასკნელად ვილოცეთ ქრისტეს ცხოველ-მყოფელის საფლავისა და ჯვარისა წინაშე გოლგოთაზედ. პატრიარქი შეგვხვდა ამ დილითაც, ეკკლესიიდგან დაბრუნების შემდეგ, რაც დიდ ნუგეშად მივიღეთა კვალადცა გვაკურთხა მისმა უნეტარესობამ და დაგვილოცა მგზავრობა. სამგზავრო სადგურამდის გამოგვაცილეს მელეტი მთავარ-ეპისკოპოსმა და პალესტინის რუსთა საზოგადოების გამგემ ბ-ნმა მიხაილოვმა თავისის სახლობით. ეს უკანასკნელი დიდს ყურადღებას აპყრობს მლოცავთა მდგომარეობას და ყოველის მხრით სცდილობს გაუადვილოს მლოცავთა უცხო ქვეყანაში მიმოვლა. მანვე გამოგვაყოლა საკუთარი კავასი იაფფამდის, სადაც მოველით მშვიდობით შუადღის 11 საათზედ.

იაფფაში დავიბანაკეთ რუსთა სავანეში. იგი არს მოშორებით სამის ვერსტისა სამგზავრო სადგურიდგან. ეს სავანე აშენებულია იმ ადგილს, სადაც პეტრე მოციქულმა აღადგინა მკვდრეთით კეთილ მორწმუნე ტაბითა დედაკაცი. ამ ადგილზედ არის აშენებული ახალი ეკკლესია რუსთაგან, თუმცა არა იმ საფლავზედა, სადაცა უჩვენებენ ქვაბსა, რომელსა იყო დადებულ მკვდარი ტაბითა. ამავე გამოქვაბულში არის რამდენიმე საფლავი, აწ ცალიერი, რადგანაც გვამნი გადაუსვენებიათ სხვა ადგილზედა.

იაფფაში სცხოვრობენ ქრისტეანენი არაბნი მცირედ, ხოლო მომეტებული ნაწილი არიან მაჰმადის სარწმუნოებისანი. ამათ ჯვარის დანახვაზედ აღეძვრებათ ხოლმე სიძულვილი ანუ ფანატიზმი; ამისათვის ურჩევენ მღვდელთა დაჰფარონ ჯვარი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ მკერდზედ გარედგან, ნიშნად სამღვთო ხარისხისა ანუ კეთილის და წარჩინებულის სამსახურისათვის დაჯილდოვებისა, სიტყვისაებრ მოციქულისა: „რომელნი კეთილად ჰსძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივსა ღირს-იყვნედ, უფროს ხოლო, რომელნი ჰშვრებოდენ სიტყვითა და მოძღვრებითა“ (პირ. ეპის. ტიმ. 5,17).

იაფფაში რუსთა სადგურის გარემოს არს მშვენიერი წალკოტი, სავსე ყოვლის ტროპიკულის მცენარეთი. არის ვრცელი ბაღი ფორთოხალისა და ლიმონისა, არის ფინიკებიცა, თუმცა არა ხშირად; ვენახი მცირედია; ჩვენებური ნიგვზის ხე მხოლოდ ორი ვნახე მთელს პალესტინაში; აქვე არიან: ბანანი, ნუში, ალეანდრა და სხვანი ოცამდე ფერად-ფერადნი მცენარენი, თვალთა მასიამოვნებელნი და ყნოსვისა და გემოვნების დამატკბობელნი.

რუსები ისეთს აღტაცებაში მოდიან ამ ბაღის ხილვით, რომ ქვეყნიერ სამოთხედ უწოდებენ. მანქანებით ამოჰყავთ წყალი ბაღების მოსარწყავად; მანქანებს ატრიალებენ ჯორის ანუ ვირის საშუალებით.

15 ივნისს საღამოზედ მოვიდნენ ქ. ყაზანიდგან 21 მოწაფენი რუსთაგანნი გიმნაზიის ორის უფროსის კლასისა, ორის მასწავლებლის წინამძღოლობით. ესენი მიემგზავრებოდნენ იერუსალიმს სალოცავად და პალესტინის სხვათა წმ. ადგილთა მოსახილველად. ღმერთმან ინებოს და აკურთხოს, რათა ამათმა კეთილ მსახურების მაგალითმა სხვათაც აღუძრას საღმრთო სურვილი წმ. ადგილთა მოლოცვისა და მოხილვისა, განსამტკიცებელად სარწმუნოებრივის გრძნობისა, რაც, სამწუხაროდ, ახალთაობაში სუსტად ჰღვივის, ვითარცა ნაპერწკალი ნაცარს ქვეშ; ღმერთმან ინებოს, ეს წმ. მისწრაფება დიდ საღმრთო ცეცხლად ქრისტეს სარწმუნოებისა და სიყვარულისა აღგზნებულიყოს. თითოეულს მოწაფეს ცეცხლის გემით მოგზაურობა დაუჯდება ექვს მანეთად, მხოლოდ საზრდო თვისი უნდა ჰქონოდათ. მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმაც თავის რექტორის წინამძღოლობით მოილოცეს პალესტინის წმ. ადგილები 1900 წელსა. აი, კეთილი მაგალითი ვითარ მიმზიდველი და მისაბაძველია!

ტროპიკული სიცხე-პაპანაქების მიზეზით და ამ დროს გავრცელებულის შავის ჭირის გამო მე ვერ შევასრულე მიმოვლა და მოლოცვა ჩრდილოეთის ნაწილის პალესტინისა, გალილეად წოდებულისა, რომელიც შესანიშნავია არა ნაკლებ სამხრეთის პალესტინისა სახარების მოთხრობათა მიერ, და ვერცა მოვილოცე სინას მთა, რომლის მწვერვალზედაც წინასწარ-მეტყველმა მოსემ მიიღო ღმრთისაგან ორნი სჯულისა ფიცარნი ზედ დაწერილის ათის მცნებითა. ამისათვის ამ შესანიშნავ წმიდა ადგილების აღწერაში ვისარგებლე რაოდენადმე რუსულს ენაზედ გამოცემულის წიგნებიდამ - ათონის წმ. ილიას მონასტრისა მიერ და მღვდლის მ. ალექსანდრე ანისიმოვისაგან, რათამცა კეთილ მსახურის და კეთილ-მორწმუნის მკითხველისათვის მიმეცა შეძლებისაებრ სრული წარმოდგენა აღმოსავლეთის წმიდა ადგილებზედა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>