პირველად თავ-მდაბალი, მაგრამ შემდეგ ყოვლად დიდებულ შეიქმნა ქალაქი ნაზარეთი. აქ მოივლინა ზეცით მთავარ-ანგელოზი გაბრიელ რქმად ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისა მიმართ: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის; სული წმიდა მოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შენგან შობილსა წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა“ (ლუკ. 1;28-35). ამ ქალაქში შესრულდა საუკუნიდგან დაფარული საიდუმლო გახორციელებისა ღმრთისა სიტყვისა. ეს ქალაქი მდებარეობს გალილეაში, რომელიც შეადგენს ჩრდილოეთის ნაწილსა პალესტინისას. ჰავა ნაზარეთისა არის კეთილშეზავებული და მშვენიერს შთაბეჭდილებას ახდენს ეს ადგილი უცხოეთიდან მოსრულთა მლოცველთაზედა. ნაზარეთში ითვლება 6 ათასამდე მცხოვრებნი, რომელთაგან მომეტებულს ნაწილს შეადგენენ მართლ-მადიდებელნი ქრისტეანენი და მაჰმადიანნი. დიდის კონსტანტინეს გამეფებამდე, ნაზარეთში არავის არა ჰქონდა ცხოვრების ნება გარდა ებრაელთა, ხოლო ეხლა არ მოიპოვება აქ არც ერთი ებრაელი.
რუსის მისსიას აქვს აქ აშენებული სახლი, სადაც დაისადგურებენ რუსეთიდგან მოსრულნი მლოცველნი, რომელნიც მრთელის ქარავანით ორ-სამ ათას სულამდის მოვა ხოლმე ყოველს წელს 25 მარტსა, ხარების დღესასწაულზედ, სალოცავად იმ ადგილისა, სადაც ყოვლად წმიდა ქალწულმა მარიამმა მიიღო ხარება ანგელოზისაგან ძისა ღვთისა განხორციელებისათვის. ამ სახლის ადგილზედ არის აშენებული ეკკლესია, რომელიც ეკუთვნის მართლ-მადიდებელთა; არის მეორე ეკკლესიაც, რომელიც ეკუთვნის ლათინთა, და ესენიც ამტკიცებენ, რომ მათი ეკკლესია არის აშენებული იმ ადგილზედა, სადაც ღვთის-მშობელმა მიიღო ხარება ანგელოზისაგან. ამათი მონასტრები აშენებულია აქ 1620 წელსა.
ტიმოთე თბილელი მთავარ-ეპისკოპოსი, რომელმაც მოილოცა წმ. ადგილები პალესტინაში 1755 წელსა, მოგვითხრობს თავისს მოგზაურობაში, რომ ქართველებს ოდესმე ნაზარეთში ჰქონიათ ოთხი მონასტერი.
იუდეასა და სამარიაში დედაკაცები გარეთ დადიან პირბადით ჩამოფარებულნი, ხოლო გალილეას საზღვრიდან ახსნილის პირის სახით და ყველანი ლურჯის პერანგებითა და ფერადის ქვედა სამოსელითა, ხოლო მამა-კაცთ არ აცვიათ ქვედა საცვალი, არამედ გრძელის პერანგით აქვსთ დაფარებული ქვემოთა ნაწილი სხეულისა. ქვემო ნაწილი პალესტინისა - ურიასტანი, შედარებით გალილეასთან, არის ხმელი, უნაყოფო კლდიანის ნიადაგით, ხოლო გალილეა ფრიად ნაყოფიერია; პირველზედ - იუდეაზედ - დღესაც მოსჩანს ცხადი კვალი ღვთის რისხვისა უსამართლოდ დათხეულის სისხლისათვის მაცხოვრისა. ხოლო გალილეა, ვითარცა მშვიდობიანი სამშობლო ყოვლად კურთხეულისა მარიამისა, სარგებლობს, შემდეგ მისის მიძინებისა, მისისავე უზენაესის მფარველობითა და ზეციერის კურთხევითა. სახელწოდება ნაზარეთისა ებრაულს ენაზედ ჰნიშნავს „ყვავილსა“.
ნაზარეთში ხარების ეკკლესია არის აღშენებული იმ ადგილზედ, სადაც ყოვლად წმიდა ქაწულმა მარიამმა მიიღო ხარება ანგელოზისაგან მუცლად ღებისათვის მაცხოვრისა. ეს ეკკლესია ეკუთვნის ფრანგებსა. ხოლო მართლ-მადიდებელთა ეკკლესია კვალადცა ხარების სახელზედ არის აღშენებულ ზედ იმ წყაროზედ, რომლიდანაც ყოველ-დღე წყალი მიჰქონდა ყოვლად წმიდა ქალწულსა მარიამსა თავის სახლის სახმარებლად. დღესაც ამ წყაროდან სარგებლობს ნაზარეთი, რადგანაც თვისის სიდიდით და კეთილ-გემოვნებით ყოველთა აკმაყოფილებს.
