სახარებაში მოხსენიებულია რამდენჯერმე გალილეას ტბა, იგივე ერთ გზის იწოდება გენესარეთის ტბად და დასასრულ იოანნე მახარებელი სახარებაში უწოდებს ამავე ტბას ტიბერიის ზღვად. გალილეას ტბად იწოდება იგი, რადგანაც მდებარობს გალილეის სამფლობელოში; გენისარეთის ტბად იწოდება ვინაიდგან მეორე მხარე ამ ტბისა მდებარობს გენისარეთის ანუ გადარინელთა მიდამოსაკენ. ტიბერია ერთი უმთავრეს ქალაქთაგანია გალილეასი. იგი აღაშენა იროდ ანტიპა მეოთხე-მთავარმა საკვირველის სიჩქარითა და შექმნა იგი ტახტის ქალაქად გალილეასი, და უწოდა მას ტიბერიად, პატივსაცემლად რომის კეისრისა ტიბერისა, მისის მფარველისა და მწყალობელისა. ახლად აღშენებულის ქალაქისა გამო ამ ტბამ, რომლისა ნაპირზედ აშენდა იგი, მიიღო სახელწოდება ტიბერიის ზღვისა. ეს ტბა სიგრძით არის 25 ვერსი და სიგანით 10 ვერსი. შემდეგ იერუსალიმის დაქცევისა 70 წელსა შემდეგ ქრისტესშობისა, შესანიშნავნი სწავლულნი იუდეანთა ერისა გადმოსახლდნენ ტიბერიის ქალაქში. ტიბერიადის აკადემიიდან გამოვიდა მიშნა, ანუ ურიათა სჯულის მდებელი წიგნი ტალმუდი, შედგენილი იუდა რაბინისა მიერ. ამ წიგნს ურიანი ჰხადიან უმაღლესად და უსრულესად მოსეს ხუთთა საღმრთო წიგნთა. კონსტანტინე დიდის დროს აქ აღშენებულ იქმნა პირველი ქრისტეანეთა ეკკლესია. ურიანი და ქრისტეანენი გამოდევნილ იქმნენ ტიბერიადამ 636 წელსა, როდესაც სირია დაპყროპილ იქმნა არაბთაგან.
მაგრამ დიდებული დროება ტიბერიადისა უკვე წარხდა; მხოლოდ ნანგრევები მოაგონებენ ძველს მისს დიდად მშვენიერებას. აქ ირიცხება ამ ჟამად ხუთი ათას სულამდის, რომელთა შორის მუსულმანები - თურქნი და არაბნი 700 სულამდის, ქრისტეანები 150 სულნი და დანაშთენნიც ურიანი. ამათი სინაგოგა (სამლოცველო) ირიცხება პირველად აღმოსავლეთში, ხოლო მისი მოძღვარნი - დიდ მეცნიერებად. სხვა ქვეყნებიდამ ურიანი მოდიან ტიბერიადაში დღევანდლამდის. იმავე კეთილმსახურებისაებრ, რომელიც ჩვენ მიგვიზიდავს იერუსალიმს. მრავალნი ურიანი მოდიან სხვა ქვეყნებიდამ, რათა გაატარონ აქ დანაშთენი დღენი თავის სიცოცხლისა, რამეთუ გარდამოცემისაებრ, ადგილთბრივთა ურიათა მიერ პატივცემულისა, მესსია (ქრისტე) უნდა მოვიდეს კაპერნაუმიდან ტიბერიადას; ამისათვის ბევრნი მათგანნი, განთქმულნი სარწმუნოებითა და ღვთის-მსახურებითა, აღვლენან და დასდგებიან მაღალს ადგილებზედა და იქიდგან გაუნძრევლად დაჰყურებენ ქალაქის ნანგრევთა და ტიბერიის ზღვასა, საიდგანაც ვითამც უნდა მოვიდეს ესრედ ხანგრძლივ მოლოდებული მათ მიერ გამომხსნელი. მომეტებულად შემძლებელნი ურიანი ინახავენ მხმილავთა (ყარაულებსა), რათამცა იყვნენ პირველ მახარობელნი მისს ფრიად სასურველისა მოსვლისა. ეხლა რომ აღსდგეს საფლავით იროდ ანტიპა და დაჰხედოს მის მიერ შობილს საყვარელს შვილსა, ტიბერიის ქალაქსა, თავს გაიქნევდა და უკანონო-შობილად სცნობდა მას.
მაგრამ ტიბერიის ზღვა ვერ შესცვალეს ვერცა ჟამთა, ვერცა სხვა-და-სხვათა ფიზიკურთა და პოლიტიკურთა აღრეულობათა. იგი არსებითად დაშთა ისრეთივე, ვითარცა იყო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროსა. თუმცა არ არის ისრეთი მოძრაობა ნავებისა ტიბერიის ზღვაზედ, მაგრამ მშვენიერებანი ბუნებისა დარჩნენ ამ დრომდის იგინივე: გარემოს მისა მწვანედ ბიბინებენ ველ-მინდორნი, მოჩუხჩუხებენ წყარო-ნაკადულნი და ერთვიან ტბას, ვითარცა ყრმანი დედის მკერდსა.
