პირველს შვიდთაგან ბორცვზედა სტამბოლისა, ძველ მოედანზედ “აგვისტეონისა“, ბრწყინავს დიდებული ტაძარი წმ. სოფიასი, - დიდებული, წარჩინებული ხელოვნება ბიზანტიისა, გვირგვინი ხელოვნებისა და კანონი საეკკლესიო ხუროთ-მოძღვრებისა. ეს ტაძარია აკვანი რუსთა სარწმუნოებისაცა: ამ ტაძრიდამ აღმობრწყინდა მაცხოვარებითი ნათელი ქრისტეანობრივის მართლმადიდებლობისა; ამ ტაძარში მოისმინეს წირვა მთავარ ვლადიმირისა მიერ მივლინებულთა, და არ იცოდნენ ამ დროს, ცაში იყვნენ, თუ ქვეყანაზედ. აქ გაბრწყინდნენ ნათლითა ჭეშმარიტის სარწმუნოებისათა და გარდაიტანეს იგი სარწმუნოება შემდეგ რუსეთში.
კონსტანტინეპოლის წმ. სოფიას ტაძარი
(XIX საუკუნის ბოლო)
წმ. სოფიას ტაძარი აღშენებულია ბრწყინვალე მეფობაში იუსტინიანე იმპერატორისა. კონსტანტინე დიდმა პირველმა აღაშენა კონსტანტინეპოლში ეკკლესია სახელსა ზედა ღვთისა სიბრძნისა (სოფია ბერძნულად ჰნიშნავს სიბრძნესა), მაგრამ ეკკლესია ესე ხის სახურავითა დაიწვა აღრეულობისა დროსა, რომელიც მოჰხდა მიზეზისა გამო განდევნისა წმ. იოანნე ოქროპირისა, მხოლოდ არა სრულიად: საკურთხეველი დარჩა უვნებლად. ამასთანავე იყო გადარჩენილი სამღვდელმთავრო სელი (კრესლო) ოქროპირისა, რომელიც არის აწ საპატრიარქო ეკკლესიაში სტამბოლს. განახლებული იმპერ. თეოდოსი მცირისაგან (401-450 წ.). ეკკლესია წმ. სოფიასი კვალადცა გადაიწვა მეორე აღრეულობის დროსა 532 წელსა. მაშინ იმპერატორმა იუსტინიანემ გარდასწყვიტა აღშენება ახალის ტაძრისა, რომლითაც უნდოდა დაებნელებინა დიდება-შარავანდედი სოლომონის ტაძრისა. აღშენება დაიწყო 23 თებერვალსა 533 წელსა და დასრულდა ხუთის წლის, ათის თვის და ორის დღის განმავლობაში. კურთხევა ახლად-აღშენებულის ტაძრისა შესრულდა 22 დეკემბერსა 537 წელსა, მინა პატრიარქის დროსა, როდესაც იუსტინიანემ წარმოსთქვა შემდეგი შესანიშნავი სიტყვები: „ჵი, სოლომონ, მე გარდაგემატე შენ“! აღშენება ტაძრისა დაჯდა 2 მილიონი და ოცი ათასი თუმანი. ეს ჯამი ფულისა შედარებით ჩვენს დროებასთან შეეთანასწორებოდა დაახლოვებით სამას მილიონ მანეთსა. გუმბათი წმ. სოფიასი თავის მოყვანილობით აღემატება ყოველთა გუმბათთა დიდებულთა ტაძართასა. გუმბათს აქვს 32 ფანჯარა. ეს გუმბათი არის გაშლილი და ისრე მოსჩანს თითქოს სივრცეში ეკიდოს და ყოვლის მხრით სჩანს ძირამდის. მრთელი შენობა არის კვადრატი (ოთხკუთხი) 240 ფუტი (105 ადლი) სიგანით, და 269 ფუტი სიგრძითა (118 ადლი).