ხარების ეკკლესიაში ნაზარეთს, როდესაც მწირველი ყოფილა მიტროპოლიტი თაბორისა და თანამწირველნი რავდენნიმე მღვდელნი, ამ უკანასკნელთა წარმოუთქვამთ ყოველი მშვიდობიანები წირვაზე და მთავარ-დიაკონების მაგიერობა გაუწევიათ, რადგანაც იგინი არა ყოფილან წირვაზედ; და სახარება კათედრაზედ წაუკითხავს ერთს მღვდელს. ამავე დღეს ნაზარეთში შეუსრულებიათ პანაშვიდი მიტროპოლიტის უპირატესობით მოსახსენებლად ახლად გარდაცვალებულის რუსეთის ხელმწიფე იმპერატორისა ალექსანდრე მეორისა; მშვიდობიანები პანაშვიდზედ წარმოუთქვამთ მღვდლებს რიგზედ და მათ შორის ერთი რუსის მღვდელი ყოფილა მ. ალექსანდრე ანისიმოვი და ამ უკანასკნელს ორგზის წარმოუთქვამს მიცვალებულისათვის კვერექსი.
უწინარეს ორმოცის დღისა თავის ჯვარ-ცმამდის უფალმა იესო ქრისტემ აღიყვანა თავისთან თაბორის მთაზედ მომეტებულად ერთგულნი და განათლებულნი სახარების ნათლითა მოწაფენი - პეტრე, იაკობ და იოანნე, და იწყო ლოცვად, და როდესაც ლოცულობდა, ფერი იცვალა წინაშე მათსა ისრეთ, რომ პირი მისი გაბრწყინდა, ვითარცა მზე, და სამოსელნი მისნი იქმნენ სპეტაკ და ელვარე, ვითარცა თოვლი; ყოველივე პიროვნობა მისი აღიბეჭდა ღვთაებრივის ბრწყინვალებითა. ესეთი ზეციერი ბრწყინვალება მოციქულთა შეეძლოთ შეედარებინათ მხოლოდ ნათელთან, თოვლთან და ელვასთან. და აი გარემოს მისსა გამოცხადდა ორი კაცი. როდესაც უდაბნოში მაცხოვარი ამზადებდა თავსა თვისსა დიდის ღვაწლისათვის ცხოვრებისა, მოვიდნენ და მსახურებდენ მას ანგელოსნი, ხოლო ეხლა, როდესაც იგი ემზადებოდა სიკვდილისათვის, გამოცხადდენ მის წინაშე მოსე და ილია წინასწარმეტყველნი და საუბარობდნენ მის აღსასრულისათვის, რომლისათვის ქრისტე უწინარეს ეტყოდა თვისთა მოციქულთა. როდესაც ბრწყინვალე ჩვენებამ იწყო დაბნელება და დიდებულნი მნახველნი მზად იყვნენ განშორებისათვის, აღტაცებულმა პეტრემ, შეშინებულმა მათის მსწრაფლის დაშორებითა, არ უწყოდა, რა უნდა ეთქვა, ღაღად-ჰყო: „მოძღვარ! კეთილ-არს ჩვენდა აქა ყოფა, და ვჰქმნეთ აქა სამ ტალავარ (კარავი), ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ილიასა“. ამ დროს ბრწყინვალე ღრუბელმა დაჰფარა იგინი და მოისმა ზეცით ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; ამისი ისმინეთ“ (ლუკ. 9;28,35). ეს თაბორის მთა არის გამარტოებით ამაღლებული ეზდრელონის ვაკეზედ, გარშემო ირგვლივ 80 ვერსი სიგანე აქვს, და გარდი გარდმო 12 ვერსამდის; მწვერვალი ამისი ემსგავსება შუაზედ გაჭრილს ვაშლს პირაღმა დადებულსა. მთის მწვერვალზედ ნახევარ ვერსამდი ვაკე არის; ზევიდან მშვენიერი გარდასახედი აქვს ყოვლის მხრით. მუხის ტყე ამშვენებს მისს გარემო ბუნებას. აქ იყო აღშენებული IV საუკუნეში სამი ეკკლესია ნეტარი ელენე დედოფლისა მიერ. ეხლა მათ ნანგრევებზედ არის ორი მონასტერი - ერთი ბერძენთა, და მეორეც ლათინთა. ბერძენთა მონასტერში სცხოვრობს მიტროპოლიტი, წოდებული თაბორელად.
<< წინ |