გალილეას ტბა და მისნი მიდამონი იყვნენ განსაკუთრებით საყვარელ მათ შემოქმედის და ღმრთისა, მის ოცდაათცამეტის წლის ქვეყნიერ ცხოვრების დროსა. იგი არს განსაკუთრებით სახარების ტბა, რამეთუ მასზედა და მის ნაპირებზედა შესრულდენ სახარების მრავალნი მოთხრობანი, მისნი წყალნი და კლდენი არიან წმიდა ყოველთა ქრისტეანეთათვის. აქ იქმნენ აღრჩეულ ქვეყნის მაცხოვრისა მიერ მოციქულნი, სვიმონ, წოდებული პეტრედ, და ძმა მისი ანდრია, იაკობ და ძმა მისი იოანნე. აქ ასწავებდა უფალი ერსა, რომელიც მიისწრაფებოდა მისა მიმართ, ვითარცა სულიერად მწყურვალე უკვდავებისა წყაროსადმი, და თვითონ მაცხოვარი შევიდა ნავსა სვიმონ-პეტრესსა და აქედან, ვითარცა კათედრიდან, წარმოსთქვა თვისნი ღვთაებრივნი იგავნი. აქ იმავე პეტრემ, რომელიც მრთელი ღამე უქმად დაშვრა თვისის ამხანაგებითა თევზის ჭერაში, როდესაც ესროლა ბადე ზღვაში ბრძანებისაებრ უფლისა, დაიჭირა ესრეთი სიმრავლე თევზთა, რომ განკვირვებამან შეიპყრო იგი და ყოველნი, რომელნი იყვნენ მისთანა, ესრეთის თევზის ნადირობისაგან. ამ ტბის წყალთა ზედა ვიდოდა მაცხოვარი, ვითარცა ხმელთა ზედა, დააყუდა ღელვანი და ქარნი ბრძანებითა თვისითა, და დაიხსნა პეტრე ამ ზღვაში დარჩობისაგან. ამის ნაპირზედ - ქალაქს კაპერნაუმში სცხოვრებდა თვით უფალი, როდესაც გადმოსახლდა აქ ნაზარეთიდგან ყოვლად-წმიდა თავის დედით და მოწაფეებითურთ. აქვე იწყო უფალმა პირველივე თვისი ქადაგება - „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“; მოუწოდა მოციქულებრივს მსახურებაზედა მათესა მეზვერესა, რომელი შეკრებდა ხარკსა, აღადგინა მკვდრეთით ასული იაირისა, განკურნა სისხლისა დინებისაგან დედაკაცი, რომელსაც უსარგებლოდ წარეგო სრული მონაგები თვისი მკურნალთა ზედა; აქვე განკურნა უძლური მონა ასისთავისა; და ფრიად მრავალნი სასწაულნი და ნიშები გულმოწყალებისა უჩვენა ტანჯულს კაცობრივს ნათესავსა.
ამ ტბაში არის 30 გვარის სხვა-და-სხვა თევზი, რომელთაც ყოველთა ზოგად უწოდებენ წმიდად, რადგანაც თვით წმიდა უფალი სჭამდა ამათ. აქ ყოფილა ძველს დროდან მართლ-მადიდებელთა ეკკლესია, რომელიც თურქთა გარდაუქცევიათ საჯინიბოდ, და ეხლა აპირებენ ამ ადგილზედ მართლ-მადიდებელნი არაბნი მონასტრის განახლებას.
სარკის მსგავსი ზედა პირი გალილეას ტბისა, რომელიც გაწმენდილ არს მას ზედა მსვლელობითა უფლისა მაცხოვრისათა და ცურვითა მასზედა მოწაფეებითურთ, იზიდავს მაყურებელის გულსა. ზოგნი ბანაობენ ტბის ცივს წყალში, ზოგნი ცხელში, რომელიც იქვე ტბის ნაპირზედ გადმოსჩქეფს მახლობელ მთიდამ და ერთვის ტბასავე, და რომელნიმე ნავით დასეირნობენ ტბაზედა. ტიბერიაში არს ლათინთა ეკკლესია, საკმაოდ შვენიერი და ახლად შეკეთებული, რომელიც შეადგენს შვენებას ქალაქისას.
ჩრდილო-აღმოსავლეთით ტიბერიიდამ, სამი საათის მანძილზედ, უჩვენებენ ვრცელს ადგილს, სადაც ყოფილა დაშენებულ ქალაქი კაპერნაუმი, რომელსაც უფალმან წინასწარ რქვა სამწუხარო მომავალი: „და შენ, კაპერნაუმ, რომელი ცადმდე ამაღლდი, ჯოჯოხეთადმდე ჰშთაჰხდე“. აწ მის ძველის დიდებისა მოსჩანან მხოლოდ შესაბრალისნი, კნინღა შესანიშნავნი ნანგრევნი. ესრეთ ამპარტავნება წინააღმდეგია ღმრთისა, და ესრეთ მის მიერ იგი განქარდების და შეირცხვინების.
<< წინ |
|