ტაძარსა აქვს ასი კამარა (კოლონა) 40 დაბლა ტაძარში და 60 ხორაზედ. იგინი არიან აღგებული უძვირფასეს ფერად მარმარილოს ქვითა.
აია სოფიას ტაძრის ინტერიერი |
შინაგან კედლები გადაკრულია აგრედვე მარმარილოთი, ხოლო ჭერი არის მოფენილი ფერად-ფერადის კენჭით დასურათებულ სხვა და სხვა მხატვრობითა, რომელთაც უმეცარი ოსმალები დროგამოშვებით შელესავენ ხოლმე კირითა. შესანიშნავია სიტყვანი სულთან აბდულ-მეჯიდისა, რომელნიც უთხრა მან ხუროთ მოძღვარსა, განმაახლებელსა სოფიას მეჩითისა 1849 წელსა: „შეღებეთ მოზაიკა, რაც შეიძლება, სუბუქად, რომ შესაძლებელ იყოს ყოველთვის წაშლა საღებავისა. ვინ იცის, შესაძლებელია, ჩემმა მოადგილემ ისურვოს სრულიად გამოჩენა მათი“. იუსტინიანეს დროს წმ. სოფიას ტაძარში მსახურობდა სამღვდელოთა დასი 1000 კაცამდე.
შემდეგ იმპერატორმა ირაკლიმ შეამცირა ეს რიცხვი და დააწესა სამსახურებლად ამ ტაძარში: მღვდელნი 80 კაცი, დიაკონნი 150 კაცი, კერძო დიაკონნი 70 კაცი, დიაკონისსები დედანი - 40, მკითხველნი 160 კაცი, მგალობელნი 25 კაცი, მეკარენი - 75. სულ 600 კაცი.
წმ. სოფიას ტაძარი იქმნა გარდაქცეულ მეჩეთად მაჰმად მეორის მიერ შემდეგ დაპყრობისა კონსტანტინეპოლისა. როდესაც დამპყრობელი ძლევამოსილად შევიდა ქალაქში, წარემართა უწინარეს ყოვლისა წმ. სოფიას ტაძარსა, და, განკვირვებულმა მის დიად მშვენიერებით, იქვე უბრძანა მოლლასა მაღალის ხმით წარმოთქმა ისლამის თაყვანისცემისა. ეს პირველი მუსულმანთა ლოცვა შესანიშნავს საქრისტეანო ტაძარში იყო შესრულებულ საკურთხეველში წმ. ტრაპეზსა ზედა, სადაც შევიდა თვით მაჰმადიც. ეს იყო 29 მაისსა. შემდეგ პირველს ივნისს 1454 წელსა, პარასკევსა წმ. სოფიას ტაძარში შესრულებულ იქმნა პირველი სრული სარწმუნოებრივი მსახურება წესისამებრ მაჰმადიანთასა!..
კურთხეულ არს განგება ღვთისა! მაისის 11-ს იყო დაფუძნება კონსტანტინეპოლისა და ამავე თვის 29-ს მოჰხდა მისივე დამხობა; და მაგიერ ცხოველმყოფელის ჯვარისა წმ. სოფიას გუმბათზედ აწ ბრწყინავს ნახევარ მთოვარე.
ვითარცა შვენის ამ ტაძრის დიდებას, ისრე სუფთად ვერ ინახავენ ოსმალონი. ხორაზედ რომ აველი, ვნახე, რომ ფრინველთა სკინტლით იყო სავსე იქაურობა.
ასოცი დიდად მშვენიერი ხომლი და ექვსი ათასამდე ლამპარნი, მათზედ ზევიდან მიბმულ სირაქლემის კვერცხებითა, ანათებენ მეჩეთსა ზოგადის ლოცვის დროსა, ხოლო „ბაირამის და რამაზანის“ დღესასწაულებზედ რიცხვი სანთელთა ორკეცდება თითქმის.
<< წინ |